მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში
გააზიარე:
სამცხე-ჯავახეთი – ძველი მესხეთის ნაწილი, მხარე, საიდანაც იწყება საქართველოს კულტურული განვითარება, მხარე, საიდანაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო. უძველესი წარსულისა და უმდიდრესი ისტორიის მქონე მხარე, რომელიც დღესაც აოცებს მნახველს კონტრასტული ბუნებრივი პირობებით, ულამაზესი ლანდშაფტით, კამკამა ჰაერით, მრავალფეროვანი მცენარეული საფარით, სამკურნალო წყლებით, უძველესი ეკლესია-მონასტრებითა და ციხესიმაგრეებით. სწორედ ამ საოცარ მხარეში ვიმოგზაურებთ ამჯერად.
თბილისიდან სამცხე-ჯავახეთში მოსახვედრად ორიდან ერთი მარშრუტი უნდა აირჩიო: ან ქვემო ქართლზე, კერძოდ, წალკაზე, ან ბორჯომის ხეობაზე გამავალი. ასეა თუ ისე გზა არცთუ ისე მოკლეა და საკმარისი დრო გვაქვს, საქართველოს სამხრეთ საზღვართან მდებარე ამ ულამაზედ მხარეზე ცოტა რამ შევიტყოთ.
ლაშქრობამდე
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთში, ზემო ქართლში მდებარეობს. სამცხე მოიცავს ახლანდელი ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. დასავლეთით ის აჭარას ესაზღვრება, რომლისგანაც არსიანის მთები ყოფს, ჩრდილოეთით – გურიასა და იმერეთს, სამხრეთით კი ქართლის ისტორიულ პროვინციებს: ერუშეთსა და შავშეთს (რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, თურქეთს ეკუთვნის). ჯავახეთი ახლანდელი ახალქალაქისა და ნინოწმინდის და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს.
სამცხე-ჯავახეთი ხეობებით, წყაროებით, ტბებით, დიდი და ჩქარი მდინარეებით დასერილი, მთაგორიანი და კლდიანი მხარეა. აქ მრავლადაა ცივი წყაროები, თევზუხვი მტკნარი ტბები: ფარავანი, ხანჩალი, საღამო, მადათაფა, ბუღდაშენი, წუნდა და სხვები.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის აკვანი
სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი არაერთ საიდუმლოს ინახავს. არქეოლოგიური გათხრების დროს ამ ტერიტორიაზე უამრავი ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი და ყორღანული სამარხი აღმოაჩინეს. მათ გვერდით ნახავთ უზარმაზარი ლოდებისგან მშრალად ნაგებ ციხეებსა და ნამოსახლარებს, გალავნებს, კოშკებსა და აკლდამებს.
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კულტურულად დაწინაურებული პროვინცია იყო. ისტორიულ წყაროებში ჯავახეთი პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში. მოგვიანებით ის, როგორც ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო, ისტორიული მესხეთის შემადგენლობაში შედიოდა. მესხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელ პირობას ქმნიდა ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური განვითარებისათვის. VIII საუკუნეში ეს კუთხე არაბებმა დაიპყრეს. IX-X საუკუნეებიდან სამცხეზე გავლენის მოპოვებას ჯერ ბიზანტია ცდილობდა, მერე – თურქეთი. XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა მესხეთი და მასში შემავალი სამცხე-ჯავახეთი შემოიმტკიცა. 1124-1213 წლებში, თამარ მეფის ზეობის ხანაში, ეს მხარე საქართველოს კულტურული ცხოვრების მთავარ კერად გადაიქცა. სწორედ აქ შეიქმნა ქართული სამართლის ბრწყინვალე ძეგლი – ბექა-აღბუღას ფეოდალური სამართლის წიგნი.
XVI საუკუნის ბოლოს სამცხე-ჯავახეთი თურქებმა დაიპყრეს. წნეხი იმდენად დიდი იყო, რომ ბევრმა გამაჰმადიანებულმა ქართველმა ენაც დაივიწყა. მიუხედავად ამისა, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას არ გაუწყვეტია კავშირი დანარჩენი საქართველოს მოსახლეობასთან. აქ დარჩენილი ქართველების უმეტესობა ქრისტიანობის შესანარჩუნებლად კათოლიკე გახდა – თურქებს შეთანხმება ჰქონდათ კათოლიკურ ეკლესიასთან, რომლის თანახმადაც, ვალდებულები იყვნენ, არ შეევიწროებინათ მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები კათოლიკეები.
XIX საუკუნის I მეოთხედამდე სამცხე-ჯავახეთი თურქეთის შემადგენლობაში იყო, ხოლო 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად იგი კვლავ საქართველოს დაუბრუნდა.
იქ, სადაც წყალი და ჰაერიც კურნავს
ისტორიულ ექსკურსს აქ დავასრულებთ. თანაც ალბათ უკვე მიადექით სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნობას – ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკს. ვინც სისტემატურად კითხულობს ჩვენს რუბრიკას, ეხსომება, რომ ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს ცალკე სტატია მივუძღვენით, ამიტომ ამჯერად მათ მიმოხილვას გმოვტოვებთ, მით უმეტეს, აქ ბევრი სხვა რამაც არის სანახავი.
სამცხე-ჯავახეთი უნიკალურია არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებით, არამედ გამორჩეული კლიმატური პირობებით, სუფთა ჰაერითა და სამკურნალო წყლებითაც. ამ სიტყვების დასტურად ისიც იკმარებს, რომ სწორედ სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებენ მსოფლიოში ცნობილ მინერალურ წყალს – ბორჯომს.
ბორჯომი, ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი, რომლის სახელიც ეწოდა მინერალურ წყალს, ზღვის დონიდან 900 მეტრზე, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის აღმოსავლეთით მდებარეობს. ბორჯომის წყალი უნიკალურია. ის მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით და უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
დაბა ბორჯომიდან 25 კილომეტრზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას, კურორტი ბაკურიანი მდებარეობს. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ადგილი ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავისგან წარმოიშვა. ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია, თუმცა აქ საზაფხულო დასვენებისთვისაც იდეალური პირობებია. ბაკურიანის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი, სადაც კავკასიის მაღალმთიანეთის ალპურ მცენარეთა მდიდარი კოლექციაა თავმოყრილი.
სამცხე-ჯავახეთის კურორტებზე საუბარს ისე ვერ დავასრულებთ, თუ აბასთუმანიც არ ვახსენეთ. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1340 მეტრზე მდებარეობს. მისი ტერიტორია თითქმის მთლიანადაა დაფარული ფიჭვნარით, რომელიც ყვავილობის დროს ფილტვებისა და ბრონქების უებარი სამკურნალო საშუალებაა.
საყოველთაოდაა აღირებული აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც. მათ იყენებენ რევმატული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ქრონიკული წყლულის დროს.
ობსერვატორია
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. მისი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა.
ასტრონომიული კვლევები ზუსტ დაკვირვებებს მოითხოვს, ტელესკოპები და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები კი საკმაოდ ძვირად ღირებულია. იმისთვის, რომ მათზე დახარჯული სახსრები გაემართლებინათ, დიდი ობსერვატორიებისთვის საუკეთესო ასტროკლიმატის მქონე ადგილებს ირჩევდნენ. კარგი ასტროკლიმატი კი ნიშნავს ჰაერის მაღალ გამჭვირვალობას, სუფთა და მდგრად ატმოსფეროს და უღრუბლო დღეებისა და ღამეების სიმრავლეს, რადგან ციურ სხეულებზე ოპტიკური ხელსაწყოებით დაკვირვება მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი. სწორედ ამ პირობებს აკმაყოფილებდა აბასთუმნის ატმოსფერო: ის იყო ინდუსტრიული ადგილებიდან შორს, გამოირჩეოდა მოწმენდილი ღამეებით, პრაქტიკულად უქარო ამინდებით და ისეთი გამჭვირვალე ჰაერით, რომ პლანეტა ვენერა ზოგჯერ დღისითაც კი ჩანდა შეუიარაღებელი თვალით. ამ ღირსებათა გამო, პროფესორ ევგენი ხარაძის ძალისხმევით, აბასთუმანში საერთაშორისო მასშტბის ობსერვტორიის დაარსება ოცნებიდან რეალობად იქცა. სხვათა შორის, აბასთუმნის ასტროკლიმატმა რუსეთის იმპერიის გარეთაც გაითქვა სახელი. XIX საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომი შერბურნ ბერნჰემი 1893 წელს წერდა: “აბასთუმნის მდებარეობა უაღრესად ხელსაყრელია ასტრონომიული სამუშაოებისთვის. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ერთ ობსერვატორიას ევროპაში არ აქვს ასეთი ხელსაყრელი განლაგება და ძნელია დავასახელოთ ადგილი, გარდა ჰამილტონის მთაზე მდებარე ობსერვატორიისა, სადაც ატმოსფერული პირობები ასევე ხელსაყრელია”.
2007 წლიდან ობსერვატორია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიად იწოდება.
ციხესიმაგრეებისა და ეკლესია-მონასტრების თავშესაყარი
სამცხე-ჯავახეთის ხუროთმოძღვრების ძეგლების გაცნობას ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერით დავიწყებთ, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბანში მდებარეობს. ტაძარი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე თორის მფლობელმა შალვა ერისთავთ-ერისთავმა ახალციხელმა ააგო. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურგუმბათოვან ნაგებობას მოგვიანებით დასავლეთიდან აგურის, სამხრეთიდან კი თლილი ქვის კარიბჭე მიაშენეს.
შემდეგი გაჩერება აწყურის ციხეა. ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კმ-ზე მდებარეობს. სწორედ აწყურის ციხე იცავდა სამხრეთიდან ბორჯომის ხეობას. მისმა მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა შექმნეს. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. ამჟამად, სამწუხაროდ, აწყურის ციხე საკმაოდ დაზიანებულია.
სოფელ აწყურის სამხრეთით, სოფელ აგარის გასწვრივ, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ისტორიულ სოფელ სლესაში, სლესის ციხე მდებარეობს. ის შუა საუკუნეების ძეგლია, რომელიც “გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარშია” (XVI საუკუნე) მოხსენიებული.
აი, აღდგენილ-გალამაზებულ და გათანამედროვეებულ რაბათის ციხესაც მივადექით. რაბათი ქალაქ ახალციხეში მდებარეობს. ციხის თავდაპირველი ნაგებობა IX საუკუნით თარიღდება. ის სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია გახლდათ. X საუკუნეში ციხე დაინგრა. მისი ფრაგმენტები, სავარაუდოდ, მხოლოდ ციტადელზეა შემორჩენილი. XII საუკუნეში ჯაყელებმა ათაბაგთა საგვარეულო ციხე ხელახლა ააშენეს. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა სახელი “ახალციხეც”. XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე ქალაქი ჯაყელთა რეზიდენციად და მთელი სამცხე-საათაბაგოს ცენტრად იქცა. დღეს რაბათის სრულიად განახლებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ტურისტული ცენტრია მაღაზიებით, რესტორნებითა და სასტუმროებით.
ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 12 კმ-ზე, შუა საუკუნეების ქართული მონასტერი და ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია – საფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. იქვეა სამცხის მფლობელთა საძვალე. კომპლექსის უძველესი ნაგებობა, მიძინების ეკლესია, X საუკუნეშია აშენებული, ხოლო ძირითადი ნაწილი: მთავარი გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და სასახლე, – XIII-XIV სს-ის მიჯნაზე, სამცხის მთავარ ბექა ჯაყელის მმართველობის დროს აიგო.
საფარის შემდეგ XIV საუკუნეში აგებულ ჭულევის მონასტერს ვესტუმრებით, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში, დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრზე, ფერსათის მთების ძირას არის გაშენებული. ერთი ვერსიით, სახელწოდება “ჭულევი” სიტყვა “ჭურიდან” მომდინარეობს, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ ადგილს აღნიშნავდა. ჭულევის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება ამ სახელს. მონასტერს დასავლეთით პატარა მდინარე ჭულელა ჩამოუდის, რომელიც ფერსათის მთებიდან იღებს სათავეს.
ჭულევის მახლობლად, სოფელ ბულაჯურთან, მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ციხე – ოქროს ციხე. ის თითქმის მიუდგომელ უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას, თუმცა გამოცდილ მოლაშქრეს იქამდე მისვლა არ გაუჭირდება.
ოქროს ციხე, სავარაუდოდ, XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული. ის ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრეს სიმაგრეთაგანი იყო და სხვა ციხეებთან ერთად დამცავ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოში. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, ოქროს ციხე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მესხეთის თავდაცვაში.
ციხის კედლები უხეშად დამუშავებული ლოდებითაა ნაშენი. როგორც ჩანს, ოქროს ციხის მშენებლებს თავდაცვის საკითხებზე ბევრი უფიქრიათ, რადგან ციხე იმგვარადაა დაპროექტებული და აშენებული, რომ შიგნით შეღწევის შემდეგაც კი თავდამსხმელს უამრავი სიძნელე ეღობებოდა წინ, ციხის მცველებს კი ცალკეულ კოშკებშიც შეეძლოთ გამაგრება.
ოქროს ციხიდან არცთუ ისე შორს, სოფელ ზარზმაში, ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, ზარზმის ტაძარი მდებარეობს. ზარზმის მონასტერი VIII-IX საუკუნეებშია დაარსებული. მონასტერს ამშვენებს XIV საუკუნის გუმბათიანი ტაძარი და სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართულ ნაგებობათა საუკეთესო ნიმუშია.
აი, სამცხისა და ჯავახეთის გზაგასაყარსაც მივადექით. სწორედ აქ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე, მდინარეების ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე, აღმართულა ადრეული შუა საუკუნეების გამორჩეული ძეგლი – ხერთვისის ციხესიმაგრე. როგორც ჩანს, ის არაერთხელ განუახლებიათ და გადაუკეთებიათ. ციხის კედლებზე რამდენიმე სამშენებლო ფენა შეიმჩნევა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზე დგას და საკმაოდ მიუდგომელია. აღსანიშნავია, რომ ხერთვისის ციხე წყლით ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით მარაგდებოდა.
შემდეგი გაჩერება ჯავახეთში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მდებარე თმოგვის ისტორიული ციხე-ქალაქია. ისტორიული წყაროების მიხედვით, თმოგვის ციხე X საუკუნეში აუშენებიათ. მაღალ კლდოვან მთაზე აგებული ციხე აკონტროლებდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა.
თმოგვიდან არცთუ შორს, ახლანდელ სოფელ ნაქალაქევში, ჯავახეთის ძველი პოლიტიკური და საეკლესიო ცენტრი – წუნდის ეკლესია მდებარეობს. ეს არის მცირე კლდეზე აღმართული, თლილი ქვისგან ნაგები დარბაზული ეკლესია, რომელიც XII-XIII სს-ით თარიღდება. ტაძარი საკმაოდ მდიდრულად არის მოჩუქურთმებული და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. გალავნით შემოსაზღვრულ შიდა ეზოში შესვლა მხოლოდ ტაძრიდან არის შესაძლებელი.
დაბოლოს, უნიკალური, ყოველი ქართველისთვის საამაყო კლდეში ნაკვეთი ქალაქი – ვარძია მოვინახულოთ. ვარძიის კომპლექსი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გიორგი III-ისა და თამარ მეფის ზეობის ხანაში აგებული, ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი ანსამბლი ზღვის დონიდან 1 300 მეტრ სიმაღლეზეა განლაგებული. მისი საერთო ფართობი 40 000 კვ. მეტრია. ვარძიის კომპლექსში სამასამდე და მათი დამაკავშირებელი ათეულობით გვირაბია. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსები, 25 მარანი ორასამდე ქვევრით. ვარძიის მშენებლებს კლდეში ნაკვეთი ქალაქის მცხოვრებთა გათბობასა და განათებაზეც უზრუნიათ. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ერთი ღერძის გასწვრივაა განლაგებული, რის გამოც კარგი ბუნებრივი განათებითა და გათბობითაა უზრუნველყოფილი.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. ტაძარი მოხატულია უნიკალური ფრესკებით. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენებთან ერთად აქ გვხვდება გიორგი III-ის, თამარ მეფისა და რატი სურამელის პორტრეტები.
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი.
ჩვენი ვირტუალური მოგზაურობა ამით დასრულდა. თუმცა ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია, ასე რომ, ჩაალაგეთ ზურგჩანთა და სამცხე-ჯავახეთისკენ გასწიეთ – იქ მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით.
ნინო ბაზერაშვილი