ზაალ სულაკაური: “ცხოვრება მშვენიერია და მე არ ვბერდები!”

გააზიარე:

“საზრდო სჭირდება ადამიანის როგორც სხეულს, ისე სულსაც. ხელოვნება სულის საზრდოა. ბედნიერი ვარ, რომ ამ საზრდოს ვქმნი და ღმერთმა დამაჯილდოვა უნარით, სიხარული მივანიჭო ადამიანებს”, – ამბობს ზაალ სულაკაური.

– მხოლოდ კი არ ვხატავ, ხატვის სიყვარულსაც ვასწავლი. ხალხს ფანქარი ავაღებინე ხელში... ჩემს გადაცემას ყველა ასაკის ადამიანები სიამოვნებით უყურებდნენ. სამწუხაროდ, ამჟამად ის აღარ გადის ეთერში... და მაინც, ხშირად ქუჩაში სრულიად უცხოები მეხუტებიან, მეფერებიან და მადლობას მეუბნებიან იმისთვის, რომ ბავშვობაში დავაბრუნე. პატარები ხომ სულ “ზალიკო, ზალიკოს” ძახილით დამყვებიან გუნდ-გუნდად... რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, როდესაც ერთი ციდა უცნობი ბავშვი გეუბნება, ძალიან მიყვარხარო. მჯერა, ეს სიყვარული გულწრფელია. ყველა ბავშვს უყვარს ხატვა და მას, ვინც ხატვას ასწავლის, “თავისიანად” მიიჩნევენ.
ღმერთმა ადამიანების სიყვარულის ნიჭით დამაჯილდოვა – ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს. ხატვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ურთიერთობის ხელოვნება, სიყვარულის გაცემისა და მიღების უნარი. გაეცი და ათმაგად დაგიბრუნდება.

ბავშვობა
– ერთი წლის ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. გავიდა წლები და ოჯახში მიხვდნენ, რომ ეს ჩემი ერთადერთი არჩევანი იყო. ვერ გეტყვით, რომ ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელი ვარ, რადგან გვარში მხატვარი არავინ გვყოლია, თუმცა, ვფიქრობ, ეს მაინც გენეტიკურია, რადგან ჩვენს მცირერიცხოვან სანათესავოში, რომელიც სულ ოც კაცს ითვლის, ყველას აქვს ხატვის გამორჩეული ნიჭი.
ხელოვანთა გარემოცვაში გავიზარდე. მამა კინოდრამატურგია, სცენარისტი, ფილმ “თუში მეცხვარის” სცენარის ავტორი. ჩემი და ჩემი ტყუპიცალი ძმის დაბადების აღსანიშნავად გაშლილ სუფრაზე ნოდარ დუმბაძე თამადობდა. სახელი მწერალმა ედიშერ ყიფიანმა დამარქვა. ჩვენს ოჯახში ხშირად იყვნენ სტუმრად ჰამლეტ გონაშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილი... მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები... დედა ფიზიკოსია – მათემატიკოსების კორპუსში ვცხოვრობდით, ასე რომ, შესანიშნავი, კოლორიტული ადამიანები გვეხვია გარს. ოთხი დედმამიშვილი ვართ. ტყუპისცალი, ზურაბი, უკვე ვახსენე. ჩვენი უფროსი ძმა ბაკურ სულაკაურია. საყვარელ საქმეს ემსახურება – გამომცემლობა აქვს, დამ კი, ლელამ, სამივეს გვაჯობა – შვიდი შვილის დედა და ხუთი შვილიშვილის ბებიაა. მხატვარ ლევან ხარანაულის მეუღლე და შესანიშნავი პოეტის – ბესიკ ხარანაულის რძალია.
თავად სამი შვილის მამა გახლავართ და მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც ადამიანს შეიძლება არგუნოს ღმერთმა.

ახდენილი ოცნება
– 55-ე სკოლაში ვსწავლობდი, მერე 54-ში გადავედი. ერთში მსახიობ ზაზა იაქაშვილის კლასელი გახლდით, მეორეში კი გვერდით ოთარ ტატიშვილი მეჯდა... მერე თოიძეში აღმოვჩნდი... აკადემიაში სწავლა აღარ გამიგრძელებია, ცხოვრება აირია... 90-იან წლებში მულტიპლიკაციური ფილმების სტუდიაში დავიწყე მუშაობა და ბავშვობის ოცნება ავიხდინე – რამდენიმე მულტფილმი გადავიღე. ბიძაჩემი, კარლო სულაკაური, ქართული მულტიპლიკაციის ერთ-ერთი პატრიარქი იყო, “ბომბორას”, “სალამურას”, “საზამთროს” ავტორი. ბუნებრივია, ჩემი ინტერესი ნაწილობრივ ამითაც გახლდათ გამოწვეული. მძიმე დრო იდგა, გარშემო უსახსრობა და უიმედობა სუფევდა, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მულტიპლიკაციური სახელოსნო ნამდვილი ნავსაყუდელი აღმოჩნდა. ყოველ ჩვენგანს სჭირდებოდა გარემო, სადაც თავს ადამიანებად ვიგრძნობდით.
ახლა სტუდიაში ანიმაციის წრე მაქვს გახსნილი. ბავშვებს მულტფილმების გადაღებას ვასწავლი და ეს იმხელა ბედნიერებას მგვრის, რომ მგონია, სიბერეც ვერ მომერევა!

თაობები, რომლებსაც საოცრების მოხდენა ძალუძთ
– ხელოვნება მუდამ არსებობდა და იარსებებს. ის აქტუალობას არასოდეს დაკარგავს. ნუ იფიქრებთ, რომ უპერსპექტივობის განცდა ან ეკონომიკური სიდუხჭირე მას რაიმეს დააკლებს. ხელოვნებისთვის ფული არ არის მთავარი! ვან გოგმა სიცოცხლეში ერთი ნახატი გაყიდა და ამ წარმატებისა არც კი სჯეროდა, ფიროსმანი კი კიბის ქვეშ გარდაიცვალა, მაგრამ ყოველი მხატვარი მაინც უმდიდრესი ადამიანია. ქართველებს უამრავი დიდებული მწერალი გვყავს, რუსთაველი გვყავს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, რომ საქართველოს სახელი საზღვარგარეთ არა რუსთაველმა, არამედ ფიროსმანმა გახადა ცნობილი.
მთავარია, გიყვარდეს შრომა, ადამიანები და ცხოვრება. ჩემს სტუდიაში სამასამდე ბავშვი სწავლობს ხატვას. არაჩვეულებრივი მომავალი მოდის – თაობები, რომლებსაც საოცრების მოხდენა ძალუძთ. ყოველი მათგანი იპოვის თავის გზას ილუსტრირების, დაზგური ფერწერისა და სახვითი ხელოვნების სფეროში.
ყოველ პირველ აპრილს გამოფენას ვმართავთ. თავდაპირველად ეს ჩემი გამოფენები იყო, მერე კი ასპარეზი მოსწავლეებს დავუთმე. წელს პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში 260 ნამუშევარი გამოიფინა. ბავშვები ყველაზე საოცარი მხატვრები არიან. პიკასო ამბობდა, რაფაელივით ხატვის სწავლას ოთხი წელი მოვანდომე, მაგრამ ბავშვივით ხატვა დღემდე არ გამომდისო. ხატვა სხვა უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს – ადამიანი უფრო გახსნილი, კონტაქტური ხდება, ურთიერთობის უნარ-ჩვევებს იძეს. ჩემს სტუდიაში ბევრი ისეთი ბავშვი მოდის, რომლებსაც ფსიქოლოგებმა ხატვის წრეზე სიარული ურჩიეს – არტთერაპია და, კერძოდ, ხატვა ფსიქიკაზე მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს.

ჯანმრთელობა
– ფაქტობრივად, ბავშვობიდან ვეწეოდი, ხანდახან ვფიქრობდი, რობინზონ კრუზოსავით დაუსახლებელ კუნძულზე რომ მოვხვდე, თამბაქოს გარეშე როგორ გავძლებ-მეთქი, მაგრამ უკვე ოცდაერთი წელიწადია, სიგარეტი აღარ ამიღია ხელში. ვთქვი და დავასრულე – ეს მავნე ჩვევა სამუდამოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილების შესრულება იოლი იყო. დიდხანს მესიზმრებოდა კიდეც, რომ ვეწეოდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ადამიანისთვის “არ შემიძლია” არ არსებობს. მთავარი ჩვევის დაძლევა, თორემ ნიკოტინის მოთხოვნილებას ორგანიზმი მალევე ერევა.
ასე რომ, ვერ დავიკვეხნი, თითქოს ზედმიწევნით ვიცავდი ცხოვრების ჯანსაღ წესს. სპორტი მიყვარს, მაგრამ საფუძვლიანად არც მას მივდევდი – ვფიქრობდი, რომ ხატვისთვის განკუთვნილ დროს წამართმევდა. თუში კაცი ვარ და მთას ვეტრფი. ერთხანს ალპინიზმითაც ვიყავი გატაცებული – სად არ მიბოდიალია... თუმცა აქაც მოყვარულად დავრჩი.
ახლა ჩემი სპორტიც და ცხოვრების ჯანსაღი წესიც ბავშვებთან ურთიერთობაა. მას შემდეგ, რაც სტუდია და საბავშვო ცენტრი გავხსენი, ავად არ გავმხდარვარ, სიცხე არ ვიცი რა არის და წამალი. პატარები იმხელა ენერგიით მავსებენ, რომ სიცოცხლის ხალისი მემატება. ცხოვრება ხომ მართლაც მშვენიერია და მე არ ვბერდები!


თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: