იმუნიზაცია – მითი და სინამდვილე

გააზიარე:

ვაგრძელებთ იმუნიზაციაზე საუბარს. მოდი, გავიგოთ, როდის უნდა გავუკეთოთ ბავშვს ესა თუ ის აცრა, როდის არის უკუნაჩვენები ვაქცინაცია და მართებულია თუ არა მის შესახებ გავრცელებული მოსაზრებები.

ნუ დააგვიანებთ!

იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში კარგად ჩანს, როდის უნდა გაკეთდეს ესა თუ ის აცრა. ვაქცინაციის დროის მოახლოებას პედიატრი ან მედდაც შეგახსენებთ. აცრების დროულად გაკეთებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისინი ისეა დაგეგმილი, რომ სრულყოფილი იმუნიტეტის ჩამოყალიბება უზრუნველყოს. გარდა ამისა, დროული ვაქცინაციის დროს მინიმალურია გართულებების რისკი.

ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
მიზეზთა გამო აცრა შესაძლოა დაგვიანდეს, მაგრამ მისი სულ მთლად გამოტოვება არ შეიძლება. თუ დაგეგმილ დროს აცრის გაკეთება ვერ მოხერხდა, ექიმს დაუკავშირდით – ის თავად შეგირჩევთ იმუნიზაციისთვის ოპტიმალურ დროს. აქვე – ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილებაც: ნუ გამოტოვებთ ვაქცინაციას უმიზეზოდ, იმის იმედით, რომ აცრის გაკეთება მომავალშიც შეიძლება. გახსოვდეთ: მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვი დაავადებისგან დაუცველია.

როდის არ შეიძლება აცრა?
არის შემთხვევები, როცა იმუნიზაცია უკუნაჩვენებია. ასეთ დროს აცრა ან საერთოდ იკრძალება, ან გარკვეული ხნით გადაიდება.
ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციის უკუჩვენებაა:
* მძიმე ალერგიული რეაქცია ან გართულება (ანაფილაქსიური შოკი, კოლაფსი, ენცეფალოპათია ან ენცეფალიტი, კრუნჩხვა ტემპერატურული ფონის გარეშე) ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
* საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება მკაფიოდ გამოხატული კლინკური ნიშნებით – ტემპერატურით ან მის გარეშე (ვაქცინაცია არ ტარდება გამოჯანმრთელებამდე).
ნებისმიერი ტიპის ცოცხალი ვაქცინის უკუჩვენებებია:
* კორტიკოსტეროდების დიდი დოზებით, ანტიმეტაბოლური ან მაალკილირებადი პრეპარატებით მკურნალობა, სხივური თერაპია, ლეიკოზი, ლიმფომა, ორსულობა, სიმსივნური დაავადებები, სიმპტომური ან უსიმპტომო შიდსი.
სისხლის ან სისხლის სხვა პროდუქტების ხშირი გადასხმის შემთხვევაში ვაქცინაციის ჩატარების საკითხს და ვადებს წყვეტს ექიმი.
გარდა ამისა:
* ტუბერკულოზის (BCG) ვაქცინაცია უკუნაჩვენებია აივ ინფექცია`შიდსის დროს, დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველასი (დტყ) – ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებებისა და ფებრილური გულყრების ისტორიის (ვაქცინაცია ტარდება ყივანახველას კომპონენტზე) დროს, ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებზე მძიმე ალერგიული რეაქცია და კვერცხის ცილაზე ანაფილაქსიური რეაქცია კი წითელა-წითურა-ყბაყურას აცრისთვის წარმოადგენს უკუჩვენებას.
გახსოვდეთ: არც ერთი სხვა მდგომარეობა იმუნიზაციის უკუჩვენება არ არის!

ნუთუ მართლა არ შეიძლება?

მიუხედავად ზემოთქმულისა, საზოგადოებაში არსებობს იმუნიზაციის უკუჩვენებათა “ალტერნატიული სია” – იმ მდგომარეობათა ჩამონათვალი, რომელთა დროს ხშირად ექიმებიც კი ვაქცინაციისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. მაგალითად, ინფიცირებულთან კონტაქტი ახლო წარსულში, ვაქცინაციის წინა დოზაზე გამოხატული ადგილობრივი რეაქცია, დიარეა. სიმართლე ასეთია: ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ბავშვის აცრა თამამად შეიძლება. ჩამოთვლილ მდგომარეობებს კი ცრუ უკუჩვენებებს უწოდებენ.
ცრუ უკუჩვენებათა რიცხვს მიეკუთვნება:
* სუსტი ან ზომიერი ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე;
* სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (ცერებრული დამბლა, გონებრივი ჩამორჩენილობა, კონტროლირებადი კრუნჩხვები);
* ანემია;
* ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;
* ალერგიული დაავადებები – ასთმა, პოლინოზი, ეგზემა, დიათეზი (გამონაკლისია მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან მის კომპონენტზე,);
* განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
* დისბაქტერიოზი;
* დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
* ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ახლო წარსულში ან მცირე ხნის წინ გადატანილი ინფექციური დაავადება;
* პერინატალური ენცეფალოპათია;
* დღენაკლულობა;
* აუტოიმუნური დაავადება;
* ძუძუთი ან ხელოვნური კვება.

მითები და რეალობა
ცრუ უკუჩვენებები იმუნიზაციასთან დაკავშირებული ერთადერთი მითი არ გახლავთ – არსებობს არაერთი სხვა მცდარი მოსაზრებაც, მაგალითად:
* სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა საკმარისია ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
სინამდვილეში: თუ იმუნიზაციას შევწყვეტთ, ვაქცინით მართვადი დაავადებები ხელახლა იფეთქებს. ხელების ბანა ეპიდემიისგან ვეღარ დაგვიცავს.
* ვაქცინები საშიშ და გრძელვადიან გვერდით ეფექტებს იწვევს, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
სინამდვილეში: ვაქცინები უსაფრთხოა. აცრის გვერდითი ეფექტები უმეტესად უმნიშვნელოა. წესისამებრ, ეს არის დროებითი რეაქცია, მაგალითად, ტკივილი აცრის ადგილას ან ტემპერატურის მომატება. მძიმე გვერდითი ეფექტები გაცილებით იშვიათია და ამჟამად მათი დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. საფრთხე აუცრელობის შემთხვევაში გაცილებით მეტია, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ. მაგალითად, პოლიომიელიტი დამბლას იწვევს, წითელა – ენცეფალიტსა და სიბრმავეს, ვაქცინით მართვადი ზოგიერთი დაავადება კი სასიკვდილიც შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, ვაქცინაციის სარგებელი საგრძნობლად აჭარბებს პოტენციურ რისკს. მის გარეშე იმატებს ავადობა, ინვალიდობა და სიკვდილობა.
* არ არის საჭირო იმ აცრების გაკეთება, რომელთა მიერ მართული დაავადებებიც ჩვენს ქვეყანაში არ არის გავრცელებული ან იშვიათია.
სინამდვილეში: მართალია, მრავალ ქვეყანაში ვაქცინით მართვადი დაავადებები გაიშვიათდა, მაგრამ მათი გამომწვევები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ცირკულირებას განარძობს. სამწუხაროდ, მიკრობები საზღვრებს არ ცნობენ და ნებისმიერ დროს შეიძლება გვეწვიონ შინ. მაგალითად, 2005 წლის შემდეგ დასავლეთ ევროპის არავაქცინირებულ მოსახლეობაში წითელამ იფეთქა. ეპიდემია შეეხო ავსტრიას, ბელგიას, დანიას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, შვეიცარიას, გაერთიანებულ სამეფოს. ასე რომ, ამ დაავადებებისგან დაზღვეული არავინ არის, მათ შორის – არც განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა. მით უმეტეს – ისეთი ქვეყნებისა, რომლებსაც განვითარებამდე ბევრი აკლია. მაშასადამე, ვაქცინა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობისთვის კი არ არის საჭირო, არამედ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს.


* ვაქცინით მართვად დაავადებებთან გამკლავება აუცრელადაც შეიძლება.
სინამდვილეში: ერთი შეხედვით შესაძლოა ასეც მოგეჩვენოთ, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მაგალითად, წითელა, წითურა და ყბაყურა არც ისეთი უწყინარია, როგორიც მავანს ჰგონია. თავად განსაჯეთ: მათ შეუძლიათ ენცეფალიტის, მძიმე პნევმონიიის, სიბრმავის, დიარეის, ყურის ინფექციების, თანდაყოლილი წითურას სინდრომისა და სიკვდილის გამოწვევაც კი. აღარაფერს ვამბობთ ტუბერკულოზზე, პოლიომიელიტზე, B ჰეპატიტზე, დიფტერიაზე, ტეტანუსზე...
* ერთზე მეტი აცრის ერთდროულად გაკეთებამ შესაძლოა გვერდითი ეფექტების რისკი გაზარდოს ან იმუნური სისტემა დააზიანოს.
სინამდვილეში: მეცნიერული კვლევების თანახმად, ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის შეყვანა არ ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების ან მათი უფრო მძიმე ფორმით გამოვლენის რისკს. ბავშვებს ყოველდღე უწევთ ათასობით უცხო ნივთიერებასთან შეხება, რომლებიც იმუნურ რეაქციას იწვევს. ისეთი მარტივი აქტის შედეგადაც კი, როგორიც საკვების მიღებაა, ორგანიზმში უამრავი ანტიგენი აღწევს. ურიცხვი მიკრობი ცხოვრობს პირისა და ცხვირის ღრუში. გაციების შემდეგ კი ბავშვის იმუნურ სისტემას უფრო მეტ ანტიგენთან უწევს შერკინება, ვიდრე იმუნიზაციის შედეგად. ასე რომ, ერთდროული იმუნიზაცია საშიში არ არის, პირიქით, აცრების შემდეგ ექიმთან უფრო იშვიათად მოგიწევთ სიარული, რაც დროისა და თანხის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.
* დაავადების შედეგად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ვაქცინაციის შედეგად ჩამოყალიბებულს სჯობია
სინამდვილეში: ვაქცინა ფაქტობრივად ისეთსავე იმუნურ პასუხს აღძრავს, როგორსაც თავად დაავადება, თუმცა აცრა არ იწვევს დაავადების განვითარებას და, შესაბამისად, არც გართულებებს. მისგან განსხვავებით, ავადმყოფობამ იმუნიტეტთან ერთად შესაძლოა გონებრივი ჩამორჩენილობა ან თანდაყოლილი დეფექტები დაგვიტოვოს, ხოლო უარეს შემთხვევაში სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
* ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საშიშ ვერცხლისწყალს შეიცავს.


სინამდვილეში: თიომერსალი ორგანული ნივთიერებაა, რომელიც მართლაც შეიცავს ვერცხლისწყალს და როგორც კონსერვანტი, ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში შედის. ის ყველაზე გავრცელებული კონსერვანტია და გამოიყენება უმთავრესად იმ ვაქცინებისთვის, რომლებიც ფლაკონებში ინახება და რამდენიმე დოზისგან შედგება. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ თიომერსალი ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს.
* ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს.
სინამდვილეში: ეს მოსაზრება პირველად 1998 წელს გამოქვეყნდა ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის შესახებ, მაგრამ ნაშრომში მალევე აღმოაჩინეს სერიოზული შეცდომები. მიუხედავად ამისა, სტატიამ მაინც გამოიწვია პანიკა, რის შედეგადაც იმუნიზაციისთვის მიმართვამ საგრძნობლად იკლო. ექსპერტთა მტკიცებით, არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომლებიც აუტიზმსა და ვაქინაციას შორის შესაძლო კავშირს დაადასტურებს.
* დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას კომბინირებული ვაქცინა (დტყ) და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ლაქტაციაზე მყოფ ბავშვებში უეცარი სიკვდილის სინდრომს იწვევს.
სინამდვილეში: არ არსებობს არავითარი კავშირი აცრებსა და ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს შორის. მათ შორის ერთადერთი საერთო ის გახლავთ, რომ აღნიშნული ვაქცინა იმ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს უკეთებენ, რომელშიც აღნიშნული სინდრომი გვხვდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უეცარი სიკვდილის სინდრომის სტატისტიკა ემთხვევა ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფს, თუმცა ის აცრის გარეშეც განვითარდებოდა.

ახლა თქვენ გაცილებით მეტი იცით იმუნიზაციის შესახებ. იცით ისიც, როდის აცრათ ბავშვი და როდის შეიკავოთ თავი ვაქცინაციისგან. ისღა დამრჩენია, შეგახსენოთ: აცერი და დაიცავი!

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: