წნევის ცვალებადობა
გააზიარე:
როგორ წნევას ატარებთ?
მაღალი არტერიული წნევის პრობლემა სამყაროსავით ძველია. ამ ხნის განმავლობაში კაცობრიობამ ასე თუ ისე ისწავლა მისი მართვა. ზოგი მაღალ წნევას შეეგუა კიდეც, ზოგი კი დღედაღამ წუხს, წნევა მაქვსო. მათ სანუგეშოდ უნდა ითქვას, რომ წნევა ყველა მოკვდავს აქვს, თუმცა ყველას ერთნაირად როდი ეცვლება: ზოგიერთს მაღლა უწევს, ზოგიერთს – დაბლა.
წნევის ლიმიტგადაცილებულებზე “ავერსის კლინიკის” კარდიოლოგი თეონა აბრამიშვილი გვესაუბრება.
- • თავდაპირველად მაღალ არტერიულ წნევაზე ვისაუბროთ. რამდენად გავრცელებულია იგი?
– მაღალი არტერიული წნევა ანუ არტერიული ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. განვითარებული ქვეყნებში ის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აღენიშნება, მთელ მსოფლიოში კი დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადების გავრცელების ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა უკანასკნელ ხანს ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამჟამად ჩვენს ქვეყანაში არტერიული ჰიპერტენზია დაახლოებით 600 000 ადამიანს აქვს.
- • რა ასაკში იჩენს თავს არტერიული ჰიპერტენზია?
– დაავადება უმთავრესად 55 წლის შემდეგ მჟღავნდება. არსებობს კიდევ ერთი კანონზომიერება: 55 წლამდე მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, 55 წელს გადაცილებულებს შორის კი უმრავლესობა ქალია.
- • როგორია არტერიული წნევის ნორმა?
– თანამედროვე კლასიფიკაციით, სისხლის ნორმულ წნევად მიიჩნევა სისტოლური < 120 მმ ვწყ.სვ და დიასტოლური < 80 მმ ვწყ.სვ. ასეთი მაჩვენებლები მკურნალობას არ მოითხოვს.
- • რა იწვევს არტერიული წნევის მატებას?
– ასიდან 95 შემთხვევაში ჰიპერტენზიის კონკრეტული მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში დაავადებას პირველად ანუ ესენციურ ჰიპერტენზიას ვუწოდებთ. თანამედროვე მედიცინა ემხრობა მულტიფაქტორულ თეორიას ანუ მიიჩნევს, რომ არტერიული წნევის მატებას მრავალი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესი გენეტიკური განწყობაა, რომელსაც ხშირად სხვა ფაქტორებიც ერთვის. არსებობს ნუსხა ფაქტორებისა, რომლებთანაც ასოცირებულია პირველადი არტერიული ჰიპერტენზია. მაგალითად, დადგენილია, რომ ის შავკანიანებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე თეთრკანიანებს; აშკარაა სუფრის მარილის ჭარბი მოხმარების როლიც, თუმცა როგორც იზოლირებული მიზეზი, ის ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი არ გახლავთ; მრავალი კვლევით არის დამტკიცებული ჰიპერტენზიის კავშირი ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან; რისკის ფაქტორებია სიმსუქნე და დისლიპიდემია (ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა), დაბალი ფიზიკური აქტივობა.
ასიდან მხოლოდ ხუთ შემთხვევაშია ცნობილი ჰიპერტენზიის უშუალო მიზეზი. ეს ის შემთხვევებია, როდესაც არტერიული წნევის მატება რომელიმე სხვა დაავადებას ერთვის. ჰიპერტენზიის ასეთ ფორმას მეორეულ ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიას უწოდებენ. ამ დროს ჰიპერტენზიის მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ არტერიული წნევა შესაძლოა ნორმას დაუბრუნდეს.
მეორეული ჰიპერტენზიის მიზეზებიდან აღსანიშნავია: თირკმლის დაავადებები (თირკმლის უკმარისობა, თირკმლის არტერიის სტენოზი), ფარისებრი (ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი), ფარისებრახლო, თირკმელზედა ჯირკვლების (ალდოსტერონიზმი, კუშინგის სინდრომი) დაავადებები, ასევე – ძილის აპნოე, ზოგიერთი მედიკამენტი (ამფეტამინები, კოკაინი და სხვა).
- • რა პრინციპით მკურნალობენ არტერიულ ჰიპერტენზიას? აუცილებელია თუ არა, მკურნალობა არტერიული წნევის მატების პირველივე ეპიზოდის შემდეგ დაინიშნოს?
– ვინაიდან დადგენილია, რომ არტერიული წნევის მატება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალ რისკს უკავშირდება, აუცილებელია არტერიული წნევის ნორმული მაჩვენებლების შენარჩუნება.
პირველივე ეპიზოდის შემდეგ მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, როცა წნევის მატებას თან სდევს სამიზნე ორგანოს (გულის, თავის ტვინის, თირკმლის, თვალის, სისხლძარღვების) დაზიანების ნიშნები ან არტერიული წნევა მკვეთრად არის მომატებული (200/120 მმ ვწყ.სვ-ზე მეტია). სხვა სიტუაციაში აუცილებელია, თავდაპირველად დაისვას არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი. დიაგნოზი დაისმის, როდესაც მინიმუმ ორჯერ ერთკვირიანი შუალედით გადამოწმებისას არტერიული წნევა ნორმულ მაჩვენებლებს აღემატება. ამის შემდეგ ჰიპერტენზიის ხარისხისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკფაქტორთა თანაარსებობის საფუძველზე ვადგენთ მკურნალობის სტრატეგიას. ასე, მაგალითად: მსუბუქ შემთხვევებში, როდესაც მაღალ წნევას რისკის სხვა ფაქტორები არ ერთვის, შესაძლოა მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლას დავჯერდეთ, რაც სუფრის მარილის შეზღუდვას, ჭარბი წონის დაკლებას, ალკოჰოლის აკრძალვას და რეგულარულ აერობულ ვარჯიშს მოიცავს. უფრო მძიმე შემთხვევაში შესაძლოა თავიდანვე რამდენიმე მედიკამენტით კომბინაციური მკურნალობა იყოს აუცილებელი.
- • საშიშია თუ არა არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტების თვითნებური მიღება?
– ყოველგვარი მედიკამენტის თვითნებური მიღება საშიშია, განსაკუთრებით კი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატებისა, რადგან მათ აქვთ როგორც ჩვენებების, ასევე უკუჩვენებების ფართო სპექტრი. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ნიტროგლიცერინის მიღება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არამც და არამც არ შეიძლება. კერძოდ, ამ მედიკამენტის მიმართ მგრძნობელობის მომატებისას, დახურულკუთხოვანი გლაუკომის არსებობისას, ვიაგრას დალევის შემდეგ, მწვავე ინსულტისას... თუმცა ხდება პირიქითაც, როცა ნიტროგლიცერინი არჩევის პრეპარატია ჰიპერტენზიასთან ასოცირებული სტენოკარდიის სამკურნალოდ. ეს ყველაფერი, ცხადია, რთულია არასამედიცინო პროფესიის ადამიანისთვის, ამიტომ სასურველია, მედიკამენტი ინდივიდუალური მგრძნობელობის, ჩვენებებისა და უკუჩვენებების გათვალისწინებით მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციურმა ექიმმა დანიშნოს.
- • შესაძლებელია თუ არა მაღალი არტერიული წნევისგან განკურნება?
– არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია წნევის მაჩვენებლების სტაბილური ნორმალიზება. საამისოდ მედიკამენტების უწყვეტი მიღება, ცხოვრების წესის შეცვლა და არტერიული წნევის მაჩვენებლების მუდმივი კონტროლია საჭირო.
- • როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს ახლობელს წნევამ მეტისმეტად აუწია და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, როგორ დავეხმაროთ ექიმის მოსვლამდე?
– თუ არტერიულ წნევასთან ერთად თავი იჩინა სიცოცხლისთვის საშიშმა გართულებებმა, აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება და სტაციონარული მკურნალობა, ამიტომ წნევის მატებისას ყურადღება მიაქციეთ სამიზნე ორგანოთა დაზიანების ნიშნებს: თავის ძლიერ ტკივილს, ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, გულმკერდის ტკივილს, მხედველობის გაუარესებას. მათი შემჩნევისას აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, შემდგომ კი მიმართეთ სტაციონარს.
ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი მოათავსეთ მშვიდ, მყუდრო გარემოში. ურიგო არ იქნება, თუ ფეხებს თბილ წყალში ჩააყოფინებთ. თუ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს იღებს, მიეცით დამატებითი დოზა, ოღონდ წამლის მოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინებით: თუ ხანგრძლივმოქმედი მედიკამენტი ერთი საათით ადრე აქვს მიღებული, დოზას ნუ დაამატებთ – როდესაც მანამდე მიღებული მედიკამენტიც დაიწყებს მოქმედებას, შესაძლოა, წნევა ნორმაზე მეტად დაეცეს. შეგიძლიათ დაალევინოთ შედარებით ხანმოკლე მოქმედების წნევის დამწევი მედიკამენტები (კაპტოპრილი, ანაპრილინი, ნიტროგლიცერინი, ლაზიქსი), მაგრამ ამ მედიკამენტების თვითნებურად მიღება რეკომენდებული არ არის, ამიტომ ჯობს, ექიმს ტელეფონით მაინც დაუკავშირდეთ.
- • რამდენად ხშირია ჰიპერტონიული კრიზი? მხოლოდ მაღალწნევიანებს ემართებათ? როგორ მოვიქცეთ კრიზის დროს?
– თანამედროვე კლასიფიკაციით, თუ არტერიული წნევის მკვეთრ მატებას დაერთო სამიზნე ორგანოს მწვავე დაზიანება, მაგალითად, მწვავე კორონარული სინდრომი, აორტის განშრევებადი ანევრიზმა, ფილტვების მწვავე შეშუპება, ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, თავის ტვინის მწვავე ინფარქტი ან ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა და ეკლამფსია, რომელთა კლინიკური ნიშნები უკვე ჩამოვთვალეთ, პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს.
გამოყოფენ ჰიპერტენზიის სასწრაფო შემთხვევებს, რაც გულისხმობს არტერიული წნევის მკვეთრ მატებას (>180/120 მმ ვწყ.სვ.) სამიზნე ორგანოების მწვავე დაზიანების გარეშე. ჰიპერტენზიის სასწრაფო შემთხვევების დროს არტერიული წნევის დაწევა შესაძლებელია დასალევი მედიკამენტებით, ოღონდ ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ არტერიულ ჰიპერტენზიას ადეკვატურად ვუმკურნალეთ, კრიზის განვითარების საფრთხე შედარებით ნაკლებია, თუმცა გამორიცხული არ არის.
იშვიათად არტერიული ჰიპერტენზიის პირველადი გამოვლინება ე.წ. ჰიპერტონული კრიზია. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არტერიული წნევა მკვეთრად არ არის მომატებული, მაგრამ ვამჩნევთ სამიზნე ორგანოთა დაზიანების ნიშნებს. გადაუდებელი ჩარევა ამ დროსაც აუცილებელია.
- • რა იწვევს წნევის დაქვეითებას?
– წნევის დაცემას, ისევე როგორც მომატებას, მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელთა დროსაც ირღვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოთა სისხლის მიმოქცევა. ეს შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, ინფექცია, ანაფილაქსია (ზემგრძნობელობა სხვადასხვა აგენტის მიმართ), ჰიპოვოლემია (სითხის ან სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა), ენდოკრინულ ორგანოთა (თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის) დაავადების კრიზი. ამ შემთხვევაში აღმოცენებული ჰიპოტენზია გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
- • არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაღალი ან დაბალი წნევის პირობებშიც კარგად გრძნობენ თავს და ამბობენ, დაბალ ან მაღალ წნევას ვატარებო. საჭიროა თუ არა მათი მკურნალობა?
– “ჩემთვის ნორმალურია“ ან “მე ვატარებ” – ასეთ ტერმინებს მედიცინა არ იცნობს. დადგენილია, რომ მომატებული არტერიული წნევა ნებისმიერ შემთხვევაში ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ასე უმეტესად მაშინ ამბობენ, როდესაც არტერიული წნევის მატება ნელ-ნელა და შეუმჩნევლად მოხდა, რის გამოც ორგანიზმი “შეეჩვია” არანორმულ მაჩვენებლებს. სიმპტომების უქონლობა იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი წნევა თქვენთვის ნორმაა. საყოველთაოდ აღიარებულ ნორმაზე მაღალი მაჩვენებლები ნიშნავს ჰიპერტენზიას და ერთმნიშვნელოვნად მკურნალობას მოითხოვს.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუ არ მაწუხებს, რატომ ვიმკურნალოო. გახსოვდეთ: სისტოლური წნევის აწევა 115 მმ ვწყ.სვ-ის ზემოთ მკვეთრად ზრდის ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს, ამიტომ მაღალ წნევას “შეჩვეულებს“ ვურჩევთ, ნელ-ნელა “გადაეჩვიონ” მას და წნევა ნორმულ მაჩვენებლებამდე (<120/80 მმ ვწყ.სვ.) დაიყვანონ. ნელ-ნელა იმისთვის, რომ შედარებით დაბალმა წნევამ სისუსტე, თავბრუხვევა, ადვილად დაღლა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები არ გამოიწვიოს.
რაც შეეხება არტერიულ ჰიპოტონიას ანუ ნორმაზე დაბალ არტერიულ წნევას, თუ ის უსიამოვნო სიმპტომებს არ იწვევს, გულისა და სისხლძარღვების ფუნქციაც ნორმულია და არც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმიმოქცევა ირღვევა, საგანგებო მკურნალობა აუცილებელი არ არის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებასთან, რაც პათოლოგიად არ ითვლება. მკურნალობა საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ წნევა კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა.
- • რას ურჩევდით მათ, ვინც მაღალ ან დაბალ წნევას “ატარებს”? როგორი უნდა იყოს მათი ცხოვრების რეჟიმი?
– ამ კითხვას პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცით. მაღალი წნევის “მატარებლებს” ვურჩევ, წნევის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში შეინარჩუნონ, შეიცვალონ ცხოვრების წესი, შეძლებისდაგვარად არიდონ თავი ალკოჰოლსა და სიგარეტს, შეზღუდონ სუფრის მარილის მოხმარება, დაიცვან ცხოველური ცხიმით ღარიბი და მცენარეული პროდუქტებით მდიდარი დიეტა, გააქტიურდნენ ფიზიკურად და სვან ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები.
დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანმა, სასურველია, დღე-ღამეში 8 საათი მაინც იძინოს, შეასრულოს გამამხნევებელი ვარჯიშები, იკვებოს კარგად, ადეკვატური რაოდენობით მიიღოს სუფრის მარილი, ხოლო სითხე – დღეში 2-3 ლიტრი მაინც.
- - - - -
განსაკუთრებით საშიში
საკმარისია, წნევამ მოიმატოს, რომ ქსოვილების სისხლით მომარაგება ირღვევა, ზიანდება ორგანოები, უმთავრესად – თირკმელები. რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილებებისგან არც ორსულები არიან დაზღვეულნი. მეტიც – ორგანო, რომელიც ამ დროს ყველაზე მეტად ზარალდება, სწორედ პლაცენტაა. ის დედისა და ნაყოფის ერთმანეთთან დამაკავშირებელი რგოლი გახლავთ. სწორედ პლაცენტის დამსახურებით მიეწოდება სისხლი (და, შესაბამისად, ჟანგბადი) საშვილოსნოს ღრუში მობინადრე პატარა არსებას. ასე რომ, თუ სისხლმომარაგების დარღვევამ მუდმივი ხასიათი მიიღო, ნაყოფის ზრდა-განვითარებას საფრთხე ელის. არსებობს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ მაღალი არტერიული წნევის გამო იზრდება პლაცენტის აშრევების (საშვილოსნოს კედლიდან მოცილების) რისკი.
არტერიული წნევა ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება შეეცვალოს. კერძოდ, წნევა მცირე ხნით იმატებს ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის დროს, დასვენების შემდეგ კი ისევ იკლებს. ეს პათოლოგია არ არის. შესაბამისად, არც მკურნალობაა საჭირო.
არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ორსულობის დროს იჩენს თავს, ყოველთვის ერთნაირად არ მიმდინარეობს. განასხვავებენ მის სამ ძირითად სახესხვაობას: ქრონიკულ ჰიპერტენზიას, გესტაციურ ჰიპერტენზიასა და პრეეკლამფსიას. ამათგან ყველაზე სახიფათო პრეეკლამფსია გახლავთ. ის შესაძლოა განვითარდეს როგორც თანდათანობით, ისე უეცრადაც. მისი მთავარი ნიშნებია ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა სრულ დაქვეითებამდე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, შარდის ოდენობის შემცირება, წონის სწრაფი მატება. პრეეკლამფსიას ხშირად სდევს თან შეშუპება (უპირატესად – სახისა და კიდურებისა), თუმცა ეს სიმპტომი ორსულობის დროს სხვა მიზეზებითაც არის პირობადებული.
სპეციალისტთა აზრით, პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა იზრდება, თუ:
• ქალი ჰიპერტენზიას ან სიმსუქნეს ორსულობამდეც უჩიოდა;
• ქალს წინა ორსულობის დროს პრეეკლამფსია განუვითარდა;
• ორსული 20 წლამდე ასაკისაა ან 40-ს არის გადაცილებული;
• ორსული ტყუპს ელოდება;
• ორსულს შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების პათოლოგია, რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა ან სკლეროდერმია აქვს.
თუ ქალს ქრონიკული ჰიპერტენზია დაორსულებამდეც ჰქონდა, ორსულობისას არტერიული წნევა რეგულარულად უნდა იკონტროლოს და მკურნალობა განაგრძოს.
ხდება ხოლმე, რომ ჰიპერტენზიის მქონე ქალს ორსულობის პერიოდში წნევა ურეგულირდება, მაგრამ ყურადღების მოდუნებას არც ამ შემთხვევაში გირჩევთ.
გესტაციური ჰიპერტენზია ორსულობის მეორე ნახევარში იჩენს თავს, მშობიარობის შემდეგ კი, წესისამებრ, წნევა ნორმას უბრუნდება. წნევის მაჩვენებელს ამ შემთხვევაშიც სჭირდება კონტროლი. კონსულტაციისთვის რეგულარულად იარეთ ექიმთან, რათა პრეეკლამფსია არ გამოგეპაროთ.
ჰიპერტენზია იმ პათოლოგიათაგანია, რომლებიც რეგულარულ კონტროლსა და ყურადღებას მოითხოვს. თუ ორსულად ბრძანდებით და არტერიული წნევის ცვალებადობა დაგჩემდათ, ასე მოიქეცით:
• მიმართეთ სპეციალისტს. თუნდაც მკურნალობის შედეგად ჰიპერტენზიისგან გათავისუფლდეთ, ყურადღებას მაინც ნუ მოადუნებთ. სასურველია, არტერიული წნევა პერიოდულად შინაც გაიზომოთ.
• არამც და არამც არ მიიღოთ ანტიჰიპერტენზიული საშუალება თვითნებურად. მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტები სვით. ისიც გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული კურსის თვითნებური შეწყვეტა.
• შეძლებისდაგვარად ხშირად დაისვენეთ. გახსოვდეთ, ორსულობა თქვენი ცხოვრების ის ბედნიერი ხანაა, როდესაც მხართეძოზე კოტრიალის გამო არავინ გისაყვედურებთ.
• მიირთვით ჯანსაღი საკვები. ეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ მარილის ოდენობა. უთუოდ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ვიტამინების კომპლექსი.
• აკონტროლეთ წონა. ორის ნაცვლად ჭამა, ისევე როგორც დიეტა, ფეხმძიმობის დროს დაუშვებელია, მით უმეტეს, მაშინ, როცა არტერიული ჰიპერტენზია გაწუხებთ.
• უარი თქვით მავნე ჩვევებზე. მიუხედავად გაფრთხილებისა, არიან ქალები, რომლებიც ორსულობისას მოწევას თავს არ ანებებენ. გახსოვდეთ: როცა წნევა თამაშობს, თამბაქო ორმაგად მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
ალბათ გაგიგონიათ, რომ ორსულებს ჰემოგლობინის მოსამატებლად ხშირად ურჩევენ ჭიქა შავი ღვინის დალევას. არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში ალკოჰოლისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
- - - - -
არაფერი განსაკუთრებული
ნაკლები ცხიმი და კიდევ უფრო ნაკლები მარილი – ეს ერთგვარი დევიზია, რომელიც მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებს ლამის სასთუმალთან აქვთ გაკრული.
ის ფაქტი, რომ ორგანიზმს ცხიმიც სჭირდება და ნატრიუმიც (მას მარილი შეიცავს), ეჭვს არ იწვევს და არც არასოდეს იწვევდა, მაგრამ რაციონალური დიეტების შემოქმედებმა სულ ათიოდე წელია გაიღვიძეს, ისიც – მხოლოდ აშშ-ში. მათი გამოთვლით, ადამიანს, რომელსაც მაღალი არტერიული წნევა აქვს, ასევე – ჰიპერტენზიის პროფილაქტიკის მსურველს, შეუძლია მიირთვას ყველაფერი, ოღონდ განსაზღვრული კომპონენტების შეზღუდვით. ეს მოსაზრება ამერიკელმა დიეტოლოგებმა ციფრებით გამოხატეს. ამ დიეტას კვების DASH (Dietary Approaches to Stop Hypertension) გეგმა უწოდეს.
ამერიკული დიეტა ძირითადად “მავნე” ქოლესტეროლსა და მარილს ზღუდავს და მაქსიმალურად არის გაჯერებული ხილით (უმთავრესად – კალიუმის შემცველით) და ბოსტნეულით.
თავდაპირველად კვების DASH გეგმა შემუშავებულ იქნა მათთვის, ვინც დღეში 2000-2100 კალორია საკვებს იღებდა, ანუ ჰიპერტენზიასთან ბრძოლის გასტრონომიული გეგმა მეტ-ნაკლებად სტანდარტული გახლდათ. შემდეგ შეიქმნა ახალი ვარიანტი მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურდა, მერე კი არც მათ დასწყვიტეს გული, ვისაც დღის განმავლობაში 2000 კალორიაზე მეტის ათვისება უხდებოდა. ერთი სიტყვით, არ არსებობს ადამიანი, ამერიკული დიეტა რომ არ მიესადაგებოდეს.
თუ ჰიპერტენზიაზე შეტევა განიზრახეთ და ამერიკული დიეტაზე გადასვლა გსურთ, გაითვალისწინეთ:
• კვების DASH გეგმა უჯრედისით მდიდარ რაციონს ითვალისწინებს, ამიტომ შესაძლოა, თავდაპირველად მუცლის ყურყურმა, მეტეორიზმმა ან დიარეამ შეგაწუხოთ. ასე რომ არ მოხდეს, რაციონში უჯრედისის შემცველი საკვების მოცულობა თანდათანობით გაზარდეთ.
• დიეტის დაცვისას ნებადართულია როგორც 1500, ისე 2300 მგ ნატრიუმის (მარილის ძირითადი კომპონენტის) მიღება. თუ ადამიანს მაღალი არტერიული წნევა აქვს ან უკვე გადააბიჯა საშუალო ასაკს, სასურველია, ნაკლები (არა უმეტეს 1500 მგ-ისა) ნატრიუმი მიიღოს. გაითვალისწინეთ: 2300 მგ ნატრიუმს 6 გ მარილი შეიცავს, რაც 1 ჩ. კ-ის ეკვივალენტურია, ხოლო 1500 მგ ნატრიუმი 4 გ მარილშია და ჩაის კოვზის 2/3-ს შეესაბამება.
• თუ კვების DASH გეგმასაც დაიცავთ და ფიზიკურადაც გაირჯებით, ჯანმრთელობასაც არგებთ და წონასაც იოლად დაიკლებთ. გირჩევთ, დიეტასთან ერთად დღეში ნახევარი საათი მაინც ივარჯიშოთ, იცურაოთ ან უბრალოდ ისეირნოთ. შეგიძლიათ, ეს დრო მთელ დღეზე გადაანაწილოთ და ფიზიკურ აქტიურობას 10-10 წუთი დაუთმოთ.