ძილის პრობლემები ბავშვებში
გააზიარე:
მათი ამქვეყნად მოვლინება მშობლებისთვის მშვიდ ძილთან დიდი ხნით დამშვიდობებას ნიშნავს. მათი ძილი თუ უძილობა უამრავ შეკითხვას გვიჩენს: რა ასაკში რამდენი უნდა ეძინოთ? შევშფოთდეთ თუ არა, როცა ჩვენი ნებიერა ძილში ლაპარაკობს ანდა გულამოსკვნით ქვითინებს? რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას ძილის დარღვევამ? ამ და სხვა შეკითხვებით “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგს ლალი ვაშაკიძეს მივმართეთ:
- – ქალბატონო ლალი, ხშირად გაიგონებთ, ბავშვივით ტკბილად ჩაიძინაო. მართლა ასეთი უზრუნველი და მშვიდია ბავშვის ძილი?
– ბავშვებს მოზრდილებზე მეტი ნამდვილად სძინავთ, სიმშვიდესა და სიღრმეზე კი იმავეს ვერ ვიტყვით. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვები, ასე ვთქვათ, აქტიური მძინარები არიან: ძილის დროს მოძრაობენ, სხვადასხვა ბგერას გამოსცემენ, თვალის კაკლებს ატრიალებენ… ამასვე ადასტურებს ბავშვური ძილის მეცნიერული შესწავლაც. ახალშობილობის პერიოდში ძილის ყველა ფაზა დიფერენცირებული არ არის – თანდათანობით, დაახლოებით სამი თვისთვის ყალიბდება. თუ მოზრდილებში ძილის აქტიური ფაზის (როდესაც ტვინის ზოგიერთი უბანი დატვირთვით მუშაობს, თვალის კაკლები სწრაფად მოძრაობს, მკაფიო სიზმრებს ვხედავთ) წილად მხოლოდ 20-25% მოდის, ჩვილებში – 50%-ც კი. არც დანარჩენი ნახევარია ისეთი ღრმა, როგორიც ზრდასრულებში. სამაგიეროდ, ექვსი თვიდან 70%-ს უკვე წყნარ ძილში ატარებენ და თანდათან უახლოვდებიან მოზრდილთა ბიორიტმს. ძილის ეფექტურობა და ნელტალღოვანი ძილის ხანგრძლივობაც 6-12 წლისთვის იმატებს, საერთო ხანგრძლივობა კი ასაკთან ერთად, პირიქით, მცირდება. ახალშობილებს, ჩვეულებრივ, დღეში 16-20 სთ სძინავთ 2-4-საათიან ციკლებად. მშობლები ხშირად ჩივიან, ჩვილს დღე და ღამე არეული აქვსო. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მისთვის დღესა და ღამეს მნიშვნელობა არ აქვს. დღეღამურ ციკლსა და გარემო ფაქტორებთან ადაპტირებას ჩვილები ერთი თვიდან იწყებენ და თანდათან ზრდიან ღამის ძილისა და დღისით სიფხიზლის ხანგრძლივობას, ისე რომ, 6 თვისთვის დღე-ღამეში 14 საათი სძინავთ, ერთი წლისთვის კი 13 საათი. ღამით უწყვეტი ძილის ხანგრძლივობა 6 საათს 6 თვისთვის აღწევს. ბავშვების უმრავლესობა 5 წლისთვის დღისით აღარ იძინებს, 6-12 წლის ბავშვებს კი დღე-ღამეში 9-11 საათი სძინავთ. ცხრასაათიანი ღამის ძილი სჭირდებათ მოზარდებსაც.
- – ამ მონაცემებიდან ნებისმიერი გადახრა პათოლოგიად ითვლება?
– რა თქმა უნდა არა. ეს მხოლოდ საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლებია. თუ ბავშვი ნორმალურად ვითარდება, მაგრამ ამ მაჩვენებლებზე 1 ან 2 საათით მეტი ან ნაკლები სძინავს, მშობლებს სანერვიულო არაფერი აქვს. სამაგიეროდ ნორმალურად ვერაფრით ჩაითვლება, როცა მოზარდს, ნაცვლად საჭირო 9 საათისა, ღამით მხოლოდ 7 საათი სძინავს, რადგან დასაძინებლად გვიან მიდიან, დილით ადრე გაღვიძება კი უჭირთ. უქმე დღეებში დანაკლისის ანაზღაურების მცდელობა კი პრობლემას უფრო მეტად აღრმავებს – ბავშვი ორშაბათს დასვენებული კი არა, მოთენთილი ხვდება. ძილის დარღვევები ასუსტებს იმუნური სისტემას, ზრდის ინფექციების რისკს, იწვევს თავის ტკივილს, დეპრესიას, შრომის უნარის დაქვეითებას, სხვადასხვა ხასიათის სომატურ და ნევროლოგიურ ჩივილებს.
- – ხშირია თუ არა ბავშვებში ძილის დარღვევა და რა იწვევს მას?
– სამწუხაროდ, ხშირია. ძილის დარღვევა პედიატრიულ კლინიკებში ასიდან 46 ვიზიტის დროს ფიქსირდება. მისი მიზეზი და ხასიათი კი, ასაკის კვალობაზე, სხვადასხვანაირია. ამჯერად დისსომნიაზე – ჩაძინებისა და ძილის უწყვეტობის დარღვევაზე – გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, დარღვევათა მეორე ჯგუფის, პარასომნიების – გამოღვიძებისა და ძილის სტადიების მონაცვლეობის დარღვევის – შესახებ კი ერთ-ერთ უახლოეს ნომერში მოგითხრობთ.
ახალშობილის ძილზე გავლენას ახდენს გესტაციური ასაკი, დღენაკლულობა, უმწიფარი ნერვული სისტემა, რბილი გულმკერდი, გაზრდილი სწრაფი ძილი და გარემო ფაქტორები, მშობელთა უნარ-ჩვევები.
ჩვილებში ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიმშილი, დასვრილი პამპერსი, მუცლის კოლიკა (ჭვალი), ღრძილების ტკივილი კბილების ამოჭრისას, ე. წ. განცალკევების დისტრესი (9 თვიდან).
გარდატეხის ასაკში იცვლება მოზარდის ფსიქიკა, ქცევა, ცირკადული რიტმი, ხშირია კავშირი ძილის დარღვევასა და დეპრესიას, შფოთვასა და ყურადღების დარღვევას შორის. ყველაზე ხშირად გვხვდება ინსომნია (ჩაძინებისა და ძილის უწყვეტობის დარღვევა), რასაც მოსდევს დღისით ფუნქციობის შეზღუდვა, ძილიანობა, მოთენთილობა, მენტალური დარღვევები.
მოზარდებში ძილის დარღვევებს უმეტესად იწვევს ჰორმონული ძვრები, დაყოვნებული ძილის ფაზა (ცირკადული რიტმის შეცვლა), სიმსუქნე, სტრესები და მავნე ნივთიერებათა ჭარბი გამოყენება.
ძილის დარღვევები ასევე შეიძლება გამოიწვიოს ასოცირებულმა პრობლემებმა: ალერგიამ, ასთმამ, გასტროეზოფაგურმა რეფლუქსმა, ზოგიერთმა მედიკამენტებმა, ნერვკუნთოვანი და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ანომალიებმა, ოჯახურმა და გარემო ფაქტორებმა.
- – მოდი, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ. როგორ ავიცილოთ თავიდან ძილის დარღვევა წლამდე ასაკში? სასურველია თუ არა ღამით ჩვილის კვება? მშობლებისგან განცალკევება მღელვარების მიზეზად რომ არ იქცეს, ხომ არ სჯობს, ბავშვმა დედის საწოლში იძინოს?
– შიმშილი ჩვილს ღამით მართლაც ხშირად აღვიძებს. თუ ბავშვი დღეში 11-ჯერ და უფრო ხშირად იკვებება, მოსალოდნელია, მშიერმა კუჭმა ღამითაც გააღვიძოს. ამასთანავე, ბუნებრივი კვებისას დედას რძე რომ არ შეუმცირდეს, ბავშვის მოთხოვნისას დღისითაც და ღამითაც ძუძუს მიცემა აუცილებელია, განსაკუთებით – 5-6 თვემდე, როცა ღამის კვება ბიოლოგიური საჭიროებაა, ამის შემდეგ კი უკვე შეგვიძლია ჩვევად ჩავთვალოთ და ვცადოთ, პატარას ნელ-ნელა დღესა და ღამეს შორის განსხვავება გავაგებინოთ.
ერთ საწოლში ძილი როგორც ბავშვის, ასევე დედის მშვიდი ძილისთვის ნაკლებად სასურველია. სჯობს, ბავშვს მშობლებთან ახლოს, ოღონდ თავის საწოლში ეძინოს. 6 თვის შემდეგ ეცადეთ, ხელში არ დააძინოთ. სასურველია, საწოლში ძილმორეული, მაგრამ ჯერ კიდევ ფხიზელი ჩააწვინოთ, რათა ჩაძინება თავად ისწავლოს. შეუქმენით ძილისთვის ხელსაყრელი გარემო. სასურველია, საწოლ ოთახში სიჩუმე იდგეს. უკიდურეს შემთხვევაში გარედან შემოსული ხმაურის შესანიღბად წყნარი მუსიკა ჩართეთ. თუ ბავშვმა შეიღვიძა, არ არის საჭირო მაშინვე საწოლთან მივარდნა, გამოხმაურება – შესაძლოა, ბავშვმა ერთხანს იწრიალოს და შემდეგ თავად შეიბრუნოს ძილი. ყოველ წამოტირებაზე გამოხმაურება ხანდახან თავად არის გამოღვიძების მიზეზი.
- – რას ურჩევდით უფრო მოზრდილი ბავშვების მშობლებს?
– ახალს, ფაქტობრივად, ვერაფერს ვიტყვი, ეს წესები ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მათი დაცვა ხშირად გვიჭირს:
. მიაჩვიეთ ბავშვი ძილის მუდმივ რუტინას (ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას). დაძინების ხელშემწყობად ბევრი რამ შეგვიძლია ვაქციოთ: წყნარი მუსიკა, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება, ჰიგიენური პროცედურები... ყველაფერი, რაც ყოველ საღამოს მეორდება, პირობით რეფლექსად იქცევა და ორგანიზმს მიანიშნებს რომ ძილის დროა. ოთახი წყნარი, ბნელი და გრილი უნდა იყოს, საწოლში კი ბავშვმა მხოლოდ უნდა იძინოს (და არა, ვთქვათ, იკითხოს ან ტელევიზორს უყუროს).
. ძილის წინ დრო მხოლოდ მშვიდ და რელაქსაციური ტიპის საქმიანობას დაუთმეთ. საშინელებათა ფილმები, ხმაური, კომპიუტერული თამაშები ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ აღაგზნებს და მშვიდ ძილში ხელს შეუშლის.
. ურჩიეთ, უსიამოვნო ფიქრები გაგანდოთ და დაივიწყოს, უკიდურეს შემთხვევაში, მათ გათენებამდე მაინც არიდოს თავი.
. ძილის წინ ნუ მისცემთ კოფეინის შემცველ ტკბილეულს (ყავას, შოკოლადს, კოკა-კოლას).
. ნურც მშიერს დაწვენთ და ნურც ზედმეტად მაძღარს.
. დაძინებამდე 6 საათის განმავლობაში ბავშვი ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას მოარიდეთ.
. არასოდეს გამოიყენოთ ძილი დასჯის მეთოდად.
– როგორ მოვიქცეთ, როცა ამ რჩევებს მივდევთ, მაგრამ ბავშვს უძილობა მაინც აწუხებს? რომელიმე მედიკამენტის მიცემას ხომ არ გვირჩევდით?
– გვერდითი ეფექტები ნებისმიერ მედიკამენტს აქვს, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი ინიციატივით რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოთ. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წამალი სამკურნალო და გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით სპეციალისტმა ინდივიდუალურად უნდა დანიშნოს.
თუ უძილობა გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ვიზიტამდე სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში აწარმოეთ ძილის დღიური: ზუსტად ჩაინიშნეთ, როდის დაიძინა და გაიღვიძა ბავშვმა, რა მიირთვა ძილის წინ, რას საქმიანობდა. ეს ინფორმაცია ექიმს უძილობის მიზეზის გარკვევაში ძალიან დაეხმარება.
ნუ ჩათვლით ძილის დარღვევას უმნიშვნელო პრობლემად. გახსოვდეთ, სრულფასოვანი ძილი ჯანმრთელობის საწინდარია.