მსოფლიო ტუბერკულოზის გარეშე

გააზიარე:

მედიცინა რომ სასწაულებს ახდენს, არახალია, მაგრამ ამ სასწაულებს განსაკუთრებით მაშინ ედება ფასი, როდესაც საქმე ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
კაცობრიობას უამრავი ისეთი სენი ახსოვს, ხელის ერთი მოსმით მუსრს რომ ავლებდა სოფლებსა და ქალაქებს. ზოგი მათგანი დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა, ზოგი კი ფარ-ხმალს დღემდე არ ყრის.
ერთ-ერთი მათგანია ტუბერკულოზი, რომლის მოგერიება მედიცინამ არაერთხელ სცადა. მიუხედავად ამისა, ეს დაავადება დღესაც რჩება საერთაშორისო განსჯის საგნად.
ისტორიკოსებსა და ფთიზიატრებს თუ ვენდობით, ტუბერკულოზი ჩვენს წელთაღრიცხვამდეც მძვინვარებდა. ამის დასტურია მუმია, რომლის ძვლებშიც ამ 
ვერაგი დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აღმოუჩენიათ. ეს მომაკვდინებელი სენი ტუბერკულოზად 1839 წელს მონათლეს, ხოლო მის საუკეთესო “წამალს” – სუფთა ჰაერსა და კალორიულ საკვებს – მოგვიანებით, 1954 წელს მიაგნეს. ვინმე ჰერმან ბრემერი, რომელიც თავად იყო ავად ტუბერკულოზით, ექიმის რჩევით ჰიმალაის მთებში გაემგზავრა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. თქვენ წარმოიდგინეთ, მთიდან დაბრუნებულს დაავადება საერთოდ აღარ აწუხებდა. სწორედ მას დაებადა პირველად ისეთი სანატორიუმის აშენების იდეა, სადაც ავადმყოფები სუფთა ჰაერზეც დაისვენებდნენ, კალორიულ საკვებსაც მიიღებდნენ და განკურნებამდე ჯანმრთელი ადამიანებისგან იზოლირებულიც იქნებოდნენ.
ამის შემდეგ მალევე დაინერგა ტუბერკულოზის მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიც არის ხელოვნური პნევმოთორაქსი (ფილტვებს ჰაერით ბერავდნენ, იმ იმედით, რომ ჰაერით გამდიდრებული ფილტვები დაავადებას იოლად გაუმკლავდებოდა), რადიაცია და ქიმიათერაპია პენიცილინითა და სულფონამიდით. პირველი გამარჯვება კი მედიცინამ მაშინ იზეიმა, როდესაც 1943 წელს სტრეპტომიცინი აღმოაჩინეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში დაავადებულთა უმეტესობა განიკურნა.
მართალია, ამის შემდეგ ტუბერკულოზით ავადობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია. WHO-ს განცხადებით, თუკი ტუბერკულოზი ჯეროვნად არ გაკონტროლდა, 2020 წლისთვის ამ სენს 36 მილიონი ადამიანი შეეწირება.

ნაბიჯ-ნაბიჯ გამარჯვებისკენ
. 1882 წელს რობერტ კოხმა ტუბერკულოზის მიკობაცილა აღმოაჩინა
. 1907 წელს ჩარლზ მანტუმ დაავადების აღმომჩენი ტესტი – მანტუს ტესტი შეიმუშავა
. 1921 წელს საფრანგეთში, პასტერის ინსტიტუტში, BCG ვაქცინა შექმნეს, თუმცა მისი მასობრივი გამოყენება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო.

10 ძირითადი და ათეული სხვა ფაქტი ტუბერკულოზის შესახებ
1. ტუბერკულოზი (TB) იოლად გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. მკურნალობის გარეშე ყოველ დაავაადებულს წელიწადში 10-15 ადამიანის დასნებოვნება შეუძლია.
2. მთელ მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ინფიცირებულია ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილით. ათი ინფიცირებულიდან ერთს კი უყალიბდება დაავადების აქტიური ფორმა, – მარტივად რომ ვთქვათ, ტუბერკულოზით ხდება ავად.
 3. ტუბერკულოზი სიღარიბის დაავადებად არის მიჩნეული და უპირატესად ახალგაზრდებს ანუ საზოგადოების ყველაზე პროდუქტიულ ნაწილს ერჩის. 2007 წელს (უახლესი მონაცემია) ტუბერკულოზის გამო 1,77 მილიონი კაცი გარდაიცვალა (მათ შორის 456 000 –  აივ-ინფიცირებული), ესე იგი დაავადებამ დღეში 4800 კაცი იმსხვერპლა. TB-თ გარდაცვლილთა უმეტესობა განვითარებადი ქვეყნების მკვიდრი იყო.
4. TB ყველაზე ადვილად აივ-ინფიიცრებულებს ემართებათ. საზოგადოდ, ტუბერკულოზის მიკობაქტერია დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ერჩის.
5. მარტო 2007 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზის 9,27 მილიონი ახალი შემთხვევა აღრიცხა. აქედან 80% –  მხოლოდ 22 ქვეყანაში.
6. ტუბერკულოზი მსოფლიო მნიშვნელობის პანდემიაა, მაგრამ უპირატესად მაინც განვითარებად ქვეყნებში გვხვდება. იმ 15 ქვეყნიდან, სადაც TB-თ ავადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, 13 აფრიკისაა, ხოლო ახალი აფეთქება უპირატესად აზიის 6 ქვეყანაში (ბანგლადეში, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ინდონეზია და ფილიპინები) დაფიქსირდა.
7. ტუბერკულოზი მულტირეზისტენტულია (MRD– TB), როდესაც პირველი რიგის მედიკამენტების მიღებას შედეგი არ მოაქვს (TB-ს გამომწვევი მიკროორგანიზმები მდგრადები ანუ რეზისტენტულები არიან და წამლის ზემოქმედებით არ ნადგურდებიან). WHO-ს განცხადებით, MRD– TB-ს შემთხვევათა მაჩვენებელი თითქმის ყველა კონტინენტზე მაღალია; 2007 წელს 511 000 ახალი შემთხვევა აღირიცხა, უმეტესობა – ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში.
8. არსებობს ექსტენსიურ-რეზისტენტული ფორმა (XDR– TB), როდესაც ორგანიზმი მდგრადობას მეორე რიგის მედიკამენტების მიმართ ამჟღავნებს. ამ ტიპის TB-ს მკურნალობა ძალიან რთულია. XDR– TB-თ ავადობის შემთხვევები უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
9. ტუბერკულოზის პრობლემებზე მომუშავე ყველაზე დიდმასშტაბიანი პროექტი WHO-ს პროგრამა “Stop TB Strategy” გახლავთ, რომელიც, თავის მხრივ, “ათასწლეულის განვითარების პროგრამის” (MDG) ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს და რომლის მიზანია, ტუბერკულოზით ავადობა და სიკვდილიანობა 2015 წლისთვის 1999 წელთან შედარებით 50%-ით შეამციროს.
10. 2006 წელს ტუბერკულოზის აღმოფხვრის მიზნით პროექტში 67 მილიარდი დოლარი ჩაიდო. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, კიდევ 40 მილიარდია საჭირო, რომ ათასწლეულზე გათვლილი პროგრამის ერთ-ერთი მიზანი –  2015 წლისთვის TB-ს შემთხვევათა განახევრება –  მიღწეულ იქნეს.

ახლა რას ვაპირებთ
მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო დაირაზმა, ის მაინც რჩება ერთ-ერთ იმ დაავადებად, რომლის დასამარცხებლად WHO არაფერს იშურებს. 1993 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მერამდენედ, მაგრამ ამჯერად _ მთელი სიმკაცრით, ტუბერკულოზი გლობალური მნიშვნელობის სენად გამოცხადდა. 1995 წელს კი ამუშავდა პროგრამა შტოპ TB Partnership, რომლის ძირითადი კომპონენტი DOTS სტრატეგია იყო. პროგრამის მიზანი 2015 წლისთვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმით დაავადებული 14 მილიონი ადამიანის გადარჩენაა!
DOTS სტრატეგიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა (ამ დროს მედიკამენტის მიღება უშუალოდ სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით წარმოებს). მისი წყალობით 1995 წლიდან 2006 წლამდე მსოფლიოს მასშტაბით 36 მილიონი ადამიანი განიკურნა. ამ შედეგით გამხნევებულმა WHO-მ კიდევ უფრო მეტი შემართებით დაიწყო TB-სთან ბრძოლა და 2006 წელს შეიმუშავა სტრატეგიის ახალი ვარიანტი, რომელიც ექვსპუნქტიანი გახლავთ და ითვალისწინებს: გაუმჯობესებული ხარისხის DOTS მომსახურების დანერგვას, ისეთი პროექტების შემუშავებას, რომლებიც უპირატსად ღარიბ მოსახლეობაზე და mDR-TB და TB‘HIV პირებზე იქნება გათვლილი, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ჩართულობის გაძლიერებას, ნებისმიერი რანგის სამედიცინო მომსახურების (ექთნის, ექიმის…) ხელმისაწვდომობას, კვლევების მხარდაჭერას.

გააზიარე: