პანდემია დამთავრდა, გრიპის გეშინოდეთ!
გააზიარე:
პანიკის დათესვას ნამდვილად არ ვაპირებთ, თუმცა სასიხარულო ამბით გამოწვეული ზედმეტი გულარხეინობა თავიდან რომ აგვეცილებინა ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზიც სწორედ ამიტომ მოვიხმეთ. მოდი, სასიხარულო ამბით დავიწყოთ: 2010 წლის 10 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის დასრულება გამოაცხადა. შიშზე, უფრო სწორად, სიფრთხილეზე კი ქვემოთ უფრო დაწვრილებით გესაუბრებით.
რა იყო და რას ველოდოთ
ექიმები ორი სახის გრიპს გამოყოფენ. დაავადების ცალკეული შემთხვევები და ეპიდემიები ჩვენში და ზომიერი კლიმატის სხვა ქვეყნებში, ჩვეულებრივ,
ყოველ ზამთარს და ადრე გაზაფხულზე იჩენს თავს, ტროპიკულ ქვეყნებში კი მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება. ეს სეზონური გრიპია და მისი გამომწვევი ვირუსები გამუდმებით, თუმცა შედარებით ნაკლებად იცვლება, ამიტომაც მოსახლეობას შეზღუდული, ნაწილობრივი იმუნიტეტი აქვს. შეგახსენებთ: გრიპის იმუნიტეტი არამყარი და სპეციფიკურია, ანუ ერთი ქვეტიპის ვირუსის გადატანა თუ აცრა მეორე ქვეტიპისგან ვერ დაგვიცავს.
გრიპის პანდემია, სპეციალისტების გამოთვლით, ყოველ 30-40 წელიწადში ერთხელ იფეთქებს. ამ დროს მოცირკულირე ვირუსების გვერდით განსხვავებული გენოტიპი ჩნდება – ცხოველთა სამყაროს რომელიმე წარმომადგენლის (ჩვეულებრივ, წყალმფრენი ფრინველების) გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადასვლას სწავლობს. ვინაიდან ახალი ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მოსახლეობას პრაქტიკულად არ გააჩნია, დაავადება ელვის სისწრაფით – სულ რამდენიმე თვეში – მთელ მსოფლიოს ედება. თუმცა, რა თქმა უნდა, სეზონური გრიპისგან არც პანდემიის დროს ვართ დაზღვეულები. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მათ განსხვავებას სპეციალური კვლევა სჭირდება და ამას მხოლოდ ეპიდემიოლოგებისთვის აქვს მნიშვნელობა. რომელი გრიპი დაემართება, ავადმყოფისთვის ვერაფერი შეღავათია.
მოგეხსენებათ, შარშან გრიპის ახალი ვირუსი A(H1N1) გაჩნდა. მრავალ ქვეყანაში ზაფხულშიც კი ძალიან ბევრი გახდა ავად. მაჩვენებლებმა ძალიან მოიმატა ზამთარშიც. ამასთანავე, პანდემიურ ვირუსს თითქმის სრული დომინანტა ახასიათებდა – გრიპის ფაქტობრივად ყველა შემთხვევა სწორედ მისი ბრალი იყო. დავამატოთ კლინიკური უცნაურობაც: დაავადება უფრო ხშირად ახალგაზრდებს ურთულდებოდათ. შეადარეთ: სეზონური გრიპის დროს გარდაცვლილთა 62% 65 წელს არის გადაცილებული. მოკლედ, პანდემიური გრიპის ყველა ნიშანი აშკარა იყო. ჩვენს პატარა ქვეყანაშიც 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის მარტის ჩათვლით პანდემიური გრიპი ლაბორატორიულად დაუდასტურდა 1286 ადამიანს, 33 (მათ შორის – 7 ორსული) გარდაიცვალა.
სადღეისოდ ვირუსი ყველა ქვეყანაში გავრცელდა. ბევრმა მის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი შეიძინა – წელს დიდი და უჩვეულო ზაფხულის აფეთქებები არც ერთ ნახევარსფეროში არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, შარშან დათრგუნულმა და მიმალულმა სხვა გრიპის ვირუსებმაც (მაგალითად A (H3N2) და B) წამოყვეს თავი. ამ ყველაფერმა კი ჯანმოს ზემოხსენებული დასკვნა გააკეთებინა.
თუმცა 2009 წლის H1N1 ვირუსი არსად გამქრალა. ის კვლავ განაგრძობს ადამიანიდან ადამიანში მოგზაურობას, სავარაუდოდ, შეხვდება სხვა ვირუსებს, შეიძენს ახალ-ახალ გენებს და მავნე თვისებები მოემატება თუ დააკლდება, ზუსტად ვერავინ იტყვის. ასე რომ, შესაძლოა პირველივე პოსტპანდემიურმა სეზონმა საკმაოდ ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზოს. დღეისთვის არსებული მონაცემებით, H1N1 ვირუსი მომეტებულ საფრთხეს უქმნის მცირეწლოვან ბავშვებს, ორსულებს, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ქრონიკული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის მქონეთ.
და, რაც მთავარია, გრიპი როგორც პანდემიის დროს, ასევე მის გარეშე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სეზონური გრიპით ყოველწლიურად მოსახლეობის 5-15% ავადდება, 3-5 მილიონი შემთხვევა მძიმეა, ხოლო 300 000-500 000 სიკვდილით სრულდება.
გრიპსაწინააღმდეგო წესები
როგორც ხედავთ, სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა და პრინციპში, პანდემიის არსებობა თუ არარსებობა ცალკეული ადამიანისთვის ბევრს არაფერს ცვლის. რაც შეეხება წესებს, საკმაოდ მარტივია და მხოლოდ გრიპისგან კი არა, მრავალი სხვა გადამდები დაავადებისგანაც დაგვიცავს:
. ერიდეთ ახლო კონტაქტს, განსაკუთრებით – იმ ადამიანებთან, რომელთაც სასუნთქი სისტემის ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.
. რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. ხშირად დაბანეთ ხელები პატარებს, განსაკუთრებით – ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ. შეგიძლიათ, საპნის ნაცვლად გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდები.
. არ შეეხოთ დაუბანელი ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს – გამომწვევი ასეც შეიძლება გავრცელდეს.
. თუ ავად გახდით, გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდი დღის განმავლობაში ან ტემპერატურის ნორმალიზებიდან (სიცხის დამწევი პრეპარატების გარეშე) სულ მცირე 24 საათის განმავლობაში შინ დარჩით.
. ხველებისა და ცემინების დროს სახეზე ცხვირსახოცი მიიფარეთ, უმჯობესია, ქაღალდისა, გამოყენების შემდეგ კი გადააგდეთ და ხელები მაშინვე დაიბანეთ. თუ სხვა გზა არ გაქვთ, ჯობს, ხელის ნაცვლად პირზე სახელო აიფაროთ.
. ოჯახის ავადმყოფი წევრი შეძლებისამებრ იზოლირებულ გარემოში მოაქციეთ და დანარჩენი წევრები, განსაკუთრებით ბავშვები, მოარიდეთ.
. ავადმყოფთან ერთ მეტრზე მეტად მიახლოებისას გამოიყენეთ სპეციალური დამცავი ნიღაბი (შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ ან ოთხპირი დოლბანდისგან თავად შეიკეროთ). ნიღაბი ხშირად იცვალეთ და ყოველი გამოცვლისას ხელების დაბანაც არ დაგავიწყდეთ.
. ავადმყოფისთვის ცალკე ჭურჭლის გამოყოფა საჭირო არ არის, ოღონდ საპნით ან სპეციალური (ჭურჭლის სარეცხს ვგულისხმობთ და რაიმე განსაკუთრებულ გრიპსაწინააღმდეგოს) ჟელეთი გარეცხვამდე ავადმყოფის ჭურჭელი სხვა ნივთებს არ უნდა შეეხოს, მით უმეტეს, გაურეცხავი სხვამ არ გამოიყენოს.
. ავადმყოფის ოთახი ყოველდღე სველი წესით დაალაგეთ და ხშირად გაანიავეთ. აბაზანაში ორი პირსახოცი ჩამოკიდეთ, ერთი – ოჯახის ჯანმრთელი წევრებისთვის, მეორე – ავადმყოფისთვის.
. გრიპით დაავადების გამო ნუ შეწყვეტთ შვილის ძუძუთი კვებას. პირიქით, დედის რძე პაწიას სხვა დაავადებებთან ერთად გრიპისგანაც დაიცავს. მთავარია, კვებისა და პატარასთან ახლო კონტაქტის დროს არ დაივიწყოთ დამცავი ნიღბის გამოყენება.
. რაც შეეხება მკურნალობას, თუ რისკჯგუფში არ შედიხართ, შეგიძლიათ ძველი გამოთქმა გაიხსენოთ: გრიპს თუ არ უმკურნალებთ, მთელი კვირა გაგრძელდება, თუ უმკურნალებთ, მხოლოდ 7 დღეო. ჯანმოს აზრით, დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას გრიპის დროს მხოლოდ მოსვენება, ბლომად სითხე და სიმპტომური საშუალებები სჭირდება. ამავე დროს ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ საგანგაშო ნიშნები და რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდეთ ექიმს. ეს ნიშნებია:
- სუნთქვის გახშირება ან გაძნელება;
- ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში;
- უეცარი თავბრუხვევა;
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- ძლიერი ან შეუკავებელი პირღებინება;
- გრიპისმაგვარი სიმპტომების შესუსტების შემდეგ სიცხის ხელახალი აწევა და ხველის გაძლიერება.
ეფექტური თავდაცვა
გრიპის პროფილაქტიკის მთავარი გზა ვაქცინაციაა. ცნობილია, რომ ის 3-4-ჯერ უფრო ეკონომიურია, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ხანდაზმულთა სახლებში გრიპის ვაქცინაცია 50-60%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და 80%-ით – გრიპთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაავადების რისკს 66%-ით აქვეითებს.
გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. თანამედროვე ვაქცინები მაქსიმალურად გაწმენდილი, უსაფრთხო და ეფექტურია. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადგენს. მთელი წლის მანძილზე მისი ექსპერტები აგროვებენ და ამუშავებენ მასალას გრიპის გამომწვევი ვირუსების შესახებ. ყოველწლიურად პროგნოზირებული შტამების ჩამონათვალი როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროსთვის ვაქცინის მწარმოებელ ქარხნებს გადაეცემა. ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება. ამჟამად საქართველოში ტარდება ვაქცინაცია 2009 წლის პანდემიური ვირუსის წინააღმდეგ, მაგალითად, ორსულობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (მოითხოვეთ ქალთა კონსულტაციებში ან სხვა პროვაიდერთან). თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, სეზონური გრიპის სხვა ვირუსებიც გამოჩნდნენ, ამიტომაც ჯანმო რეკომენდაციას სამვალენტიან ვაქცინას უწევს, რომელშიც ამ კონკრეტულ მავნებელთან ერთად ორი სხვა ვირუსიც შედის.
აცრისთვის საუკეთესო დრო შემოდგომაზე, გრიპის სეზონის დაწყებამდეა. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება. ამ ხნის მანძილზე ვაქცინირებულ ადამიანს ვირუსთან კონტაქტის დროს დასნებოვნების შანსი მაინც აქვს, ვინაიდან იმუნიტეტი ბოლომდე ფორმირებული არ არის. ამიტომ არის, რომ გრიპის სეზონზე ჩატარებული აცრის ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია.
ბუნებრივია, აცრა ყველაზე მეტად გართულებათა მაღალი რისკი მქონე ადამიანებს სჭირდებათ. ესენი არიან სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის – ბრონქული ასთმით, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები. აცრა აუცილებელია მათთვისაც, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით – აივ-ინფექციის, სისხლის ავთვისებიანი დაავადების, დიდი დოზებით კორტიკოსტეროიდების გამოყენების გამო – იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვს. დაავადებისა და გართულებათა განვითარების ალბათობა მაღალი აქვთ ხანდაზმულ ადამიანებს და მცირეწლოვან, განსაკუთრებით – 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს.
გრიპით ავადობის სიხშირე მაღალია ბავშვთა კოლექტივებში (ბაღებში, სკოლებში), ამიტომ ავადობისა და გართულებათა თავიდან ასაცილებლად ამ კონტინგენტის აცრაც სასურველია.
ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წელიწადს ძლებს, ამიტომ დაავადებისგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა რეკომენდებული.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ “ავერსის კლინიკაში” ფუნქციონირებს უახლესი და საუკეთესო ხარისხის ევროპული ვაქცინებით აღჭურვილი აცრის კაბინეტი. ინფორმაციისთვის დარეკეთ: 398367.
საზეპირო:
- გრიპი პანდემიის დროს, თუ მის გარეშე სერიოზული სამედიცინო პრობლემაა.
- თავის არიდებისთვის საუკეთესო გზა კონტაქტისთვის თავის არიდება, ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და მომეტებული რისკის მქონე ადამიანების აცრაა.
- გრიპით დაავადებულთა უმრავლესობას სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება, საგანგაშო ნიშნების შემჩნევისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. ექიმს აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ რისკჯგუფში შემავალი ადამიანებიც.