არის კონტაქტი?
გააზიარე:
სიცოცხლის პირველ წუთს ექიმები ოქროს წუთს უწოდებენ. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ უდიდესწილად სწორედ ამ სამოც წამზეა დამოკიდებული ბავშვის ჯანმრთელობა. შეგახსენებთ: ეს უკანასკნელი არა მხოლოდ დაავადების არარსებობას, არამედ სრულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას გულისხმობს.
ფსიქიკურ განვითარებას საფუძველი სწორედ სიცოცხლის პირველ წუთებში ეყრება – მაშინ, როდესაც პატარა ცხოვრების სრულიად განსხვავებულ ეტაპზე გადადის, დედის წიაღის დასატოვებლად და სამყაროსთან შესახვედრად ემზადება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს შეხვედრა მაშინ იქნება სრულფასოვანი, თუ დედა-შვილს შორის დარღვეული კავშირი დაუყოვნებლივ აღდგა. ამის საუკეთესო საშუალება კი კანით კანთან კონტაქტია. სწორედ მის შესახებ ვესაუბრეთ პედიატრიული კლინიკა “გლობალმედის” ხელმძღვანელს ქეთევან ნემსაძეს.
- კარგად დავიწყებული ძველი
– საინტერესოა, როდის და როგორ გაჩნდა იდეა, ახალშობილი დედის მკერდზე დაეწვინათ.
– სანამ მედიკალიზაცია მოხდებოდა, კაცობრიობა კანით კანთან კონტაქტს ახორციელებდა. ანტიკურ ეპოქაში ვერ ნახავთ მშობიარობის ამსახველ ვერც ერთ ნახატს, ეს კავშირი რომ არ ჩანდეს. “კუპიდონის დაბადება” ანტიკური ხანის ცნობილი ნახატოა. მასზე ცხადად ჩანს, ჭიპლარგადაუჭრელი ბავშვი როგორ წევს დედის მკერდზე, ირგვლივ კი მეგობრული გარემოცვაა. ასე რომ, ამაში არაფერია ახალი. თუმცა ძველად ამას გაუცნობიერებლად აკეთებდნენ, დღეს კი მტკიცებულებებით შეგვიძლია დავასაბუთოთ კანით კანთან კონტაქტის უდიდესი მნიშვნელობა. დადგენილია, რომ თუ დედა-შვილის ურთიერთმიჯაჭვულობა თავიდანვე სწორად ყალიბდება, ბავშვი გაცილებით ნაკლებს ავადმყოფობს და ჰარმონიულად ვითარდება. მიჯაჭვულობის აუცილებელი ელემენტები კი სწორედ კანით კანთან კონტაქტი და ძუძუთი კვებაა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორების ანალიზის თანახმად, ბავშვები, რომლებთანაც კანით კანთან კონტაქტი განხორციელდა და რომლებიც თავიდანვე ძუძუს წოვდნენ, უფრო დამოუკიდებლები არიან და 10%-ით მაღალი აქვთ ინტელექტუალური შესაძლებელობები. საქართველოში ვერ ვხედავ დამოუკიდებლობის, პიროვნების თავისუფლების იმ ხარისხს, რომელიც დედა-შვილის სწორი ურთიერთმიჯაჭვულობის შემთხვევაში იქნებოდა. ამის კვალობაზე, მიგვაჩნია, რომ მოსახლეობამ დიახაც დაკარგა უკეთესი განვითარების საშუალება.
- ბრძოლა ჩასახლებისთვის
– სახელდობრ რატომ არის აუცილებელი კანით კანთან კონტაქტის განხორციელება?
– მრავალი მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ბავშვი სრულიად სტერილური იბადება. მისი კანი და ლორწოვანი მზად არის მიკრობების ჩასასახლებლად. სასურველია, ბავშვის ორგანიზმში დედის მიკრობები ჩასახლდეს, რადგან მთელი ორსულობის განმავლობაში ნაყოფი დედისგან სწორედ მათ საწინააღმდეგო ანტისხეულებს იღებდა. მაშასადამე, მას აქვს იმუნიტეტი სწორედ ამ მიკრობების მიმართ.
კანს ახასიათებს კონკურენტული კოლონიზაცია, იგივე კოლონიზაციური ტოლერანტობა – თუ იქ კონკრეტული მიკრობი ჩასახლდა, სხვა ვეღარ ჩასახლდება. სამედიცინო პერსონალი სააავამდყოფოსშიდა მიკრობების მატარებელია. ეს მიკრობთა ყველაზე მძიმე შტამებია, რეზისტენტული იმ ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებსაც საავადმყოფოში იყენებენ, მაშასადამე, ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკების მიმართ. ჰოსპიტალური შტამებით დასნებოვნებას ყველა გაურბის. ჩვენ კი ახალშობილს, თუ დედასთან არ დავაწვინეთ, ამისთვის საუკეთესო პირობებს შევუქმნით. სწორედ კანით კანთან კონტაქტი იცავს პატარას საშიში მიკრობების ჩასახლებისგან.
- დედის სითბო
– ბავშვი სველია, ჯერჯერობით არ აქვს ჩამოყალიბებული თერმორეგულაციის ცენტრი. 38-გრადუსიანი ცხელი წყლიდან ის მინიმუმ 25-გრადუსიან გარემოში ამოგვყავს. მისთვის ეს ძალიან დიდი კონტრასტია, ამიტომ შესაძლოა, მისმა ორგანიზმმა გაძლიერებულად მოიხმაროს გლუკოზა და ჰიპოგლიკემია განუვითარდეს. დედა საუკეთესო თერმოსტატია. ის უნარჩუნებს პატარას სითბოს. საკმარისია, ახალშობილს პლედი გადავაფაროთ, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება აღარ გაუჭირდება და, ამის კვალობაზე, ჰიპოგლიკემიისგანაც დაცული იქნება.
- დედის მკერდზე
– მოგეხსენებათ, ნაყოფს მთელი ორსულობის განმავლობაში ესმის დედის ხმა, მისი გულისცემა. ეს არის მისთვის სასურველი, კომფორტული გარემო. დედასთან განშორება ახალშობილისთვის დიდი სტრესია. თავად განსაჯეთ: ის ერთბაშად ხვდება ახალ რეალობაში, სადაც განსხვავებული ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლეა. მისთვის აქ ყველაფერი ახალია. მან წამებში უნდა მოახერხოს ამ ცვლილებებთან ადაპტირება. ამ დროს დამატებითი სტრესი, დედასთან განშორება, ნამდვილად შეუშლის ხელს მის სრულფასოვან განვითარებას. ეს ლიტონი სიტყვები არ გახლავთ – დადგენილია, რომ ბავშვი უსაფრთხოებას მხოლოდ დედის მკერდზე გრძნობს. დედასთან განშორებით გამოწვეული სტრესი ახალშობილის ორგანიზმში კორტიზოლის გამომუშავებას ასტიმულირებს, კორტიზოლი კი ტოქსიკური ჰორმონია და ტვინის შეუქცევად დაზიანებას იწვევს. ესე იგი დედასთან განშორებით პატარას სიცოცხლის პირველივე წუთებში დამოუკიდებლობის შიშის ჩავუსახავთ. მეცნიერები ვადაუდობენ, რომ ზრდასრულ ასაკში მანიაკური შიშები შესაძლოა სწორედ ახალშობილობის პერიოდში დედასთან განშორებით იყოს განპირობებული. ასე რომ, კანით კანთან კონტაქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური განვითარებისთვისაც.
- ვითვლით განშორების წუთებს
– რამდენ ხანს უნდა იწვეს ახალშობილი დედის მკერდზე?
– კანით კანთან კონტქატი არ უნდა გაგრძელდეს 30 წუთზე ნაკლებ ხანს. სხვათა შორის, ეს კითხვა ხშირად ისმის. ჩვენ ის კი არ უნდა დავითვალოთ, რამდენ ხანს წევს ახალშობილი დედის მკერდზე, არამედ ის, რამდენი ხნით შორდება პატარა დედას, ვინაიდან ეს, როგორც გითხარით, მისთვის ძლიერი სტრესია.
– როგორია სწორი კონტაქტი?
– ახალშობილი უნდა გაამშრალონ, მოაშორონ სველი საფენი და თუ დადებითად შეფასდა, ესე იგი დადასტურდა კარგი კუნთთა ტონუსი, ვარდისფერი კანი და ადეკვატური სუნთქვა, ის მაშინვე უნდა დააწვინონ დედის მკერდზე. ყველა შემდგომი მანიპულაცია, მათ შორის – ჭიპლარის გადაკვეთაც, აქვე უნდა ჩატარდეს. ასე უნდა გაგრძელდეს 30-60 წუთი, თუ შესაძლებელია, მეტიც და თუ დედაც და შვილიც კომფორტულად გრძნობენ თავს, აქვე უნდა განხორციელდეს ძუძუთი პირველი კვება.
- გემრიელი სადილი დამღლელი მოგზაურობის შემდეგ
– როდის უნდა მოვაწოვოთ პატარას პირველად ძუძუ?
– ბავშვი თვითონ მიგვანიშნებს, როდესაც ამისთვის მზად არის – მას სცემს რძის სუნი, აღებს პირს, ეძებს ძუძუს. თუ მშობიარობა არამედიკალიზებულია, შესაძლოა, თვითონაც მივიდეს ძუძუსთან, თუ არადა უნდა დავეხმაროთ.
- პირველი კვება, პირველი აცრა...
– ქალს თავდაპირველად რძე არ აქვს. საკმარისია ხსენი ბავშვის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად?
– ახალშობილს არ სჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე ხსენია. მისი კუჭი ჯერ გაუშლელია და დიდი რაოდენობით საკვების მისაღებად მზად არ არის. ზოგიერთ ნეონატოლოგს მიაჩნია, რომ ხსენი, მით უმეტეს – პირველ დღეებში, როცა ჯერ კიდევ ცოტაა, ბავშვის მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს. სინამდვილეში ახალშობილმა საკვები სწორედ იმ მზარდი რაოდენობით უნდა მიიღოს, როგორითაც წარმოიქმნება. ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ხელოვნური საკვები. თუ ვინმე ასე იქცევა, ეს საკვების მწარმოებელი კომპანიების აგრესიული მარკეტინგისა და ნეონატოლოგების კორუფციის შედეგია.
ბუნება ჩვენზე გაცილებით ჭკვიანია. ხსენი შეიცავს ღეროვან უჯრედებს. ეს ის უჯრედებია, რომლებიც ნაყოფმა მუცლად ყოფნის პერიოდში მიაწოდა დედას, ახლა კი დედა უკანვე უბრუნებს მათ ხსენის საშუალებით. მოგეხსენებათ, რა ძვირი სიამოვნებაა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. ხსენის საშუალებით კი ბავშვი მათ უფასოდ იღებთ. გარდა ამისა, ხსენი შეიცავს უამრავ ანტისხეულს, რომლებიც პატარას მიკრობული სამყაროს შემოტევისგან იცავს. მაშასადამე, ხსენია პირველი საკვები, პირველი ვაქცინა და პირველი საშვი გარე სამყაროში.
- დედის მაგიერ
– თუ ახალშობილი საკეისრო კვეთის გზით დაიბადა ან რაიმე სხვა მიზეზით დედასთან მისი მიყვანა შეუძლებელია, კანით კანთან კონტაქტი მამასთან უნდა განხორციელდეს. ამ შემთხვევაში მიკრობული კოლონიზაცია დედის მსგავსი იქნება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიჯაჭვულობა მამაკაცებს ქალებზე ნაკლები აქვთ და ნაყოფიც უფრო მეტად დედას ხმასა თუ სხეულს ცნობს.
ვუბრუნდებით ძველს
– დააკვირდით: რაც უფრო წინ მიდის მედიცინა, მით უფრო მეტად დაისმის აქცენტი დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნის აუცილებლობას. თანამედროვე ნეონატალური განყოფილებებიც კი ისეა მოწყობილი, რომ ეს კავშირი ზედმიწევნით იქნეს შენარჩუნებული. საქართველოში ნეონატალური სამსახური არასწორად არის მოწყობილი – ახალშობილთა განყოფილებები გახსნილია იქ, სადაც არ არის პერინატალური ცენტრები, ეს ეიგი დედას სხვა კლინიკაში უწევს მკურნალობა, ბავშვს – სხვაში. ამ კუთხით ნამდვილად მისასალმებელია პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წამოიწყო – მძიმე ორსული სამშობიაროდ ისეთ დაწესებულებაში გადაიგზავნება, სადაც არის როგორც ორსულის მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა თუ მედპერსონალი, ისე დღენაკლი თუ მძიმე ახალშობილის მოვლის პირობებიც. ეს ხელს შეუწყობს დედისა და შვილის ერთად ყოფნას და დადებითად იმოქმედებს ორივე მათგანზე.
ორგანიზმის ჰარმონიული განვითარება პროცესია, რომლის არც ერთი რგოლი არ უნდა გაწყდეს. კანით კანთან კონტაქტი, ძუძუთი კვება, 6 თვის ჩათვლით – ექსკლუზიურად, ორ წლამდე კი – დამატებითი კვების ფონზე, დედასთან ახლო ურთიერთობა – ამ ჯაჭვის სწორედ ის რგოლებია, რომლებიც ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის არის აუცილებელი. სრულფასოვნად განვითარებული ბავშვი კი ქვეყნის ძლიერების საწინდარია.
გვანცა გოგოლაძე