სკრინინგპროგრამები
გააზიარე:
ამბობენ, მარტი ქალივით ჭირვეულიაო. იმასაც ამბობენ, ჭირვეულობა მათ სჩვევიათ, ვისაც ყურადღება და მზრუნველობა სიამოვნებსო. ჭირვეულობისა რა მოგახსენოთ, ყურადღება და მზრუნველობა კი სუსტ სქესს ნამდვილად სჭირდება. მით უმეტეს, რომ ქალური დაავადებების გამო საქართველოში ყოველწლიურად ოთხასზე მეტი ქალი იღუპება.
ბოლო ხანს ეს დაავადებები მკვეთრად გახშირდა: ძუძუს კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად დაახლოებით 1200 ქალს უსვამენ, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს – დაახლოებით 350-ს. შესაბამისად იზრდება ამ დაავადებების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. მიზეზი უმთავრესად დაგვიანებული დიაგნოსტიკაა.
საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა მოსახლეობის მასობრივი სკრინინგია (screen – გადარჩევა). მისი საშუალებით პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მკურნალობაა შესაძლებელი.
სკრინინგი ტარდება განვითარებულ ქვეყნებში – ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-ში... ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილე ქალებს შორის კიბოთი გარდაცვლილთა რიცხვი 35%-ით შემცირდა!
თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით 2008 წლიდან საქართველოშიც ამოქმედდა სკრინინგის – ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის – პროგრამა, რომელიც საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსისპატრონაჟით ხორციელდება. პროგრამის შესახებ კომენტარი სწორედ ქალბატონ სანდრას ვთხოვეთ.
– რამდენად იკლო საქართველოში სკრინინგცენტრების ამოქმედების შემდეგ დაავადებათა ფატალურმა შემთხვევებმა?
– მე არა მაქვს ზუსტი ციფრები, მაგრამ კლების ტენდენცია ნამდვილად არის, კერძოდ, პირველი და მეორე სტადიის სიმსივნის უფრო მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე სკრინინგის დანერგვამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შემთხვევები მე-3 და მე-4 სტადიამდე აღარ მივა (რა თქმა უნდა, თუ ქალი საკუთარ ჯანმრთელობას მიხედავს) და, შესაბამისად, მათი რიცხვი შემცირდება. მე მგონი, უფრო ზუსტი და ეფექტიანი სურათი 2-3 წლის შემდეგ გვექნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ძუძუს კიბოთი წელიწადში 300-ზე მეტი ქალი ადრეულად იღუპება. ეს ასობით ოჯახის ტრაგედია და ასობით დაობლებული ბავშვია, მაშინ, როდესაც საქართველოში ხელმისაწვდომია სკრინინგი იმ ქალებისთვის, ვინც სამიზნე ჯგუფში შედიან: 40-69 წლის ქალბატონებისთვის ძუძუს კიბოს შემთხვევაში და 25-60 წლისებისთვის – საშვილოსნოს კიბოს შემთხვევაში; ახლა კი ახალგაზრდა გოგონებისთვის აცრის სახით საშვილოსნოს კიბოს პრევენციის პროგრამაც იწყება, რაც საკმაოდ თანამედროვე საშუალებაა ჩვენი ქვეყნისთვის.
ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე ქალაქია, სადაც შესაძლებელია პროფესიონალური უფასო გამოკვლევის ჩატარება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი; ქალი ორ წელიწადში ერთხელ უნდა მივიდეს გამოსაკვლევად, ხოლო თუ გენეტიკური განწყობა აქვს, მაშინ ყოველ წელს. ჩვენ ასევე ვცდილობთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანიები მარათონების, ბროშურების, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ტელევიზიასა და რადიოში, ასევე მობილური მამოგრაფის მანქანაზე რეკლამის მეშვეობით.
ვესაუბრეთ ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელს თამარ ხომასურიძეს:
– პროგრამა მიზნად ისახავს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ ქალთა გადარჩენას ავთვისებიან სიმსივნეთა ადრეული გამოვლენის გზით. ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ ვიკვლევთ თბილისში მცხოვრებ ქალბატონებს.
– როგორ ჩავერთოთ სკრინინგის პროგრამაში?
– საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის სერვისცენტრი თბილისში უკვე რამდენიმეა: ეროვნული სკრინინგცენტრი ვარკეთილში, კალოუბნის #12-ში; წერეთლის გამზირზე, #69-ში; ონკოდისპანსერში და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში. მიმართეთ ამ დაწესებულებებს.
– რა სერვისებს სთავაზობს სკრინინგცენტრი პაციენტებს?
– ცენტრში შეგიძლიათ მიიღოთ მამოლოგის კონსულტაცია, ჩაიტაროთ მამოგრაფია, ძუძუს ექოსკოპია. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრესი მეთოდებია Pap-ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს და კოლპოსკოპია. დიაგნოზისთვის აუცილებელი ეს პროცედურები უფასოა.
– არის თუ არა სკრინინგი კიბოს პრევენციის საშუალება?
– სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა საწყის სტადიაში, როდესაც მისი თვალით შემჩნევა, თუნდაც ხელით გასინჯვა ჯერ კიდევ შეუძლებელია.
ძუძუს დაავადებათა უმრავლესობას კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა ყოველ მათგანს სჭირდება დროული და სწორი მკურნალობა. პირველ სტადიაში გამოვლენილი დაავადების მკურნალობა ძუძუს კიბოს შემთხვევაში შედეგიანია და 100-დან 98 შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება. საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კი საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს ყოველგვარი ფონური, კიბოსწინარე დაავადება და ინფექცია. ტესტი ავლენს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთ უმთავრესი მიზეზით – ადამიანის პაპილომავირუსით – გამოწვეულ ცვლილებებს. მათი ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კიბოს ჩამოყალიბების თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი.
ამდენად, კიბოს სკრინინგი ავთვისებიანი სიმსივნისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
თბილისის მერიის თანადაფინანსებითა და საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით კიდევ ერთი კამპანია მიმდინარეობს – “სიბრძნის მარგალიტი”. ვესაუბრეთ პროგრამის ხელმძღვანელს ნინო კაკუბავას:
– საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და საზოგადოების ყურადღების გასამახვილებლად ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მართავს “სიბრძნის მარგალიტის” კამპანიას, რომლის მიზანიც საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხება და მასთან ბრძოლის მეთოდების პოპულარიზაციაა. JSI-მ აპარატურით აღჭურვა რამდენიმე სკრინინგცენტრი. კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციული სერვისების (ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და სკრინინგის) შესახებ, ასევე – საქართველოში მოქმედი ყველა იმ დაწესებულების შესახებ, სადაც ეს სერვისები ხელმისაწვდომია. ცხელი ხაზის ნომერია 0 007. ზარი და კონსულტაცია უფასოა.
– პროგრამა მხოლოდ თბილისში მცხოვრები ქალბატონებისთვის არის ხელმისაწვდომი?
– ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დაფინანსებით რეგიონებში უკვე სამი სკრინინგცენტრი მოქმედებს: ბათუმში – სამედიცინო ცენტრი “მედინა”; ქუთაისში – ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი (ჯავახიშვილის 11); გურჯაანში – სამედიცინო ცენტრი “კახეთი-იონი”.
– “სიბრძნის მარგალიტის” კამპანიის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი შედგა. რომელი ორგანიზაციები გიწევენ პარტნიორობას?
– პროექტს პარტნიორობას ოცამდე საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს, მათ შორის – “ავერსი”, რომელის ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა რამდენიმე სატელევიზიო და რადიოსიუჟეტის მომზადება.
ჩვენს პროგრამებთან თანამშრომლობს კიდევ მრავალი სხვა სამედიცინო ცენტრი და კერძო კლინიკა. “ავერსის კლინიკა” ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ჩვენთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. “ავერსის” თბილისის კლინიკაში დიაგნოსტიკისა და პრევენციისთვის საუკეთესო პირობებია. თუმცა დიაგნოსტირება უფასო არ არის, უნდა ითქვას, რომ ფასები ხარისხთან შედარებით საკმაოდ დაბალია.