რა აზარმაცებს თვალს

გააზიარე:

ცალ თვალს საკუთარი ნებით ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეელევა და, რაღა თქმა უნდა, არც შვილს გაიმეტებს ასეთი ბედისთვის. მიუხედავად ამისა, პატარას მოფუნქციონირე და მეტ-ნაკლებად ჯანსაღი თვალი შესაძლოა უფუნქციოდ დარჩეს და პრაქტიკულად დაბრმავდეს კიდეც.
რა აზარმაცებს თვალს? როგორ დავადგინოთ, ხომ არ ელის ჩვენს პატარას ადმირალ ნელსონის ბედი? როდის გარბის ცალი თვალი განზე ან შიგნით და როგორია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? გვესაუბრება ”ავერსის” ცენტრალური კლინიკის ბავშვთა ოფთალმოლოგი ნატალია მაღლაკელიძე:
– დაბადებიდან მხედველობის სიმახვილე ძალიან დაბალია, ასაკთან ერთად ვითარდება და 5-6 წლისთვის 100 პროცენტს აღწევს. მხედველობის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ორივე თვალის ბადურაზე მკაფიო გამოსახულება. ბუნდოვანი გამოსახულება მხედველობის სიმახვილის განვითარებას აფერხებს. ასეთი გახლავთ ზარმაცი თვალის ან, როგორც ოფთალმოლოგები ვუწოდებთ, ამბლიოპიის განვითარების ძირითადი მექანიზმი. ეს მხედველობის მხოლოდ ფუნქციონალური დაქვეითებაა და ადრეულ ასაკში მკურნალობას იოლად ემორჩილება.
– რამდენად ხშირია ეს პათოლოგია და რა იწვევს მას?
– ამბლიოპია მხედველობის ყველაზე ხშირი დარღვევაა, რომელიც კი ბავშვთა ასაკში გვხვდება. 100-დან 2-3 ბავშვს ასეთ დიაგნოზს ვუსვამთ. განვასხვავებთ მის რამდენიმე სახეობას:
 რეფრაქციულს. ამ ტერმინით ფიზიკოსები ოპტიკურ სისტემაში გამოსახულების გარდატეხას იხსენიებენ. თვალის ოპტიკური სისტემაც სწორედ ამ მოვლენას იყენებს გამოსახულების ბადურაზე ასარეკლად. რეფრაქციის მანკებია ახლომხედველობა და შორსმხედველობა. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ასტიგმატიზმიც, ანუ თვალის სხვადასხვა მერიდიანზე სხივის განსხვავებული გარდატეხა. ყველა მათგანი ბადურაზე ბუნდოვან გამოსახულებას იძლევა.
 ანიზომეტროპულს, როდესაც თვალებს შორის რეფრაქციის მხრივ დიდი სხვაობაა. ვთქვათ, ერთში – -2 დიოპტრია, მეორეში – -6.
 დისბინოკულარულს. ამ დროს მხედველობა ორივე თვალში კარგია, მაგრამ დარღვეულია მექანიზმები, რომლებიც ორივე თვალის შეთანხმებულ მუშაობას განაპირობებს.
 ობსკურაციულს, როცა სხვადასხვა პათოლოგიის, მაგალითად, თანდაყოლილი კატარაქტის, რქოვანას შემღვრევის გამო თვალის ოპტიკური შრეები გამჭვირვალობას კარგავს.
- ისტერიულს, რომელიც ფსიქოგენურ ფაქტორებს უკავშირდება.
– ხალხში ზარმაც თვალს ხშირად სიელმეს უწოდებენ...
– სიელმე და ამბლიოპია ხშირად ერთად გვხვდება, მაგრამ ერთი და იგივე ნამდვილად არ არის. ზოგჯერ სიელმე იწვევს ამბლიოპიას, ზოგჯერ – პირიქით, თუმცა ამბლიოპია შეიძლება სიელმის გარეშეც იყოს. სიელმესაც, ამბლიოპიის მსგავსად, მრავალი მიზეზი აქვს. ფაქტობრივად ყველა პათოლოგია, რომელიც კი მხედველობის დაქვეითებას იწვევს, შესაძლოა სიელმის მიზეზადაც იქცეს.
ცალკე უნდა გამოვყოთ პარალიზური სიელმე. ამ დროს თვალის მამოძრავებელი კუნთების ერთი ან რამდენიმე ნერვია დაზიანებული. ასე რომ, სიელმის დროს თვალის პათოლოგიაც გამოსარიცხია და ნევროლოგიურიც.
არსებობს ფარული სიელმეც. ამ დროს ბინოკულარული მხედველობა შენარჩუნებულია, მაგრამ კუნთების განსაზღვრული დისბალანსი მაინც აღინიშნება. მკურნალობა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, ვინაიდან მხედველობითი დატვირთვის ან ემოციური სტრესის შედეგად ფარული სიელმე შესაძლოა აშკარა სიელმეში გადაიზარდოს.
არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მხოლოდ გარეგნულად გვრჩება სიელმის შთაბეჭდილება. ამაში ბრალი მიუძღვის სახის ანატომიურ თავისებურებას – ფართო ცხვირის ზურგს, ეპიკანტუსს (კანის ნაოჭი თვალის შიდა კუთხესთან)...
– რა ასაკიდან ითვლება სიელმე პათოლოგიად?
– პირველ თვეებში, ვიდრე თვალი ფიქსაციას დაიწყებს, სიელმე შეიძლება ნორმის ვარიანტად ჩაითვალოს, ოღონდ ეს ოფთალმოლოგის დასადგენია. იგნორირება და ლოდინი, თუნდაც ერთ წლამდე, არაფრით არ შეიძლება, რადგან სიელმეს ზოგჯერ ორგანული პათოლოგიაც იწვევს.
– როგორია ამბლიოპიისა და სიელმის მკურნალობის მეთოდები?
– მკურნალობა აუცილებლად კომპლექსურია. რეფრაქციული მანკის შემთხვევაში უწინარესად მის კორექციას ვახდენთ, ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით ვუნიშნავთ მუდმივად სატარებელ სათვალეს. ამბლიოპიის სამკურნალოდ მივმართავთ ჯანმრთელი თვალის ოკლუზიას (ახვევას), რაც სუსტ თვალს მუშაობას აიძულებს და აძლიერებს. მხედველობის სიმახვილის მოსამატებლად და ბინოკულარული მხედველობის აღსადგენად ვიყენებთ ფუნქციონალური მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს: ბადურას ლაზერულ სტიმულაციას, ვარჯიშებს აპარატებზე, მკურნალობის კომპიუტერულ მეთოდებს.
– როდის ტარდება სიელმის ოპერაციული მკურნალობა? საჭიროა თუ არა, მას წინ კონსერვატიული მკურნალობა უძღოდეს?
– ოპერაციულ ჩარევას მივმართავთ იმ შემთხვევაში როდესაც დეფექტი ძლიერ არის გამოხატული. ამავე დროს, თუ სუსტ თვალში მხედველობა 40% მაინც არ არის, ოპერაციას აზრი არ აქვს – თვალი სწორ პოზიციას მაინც ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ ოპერაციამდეც და მის შემდეგაც კონსერვატიული მკურნალობა აუცილებელია. ზოგჯერ ქირურგიული მკურნალობის ორ ეტაპად ჩატარება ხდება საჭირო. 
– რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მკურნალობა საუკეთესო შედეგის მისაღწევად?
– რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგი. რეფრაქციული ამბლიოპიის განვითარების საპროფილაქტიკოდ სათვალეს ზოგჯერ  10-12 თვის ასაკშიც კი ვნიშნავთ, კონტაქტურ ლინზას კი – უფრო ადრეც.
– რამდენ ხანს გრძელდება სიელმისა და ამბლიოპიის მკურნალობა?
– მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ამბლიოპიისა და სიელმის მკურნალობა სკოლამდელ ასაკში უნდა ჩატარდეს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, თვეები, ზოგჯერ კი წლებიც გვჭირდება. სამაგიეროდ, როცა მშობელიც და შვილიც გულდასმით ასრულებენ ჩვენს რეკომენდაციებს, ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ. 
– ძნელია, 3-4 წლის ბავშვს სახვევის ან სათვალის ტარება აიძულო. რას ურჩევდით მშობლებს?
– ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რამდენად მნიშვნელოვანია, სუსტ თვალს მუშაობა ვაიძულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თვალი მხედველობის უნარს საერთოდ დაკარგავს. ბავშვისთვისაც შეიძლება გასაგები ენით მეთოდის მნიშვნელობის ახსნა. ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ, დღეში რამდენიმე საათით მეკობრეობანა ითამაშოთ. ამბლიოპიისა და სიელმის მკურნალობის წარმატება დიდწილად მშობლებზეა დამოკიდებული.
– რა შეიძლება ვიღონოთ პრობლემების გამოსასწორებლად ზრდასრულ ასაკში, თუ ბავშვობაში რაიმე მიზეზით მკურნალობა ვერ ჩატარდა?
– ზრდასრულ ასაკში შესაძლებელია მხოლოდ სიელმის როგორც კოსმეტიკური დეფექტის კორექცია ქირურგიული გზით. ბინოკულარულ მხედველობას, როგორც უკვე გითხარით, ვეღარ აღვადგენთ.
– დაგვიანებით ხშირად მოგმართავენ?
– ძალიან ხშირად. ბევრი პაციენტი ჩვენთან სკოლის ასაკში მოჰყავთ, როცა ამბლიოპიის მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. თუ სიელმე არ არის, ცალმხრივი ამბლიოპია მშობელმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს. უკვე რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როცა თანდაყოლილი კატარაქტა (ერთხელ – ცალმხრივი და მეორედ – ორმხრივი) ბავშვებს 10 წლის შემდეგ აღმოვუჩინეთ. ამბლიოპიის განვითარება თავიდან რომ აგვეცილებინა, ოპერაცია 2-3 თვის ასაკში უნდა ჩატარებულიყო. ამ ასაკში ქირურგიულ ჩარევას აზრი ფაქტობრივად აღარ აქვს, რადგან ბინოკულურ მხედველობას ვეღარ აღვადგენთ. გამოსავალი მხოლოდ ბავშვების მასობრივი პროფილაქტიკური გასინჯვაა.
“ავერსის კლინიკა” უკვე ეწევა სკოლებში ბავშვების უფასო სკრინინგს თვალის პათოლოგიებზე. გვინდა, ანალოგიური პროექტი საბავშვო ბაღებშიც განვახორციელოთ. საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთშიც, 3 თვის, 6 თვის, 1 წლისა და 3 წლის ასაკში ყველა ბავშვს ოფთალმოლოგი ნახულობს. იმავეს ვურჩევდი ქართველ მშობლებსაც. თუ ეს არ მოხერხდა, ბაღის ასაკში მაინც გაასინჯეთ ბავშვი თვალის ექიმს.

გააზიარე: