სიტუაციური ამოცანები და მათი გადაჭრის გზები

გააზიარე:

ჩვენ, მშობლები, ხშირად ვხვდებით ერთნაირ სიტუაციებში. ბავშვებს ბევრი რამ აქვთ საერთო, ამიტომ გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველებიც არაერთხელ გამხდარან ქვემოთ აღწერილი სიტუაციების მთავარი თუ მეორეხარისხოვანი გმირები. როგორ ვიქცევით ამ დროს? რას და როგორ ვეუბნებით ბავშვებს? რა რეაქცია გვაქვს მათ ამა თუ იმ საქციელზე? პასუხი იმდენივე შეიძლება იყოს, რამდენი მშობელიცაა ამქვეყნად, თუმცა ამ მრავალფეროვნებაში მაინც შეიძლება საერთო ნიშნების გამოყოფა. გვინდა, სწორედ ასეთ სიტუაციებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე გესაუბროთ. ვიმედოვნებთ, ჩვენი მითითებები და რჩევები გამოგადგებათ. ყველა მათგანი აპრობირებულია და შედეგიანი.

როგორ ვიქცევით, როცა ბავშვი წაიქცევა და ტირის
ეს უსიამოვნო სიტუაცია ხშირიცაა და კანონზომიერიც. სანამ ბავშვი გამართულად სიარულს ისწავლის, მას არაერთხელ მოუწევს “მიწის მოზომვა”. მშობლები, ბუნებრივია, წუხან და ამას გადაჭარბებული თანაგრძნობით ან საყვედურებით გამოხატავენ. რისკი ორგვარია: თუ ზედმეტად თანაუგრძნობთ ბავშვს, მან შესაძლოა ისარგებლოს ამით და თქვენი ყურადღების მისაპყრობად განგებაც დაეცეს, ხოლო თუ უსაყვედურებთ, საკუთარი თავის რწმენა დაკარგოს.
თუ ბავშვი წაიქცა, მაგრამ ბევრი არაფერი დაშავებია, უბრალოდ ჰკითხეთ: “გეტკინა თუ შეგეშინდა?” ბავშვებს უმეტესად მოულოდნელი სიტუაციისა უფრო ეშინიათ ხოლმე ან არ იციან, რა რეაქცია მოჰყვება ამას და განცდებს ხმამაღალი ტირილით გამოხატავენ. ამ დროს მოუყევით, როგორ დაეცით თავად თქვენ ან მისი მამიკო ბავშვობაში და როგორ გააგრძელეთ თამაში.

ჩაცმის ხელოვნება
სამი წლიდან დგება პერიოდი, რომელიც “3 წლის კრიზისის” სახელითაა ცნობილი. ეს პიროვნების ფორმირების პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ამ დროს ბავშვი ცდილობს, დამოუკიდებლად გაართვას თავი სირთულეებს, ითხოვს მოქმედების თავისუფლებას, ხშირად ჯიუტობს და სურვილების დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვს. შესაძლოა, თავადაც აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ძალიან გეჩქარებათ სადღაც, ბავშვი კი ნელა, აუჩქარებლად, ზოზინით ემზადება და თქვენს ხვეწნა-მუდარას ჩირადაც არ აგდებს. ამ დროს მოთმინებით ლოდინს, როდის დაასრულებს პატარა ჩაცმას, აზრი არ აქვს. უმჯობესია, ბანალური სიტუაციის მოულოდნელი “სიტყვიერი შეტევით” განეიტრალება სცადოთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ სთხოვოთ ბავშვს: “მოდი, მე ჩაგაცმევ”, – სწრაფად და ომახიანად უთხარით: “ხელები წინ (ან ხელები უკან, ან ხელები ზევით)” და “ბრძანების” შესრულებისთანავე დაიწყეთ “ოპერაცია “სწრაფი ჩაცმა”. ეს ნაცადი მეთოდია, მოულოდნელობის ეფექტი ნამდვილად ჭრის.

დროის ლიმიტი
ერთმა მშობელმა ასეთი რამ მოვისმინე: “როცა მინდა, ბავშვმა სწრაფად გააკეთოს რაღაც, ვეუბნები: “აბა, ვითვლი ათამდე”, – და მართლაც ვიწყებ თვლას. ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცევი თვლის დასრულების შემდეგ – არ მახსოვს, დროის ლიმიტისთვის გადაეჭარბებინოთ”. მეთოდი ნამდვილად ქმედითია და მისი გამოყენება ხშირად არა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში მართლაც შეიძლება. კარგი იქნება მეთოდის “მოდიფიცირება”. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ წამმზომი („წამმზომი ჩართულია – 30 წამში უნდა მოასწრო თასმის შეკვრა...”), მუსიკა (“სანამ მუსიკა ისმის, უნდა მოასწრო სათამაშოების აკრეფა...”), ტაში (“სანამ ტაშს ვუკრავ, უნდა მოასწრო...”) და ა.შ. ბავშვები აუცილებლად დააფასებენ ამ მხიარულ თამაშს.

რიტუალი
ყველამ კარგად იცის, რომ ტკბილეული, გაზიანი სასმელები და სხვა სასუსნავი ბავშვის ჯანმრთელობისთვის მავნე უამრავ ნივთიერებას შეიცავს. როგორ მოვიქცეთ, რომ მუდმივ აკრძალვებს თავი ავარიდოთ? თავდაპირველად, ცხადია, გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ზოგიერთი მშობელი საკუთარი რაციონიდანაც იღებს ასეთ პროდუქტებს და ბიო- და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ბავშვს, გარდა ოჯახისა, სოციუმთანაც აქვს ურთიერთობა, ამიტომ ეს მეთოდი საკმაოდ დიდ ძალისხმევას, თანმიმდევრულობას და პრინციპულობას მოითხოვს. თუ წინააღმდეგი არ ხართ, ბავშვმა ზოგჯერ მაინც გაუსინჯოს გემო სასუსნავს, დააწესეთ “ტკბილეულის დღე” და მორიგ თხოვნაზე: “შოკოლადი მინდა”, – მშრალი უარის ნაცვლად შეახსენეთ: “დღეს ტკბილეულის დღე არ არის. ორი დღეც მოითმინე და დადგება”. ამ შემთხვევაში ბავშვს აკრძალვა ნაკლებად გააღიზიანებს.

“მარტოც მშვენივრად ვერთობით...”
თვითკმარი, საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანისთვის მარტოობა მტკივნეული არ არის. მარტოობის შიში მათთვისაა დამახასიათებელი, ვისაც თავდაჯერება აკლია. ამიტომ დროგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან საკუთარ თავთან თამაში ისწავლოს და მარტო ყოფნას მიეჩვიოს. ეს ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებას. წინასწარ შეუთანხმდით ბავშვს იმის თაობაზე, რომ გარკვეული ხნის მარტო გატარება მოუწევს. სთხოვეთ, შეარჩიოს სათამაშოები, წიგნები, ნივთები, რომლებითაც, მაგალითად, ნახევარი საათის (ან, ასაკის გათვალისწინებით, უფრო მეტი ან ნაკლები ხნის) განმავლობაში დამოუკიდებლად გაერთობა. აუხსენით, რომ თქვენც საქმე გაქვთ და მისივე თვალთახედვის არეში შეუდექით მუშაობას ან კითხვას (ტელევიზორის ყურება არ არის რეკომენდებული, რადგან ბავშვმა მაგალითი თქვენგან უნდა აიღოს).
საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ.

ახალი გემო
ხდება ხოლმე, რომ ბავშვი რომელიღაც საკვებს ამოიჩემებს და სხვა კერძის გასინჯვა არაფრით არ უნდა. მშობლები ასეთ დროს ან ხელს ჩაიქნევენ და აღარც კი სთავაზობენ სხვა საკვებს, ან დაძალებაზე გადადიან, რაც სრულიად უსარგებლო და მეტიც – მიუღებელი მეთოდია. გთავაზობთ ასეთი რიტუალის შემოღებას: კვირაში ერთხელ წაიყვანეთ ბავშვი ბაზარში და საკუთარი ხელით აარჩევინეთ ორი ან სამი ისეთი ხილი ან ბოსტნეული, რომელიც აქამდე არ გაუსინჯავს, შინ დაბრუნების შემდეგ კი ისიც ჩართეთ კერძის მომზადების პროცესში. მოიფიქრეთ ახალი რეცეპტები, გადაიღეთ მომზადების პროცესი (“გამოცდილი კულინარი მაყურებელს თავისი კერძების საიდუმლოს ანდობს”). შეიძლება რამე სხვა თამაშის მოფიქრებაც, მაგალითად, შესთავაზეთ ბავშვს, მოძებნოს დახლებზე წითელი, ყვითელი ან რომელიმე სხვა ფერის ხილ-ბოსტნეული.

“ამიყვანე!”
სეირნობისას ბევრი ბავშვი ითხოვს ხელში აყვანას. თუ პატარას სიარულის ახლებურ მანერას შესთავაზებთ, ის აუცილებლად აგყვებათ თამაშში. მე და ჩემმა შვილმა, მაგალითად, მოვიფიქრეთ სირბილის სახეობა, რომელსაც “ჩვენი სკუპ-სკუპი” დავარქვით. მართალია, გამვლელების გაოცებული მზერა მიგვაცილებდა ხოლმე, მაგრამ ჩვენ შესანიშნავად ვერთობოდით. შეგიძლიათ, “ჯარისკაცებივით სიარული” სცადოთ ან წარმოსახვით გუბეებს გადაახტეთ, პინგვინებივით იბაჯბაჯოთ ან ასკინკილათი ირბინოთ. ასე თამაშ-თამაშით დანიშნულების ადგილსაც მიაღწევთ და სხეულსაც გაავარჯიშებთ, რაც ნებისმიერ ასაკში კარგია.

ერთი მსახიობის სპექტაკლი
ბავშვებს ზოგჯერ აგრესიის უმიზეზო გამოხატვა სჩვევიათ: კბენა, თმის მოქაჩვა... ასეთ დროს მშობლებსაც გვარიანად ხვდებათ. თავიდანვე სწორი პოზიციის დაკავება, სწორად რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ერთხელ მაინც ვაქცევთ ბავშვის აგრესიას გასართობად (“ვითომ ვტირი”, “ვითომ ძალიან მეტკინა” და ა.შ.), პატარა იფიქრებს, რომ მისი ასეთი საქციელი მართლა სახალისოა და მომავალშიც გაიმეორებს. ამ დროს სწორედ ის რეაქცია უნდა გამოვხატოთ, რაც რეალურად შეიძლება გამოიწვიოს ძალადობამ; ავუხსნათ პატარას (წლის ბავშვიც კი, თუ სიტყვების მნიშვნელობას ვერა, ინტონაციასა და განწყობას მაინც მიგიხვდებათ), რომ გეტკინათ, არ მოგწონთ, მიუღებელია; მისი ხელები მოვიშოროთ და ტირილს ყურადღება არ მივაქციოთ.

ნინო ლომიძე

გააზიარე: