ინფექციური დაავადებები
გააზიარე:
არც ისე საშიში მარშრუტი
რა გასაკვირია, ეგზოტიკის მოყვარულებს არც ქობულეთის პლაჟი იზიდავდეთ და არც სვანეთის მთები. სამაგიეროდ, შესაძლოა, ნაირ-ნაირი კოღო-ბუზით განთქმული კუნძულებისკენ გაურბოდეთ თვალი, გველის ჩაშუშულის დაგემოვნების სურვილით კბილები უკაწკაწებდეთ...
სწორედ თავგადასავლების ჟინით შეპყრობილთათვის არსებობს სავალდებულო აცრები, რომელთა გარეშე
ქვეყნიდან ფეხს ვერ გაადგამ (ამის შესახებ დაწვრილებით ჩანართში წაიკითხავთ). ახლა კი იმ ინფექციური დაავადებების ნუსხას შემოგთავაზებთ, რომლებიც ხელგაშლილი მასპინძელივით დაგხვდებათ აზიურ-აფრიკული ვოიაჟის დროს.
ქოლერა იმით არის საშიში, რომ ფაღარათი და ღებინება თუ დაგეწყო, დაკარგული სითხის მარაგის შევსება შესაძლოა ვერც კი მოასწრო. საკმარისია დაავადებულთან სიახლოვე, ჰიგიენის ნორმების უგულებელყოფა ან წყალსატევში ბანაობა, რომ 2-3 დღის შემდეგ მძიმე მოწამვლის ნიშნები იჩენს თავს. ამგვარ განსაცდელში შესაძლოა ჩაცვივდეთ ინდოეთში, ლაოსში, ინდონეზიაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, პერუში, გვატემალაში, სიერა ლეონეში, განაში, გვინეაში, ნიგერიაში...
შავი ჭირი დაგემუქრებათ ლამის ყველგან, გარდა ავსტრალიისა და ანტარქტიკისა. გამომწვევის გადამტანია რწყილი, რომელიც პარაზიტობს აქლემებზე, კურდღლებზე, ვირთხებზე... თუ ამ ნამცეცა პარაზიტმა გიკბინათ, სხეულის ტემპერატურა შესაძლოა 40 გრადუსამდე ავარდეს, დიდდება ლიმფური ჯირკვლებიც. ასე რომ, ერიდეთ ადგილებს, სადაც ეს ცხოველები ბინადრობენ.
ყვითელი ცხელება ალბათ ყველაზე “აფრიკული” ინფექციაა. საკმარისია, ვირუსმატარებელმა კოღომ გიკბინოთ, რომ 3-6 დღის შემდეგ ძლიერი ინტოქსიკაცია იჩენს თავს: სიცხე აგიწევთ, თავის ძლიერი ტკივილი აგივარდებათ, მოწითალო გამონაყარი გაგიჩნდებათ. უყურადღებობის შემთხვევაში შედეგი ფატალურია.
ანკილოსტომოზი და ნეკატოროზი ცხელ, მაგრამ ძლიერ ტენიან რეგიონებში გემუქრებათ. მისი გამომწვევი ჭიაა, რომელიც მიწაში სახლობს და ჰიგიენის ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შესაძლოა თქვენს კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდეს. პირველი ნიშანი, რომელიც ინფიცირების შემდეგ იჩენს თავს, ალერგიული გამონაყარია. მალე მას კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც მოჰყვება.
შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც მოჰკრავთ ყური ისეთ დაავადებებს, როგორებიც არისკლონორქოზი, დრაკუნკულოზი, ლოაოზი, პარაგონიმოზი, სტრონგილოიდოზი... ამ ინფექციებისგან თავის დაცვის ერთადერთი ეფექტური გზა ვაქცინაციაა, მაგრამ თუ აცრა ვერ მოახერხეთ, ჰიგიენის ნორმების დაცვას ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ. ჰო, მართლა, ყური უგდეთ გიდს, რომელიც აუცილებლად აგიხსნით ვერაგი ინფექციებისგან თავდაცვის სტრატეგიას.