კანის ალერგიული სინჯები

გააზიარე:

გაზაფხული ალბათ ჩვენს მკითხველთა უმრავლესობას უყვარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც მეტყვიან, რომ წელიწადის ამ დროს მათთვის მხოლოდ უსიამოვნება მოაქვს.

შესაძლოა, მიმიხვდით კიდეც – ალერგიას ვგულისხმობ, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას.
თუ ალერგიული დაავადება გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტი საკმარისი არ არის – აუცილებლად მოგიხდებათ ალერგიული სინჯების ჩატარებაც, რომლებიც დიაგნოსტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ხშირად იყენებენ კანის ალერგიულ სინჯებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ და მარტივ მეთოდს. ამ დროს კანში ალერგიის პოტენციური გამომწვევი შეჰყავთ და ცვლილებებს აკვირდებიან.
პაციენტის სამედიცინო ისტორიისა და ალერგიული ტესტების დახმარებით შესაძლებელია იმის დადგენა, რომელი ნივთიერების შეხება, შესუნთქვა თუ შეჭმა იწვევს ორგანიზმის ალერგიულ რეაქციას.

  • რისთვის არის საჭირო

ალერგიული ტესტების მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ექიმს მკურნალობის მართებული გეგმის შედგენაში ეხმარება. მკურნალობა გულისხმობს ალერგენთან კონტაქტისთვის თავის არიდებას, მედიკამენტურ თერაპიას და იმუნოთერაპიას.
ალერგიული სინჯები ფართოდ გამოიყენება ისეთი ალერგიული მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის, როგორებიცაა:
* თივის ცხელება (ალერგიული რინიტი);
* ალერგიული ასთმა;
* დერმატიტი (ეგზემა);
* კვებითი ალერგია;
* ალერგია პენიცილინზე;
* ალერგია ლატექსზე;
* ალერგია ფუტკრის ნაკბენზე.
კანის სინჯები უსაფრთხოა როგორც ზრდასრულებისთვის, ისე მოზარდებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც, თუმცა ექიმები გირჩევენ, მათ თავი არიდოთ, თუ:
* ერთხელ მაინც გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქცია, რადგან შესაძლოა თქვენი ორგანიზმი იმდენად მგრძნობიარე იყოს კონკრეტული ალერგენის მიმართ, მისმა ძალიან მცირე ულუფამაც კი სიცოცხლისთვის საშიში გართულება (ანაფილაქსიური შოკი) გამოიწვიოს;
* იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ცვლის ალერგენისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას და ტესტის შედეგზე გავლენას ახდენს. ასეთი მედიკამენტებია ანტიჰისტამინები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და გულძმარვის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება.
თუ ასეთი პრეპარატებით მკურნალობთ, კანის სინჯების ჩატარებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რომელმაც შესაძლოა სინჯამდე რამდენიმე დღით ადრე მათი მიღების შეწყვეტა გირჩიოთ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ გადაწყვეტილება თვითნებურად!
* თუ გაქვთ კანის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ეგზემა ან ფსორიაზი. ამ დროს, ჩვეულებისამებრ, კანის დიდი ნაწილი დაზიანებულია, მათ შორის – სინჯის გასაკეთებელი ადგილები: წინამხარი და ზურგი, – რის გამოც ალერგიული ტესტის ჩატარება აზრს კარგავს. კანის სხვა პათოლოგიების, მაგალითად, დერმოგრაფიზმის დროსაც ხშირად ვიღებთ მცდარ შედეგს.

  • საშიშია?

კანის ალერგიული სინჯების ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა შეშუპებული წითელი, მქავანა ბუშტუკები. ზოგჯერ ისინი სინჯიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩნდება და რამდენიმე დღე არ გაივლის.
იშვიათად ვითარდება ძალიან მძიმე მყისიერი ალერგიული რეაქციაც, ამიტომ კაბინეტი, სადაც სინჯები კეთდება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო აღჭურვილობით და მედიკამენტებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

  • ექიმთან ვიზიტის დროს

პროცედურის დაწყებამდე ექიმი შეკრებს ანამნეზს, დაწვრილებით გამოგკითხავთ სიმპტომებს და გაგსინჯავთ, რათა ასეთივე სიმპტომების მქონე სხვა ორგანული პათოლოგია გამორიცხოს. გარდა ამისა, მოგთხოვთ იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომლებსაც ჩვეულებრისამებრ იღებთ სიმპტომების შესამსუბუქებლად. დიაგნოსტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზიც, კერძოდ, აქვს თუ არა თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია.

  • რა უნდა გახსოვდეთ

სინჯების გაკეთებამდე ექიმს უნდა წარუდგინოთ ყველა იმ მედიკამენტის სია, რომელსაც ამჟამად იღებთ. როგორც ითქვა, ზოგიერთ წამალს შეუძლია აღკვეთოს ალერგიული რეაქცია და არაზუსტი შედეგი აჩვენოს, ზოგიერთი კი ზრდის სინჯის დროს მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარების რისკს. ამ მიზეზების გამო ექიმმა შესაძლოა სინჯამდე რამდენიმე დღით ადრე კონკრეტული მედიკამენტის მიღების შეწყვეტა მოგთხოვოთ.
სინჯის შედეგებზე გავლენას ახდენს:
* ანტიჰისტამინები (ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები), მაგალითად, ყველასთვის ცნობილი კლარიტინი;
* განსაზღვრული ჯგუფის ანტიდეპრესანტები;
* გულძმარვის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი;
* ასთმის სამკურნალო საშუალებები. მათი უმრავლესობის გავლენა რამდენიმე დღე და კვირაც კი გასტანს. გამონაკლისია ომალიზუმაბი (ქსოლაირი), რომელიც მიღების შეწყვეტიდან 6 თვეზე მეტხანს ინარჩუნებს ზემოქმედების უნარს.

კანის ალერგიული სინჯები, ჩვეულებრისამებრ, ექიმის კაბინეტში კეთდება. პროცედურას ექთანი ატარებს, ექიმი კი შედეგებს განიხილავს. ტესტის ხანრძლივობა დაახლოებით 20-40 წუთია. არსებობს მყისიერი რეაქციის გამოსავლენი ტესტებიც – ამ დროს ცვლილებები ალერგენის შეყვანიდან რამდენიმე წუთში იჩენს თავს – და მოგვიანებითი რეაქციის გამოსავლენი ტესტებიც, როცა ცვლილებები ალერგენის შეყვანიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვითარდება.
კანის პრიკ ტესტი გამოიყენება მყისიერი ალერგიული რეაქციის გამოსავლენად. მისი საშუალებით მოწმდება მგრძნობელობა 40-მდე ალერგენზე (ყვავილის მტვერზე, ობის სოკოზე, ცხოველის ბეწვზე, მტვრის ტკიპებზე, საკვებზე). ზრდასრულებს სინჯს, წესისამებრ, წინამხარზე უკეთებენ, ხოლო ბავშვებს – ზურგის ზედა ნაწილში.
პროცედურა მტკივნეული არ არის. სინჯის გასაკეთებელ ადგილს ექთანი სადეზინფექციო ხსნარით ასუფთავებს, სავარაუდო ალერგენის შემცველ ხსნარს კანზე აწვეთებს, მერე კი კანს სპეციალური ინსტრუმენტით (ნემსით, ლანცეტით) ოდნავ კაწრავს ან ჩხვლეტს, ისე, რომ სისხლმა არ გამოჟონოს .

  • შეცდომის თავიდან ასაცილებლად

ვიდრე ტესტის შედეგებზე ვიმსჯელებთ და დასკვნებს გამოვიტანთ, უნდა დავადგინოთ, ნორმალურია თუ არა კანის მგრძნობელობა ე.წ. დადებითი და უარყოფითი კონტროლით. ამისთვის ჰისტამინისა და გლიცერინის ან ფიზიოლოგიური ხსნარის ტესტები ტარდება.
* ადამიანთა უმრავლესობის კანი ჰისტამინზე (ორგანიზმში წარმოქმნილი და ალერგიულ რეაქციებში მონაწილე ერთ-ერთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებაზე) ალერგიულად რეაგირებს. თუ ჰისტამინის ტესტის ჩატარების შემდეგ თქვენი კანი უცვლელი დარჩა, დიდი ალბათობით, ორგანიზმი არც სხვა ალერგენზე გამოამჟღავნებს რეაქციას, თუმცა ეს სრულიადაც არ გამორიცხავს თქვენს ალერგიულობას კონკრეტული ალერგენის მიმართ.
* გლიცერინი და ფიზიოლოგიური ხსნარი, ჩვეულებრისამებრ, კანზე ალერგიულ რეაქციას არ იწვევს. თუ თქვენმა კანმა მათზე რეაგირება მოახდინა, ეს ნიშნავს, რომ ზედმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ და ალერგენთა უმრავლესობის მიმართ ტესტის პასუხი, დიდი ალბათობით, დადებითი იქნება, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ მოცემული ალერგენის მიმართ ალერგიული ხართ.
ამ ტესტებს მცდარი დიაგნოზის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.
სინჯის გაკეთებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ექთანი კანზე განვითარებულ ცვლილებებს აკვირდება. თუ ტესტის პასუხი დადებითია, კანზე გაჩნდება ამობურცული, წითელი, კოღოს ნაკბენის მსგავსი მქავანა ბუშტუკი.

  • კანის ინექციური ტესტი

მას კანშიგა (ინტრადერმულ) ტესტსაც უწოდებენ. ამ დროს ალერგენის მცირე ულუფა ნემსით შეჰყავთ კანში და 15 წუთის შემდეგ კანზე განვითარებულ ცვლილებებს აკვირდებიან. ამ ტესტს მწერის შხამზე ან პენიცილინზე ალერგიის დიაგნოსტიკისთვის იყენებენ.

  • კანის აპლიკაციური სინჯი

ტესტი გამოიყენება იმ ნივთიერებების სადეტექციოდ, რომლებიც შეხების დროს კანს აღიზიანებს და კონტაქტურ დერმატიტს იწვევს. მისი საშუალებით ავლენენ ალერგიულ რეაქციებს, რომლებიც მოგვიანებით, ტესტის ჩატარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მჟღავნდება.
აპლიკაციური ტესტის ჩატარებისას ნემსი საჭირო არ არის. არსებობს სპეციალური აპლიკანტები, რომლებზეც ალერგენებია დატანილი. მათ კანზე ათავსებენ. ტესტი საშუალებას იძლევა, პაციენტი ერთდროულად 20-30 სახის ნივთიერებაზე (ლატექსზე, მედიკამენტებზე, სუნამოებზე, თმის საღებავებზე, მეტალებზე, ფისებზე) გამოიკვლიონ.
აპლიკანტს 48 საათით ამაგრებენ წინამხარზე ან ზურგზე. ამ ხნის განმავლობაში უნდა ერიდოთ ბანაობას და ისეთ საქმიანობას, რომლის შესრულების დროსაც შესაძლოა გაოფლიანდეთ. აპლიკანტის მოშორებაც ექიმის კაბინეტში ხდება. ექიმი კანზე განვითარებულ ცვლილებებს დააკვირდება და დიაგნოზს დასვამს.
კანის პრიკ ტესტისა და ინტრადერმული ტესტის პასუხებს იქვე შეიტყობთ, აპლიკაციური ტესტის პასუხები კი, როგორც ითქვა, რამდენიმე დღით დაიგვიანებს.

  • შედეგები

კანის ალერგიული სინჯის დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ ადამიანი ალერგიულია კონკრეტული ალერგენის მიმართ. გამოხატული ალერგიული რეაქციის სიძლიერე (ბუშტუკის სიდიდე) მოცემული ალერგენისადმი პაციენტის მგრძნობელობის ხარისხზე მიუთითებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ კანის ტესტები 100%-ით ჭეშმარიტი არ არის. არსებობს ალბათობა ცრუ დადებითი პასუხისა ალერგიის არარსებობისას და ცრუ უარყოფითი პასუხისა, როცა სინამდვილეში ალერგიული ხართ. ისიც შესაძლოა, ერთსა და იმავე ალერგენზე ტესტის სხვადასხვა გარემოში ჩატარებისას სხვადასხვაგვარი რეაქცია გამომჟღავნდეს.
ალერგიას მკურნალობენ მედიკამენტებით, იმუნოთერაპიით, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს, შრომისა და კვების რეჟიმის შეცვლით. საუკეთესო შედეგის მისაღებად ჩაეკითხეთ ექიმს და კარგად გაერკვიეთ დიაგნოზის არსსა და მკურნალობის გეგმაში.
სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის მართებული გეგმა ალერგიის სიმპტომების ეფექტურ მართვაში დაგეხმარებათ.

თამთა ხელიძე

გააზიარე: