რატომ ქვეითდება სმენა
გააზიარე:
რა ემუქრება გაგება-გაგონების უნარს, როდის უნდა დავიწყოთ სმენის შემოწმება, შესაძლებელია თუ არა დაკარგული სმენის უკან დაბრუნება? ყოველივე ამაზე ექიმი-აუდიოლოგი თამილა შაიაშვილი გვესაუბრება:
– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლით, მსოფლიოში 278 მილიონ კაცს სმენა ორივე ყურში ზომიერად ან ძლიერ აქვს დაქვეითებული, მსუბუქად ან მხოლოდ ცალ ყურში – კიდევ უფრო მეტს. ამ ადამიანების 80% მცირე ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს და რაც მთავარია, შემთხვევათა ნახევარში სმენასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
– და ეს ხალხი უმთავრესად ხანშიშესულია?
– არამარტო. 40-50 წლიდან ასაკთან ერთად სმენის დაქვეითება მართლაც ჩვეულებრივი მოვლენაა, ბოლო ხანს კი აუდიოლოგიური პრობლემების უფრო და უფრო ახალგაზრდა ასაკში დაწყებას აფიქსირებენ. რა თქმა უნდა, არსებობს თანდაყოლილი სიყრუეც.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება?
– სმენანაკლულობა მემკვიდრეობითაც გადაეცემა. თუ დედა, მამა, ორივე მათგანი ან რომელიმე სისხლით ნათესავი დაბადებიდან ყრუა, სმენანაკლული ბავშვის დაბადების რისკი შედარებით მაღალია. მემკვიდრეობით გადაეცემა ასაკთან ერთად სმენის დაქვეითების ტენდენციაც.
დაბადებამდე ან დაბადების დროს სმენის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა:
. დღენაკლულობამ;
. ნაყოფის ჰიპოქსიამ (ჟანგბადის ნაკლებობამ) მშობიარობის დროს;
. ორსულობის დროს გადატანილმა წითურამ, სიფილისმა და ზოგიერთმა სხვა ინფექციამ (ციტომეგალოვირუსმა, ტოქსოპლაზმამ, ჰერპესმა);
. ორსულობის დროს ოტოტოქსიკური მედიკამენტების გამოყენებამ. ამ ჯგუფში 130-ზე მეტი წამალი (მაგალითად, ანტიბიოტიკი გენტამიცინი) შედის. თითოეული მათგანის მიზანშეუწონელმა ან არაზუსტად შერჩეული დოზით დანიშვნამ შესაძლოა სმენის ნერვის დაზიანება გამოიწვიოს. ასეთი ზემოქმედებისგან არც ერთი ასაკის ადამიანი არ არის დაზღვეული;
. რეზუსშეუთავსებლობამ დედასა და ნაყოფს შორის.
დაბადების შემდეგ სმენის დაქვეითების მიზეზად შესაძლოა იქცეს:
. ინფექციური დაავადება, კერძოდ, მენინგიტი, წითელა, ყბაყურა, ყურის ქრონიკული ინფექცია;
. თავის ან ყურის ტრავმა;
. გარეთა სასმენ არხში გოგირდის დაგროვება ან უცხო სხეულის მოხვედრა;
. ხმაური. მშენებლებს, მუსიკოსებს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს სმენის დაქვეითება პროფესიულ დაავადებადაც შეიძლება ჩაეთვალოთ, თუმცა სმენის ნერვს მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული ხმაური არ აზიანებს – დისკოთეკა, მაღალ ხმაზე ჩართული პერსონალური სტერეომაგნიტოფონი სმენის დაკარგვის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია;
. სროლა, აფეთქება. ამ დროს ხმასთან ერთად დამაზიანებელ გავლენას ახდენს ბაროტრავმაც (ჰაერის ტალღის ძალა). ამ ცოტა ხნის წინ “ავერსის კლინიკამ” კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობას გაუწია სამედიცინო დახმარება. სმენის დაქვეითება საკმაოდ ბევრს აღმოაჩნდა. აგვისტოს მოვლენების დროს ეს ხალხი სარდაფებში იმალებოდა, ნაღმებსა და ჭურვებს გადაურჩნენ, სმენა კი სამუდამოდ დაუზიანდათ.
– ეს მიზეზები სმენის შექცევად დაქვეითებას იწვევს თუ შეუქცევადს?
– გააჩნია დაზიანებას. ყურის ანატომია გავიხსენოთ: გარეთა და შუა ყური ხმოვანი სიგნალის გატარებას ემსახურება, ხოლო შიგნითა ყურში მოთავსებული ლოკოკინას აპარატი მასში არსებული სმენის ნერვის მგრძნობიარე დაბოლოებებით ამ სიგნალებს ნერვულ იმპულსებად გარდაქმნის. ამის მიხედვით სმენის დაქვეითების ორ სახეს განასხვავებენ: კონდუქტიურს – ჰაეროვანს, გამტარებლობითს – და ნეიროსენსორულს ანუ აღქმითს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების ნაწილი (მაგალითად, შუა ყურის ინფექციები და ყურში გოგირდის დაგროვება) კონდუქტიურ სმენანაკლულობას იწვევს, ნაწილი კი ნეიროსენსორულს. პირველი ვარიანტი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მკურნალობას ექვემდებარება, ნეიროსენსორული სმენანაკლულობისას კი დაზიანება შეუქცევადია. ამ დროს ჩვენი მიზანი სმენის არსებულ დონეზე შენარჩუნება გახლავთ.
– რომელი ტიპის სმენანაკლულობა გვხვდება ყველაზე ხშირად და როგორ უნდა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან?
– ნეიროსენსორული და კონდუქტიური სმენანაკლულობა დაახლოებით ერთნაირი სიხშირით გვხვდება. ზოგ შემთხვევაში შერეულ დაზიანებასაც ვხვდებით. ერთმანეთისგან გასარჩევად და სმენის ფუნქციის შესაფასებლად კი აუდიოლოგიური გამოკვლევები ტარდება. შუა ყურის ფუნქციას ტიმპანომეტრიით ვაფასებთ, შიგნითა ყურისას კი აუდიომეტრიით. ამავე დროს, ეს უკანასკნელი გვაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ სმენანაკლულობის ხარისხი, ვნახოთ, რამდენად ხერხდება სმენის შენარჩუნება.
– მაინც რას ზომავს აუდიომეტრია და რას გამოხატავს მისი მაჩვენებლები?
– ბგერა შეგვიძლია სიხშირით და ძალით დავახასიათოთ. სიხშირე ბგერის სიმაღლეს განსაზღვრავს (ბოხ ხმას უფრო დაბალი სიხშირე აქვს, წვრილს კი უფრო მაღალი) და ჰერცებით იზომება, ძალა კი ბგერის ხმამაღლობას და დეციბელებით გამოისახება. ოდნავ გასაგონი, ბუზის გაფრენის ან სუსტი სიოს ხმის ძალა 0 დბ-ა, ჩურჩულისა – 30 დბ, ჩვეულებრივი საუბრისა – 60 დბ, ავტომატური ხერხისა, ბურღისა, თოვლმავალისა – 100 დბ, ზოგიერთი როკკონცერტისა – 110 დბ, თოფის გასროლისა – 149 დბ.
აუდიომეტრია ადგენს სხვადასხვა სიხშირის (125-დან 8000 ჰერცამდე) ბგერების მგრძნობელობის ზღურბლს ანუ მინიმალურ ძალას, რომელიც კონკრეტულ ადამიანს ესმის. ბუნებრივია, რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო უკეთესი სმენა აქვს გამოსაკვლევ პირს. ნორმად 0-დან 25 დბ-მდე მაჩვენებელი ითვლება.
საერთაშორისო კლასიფიკაციით, სმენანაკლულობის ოთხ ხარისხს გამოყოფენ. როდესაც ბგერის აღქმის ზღურბლი 26-40 დბ-ია, ეს I ხარისხის სმენანაკლულობად ითვლება, 41-55 დბ – II ხარისხისად, 56-70 – III ხარისხისად, 71-90 კი IV-ისად. შესადარებლად ოთხ სხვადასხვა სიხშირეზე (500, 1000, 2000 და 4000 ჰერცზე) დადგენილი ზღურბლის საშუალო მაჩვენებელს ვიყენებთ. III და IV ხარისხის სმენანაკლულობის დროს ადამიანს უნარშეზღუდულის სტატუსი ენიჭება.
– მაშასადამე, I და II ხარისხის სმენანაკლულობის დროსაც კი ადამიანმა შეიძლება საუბარი ჩვეულებრივ გაიგონოს. ეს სმენის დაქვეითების დაფიქსირებას ხომ არ აგვიანებს?
– მართლაც, სმენის დაქვეითებას, განსაკუთრებით კი მაღალ, არასამეტყველო სიხშირეებზე, ავადმყოფი ძნელად თუ შეამჩნევს. საკმაოდ ხშირად ჩვენთან სმენის დაქვეითების გამო კი არა, სხვა ჩივილებით მოდიან. მაგალითად, ზოგჯერ ახალგაზრდები უჩივიან შუილს ან ყურების დაგუბების შეგრძნებას. არსებობს მენიერის დაავადება, რომელიც თავბრუხვევის შეტევებით ვლინდება, სმენის დაქვეითება კი რამდენიმე შეტევის გადატანის შემდეგ იჩენს თავს.
სმენის უფრო ძლიერი დაქვეითებისას ავადმყოფებს უჭირთ საუბრის აღქმა, განსაკუთრებით – ხმაურიან გარემოში, ტელეფონით საუბარი. ეჩვენებათ, რომ ირგვლივ მყოფებმა ჩლიფინი დაიწყეს. მამაკაცები ხშირად იმიტომ მოდიან, რომ ცოლი ან შვილები ტელევიზორისთვის ხმის მეტისმეტად აწევის გამო საყვედურობენ.
როგორც უკვე გითხარით, ნეიროსენსორული სმენანაკლულობა შეუქცევადია, თუმცა შეგვიძლია, სმენის ფუნქცია უფრო მძიმე დაზიანებისგან დავიცვათ. შესაბამისად, რაც უფრო ადრე დავადგენთ დარღვევას, მით უფრო დიდია შანსი, ავადმყოფს ცხოვრება რაც შეიძლება ნაკლებად გაურთულოს. აღარაფერს ვიტყვი ბავშვებზე, სადაც სმენანაკლულობის ადრეულ აღმოჩენას მეტყველების განვითარების, განათლებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
– როგორ უმოწმებენ ახალშობილებს სმენას და რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ყურადღება დედამ?
– სმენანაკლულობა უნდა ვიეჭვოთ, თუ ბავშვი დედის ხმის გაგონებისას ცოტა ხანს მაინც არ ჩერდება, არ აღვიძებს მოულოდნელი ხმაური (ვთქვათ, ზარი), ტაშის დაკვრაზე, არ აბრუნებს თავს ხმაურის წყაროსკენ და თვალებით არ ეძებს მას. შედარებით მოზრდილ ჩვილებს რეაქცია უნდა ჰქონდეთ თავიანთ სახელზე, ცდილობდნენ უფროსების ნათქვამი ბგერების გამეორებას... თუმცა ზოგჯერ 2-3 წლის ბავშვის მშობლებიც ვერ ხვდებიან უყურადღებობის ნამდვილ მიზეზს და შვილი, უბრალოდ, უგულისყურო ჰგონიათ.
ერთადერთი მეთოდი, რომლითაც თანდაყოლილი სმენანაკლულობის დროული აღმოჩენაა შესაძლებელი, ახალშობილის სკრინინგია. განვითარებულ ქვეყნებში ბავშვს სმენას სამშობიაროშივე უმოწმებენ. ვიდრე ამგვარი პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება, ყველა მშობელს ვურჩევ, სამ თვემდე შვილს ეს გამოკვლევა საკუთარი ინიციატივით ჩაუტაროს. ჩვენს კლინიკაში ტარდება ტიმპანომეტრია და ექოსკრინინგი. პირველის საშუალებით ახალშობილს შუა ყურის მდგომარეობას ვუმოწმებთ, მეორის საშუალებით კი სმენის ნერვისას.
– გარდა ახალშობილებისა, ვისთვის არის აუცილებელი ექოსკრინიგი?
– ექოსკრინიგით ხდება დიდი პოპულაციების, მაგალითად, ხმაურიან გარემოში მომუშავე ადამიანების გამოკვლევაც. ექოსკრინინგის აპარატი პორტატიულია და შეგვიძლია, ეს გამოკვლევა ორგანიზაციაშივე ჩავატაროთ. ექოსკრინინგი ასევე მნიშვნელოვანია უნარშეზღუდული და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის, რომელთაც უჭირთ გაგვაგებინონ, ესმით თუ არა.
– როგორ მკურნალობენ სმენანაკლულობას?
– ნეიროსენსორული სმენანაკლულობისას სმენის კორექცია სასმენი აპარატითა და კოხლეარული იმპლანტატით არის შესაძლებელი. პირველი ბგერებს აძლიერებს, მეორე კი სმენის ნერვს ლოკოკინას გვერდის ავლით აწვდის იმპულსებს.
ზოგს სასმენი აპარატის ხმარება უჭირს. ეს არც არის გასაკვირი: ამ აპარატს ისევე სჭირდება შეჩვევა, როგორც კბილის პროთეზს. მუდმივად უნდა გეკეთოთ, არ მოიხსნათ და დროთა განმავლობაში უკეთ გაიგონებთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კარგად შერჩეული და მორგებული სასმენი აპარატი სმენადაქვეითებულთა 90%-ზე მეტს უუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში 40 სმენადაქვეითებული ადამიანიდან 39-ს სასმენ აპარატზე ხელი არ მიუწვდება. საქართველოში მოქმედებს სმენადაქვეითებულთა სასმენი აპარატებითა და კოხლეარული იმპლანტატებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. აუდიოლოგის მიერ გაცემული ცნობით ავადმყოფები შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ადიან აღრიცხვაზე და ამ აპარატებს უფასოდ იღებენ.