მხედველობის დაქვეითება
გააზიარე:
ალბათ არავინ დაფიქრებულა იმაზე, ღვთის რამხელა საჩუქარია თვალისჩინი. მის ფასს მაშინღა ვხვდებით, როცა ვკარგავთ ან დაკარგვის საშიშროების წინაშე ვდგებით. ცოტა ხნის წინ ამერიკის თვალის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, უნარშეზღუდულობის სახეებიდან რომელი ახდენს ყველაზე მძიმე გავლენას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მხედველობის დაკარგვამ მეხსიერების დაქვეითებას, მეტყველების უნარის, ხელ-ფეხისა თუ სმენის უქონლობას საგრძნობლად გაუსწრო. ეს არც არის გასაკვირი – ტვინი ხომ გარემოს შესახებ ინფორმაციის 80%-ს სწორედ თვალების მეშვეობით იღებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლით:
- დაახლოებით 269 მილიონ კაცს დაქვეითებული აქვს მხედველობა, 45 მილიონი კი უსინათლოა;
- 153 მილიონი კაცის დაქვეითებული მხედველობა რეფრაქციის არაკორექტირებული მანკის (ახლომხედველობის, შორსმხედველობის, ასტიგმატიზმის) ბრალია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამყაროს ნორმალურ ხედვას მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებენ, რომ შესაფერის სათვალეზეც კი არ მიუწვდებათ ხელი;
- ქალებს მამაკაცებთან შედარებით მხედველობის დაკარგვის მეტი საფრთხე ემუქრებათ: უსინათლოთა 2/3 ქალი ან გოგონაა;
- უსინათლოთა 90% დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს;
- უსინათლოთა 80% შეიძლებოდა არ დაბრმავებულიყო – პრობლემის გამოსწორება და/ან თავიდან აცილება შესაძლებელი გახლდათ;
- მხედველობის აღდგენისა და უსინათლობის პრევენციის სტრატეგიები ერთ-ერთი ყველაზე ხარჯეფექტური ღონისძიებებია ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში;
- ხანდაზმული მოსახლეობის წილის ზრდა და ცხოვრების თანამედროვე წესი გვაფიქრებინებს, რომ მხედველობაზე მოქმედი ქრონიკული პათოლოგიების, მაგალითად, დიაბეტური რეტინოპათიის, რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს;
- ეფექტური და კარდინალური ჩარევის გარეშე 2020 წლისთვის უსინათლოთა რაოდენობა მსოფლიოში 76 მილიონს მიაღწევს.
ამ შემაშფოთებელი პერსპექტივის გამო 1999 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (World Health organization – WHO) და უსინათლობის პრევენციის საერთაშორისო სააგენტომ (International Agency to prevent Blindness – IAPB) წამოჭრეს თავიდან აცილებადი უსინათლობის აღმოფხვრის გლობალური ინიციატივა “ხედვა 2020”. ისინი მთელ მსოფლიოში უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, პროფესიულ ასოციაციებთან, თვალის ინსტიტუტებსა და კორპორაციებთან თანამშრომლობენ. მათივე დაწესებულია მხედველობის მსოფლიო დღეც, რომელსაც ყოველი წლის მეორე ხუთშაბათს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. მიზანი ერთია: კიდევ ერთხელ შეახსენონ მთელ დედამიწას, რომ ასეთი პრობლემა არსებობს და ყველა კიდევ ერთხელ დაირაზმოს სიბრმავის ერთობლივად აღმოსაფხვრელად.
წელს ეს ინიციატივა ზუსტად ნახევარი გზის გავლას აღნიშნავს, ამიტომ 2010 წლის მხედველობის მსოფლიო დღის დევიზია სწორება 2020-ზე. უკუთვლის რეჟიმი ჩართულია. სამიზნე წლამდე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა არც მიღწევაა ცოტა: ბრაზილიამ, ჩინეთმა, ეთიოპიამ, გამბიამ, ინდოეთმა, მავრიტანიამ, მექსიკამ, ნეპალმა, ომანმა, პაკისტანმა და ტანზანიის გაერთიანებულმა რესპუბლიკამ ჯანმოს მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უპატაკეს.
IAPB-ს საიტზე საქართველოს შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. გამოთვლების თანახმად, ჩვენში უსინათლოა მოსახლეობის 0.4% (თუ ეს რიცხვი სინამდვილეს შეესაბამება, არც ისე ცუდად გვქონია საქმე – ჯანმო 2020 წლისთვის უსინათლოთა საერთო რაოდენობის 0.5%-მდე შემცირებას, თითოეულ ქვეყანაში კი 1%-ზე მეტად შემცირებას გეგმავს), რომ მხედველობის დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზი კატარაქტა (ეს უკვე განვითარებადი ქვეყნების რიგში გვაყენებს) და დიაბეტური რეტინოპათიაა. ასევე მითითებულია, რომ თვალის ექიმიც, მათ შორის – ქირურგიც, საკმაოდ ბევრი გვყავს და არც სასწავლო ცენტრების ნაკლებობას ვუჩივით. სამაგიეროდ, რამდენი ახერხებს ექიმთან მისვლას ან როგორი სიტუაციაა რეგიონებში, ჯერ არავის გამოუთვლია. ნომრის მომზადებისას სამთავრობო სამსახურებს დავუკავშირდით, თუმცა ვერც ამ პროექტზე და ვერც ზუსტ ქართულ სტატისტიკაზე ვერავინ ვერაფერი გვითხრა. ასე რომ, საკუთარი თვალისჩინის დასაცავად ბრძოლა და დარაზმვა ჯერ კიდევ წინ გვაქვს, თუმცა “ავერსს” უკვე შეუძლია, მოსახლეობის მხედველობის შენარჩუნებაში საკმაოდ სოლიდური წვლილით მოიწონოს თავი.
ასაკობრივი საკითხი
მხედველობადაქვეითებულთა დაახლოებით 82% 50 წელს არის გადაცილებული, თუმცა ეს ასაკობრივი ჯგუფი მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 19%-ს შეადგენს.
ბავშვთა უსინათლობა მთელ მსოფლიოში სერიოზულ პრობლემად რჩება. გამოთვლილია, რომ 15 წლამდე ასაკის 1.4 მილიონ ბავშვს მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს უსინათლოდ ცხოვრება. მხედველობის დაქვეითება ცვლის თუ როგორ იგებს და აღიქვამს ბავშვი სამყაროს. ამ უნარშეზღუდულობამ შეიძლება შეცვალოს ბავშვის შემეცნებითი, ემოციური, ნერვული და ფიზიკური განვითარება, რადგანაც განვითარებადი არსება შესაბამის ინფორმაციაც ვერ იღებს.
მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა 2/3-ს ასევე განვითარების სხვადასხვა დარღვევები მაგალითად გონებრივი განვითარების შეფერხება, ცერებრული დამბლა, სმენის დაქვეითება ან ეპილეფსია აღენიშნება. და რაც უფრო მეტად არის გამოხატული მხედველობის დაქვეითება მეტია საფრთხე რომ ეს პრობლემები ბავშვს ექნება.
რა გვართმევს თვალისჩინს
ქართული სტატისტიკის მოპოვებაა ძნელი, თორემ განვითარებულ მსოფლიოში რა ხდება, მისხალ-მისხალ აქვთ გამოთვლილი: ჯანმოს საიტზე “ხედვა 2020-ის” ფარგლებში მათი და IAPB-ის ვრცელი, 97-გვერდიანი მოხსენება დევს, სადაც მხედველობის მთავარ მტრებად კატარაქტა, გლაუკომა, დიაბეტური რეტინოპათია, ასაკობრივი მაკულური დისტროფია და რეფრაქციის არაკორექტირებული მანკები არიან მიჩნეულნი. (იხ. დიაგრამა)