ანორექსია, ბულიმია
გააზიარე:
რა მსხვერპლზე აღარ თანხმდებიან ქალები, რომ მამაკაცთა ყურადღება მიიპყრონ! რენესანსის ეპოქის დიაცები თუ ჩამრგვალებული ფორმებით იწონებდნენ თავს, თანამედროვე ქალბატონები ამგვარ პროგრამა-მინიმუმს ისახავენ მიზნად: “დაე, ვიყო ძვალი და ტყავი!”
კარგა ხანს მიიჩნეოდა, რომ ზედმეტი კილოგრამების შიში უმთავრესად მოზარდ გოგონებს აწუხებდათ, მაგრამ დიეტოლოგებმა, ენდოკრინოლოგებმა და მათთან ერთად ნევროპათოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ძალისხმევას არც ზრდასრული ქალბატონები აკლებენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მამრები.
არც დაბალკალორიული, არც მკაცრი დიეტა უკვე აღარავის აშფოთებს და აღაშფოთებს, აი, კვების გაუკუღმართების შესახებ კი არსებობს ერთმნიშვნელოვანი აზრი: ჭამაფობია ორგანიზმისთვის საზიანოა. ის არც ახირებაა, არც რომელიმე, თუნდაც უმკაცრესი დიეტის ვარიანტი; ის ავადმყოფობაა მთელი თავისი გამოვლინება-გართულებებით.
კვების გაუკუღმართების ყველაზე გავრცელებული ფორმები ანორექსია და ბულიმიაა. გულახდილად გეტყვით: შიმშილის ამ ორ ფორმას შორის მკვეთრი ზღვარის გავლება შეუძლებელია, თუმცა მცირე განსხვავება მაინც არსებობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი 100 მოზარდი გოგონადან ორს ან ანორექსია აწუხებს, ან ბულიმია. საზოგადოდ კი ანორექსიით შეპყრობილთა 85-95% და ბულიმიით ატანილთა 80-90% მდედრია.
A განსაცდელი
ამ დაავადებას ნერვულ ანორექსიასაც უწოდებენ. რა თქმა უნდა, პათოლოგიას საფუძვლად ნერვული სისტემის აშლილობა უდევს, მაგრამ ნევროპათოლოგს წონის კლების დაუძლეველი ჟინით შეპყრობილთა მცირე ნაწილი თუ მიმართავს.
ანორექსიის დროს ადამიანს წონის მომატების პანიკური შიში აქვს. რაც არ უნდა გამხდარი იყოს, სარკეში ჩახედვისას თავი მაინც მსუქანი ეჩვენება, ანუ არა მარტო კვება, არამედ აღქმაც გაუკუღმართებული აქვს. ამ არარსებულ სიმსუქნესთან საბრძოლველად შემართულს კი კილოგრამი კილოგრამზე აკლდება და საბოლოოდ ფაქტობრივად ძვალი და ტყავი რჩება.
ანორექსიით შეპყრობილი, გარდა იმისა, რომ არაფერს, რაც გასტრონომიულ მოთხოვნილებებს უკავშირდება, არ ცნობს, სხეულის სასურველი წონისა და ფორმის მისაღებად არც ვარჯიშს ერიდება, არც საფაღარათო აბებსა და დიურეტიკებს.
ანორექსიით დაავადებულის ამოცნობა ძნელი არ არის:
. ის მეტისმეტად გამხდარია – მისი სხეულის მასის ინდექსი ქვედა ზღვარს საგრძნობლად სცდება;
. მისი გონება მთლიანად წონის კონტროლზეა გადართული: ითვლის საკვების ულუფებს, კალორაჟს, ამატებს, აკლებს... და ასე განუწყვეტლივ!
. ჭამს (თუ ამას ჭამა ჰქვია) მხოლოდ კონკრეტულ საკვებს. უმეტესად პირს არ აკარებს რძესა და რძის ნაწარმს, ხორცს, ცომეულს...
. ვარჯიშობს ქანცის გაწყვეტამდე. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს, ხელ-ფეხს დაუზარლად იქნევს. შესაძლოა, სარბენად წვიმიან ამინდშიც კი გაიქცეს.
. რაც უნდა ცოტა ჭამოს (და ძირითადად ასეც არის – კერძში უხალისოდ იჩიჩქნება), მაინც კუჭის გადავსებისა და სიმსუქნის შეგრძნება უჩნდება.
. რეგულარულად სვამს საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს.
ჭამაფობიით შეპყრობილ ქალს ხშირად უჩნდება ისეთი პრობლემა, როგორიც არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა – შესაძლოა სამი მენსტრუაციაც კი გამოტოვოს.
ანორექსია მხოლოდ წონასა და რეპროდუქციულ სისტემაზე კი არ აისახება, ხასიათსაც ასვამს დაღს. ჭამის მოშიშარი გოგონა გაღიზიანებული და დეპრესიულია, თავს სუსტად გრძნობს.
B განსაცდელი
ანორექსიისგან განსხვავებით, ბულიმიის დროს ადამიანი არათუ შიმშილით არ იკლავს თავს, არამედ ზომაზე მეტსაც კი ჭამს (როგორც წესი, მალულად) და შემდეგ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიცილოს მადიანად ათვისებული კალორიები. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, მაინცდამაინც არც ფიქრით იკლავს თავს, უმეტესად ნაცად ხერხს – ხელოვნურად გამოწვეულ პირღებინებას მიმართავს, ზოგჯერ კი საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებსაც იყენებს.
თუ ანორექსიით დაავადებული წონის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის, ბულიმიით შეპყრობილს სხეულის მასის ინდექსი უმეტესად ნორმალური აქვს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად: ლამის დღედაღამ ვარჯიშობს.
ბულიმიის კიდევ ერთი ნიშანია სახისა და თითების შეშუპება, თუმცა არა ყოველთვის.
A თუ B?
ჯანმრთელობისთვის არც ერთი ვარგა და არც მეორე. როგორც ბულიმია, ისე ანორექსია ორგანიზმს ფიტავს, მწყობრიდან გამოჰყავს.
Aნორექსიის დროს დაზარალებული ორგანოების ჩამონათვალი ასეთია:
. თავის ტვინი და ნერვები – როგორც უკვე მიხვდით, ანორექსიით შეპყრობილს აზროვნებაც გაუკუღმართებული აქვს. გარდა ამისა, უფუჭდება მეხსიერება, ეცვლება ხასიათი... ეს ყველაფერი თავის ტვინში მიმდინარე ქიმიური რეაქციების, ტვინის ქსოვილის ქიმიური შემადგენლობის დარღვევის ბრალია.
. თმა და ფრჩხილები – ისინი თხელდება, მტვრევადი ხდება. ხშირია თმის გაძლიერებული ცვენა. სამაგიეროდ შესაძლოა, სხეულის მანამდე მოშიშვლებული ადგილები დაიფაროს ღინღლით.
. გული, სისხლი და სისხლძარღვები – გულისცემის შესუსტება, გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა, ანემია და სისხლის სხვა პრობლემები.
. ძვლები და კუნთები – ვითარდება ოსტეოპოროზი ანუ ძვლები კალციუმის უკმარისობის გამო მეტისმეტად მყიფე ხდება. გარდა ამისა, მცირდება კუნთების მასა და კუმშვადობა. იშვიათად შუპდება სახსრებიც.
. თირკმელები – ეს წყვილი ორგანო კენჭებით ივსება. შესაძლოა, თირკმლის უკმარისობაც ჩამოყალიბდეს, რაც უმთავრესად დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) ბრალია.
. ნაწლავები – შეკრულობა და ყურყური კვების რეჟიმის შეცვლის დროს თითქმის ყოველთვის იჩენს თავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ცვლილება “ანორექსიული” სიმძაფრისაა.
. კანი – შრება, იოლად ლურჯდება (ლამის ხელის დაჭერაც კმარა), იოლად ცივდება, შესაძლოა, მოყვითალო ელფერიც დაჰკრავდეს.
. ჰორმონები – მათი ბალანსი ირღვევა, რაც მენსტრუაციული ციკლის დარღვევას, უნაყოფობას იწვევს. თუ ქალი დაორსულდა, შესაძლოა მუცელი მოეშალოს ან ნაყოფის ფიზიკურ განვითარებას შეექმნას საფრთხე და საკეისრო კვეთის აუცილებლობა წარმოიშვას.
. ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი – მძაფრად გამოხატული ავიტამინოზი, კალიუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის ძლიერი დეფიციტი.
არც Bულემიის მიერ მიყენებული ზარალია უმნიშვნელო:
. ტვინი და ფსიქიკა – ეს უკანასკნელი ამ შემთხვევაშიც საგრძნობლად არის შერყეული (ტვინი არა, მხოლოდ ფსიქიკა :)). ძლიერ არის დაქვეითებული თვითშეფასება, ქალს დეპრესია და თითქოსთა უმიზეზო სირცხვილის გრძნობა ტანჯავს, დროდადრო ძლიერ გაღიზიანებული და აგზნებულია, შემდეგ კი უეცრად მოეშვება ხოლმე.
. პირის ღრუ – გინგივიტი (ღრძილების ანთება), კარიესი, კბილის მინანქრის დაზიანება, ცივსა და ცხელზე მგრძნობელობის მომატება.
. საყლაპავი – ჭარბი და ხშირი პირღებინების შედეგად ღიზიანდება ლორწოვანი გარსი, ჩნდება ნახეთქები და წყლულები, შესაძლოა, სისხლის ჟონვაც დაიწყოს და კუჭში ჩაიღვაროს (ასეთ დროს ამონაღებ მასას სისხლიც მოჰყვება). ყლაპვაც, როგორც წესი, მტკივნეულია.
. კუჭი – ბულიმიის ერთ-ერთი ხშირი გართულება წყლულოვანი დაავადებაა. არცთუ იშვიათია კუჭის ტკივილი.
. ნაწლავები – შეკრულობა, დიარეა, ყურყური, ჭვალი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც შეიძლება ბულიმიით გაღიზიანებულ ორგანოს დაემართოს.
. გული – ხშირია გულისცემის შესუსტება, დაბალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, გულის კუნთის მოდუნება.
. კუნთები – მეტისმეტად მოდუნებულია.
. კანი – თითის სახსრებთან ხშირად ნახეთქები ჩნდება.
ბულიმია, ისევე როგორც ანორექსია, ორგანიზმში მინერალური ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამას გაუწყლოებაც ემატება, ჰორმონული დისბალანსის გამო კი მენსტრუაციული ციკლის დარღვევებიც იჩენს თავს. ზოგჯერ ციკლი საერთოდ წყდება, შესაბამისად, აღარც ოვულაცია ხდება, რაც უნაყოფობის მიზეზად იქცევა.
რა ვუყოთ, რით დავეხმაროთ?
კვებითი აშლილობის დიაგნოზის დასმა არცთუ ისე იოლია, კიდევ უფრო რთული კი მისი მკურნალობაა, რაც პირველ რიგში ახირებული ადამიანის გადარწმუნებას, მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოთერაპიას გულისხმობს. ამერიკაში ასე პატივსაცემი პროფესიის ადამიანები, რომლებიც ენით ცვლიან ფსიქიკას, მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებენ, ადამიანი ანორექსიისა და ბულიმიისგან განკურნონ.
საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ამ პათოლოგიებთან გამკლავება ანტიდეპრესანტებით არის შესაძლებელი. თურმე ამერიკელი ექიმებიც ნიშნავენ ამ ტიპის წამლებს, მაგრამ მეტი სიფრთხილით. FDA-მ (სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ) შეიმუშავა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ანტიდეპრესიული მოქმედების მედიკამენტების ნაწილს კოლოფზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც მის “არცთუ უსაფრთხოებაზე” მიუთითებს. “არცთუ უსაფრთხოება” კი, არც მეტი არც ნაკლები, სუიციდია, რომელსაც ამ ტიპის წამლები მოზარდებში იწვევს.
ასეა თუ ისე, ბულიმია და ანორექსია საკმაოდ მძიმე დაავადებათა ნუსხაში შედის. შესაბამისად, მათ კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება.
ოდრის საიდუმლო
“ბულიმიით წლების განმავლობაში ვიტანჯებოდი. ეს დაავადება კი არა, ნამდვილი ჯადოა! დღეში ხუთ-ექვსჯერ ივსებ კუჭს (ზოგიერთი ამ სისულელეს კიდევ უფრო ხშირად სჩადის) და ეს წამიერ სიამოვნებას განიჭებს. ამ დროს წარმოსახვითი წყვილი ხელი გამოგდის სხეულიდან და გეხმარება, აითვისო რაც შეიძლება მეტი საკვები. ცოტა ხანი გადის და კუჭი გაწუხებს, იწყება პირღებინება... და ასე უსასრულოდ!” – ეს აღსარება პრინცესა დაიანას ეკუთვნის. თუმცა ის კვების გამო ტანჯული ერთადერთი სელებრითი არ ყოფილა. უფრო მეტად ეწამა ჯეინ ფონდა. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ეს მშვენიერი ქალბატონი დაწვრილებით აღწერს, როგორ ებრძოდა ხან ბულიმიის, ხანაც ანორექსიის შემოტევებს 30 წლის განმავლობაში, 12 წლიდან...
ათწლეულების განმავლობაში აპიარებდა ამერიკული კინოინდუსტრია ოდრი ჰეპბერნს. წერდნენ, რომ ეს მომხიბლავი ქალბატონი და ნიჭიერი მსახიობი საოცარ ტანადობას ყოველგვარი დიეტისა და ვარჯიშის გარეშე ინარჩუნებდა. ცოტა ხნის წინ კი ეს მითი დაინგრა... აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ჰეპბერნი ლამის მთელი სიცოცხლე იტანჯებოდა ანორექსიითა და დეპრესიით. როგორ ჩანს, მის უნიკალურ სამსახიობო ნიჭს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ეს დღემდე არავინ იცოდა.
კვებითი გაუკუღმართების ერთ-ერთი მიზეზი სტრესია, როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური. ალბათ ფიქრობთ, რომ ამაზე სტატიის იმ ნაწილში უნდა მოგვეთხრო, სადაც დაავადების რაობაზე გესაუბრეთ, მაგრამ ახლა გაცილებით საინტერესოდ მოგახსენებთ.
ცნობილი შოუვუმენი ოპრა უინფრი 9 წლის ასაკში 19 წლის ბიძაშვილმა გააუპატიურა (და ეს მის მიმართ სქესობრივი ძალადობის უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა!). წლების შემდეგ ბულიმიით შეპყრობილმა ოპრამ აღიარა, რომ ჭამა ძალას მატებდა, თავს უფრო დაცულად და კომფორტულად აგრძნობინებდა.
ბულიმია-ანორექსიით გატანჯულთა სიაში მოხვდნენ: ჯენეტ ჯექსონი, ვიქტორია ბეკჰემი და მისი მეგობარი ჯერი ჰოლიველი, ალანის მორისეტი, კეიტ ბეკინსეილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ელტონ ჯონიც კი. ეს ის ადამიანები არიან, საკვებს დასანახავად რომ ვერ იტანდნენ და საჭმელოფობიას წლების განმავლობაში ებრძოდნენ.
სამაგიეროდ, მსახიობი კეიტ უინსლეტი კარიერის ზენიტშივე თამამად აღიარებს, რომ “უყვარს სმა და უყვარს ჭამა”. მისი ბიძა ცნობილი შეფ-მზარეული ყოფილა, დედამისის დამზადებულ კერძებზე კი დღემდე ლეგენდები დადის... “მე არ ვარ ჰოლივუდის სტანდარტული ვარსკვლავი. არ ვარ ისეთი გამხდარი, ნეკნებს რომ დაუთვლი... ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და არც ის მაწუხებს, რომ ჩემი სხეული ჰოლივუდური სტანდარტიდან არის ამოვარდნილი”, – აცხადებს კეიტი.