სამკურნალო კოსმეტიკა

გააზიარე:

სუფთა, ხავერდოვანი სახის კანი ყველა ქალის ოცნებაა. ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება, თუ კოსმეტიკურ პროცედურებს უფრო ხშირად მიმართავ  ან უბრალოდ სარკეში ხშირად ჩაიჭყიტები. ოღონდ ნუ გეგონება, თითქოს ჯადოსნური სიტყვების  წარმოთქმა კმაროდეს იმისთვის, რომ დანაოჭებულმა სახემ ახალგაზრდული იერი დაიბრუნოს ან კანის პრობლემები უკვალოდ გაქრეს! სახის კანის მოვლა, საჭიროების შემთხვევაში კი მკურნალობა აუცილებელია, თუმცა ზოგჯერ მარტივი კოსმეტიკური ხრიკებიც კმარა, რომ ძლიერმა სქესმა მშვენიერი ქალბატონისთვის კომპლიმენტები არ დაიშუროს.
სახის კანის მოვლის ძირითად პრინციპებზე “ავერსის კლინიკის” დერმატოკოსმეტოლოგი ნინო ლომსაძე გვესაუბრება.

  • . უამრავი ქალი საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევს კოსმეტიკას. რამდენად მნიშვნელოვანია, კანის მოსავლელი საშუალებები კოსმეტოლოგის შერჩეული იყოს?

– არსებობს რამდენიმე ტიპის კანი და ყველას თავისებური მოვლა სჭირდება. კანის ტიპის განსაზღვრა და შესაბამისი სამკურნალო თუ მოსავლელი საშუალებების შერჩევა უმჯობესია სპეციალისტს მიანდოთ. მართალია, კოსმეტიკური პროდუქციის შეფუთვაზე მითითებულია, რომელი ტიპის კანისთვის არის ის განკუთვნილი, მაგრამ კანის სტრუქტურასთან მისი ზუსტი მისადაგება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. მაგალითად, თითქოს ერთი და იმავე მოქმედების საშუალებას, მკვებავი კრემი იქნება ეს, ტონალური თუ სხვა, დამატენიანებელი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს და პირიქით, კანის გამოშრობასაც იწვევდეს. მეტად ცხიმიანი კრემები უფრო მშრალი კანისთვის არის მისაღები, ნაკლებცხიმიანი – ნორმალური და ჭარბცხიმიანი კანისათვის.
კოსმეტიკური საშუალების შერჩევისას გასათვალისწინებელია ასაკი, გარემო, რომელშიც ადამიანს უხდება არსებობა და სხვა.
კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა სამკურნალო კოსმეტიკის შერჩევა.

  • . თქვენ ასაკი ახსენეთ. მაინც რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა სახის კანზე ზრუნვა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება?

– სასურველია, მოზარდმა სახის კანს 12 წლიდან მიაქციოს ყურადღება. ამ ასაკში ხშირია აკნე. კანზე არსებული ცხიმოვანი ჯირკვლები ცხიმის ჭარბად წარმოქმნას იწყებენ, კანის ზედაპირი მეტისმეტად ცხიმიანი ხდება. ასეთი კანი სპეციალურ მოვლას საჭიროებს – ანტიბაქტერიული საშუალებებით ბანას,  გამწმენდი ლოსიონებით გასუფთავებას და სწორად შერჩეულ მედიკამენტურ მკურნალობას. თუ მოზარდს მგრძნობიარე კანი აქვს, ის კოსმეტიკური საშუალება უნდა გამოიყენოს, რომელსაც “სენსიტივ” ან “მგრძნობიარე კანისთვის” აწერია.
ამასთანავე, მსურს, მოზარდებს ვურჩიო: ნუ გაიტაცებთ გარუჯვა. მზის აბაზანები შეზღუდვით მიიღონ და გარუჯვისას უთუოდ გამოიყენონ მზის ფილტრის შემცველი კოსმეტიკა. შესაძლოა, ჭარბმა ინსოლაციამ წლების შემდეგ თავისი კვალი დაატყოს კანს და გარდა ნაადრევი ნაოჭებისა, კუპერიტის ანუ მდგრადი ადგილობრივი სიწითლის, ზედაპირული კაპილარების პრობლემები გამოიწვიოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კოსმეტიკის შერჩევა ასაკოვანი ქალბატონებისთვის. მართალია, სხვადასხვა ასაკში, მაგრამ საბოლოოდ ყველა ადამიანს უჩნდება ნაოჭები. სწორედ მათთან საბრძოლველად ვურჩევთ ასაკში შესულ მანდილოსნებს სხვადასხვა საშუალებას. ყველაზე აქტუალური თვალის ირგვლივ არსებული კანის მოვლაა.

  • . რაკი ნაოჭებზე ვსაუბრობთ, ეგებ გვითხრათ, სახელდობრ რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა მათთან ბრძოლა.

– თუ ქალს მშრალი კანი აქვს, ნაოჭების საწინააღმდეგო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება 30 წლიდან უნდა დაიწყოს, ცხიმიანი კანის შემთხვევაში – ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 35 წლიდან. კომბინირებული კანის პატრონებსაც 30 წლიდან ვურჩევთ, მაგრამ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მაინც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.
ნაოჭების საწინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს: გელები, შრატის შემცველი ამპულები... თქვენ წარმოიდგინეთ, თანამედროვე კოსმეტიკურ საშუალებებს კანის ღრმა დაზიანების, მაგალითად, სტრიების გაქრობაც კი ძალუძს.

  • . კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და გასაახალგაზრდავებლად ქალები ხშირად ხმარობენ სკრაბებს. რამდენად უვნებელი და ეფექტურია შინ ჩატარებული პილინგი? კოსმეტოლოგის დახმარება ამ შემთხვევაშიც აუცილებელია?

– პილინგი კანის კანის ზედაპირული აშრევებაა. ჯობს, ეს პროცედურაც სპეციალისტს მიანდოთ, ვინაიდან არასწორად ჩატარებულმა პილინგმა შესაძლოა დერმატიტი გამოიწვიოს.

  • . გავრცელებული წარმოდგენით, სასურველი ეფექტისთვის ერთი და იმავე ბრენდის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება ჯობს...

–  მცდარი მოსაზრებაა. სხვადასხვა ბრენდის ნაწარმის კომბინირებული გამოყენება სავსებით დასაშვებია. საზოგადოდ კი უმთავრესი თავად ქალის მოთხოვნა და სურვილია. მაგალითად, არიან ქალები, რომლებსაც, მიუხედავად კანის ტიპისა, მაინცდამაინც ცხიმიანი კრემები მოსწონთ და უპირატესობასაც იმ კოსმეტიკურ ბრენდს ანიჭებენ, რომელიც ამგვარ პროდუქციას აწარმოებს.

  • . მოდი, კანის პრობლემებზეც ვისაუბროთ. უმეტესად რის გამო მიდიან ქალები კოსმეტოლოგთან?

– ახალგაზრდა და შუახნის ქალები ყველაზე ხშირად ვულგარული აკნეს გამო მოგვმართავენ. ასაკოვანი ქალბატონები კი ლაქების გამო. ამ უკანასკნელთა მიზეზი შეიძლება იყოს აკნეც და ჭარბი ინსოლაციაც.

  • . რა გზით უმკლავდებით ამ პრობლემებს?

– აკნესგან განკურნებაც და ლაქებთან ბრძოლაც სამკურნალო კოსმეტიკის საშუალებით არის შესაძლებელი. “ავერსის კლინიკა” ქალბატონებს Dr. A Eckstein-ის  კოსმეტიკას სთავაზობს, რომელიც სწორედ აკნეს სამკურნალოდ შეიქმნა და ძალზე ეფექტურად ებრძვის ამ პრობლემას. GiGi-ს Glicopure retinol-ის ხაზი კი ექვსეტაპიანი მიორელაქსაციური პილინგით იოლად უმკლავდება ლაქებს, მოდუნებულ, ნაოჭიან, ნაწიბურებიან კანს.
თუ ქალს მსუბუქი ფორმის აკნე აქვს, სავსებით საკმარისია “დოქტორ ექშტეინის” კოსმეტიკის გამოყენება, საშუალო და მძიმე შემთხვევების, კისტოზური, კონგლობირებული აკნეს დროს კი სამკურნალო პრეპარატებიც ინიშნება. მკურნალობაში “ჯიჯის” კოსმეტიკასაც ვრთავთ, რომ კანი აკნეს შემდგომი ლაქებისგან დავიცვათ. 

  • . კოსმეტოლოგის დახმარებით აკნესთან ბრძოლა რთული არ არის, მაგრამ თავად ქალმა რა იღონოს, როგორ მოუაროს კანს, რომ მსგავსი გამონაყარისგან თავი დაიცვას?

– არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს წყალი ბაქტერიების გავრცელებას უწყობდეს ხელს და ამიტომ სახის კანის გასაწმენდად მხოლოდ გამწმენდ რძესა და ლოსიონებს უნდა ვიყენებდეთ. გაითვალისწინეთ, მხოლოდ სახის გასუფთავებით პრობლემას ვერ მოერევით. სახეზე აკნეს მქონე ადამიანებს გამონაყარი ამავდროულად ზურგზეც აქვთ, თმა კი იმდენად ცხიმიანია, რომ გაპოხილის შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.
მეტისმეტად ცხიმიანი კანის პატრონებს პირველ რიგში პირის ყოველდღე საპნით დაბანას ვურჩევ. თუ კანი ფართოფორებიანიც არის, უმჯობესია, კუპრის შემცველი საპონი, მაგალითად “სეიფგარდი” ან “პროტექსი” გამოიყენონ, მგრძნობიარე კანის შემთხვევაში კი  ქოლდკრემიანი, დამარბილებელი ნივთიერებების შემცველი, მაგალითად ”მუსტელა”-ს საპონი.
ცხიმიანი და ძლიერ დაბინძურებული კანის გასაწმენდად ქაფურის შემცველი ლოსიონები გამოიყენეთ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ნეიტრალური რეაქციის მქონე საშუალებები ამჯობინეთ.
სახესთან ერთად ნურც თავის ცხიმიანი კანის მოვლას დაივიწყებთ. საამისოდ მრავალი საშუალება არსებობს: “ნიზორალი”, “მუსტელას” სერიის პროდუქცია, ”ფრიდერმის” სერია და სხვა.

  • . როგორ დავიცვათ სახის კანი ლაქებისგან?

– როგორც გითხარით, კანზე ლაქების გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჭარბი ინსოლაციაა, ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, მისგან უნდა დავიცვათ თავი. ახალგაზრდა ქალებს, მით უმეტეს, მგრძნობიარე კანის პატრონებს, ვურჩევ, მზის ულტრაიისფერი გამოსხივების საწინააღმდეგო ფილტრის შემცველი კოსმეტიკა გამოიყენონ, ფილტრის 15-დან 30-მდე მაჩვენებლით. ეს საშუალებებიც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. საზოგადოდ კი, რაც არ უნდა ჯანმრთელი და უპრობლემო კანი გქონდეთ, ჭარბი ინსოლაციისგან მაინც თავის შეკავებას გირჩევთ.

  • . ექსპერტები ორსულებს სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას ურჩევენ...

– ეს არათუ რეკომენდებული, აუცილებელია. ორსულის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ქლოაზმებისკენ არის მიდრეკილი: კანზე კარგად შესამჩნევი ლაქები ჩნდება, რომლებიც ხშირად ერთდება. ქლოაზმების გაჩენას მელანოციტების კვდომა იწვევს. ამგვარი ლაქების მოსაცილებლად პილინგია მოწოდებული. პრობლემის სიმძაფრეზეა დამოკიდებული, ქალს მსუბუქი პილინგი დასჭირდება, საშუალო თუ ღრმა.
საზოგადოდ, ორსულობისას სასურველია კანის მოსავლელი ნეიტრალური საშუალებების, კანის ბალანსის აღმდგენი შხაპ-გელების, ფეხების შეშუპების საწინააღმდეგო და, რაღა თქმა უნდა, მკერდის მოსავლელი სპეციალური საშუალებების გამოყენება. უმჯობესია, ისეთი კოსმეტიკა შეირჩეს, რომელიც სტრიების პრევენციასაც მოახდენს და ძუძუსთავებს ლაქტაციისათვის მოამზადებს.

  • . რამდენად ეფექტურია სტრიების საწინააღმდეგო საშუალებები?

– ჯობს, კანი დროულად, მშობიარობამდე მოვამზადოთ, თუმცა უშუალოდ ორსულობის დროსაც შესაძლოა ამგვარი საშუალებები ეფექტური იყოს. თუ პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და სტრიები მშობიარობის შემდეგაც დარჩა, მათ პლასტიკური ქირურგიის საშუალებით აცილებენ.

  • . დაბოლოს, რას ურჩევთ ქალებს?

– მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს. ხშირად ჩაიხედონ სარკეში, ხშირად მოუწყონ თავს დღესასწაული და, რაც მთავარია,  ხშირად გაიღიმონ.

-----

ბუნებრივი სილამაზე

მეცნიერებმა არ დაიზარეს და გამოთვალეს, რომ ადამიანის სახეზე ყოველდღე 500-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება ხვდება. ქალი საშუალოდ 13 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებას იყენებს, რომლებშიც უამრავი უცნობი თუ ნაცნობი ნივთიერებაა თავმოყრილი: პომადაში – 33-მდე, ლოსიონში –  32-მდე, ხელის კანის დამატენიანებელ კრემში – 11-მდე... მეცნიერთაგან განსხვავებით, ჩვეულებრივმა დიაცმა სულაც არ იცის კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობა, მაგრამ არ შეიძლება, კითხვა არ გაუჩნდეს: ამდენი ქიმია კანს ხომ არ ავნებსო? სუსტმა სქესმა არც ამ კითხვის ზუსტი პასუხი იცის, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით მაინც აღმოაჩინა საშუალება, რომელიც ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს. მართალია, ამგვარი კოსმეტიკა სინთეზურზე გაცილებით ძვირია, მაგრამ კვლავაც სტატისტიკის წყალობით ვიგებთ, რომ ქალების 55% მზად არის, ბუნებრივ და, შესაბამისად, უვნებელ ნაწარმში მეტი თანხა გადაიხადოს. საკმარისია, კოსმეტიკურ საშუალებას “ბიო” წააწერონ, რომ მისდამი ნდობა ერთიორად იზრდება. ნუთუ სიტყვა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან მოვლენას – “სიცოცხლეს” აღნიშნავს, სიცოცხლისთვის (კანის უჯრედების სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობთ) მართლა უვნებელია?

ბიოეპოქა
ყველაფერი XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ინდუსტრიის აყვავებამ ნავთობის გადამუშავების პროდუქტთა სიჭარბე გამოიწვია, საზოგადოების ჭკვიანმა და დაკვირვებულმა ნაწილმა კი აღმოაჩინა, რომ ამ ერთი შეხედვით უსარგებლო ნარჩენების უტილიზაცია შესაძლებელი იყო, თანაც, არც მეტი, არც ნაკლები, კოსმეტიკურ ინდუსტრიად წოდებულ წარმოებაში, რომელზეც მოთხოვნა, სავარაუდოდ, მაღალი უნდა ყოფილიყო. ასე დაიწყო სინთეზური კოსმეტიკის ეპოქა თავისი ემულგატორებით, გამხსნელებით, დამატენიანებლებით...
მოგვიანებით საზოგადოების მეორე, უფრო დაკვირვებულმა ნაწილმა იმარჯვა და სცადა, დროულად შეეჩერებინა “ხელოვნური” კოსმეტიკის ბუმი. კოსმეტიკისა, რომელიც კანზე ერთობ ნეგატიურად მოქმედებდა. სწორედ ამგვარი საშუალებების ალტერნატივად შეიქმნა ბუნებრივი პროდუქცია.
ბიოკოსმეტიკას თავისი კანონები აქვს. მაგალითად, ბუნებრივი ინგრედიენტების ხვედრითი წილი მასში 70%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ნედლეული ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში უნდა იზრდებოდეს, ტესტირება ცხოველებზე არ უნდა ტარდებოდეს, ბაზარზე გატანამდე პროდუქცია უმკაცრეს კონტროლს უნდა გადიოდეს...
ყოველივე ამის გათვალისწინებით, კოსმეტიკის არჩევა ძნელია, თუმცა არსებობს შოპინგ-ხრიკები, რომლებიც მეტ-ნაკლები სიმშვიდის საშუალებას მოგვცემს:
. პირველ რიგში ინგრედიენტების ჩამონათვალი გადაიკითხეთ. სიის დასაწყისთან რაც უფრო ახლოს არის პროდუქტი, მით უფრო მეტია მისი ხვედრითი წილი. მაგალითად, თუ ათკომპონენტიან კრემში ალოე ვერა ბოლოდან მეორეა, მისი მოქმედება ფაქტობრივად მიზერულია, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ კოსმეტიკურ საშუალებაში ბუნებრივი ინგრედიენტები ერთობ მოკრძალებულად არის წარმოდგენილი.
. ნუ გეგონებათ, რომ ბიოპროდუქციაში ქიმიური ნივთიერებები საერთოდ არ არის. კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე კოსმეტიკის წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია – მათ გარეშე კრემები და ლოსიონები რამდენიმე საათს თუ გაძლებს! თუმცა ბიოკოსმეტიკურ ნაწარმში ეს დანამატები მიზერული ოდენობით უნდა შედიოდეს.
. ბუნებრივ კოსმეტიკაში არამც და არამც არ უნდა იყოს საღებავები და სურნელის მიმნიჭებელი საშუალებები. ბიოკრემი ვერ იქნება ვერც ვარდისფერი და ვერც ქათქათა თეთრი. მისი ბუნებრივი ფერი მოყვითალოა, იშვიათად – მომწვანო, ხოლო თუ აზულენს შეიცავს, მოცისფრო ელფერი დაჰკრავს (აზულენი ანთების საწინააღმდეგო, კანის დამაამებელი საშუალებაა, რომელსაც გვირილისა და ფარსმანდუკისგან იღებენ).
რაც შეეხება სახელწოდებას, არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა – “ორგანიკ”, “ბიო” თუ “ეკო”; სამივე კოსმეტიკური საშუალების ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს.

ბიოსაიტების შავი სია
ბიოპროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს თავიანთ ვებგვერდებზე ჩამოთვლილი აქვთ ის ნივთიერებები, რომლებიც არამც და არამც არ უნდა შედიოდეს ბუნებრივ კოსმეტიკურ საშუალებებში.
“შავ სიაში” მოხვდა: პარაბენები, ტრი და დიეთანოლამინი (ტეა, დეა ან აბრევიატურა შესაბამის ენაზე) – მათ ძლიერ კანცეროგენებად მიიჩნევენ; ნატრიუმის ლაურინსულფატი – ეს ქაფწარმომქმნელი ნივთიერებაა, რომლის სიჭარბეც კანს აღიზიანებს; ვაზელინი – კანის გამოშრობაშია შემჩნეული; საღებავები და არომატიზატორები, რომლებიც ხშირად გვევლინება ალერგიის მიზეზად. 

ეკოსერტიფიკატები
დასავლეთში ბიოპროდუქტების რეგისტრაციისა და მათთვის სერტიფიკატის მინიჭების მარტივი და სანდო სტანდარტები არსებობს. შესაძლოა, მათი ლოგოები საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტებზეც შეგემჩნიოთ. მათ შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული:
. BIO. ფრანგული სტანდარტია, რომელიც დამოუკიდებელ მწარმოებელთა ასოციაციამ Cosmebio-მ შეიმუშავა. ამ სტანდარტის მიხედვით, პროდუქციას სათანადო სერტიფიკატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭება, თუ მასში ბუნებრივი ნედლეული (მათ შორის – წყალი და მინერალური ნივთიერებები) 95%-ია, ხოლო ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს სრულიად არ შეიცავს (იმათ გარდა, რომელთა მოპოვებაც ცხოველს არ ავნებს, მაგალითად, ფუტკრის ცვილისა).
. BDIH. ეს გერმანული სტანდარტია და იმ ფედერაციის მიერ არის შემუშავებული, რომელიც ფარმაცევტული პრეპარატების, დიეტური დანამატების, პირადი ჰიგიენის საშუალებების წარმოებასა და დისტრიბუციას აკონტროლებს. აქაც BIO-ს მსგავსი კანონები მოქმედებს.
. Nature. ევროკავშირისა და ევროკომისიის მხარდაჭერით შემუშავებული სტანდარტია, რომელიც პროდუქციის ხარისხს ვარსკვლავებით აღნიშნავს. მაგალითად, სამვარსკვლავიანი კრემი თამამად შეგიძლიათ სახეზე წაისვათ :).

რომელი ჯობია
ამბობენ, ბუნებრივი კოსმეტიკა ნაკლებად ალერგენულიაო. სინამდვილეში ალერგია შეიძლება ნებისმიერმა კომპონენტმა გამოიწვიოს. მართალია, ალერგიული რეაქციის განვითარებაში ბრალი ყველაზე ხშირად კონსერვანტებს, საღებავებსა და სურნელოვან ნივთიერებებს მიუძღვით, მაგრამ მცენარეთა ექსტრაქტებიც არანაკლებ აგრესიულნი არიან. ალერგიას იწვევენ არნიკა, როზმარინი, კალენდულა, ქაცვი, თაფლი, პროპოლისი...
საზოგადოდ, ბიოკოსმეტიკა ორნაირია: მცენარეებზე დამზადებული და ცხოველური ნედლეულის (რძის, თაფლის, ვეშაპის სპერმაცეტის, პლაცენტის, ცხოველის სპერმის) შემცველი. არ აქვს მნიშვნელობა, ამინომჟავები ცხოველური წარმოშობისაა თუ მცენარეული; მთავარი ნედლეულის დამუშავების ტექნოლოგია გახლავთ.
ასე რომ, ბიოკრემის შეძენისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და ვიდრე სახეზე წაისვმათ, ტესტი ჩაიტარეთ: ცოტაოდენი იდაყვზე წაიცხეთ, დაიკარით პლასტირი და ერთი დღე-ღამე ისე გაიჩერეთ, რომ წყალი არ მოხვდეს. პლასტირის მოხსნის შემდეგ კანი თუ შეწითლებული და აქერცლილი აღმოჩნდა, სავარაუდოდ, კრემის გადაგდება ან ახლობლისთვის ჩუქება მოგიწევთ.

სიფრთხილეს კანი არ სტკივა
თანამედროვე ქალმა შესაძლოა მანქანის პარკირება ვერ მოახერხოს ან საცივის მოსამზადებლად მეზობლების კონსილიუმი მოიწვიოს, მაგრამ სახეზე ლაინერის წასმისა და კოსმეტიკურ საშუალებათა შენახვის პირობების ცოდნით ამ სფეროს ექსპერტებს არ ჩამოუვარდება.
გამოდის, რომ რასაც ვწერთ, ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ პრინციპი “გამეორება ცოდნის დედაა” ჯერ კიდევ აქტუალურად მიგვაჩნია.
. არასდროს გამოიყენოთ სხვისი კოსმეტიკური საშუალება. მაღაზიაში კრემის გასინჯვისას ახალი ერთჯერადი ღრუბელი გამოიყენეთ.
. გამოყენების შემდეგ ჭურჭელს (ფლაკონს, ქილას) თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.
. მოარიდეთ კრემები და ლოსიონები სითბოს. ნივთიერებები, რომლებიც პროდუქტს დაძველებისგან იცავს (ან, კოსმეტიკის მწარმოებელთა ენაზე რომ ვთქვათ, მის პრეზერვაციას ახდენს), მაღალ ტემპერატურაზე ძალას კარგავს და კოსმეტიკური საშუალება მალე ფუჭდება.
. ერიდეთ კოსმეტიკის გამოყენებას თვალის ინფექციის დროს. მეტიც: კოსმეტოლოგები გვირჩევენ, გადავყაროთ ის კრემები და ლოსიონები, რომლებსაც უშუალოდ ინფიცირების დროს ვისვამდით.
. გამომშრალ კრემს თუ სხვა კოსმეტიკურ საშუალებას წყალს ნუ დაამატებთ!
. თუ კოსმეტიკამ ფერი და სუნი იცვალა, გადააგდეთ.
. ვინაიდან ბუნებრივი ნედლეულისგან დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები კონსერვატებს მცირე რაოდენობით შეიცავს, ბაქტერიებისგანაც უფრო ნაკლებად არის დაცული, ვიდრე სინთეზური კრემები, ამიტომ გირჩევთ, კოსმეტიკური ბიოპროდუქციის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ.
---

ვარდივით გაფურჩქნული

კანსაც ისევე სწყურია, როგორც სხვა ცოცხალ ორგანიზმებს: დაატენიანებ – ვარდის კოკორივით გაიფურჩქნება, მოაწყურებ და ჭკნობას დაიწყებს.
არ იფიქროთ, ტენი მხოლოდ მოწყურებულ (მშრალ) კანს სჭირდებოდეს. დატენიანება ყოველგვარი კანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურაა:  კანის ქსოვილი ტონუსში მოდის, უმჯობესდება მისი სტრუქტურა, თანაც ტენი ერთგვარ ბარიერს ქმნის, რომელიც კანის ფორებს დაბინძურებისგან იცავს.
როგორც კი კოსმეტიკურ წარმოებაში ჩახედულმა ადამიანებმა ტენის ამგვარი მოქმედების საიდუმლო აღმოაჩინეს, არ დააყოვნეს და ათასობით საშუალება შექმნეს, რომლებიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დამატენიანებელ საშუალებათა ჯადოსნური მოქმედების სათავეებს ცოტა ჩვენც მივუახლოვდეთ და ვნახოთ, რომელ ნივთიერებათა წყალობით იძენს ჩვენი კანი ახალგაზრდულ იერს.
. უშუალოდ დამატენიანებლები (გლიცერინი, ალფა ჰიდროქსიდმჟავა, შარდოვანა) ტენს ჰაერიდან იჭერენ და კანის უჯრედებში აკავებენ. რაც უფრო მეტია დამატენიანებლის ტენის შემანარჩუნებელი ინდექსი, მით უფრო ეფექტურია ის. ეს ნივთიერებები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ გაუხეშებულ კანზე.
. დამარბილებლები (ლანოლინი, ვაზელინი, მინერალური ზეთი) კანის უჯრედებს შორის იდებენ ბინას და გაუხეშებული ქსოვილის “დაზეთვაში” მონაწილეობენ. ისინი ორგვარია: ზეთოვანი და წყალზე დამზადებული. პირველი უფრო ძნელად შეიწოვება, მაგრამ უფრო მეტხანს რჩება უჯრედთაშორის სივრცეში, ხოლო მეორე, მართალია, იოლად აღწევს კანის ღრმა შრეებამდე, მაგრამ იქიდან იოლადაც იდევნება.
. სხვა კომპონენტებიდან აღსანიშნავია: სურნელოვანი ნივთიერებები, შემნახველები (პრეზერვაციის უნარის მქონე ნივთიერებები), ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, მცენარეული ექსტრაქტები, ექსფოლიატორები, ფორების გამხსნელები... ეს ის კომპონენტებია, რომლებიც თითქმის ყველა კოსმეტიკურ საშუალებაში შეიძლება შეგვხვდეს.

რომელი ჯობია
. ნორმალური კანის მოსავლელად გირჩევთ ის დამატენიანებელი გამოიყენოთ, რომლებიც წყალზე დამზადებულ დამარბილებელს შეიცავს. ასეთი კრემი უფრო მსუბუქად ედება კანს და არც ცხიმის ეფექტი აქვს. მართალია, ზეთოვანი კომპონენტი მასშიც არის, მაგრამ ძალიან ცოტა (ცეტილის სპირტი, ციკლომეთიკონი). 
. მშრალი კანისთვის იდეალურია ზეთოვანი დამატენიანებლები, რადგან ისინი უკეთ აკავებენ ტენს. სასურველია, მათ შემადგენლობაში იყოს შარდოვანა და პროპილენის გლიკოლი.
. დატენიანება ცხიმიან კანსაც სჭირდება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ცხიმიანობის საწინააღმდეგო საშუალებებს იყენებთ (ტონალურები მქრქალი ეფექტით). სასურველია, მსუბუქი დამატენიანებელი საშუალება ყოველი დაბანის შემდეგ გადაისვათ. შეარჩიეთ წყალზე დამზადებული დამატენიანებელი, რომელსაც ექნება წარეწერა “არაკომედოგენური” _ ის ფორებს არ დააცობს.
. მგრძნობიარე კანისთვის მისაღებია ნებისმიერი შემადგენლობის დამატენიანებელი (ზეთოვანი, წყლის), რომელიც არ იქნება გაჯერებული საღებავებითა და სურნელოვანი ნივთიერებებით.
. ასაკოვანი კანისთვის იდეალურია ზეთოვანი დამატენიანებელი, რადგან წლების მატებასთან ერთად ცხიმის ჯირკვლები “ზარმაცდებიან”. შეარჩიეთ კოსმეტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს ვაზელინს, რძის მჟავასა და ალფა ჰიდროქსიმჟავას.

არ მოაწყურო კანს
. გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ის დამატენიანებელი საშუალება, რომელიც თქვენი კანის ტიპისთვის იქნება მისაღები. მზად იყავით: შესაძლოა, ყველაზე ეფექტური საშუალების მიგნებამდე რამდენიმე ბრენდის გამოცვლა დაგჭირდეთ. 
. დამატენიანებელი უმჯობესია დაბანისთანავე წაიცხოთ სახეზე. დაიბანთ თუ არა პირს, გულდასმით გაიმშრალეთ და თხლად გადაისვით დამატენიანებელი საშუალება. 
. დამატენიანებელი საშუალების გამოყენება ცივ ამინდში აუცილებელია, მაგრამ გახსოვდეთ: წყლის შემცველი კრემი შინიდან გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა წაისვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კანის უჯრედებს შორის ჩაგუბებული წყალი დაკრისტალდება.
. დანოტივებას ნურც ხელებსა და ტანს მოაკლებთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ უბნებს, სადაც კანი ყველაზე მშრალია: მტევნებსა და ტერფებს. ნუ დაიშურებთ გამომშრალი კანისთვის ზეთით გაჯერებულ დამატენიანებელ კოსმეტიკას.

- - -

ნიღბის ეფექტი
ნიღაბი მრავალნაირია. ზოგიერთი მათგანი კანს წმენდს, ზოგი ნაოჭებს აქრობს, ზოგი კანის უჯრედებს კვებავს...
სამკურნალო ნიღბის შერჩევისას, კანის ტიპიდან დაწყებული, ასაკით დამთავრებული, მრავალი ნიუანსის გათვალისწინება მოგიწევთ. ნებისმიერ  შემთხვევაში გირჩევთ: “შენიღბვიდან” რამდენიმე საათის განმავლობაში შინიდან ნუ გახვალთ. და კიდევ: ასეთი ნიღბების ხშირად წასმა რეკომენდებული არ არის. ოპტიმალურია კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
ნორმალური კანი თუ გაქვთ:
. გახეხეთ კიტრი, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი და არაჟანი, წაისვით სახესა და კისერზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ.
. მოამზადეთ პიურე: გახეხეთ ერთი კარტოფილი, დაასხით 1 ს. კ. რძე, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული და სახეზე წაისვით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი წყლით.
. გახეხეთ ვაშლი, დაუმატეთ 1 ს. კ. სქელი არაჟანი, წაისვით სახეზე 20 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
. კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩ. კ. მცენარეული ზეთი და 0,5 ჩ. კ. მარილიანი წყალი. მასა ორჯერ წაისვით სახეზე 3-5-წუთიანი შუალედით. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
. 2 ს. კ. არაჟანს დაუმატეთ 1 ს. კ. ხაჭო, 1 ს. კ. მარილი და კარგად აურიეთ. გაიჩერეთ სახეზე 20 წუთი და ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

მშრალი კანი თუ გაქვთ:
. 1 ჩ. კ. ნაღები შეურიეთ 1 ჩ. კ. ხაჭოს, დაუმატეთ ამავე მოცულობის სტაფილოს წვენი, წაისვით სახეზე და 5 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, სახე შეიმშრალეთ და გადაისვით მკვებავი კრემი.
. 1 ჩ. კ. თაფლი მანამდე თქვიფეთ, სანამ არ გათეთრდება. შემდეგ შეურიეთ ცოტაოდენი რძე, წაისვით სახეზე, 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით, სახე შეიმშრალეთ და გადაისვით მკვებავი კრემი.
. 1 ჩ. კ. მდოგვის ფხვნილი გახსენით 1 ჩ. კ. წყალში და დაუმატეთ 2 ჩ. კ. ზეთი, წაისვით სახეზე 5-7 წუთით, ჩამოიბანეთ ანადუღარი თბილი წყლით, წაისვით მკვებავი კრემი.
. აიღეთ მოზრდილი კარტოფილი, მოხარშეთ კანიანად, შემდეგ გაფცქვენით და გასრისეთ, დაუმატეთ კვერცხის გული, ცოტა რძე. ეს ნაზავი შედგით წყლის ორთქლზე და შეათბეთ. სახეზე თხელი რბილი ნაჭერი დაიფარეთ, შემდეგ პიურე გადაისვით და 20 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი წყლით.
ცხიმიანი კანი თუ გაქვთ:
. 1 ს. კ. შემთბარ რძეს შეურიეთ 1 ჩ. კ. საფუარი, წაისვით სახეზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ გრილი წყლით და ჯერ კიდევ ნამიან კანზე გადაისვით მკვებავი კრემი.
. აიღეთ 2 ს. კ. გახეხილი ვაშლი, შეურიეთ ერთი კვერცხის ათქვეფილი ცილა ან 1 ჩ. კ. სახამებელი. გადაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი, ჩამოიბანეთ გრილი წყლით და ჯერ კიდევ ნამიან კანზე წაისვით მკვებავი კრემი.
. აიღეთ 1 ჩ. კ. შტოშის წვენი და იგივე მოცულობის სახამებელი, შეურიეთ ორივე კვერცხის ცილას, წაისვით სახეზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ გრილი წყლით და ნამიან კანზე გადაისვით მკვებავი კრემი.
. დაიფინეთ სახეზე დამჟავებული კომბოსტოს ფურცლები, გადაიფარეთ ხელსახოცი, გაიჩერეთ ნახევარი საათი. კომბოსტოს ფურცლების მოცილებისთანავე წაისვით მკვებავი კრემი
. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ 1 ჩ. კ. ნებისმიერი კენკრის, ხილის ან ბოსტნეულის წვენი. სახეზე 10 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნებისმიერი ტიპის კანისთვის:
. 1 ს. კ. პურის ფქვილს შეურიეთ იმავე მოცულობის ხილის ან ბოსტნეულის წვენი, დაამატეთ იმდენი რძე, რომ ფაფის კონსისტენციის ნარევი მიიღოთ. წაისვით სახეზე, 15-20 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
. დასრისეთ საზამთროს რბილობი და სახეზე თხლად გადაისვით, შემდეგ პირსახოცი დაიფარეთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ნებისმიერი კრემი გადაისვით.
. გახეხეთ უმი კარტოფილი, ოდნავ გაწურეთ, გახეხილი მასა დოლბანდზე დაალაგეთ, სახეზე დაიდეთ 10 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ
. აიღეთ მცირე ზომის ბანანი, დასრისეთ და თხელ ფენად სახეზე და კისერზე გადაისვით. ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ.

მგრძნობიარე კანისთვის
. 1 ს. კ. შვრიის ფანტელს დაასხით 3 ს. კ. თბილი რძე, გადაისვით სახეზე და 15 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და ნამიან კანზე მკვებავი კრემი გადაისვით
. 1 ს. კ. სელის თესლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გადაისვით სახეზე და 15 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და ჯერ კიდევ ნამიან კანზე გადაისვით მკვებავი კრემი.
. კანს ამშვიდებს სამკურნალო მცენარეების ნიღაბიც: სალბის, პიტნის, მრავალძარღვასა და გვირილას ნაყენს დაუმატეთ იმდენი სახამებელი, რომ კისელის კონსისტენციის მასა მიიღოთ. გადაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

- - -

სილამაზის ფორმულა
ქიმიის გაკვეთილზე ასეთი არაფერი უსწავლებიათ, მაგრამ ალბათ საჭიროც არ იყო – როგორც ჩანს, ეს ინდივიდუალურია; აი, კოსმეტოლოგები კი ჩუმ-ჩუმად გათქვამენ სილამაზის ფორმულას – სხეულის მოვლის საშუალებებზე მოკრძალებული ზომის ასოებით არის წაწერილი “ჯადოსნური” ინგრედიენტების ნუსხა.
კოსმეტოლოგიურ სასწაულს უმთავრესად ანტიოქსიდანტები გვპირდებიან. ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც კანის უჯრედების დამაზიანებელ კომპონენტებს – თავისუფალ რადიკალებს – იგერიებენ და ამარცხებენ. სილამაზის ფორმულა კი ყველაზე ხშირად შემდეგი ნივთიერებებისგან შედგება:
. რეტინოლი ანუ A ვიტამინი (უფრო სწორად, მისი ერთ-ერთი ვარიანტი) ანტიოქსიდანტებს შორის ლიდერია. ის კოლაგენის წარმოქმნას ასტიმულირებს,  რითაც ხელს უწყობს კანზე არსებული ჩანაჭდევების ამოვსებას, ნაოჭების გადასწორებას. რეტინოლი სახეს ჯანსაღ ელფერს აძლევს, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაქრობას. 
გაითვალისწინეთ, რომ რეტინოლი კანის ღრმა შრეების დატენიანებას უზრუნველყოფს, თუმცა ამავდროულად შესაძლოა ეპიდერმისის (ზედა შრის) გამოშრობა გამოიწვიოს, ამიტომ A ვიტამინის შემცველი კრემი დამატენიანებელთან ერთად გამოიყენეთ. 
. C ვიტამინი კოლაგენისა და ელასტინის პროდუქციას ააქტიურებს, რითაც კანის დაბერებას უშლის ხელს. როგორც კოსმეტოლოგები გვირჩევენ, სასურველია, ადგილობრივ საშუალებებთან (კრემებთან, ლოსიონებთან) ერთად C ვიტამინი ორგანიზმს საკვებიდანაც მივაწოდოთ. იგივე შეიძლება ითქვას E ვიტამინზეც. 
. კოენზიმი Q, სხვაგვარად – Q-10, არანაკლებ მძლავრი ანტიოქსიდანტია. ასაკის კვალდაკვალ ორგანიზმი სულ უფრო ნაკლებ ამ ნივთიერებას გამოიმუშავებს (ისევე, როგორც სხვა ანტიოქსიდანტებს), ამიტომ კანს ხელის წაშველება ნამდვილად უნდა. როგორც დერმატოკოსმეტოლოგები გვარწმუნებენ, Q-10 ეფექტურად ებრძვის თვალების გარშემო გაჩენილ ნაოჭებს, განსაკუთრებით კი “ბატის თათებს”, ღიმილის დროს რომ ჩნდება. გაითვალისწინეთ, რომ კოენზიმ Q-ს ბაცი მოყვითალო ფერი აქვს; კოსმეტიკური საშუალებაც, რომელიც ამ ანტიოქსიდანტს შეიცავს, მოყვითალო უნდა იყოს.
. ალფა-ჰიდროქსიმჟავები (AHA-ს სახელწოდებით ამოიცნობთ) უმთავრესად სქრაბების შემადგენლობაში შედის. ამ ტიპის მჟავები (გლიკოლისა, რძისა, ლიმონისა, ძმრისა) ხელს უწყობენ კანის აქერცვლას, ლაქების გაქრობას, ნაოჭების გადასწორებას და ამ ყველაფერს სწრაფი რეგენერაციის (აღდგენის) გზით ახდენენ. მაღალი კონცენტრაციის ალფა-ჰიდროქსიმჟავებს კოსმეტოლოგები ღრმა პილინგისთვის იყენებენ. შინ გამოსაყენებელი ამქერცლავი საშუალებები ამ ნივთიერებებს ნაკლები კონცენტრაციით (5%-დან 10%-მდე) შეიცავს. მიუხედავად ამისა, პილინგს ყოველდღიურად ნუ ჩაიტარებთ. პირველ ჯერზე კანზე მცირეოდენი სქრაბი წაისვით, მერე და მერე ოდენობა გაზარდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კანი გაღიზიანდება და გამოშრება. ნებისმიერ შემთხვევაში პილინგის შემდეგ გირჩევთ დამატენიანებელი კრემიც წაისვათ.
გაითვალისწინეთ, რომ  ალფა-ჰიდროქსიმჟავების შემცველი კოსმეიტკური საშუალების გამოყენების შემდეგ კანის მგრძნობელობა იზრდება, ამიტომ მცირე ხანს მზის სხივებს უნდა მოარიდოთ ან მზის ფილტრის შემცველი კრემი გადაისვათ.
. სალიცილის მჟავას ალფა-ჰიდროქსიმჟავების მსგავსი ეფექტი აქვს, მაგრამ უფრო სუსტი. ეს ნივთიერება იმ კოსმეტიკური ნაწარმის შემადგენლობაში შედის, რომელიც აკნეს საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ვინაიდან სალიცილის მჟავას ფორებში შეღწევისა და ანთებითი კანის დაამების უნარი შესწევს.
გახსოვდეთ: თუ ასპირინზე ალერგია გაქვთ, სალიცილის მჟავის შემცველი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებისგან თავის შეკავება ჯობს.
. ჰიალურონის მჟავა ორგანიზმში, უფრო სწორად, შემაერთებელ ქსოვილში (კანში, სახსრის ხრტილებში...) წარმოიქმნება და მათ სირბილესა და სიმტკიცეს მატებს. ასაკის მატების კვალდაკვალ, ასევე – თამბაქოს წევისა და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესის არცთუ ზედმიწევნით დაცვის შედეგად ჰიალურონის მჟავას გამომუშავება მცირდება და მისი ბალანსის შევსება ხდება აუცილებელი. გირჩევთ, ჰიალურონის მჟავა C ვიტამინთან კომბინაციაში გამოიყენოთ.
. ალფა-ლიპოის მჟავას უნივერსალურ ანტიოქსიდანტსაც უწოდებენ, რადგანაც იხსნება როგორც წყალში, ისე ცხიმში და, ამდენად, ძალიან იოლად აღწევს  დანიშნულების ადგილამდე – კანის უჯრედებამდე, შემდეგ კი მათ მემბრანებში. ამის წყალობით ალფა-ლიპოის მჟავა სწრაფად ახდენს ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტს, ავიწროებს ფორებს და სახის კანს ჯანსაღ ელფერს სძენს.
სხვა ინგრედიენტები: მრავლადაა! ზოგიერთს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ზოგიერთს – ამქერცლავი, მათი უმეტესობა თავისუფალ რადიკალებსაც ებრძვის, თუმცა გაცილებით სუსტად, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები. ყველაზე ხშირად შეხვდებით კოფეინს, მწვანე ჩაის, გვირილის, ალოეს   ექსტრაქტს, აკაის მჟავას...

გააზიარე: