მხედველობის ასაკობრივი პრობლემები

გააზიარე:


თვალი უნიკალური ორგანოა – ჩვენ ხომ მხოლოდ მისი წყალობით ვახერხებთ გარემოს მშვენიერების აღქმას!
უდავოა, თვალისჩინს გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ, მიუხედავად სიფრთხილისა, ხდება ხოლმე, რომ მხედველობა უარესდება. ნეგატიური ცვლილებები უმეტესად ასაკთან ერთად იჩენს თავს.
მხედველობის ასაკობრივ პრობლემებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პეტრიაშვილი

თვალის დაავადებები, საზოგადოდ, გაახალგაზრდავდა. ამის მიზეზია არასახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობა, უხარისხო საკვები, ქიმიურ ნივთიერებებთან ხშირი კონტაქტი...
მხედველობის დარღვევები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს, შესაძლოა რამდენიმე ჯგუფად დავყოთ.  პირველია ასთენოპიური სინდრომი. ის უპირატესად  35-40 წლის შემდეგ ყალიბდება, ვლინდება მხედველობის გადაღლით, თვალების ხშირი წვით და საბოლოოდ მხედველობის გაუარესებამდე მივყავართ.
წინათ ასთენოპიური სინდრომი თითქმის არ არსებობდა. მისი გახშირება კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას, ტელევიზორის საათობით ყურებას უკავშირდება. ასეთივე ცვლილებები შესაძლოა წიგნის ხანგრძლივმა კითხვამაც გამოიწვიოს. ამიტომ არის, რომ რედაქტორები ხშირად უჩივიან ასთენოპიურ სინდრომს.
მხედველობითი აღქმისას თვალის ოპტიკური ორგანოს ერთ-ერთი ელემენტი, ბროლი, რომელსაც წამწამოვანი (ცილიარული) კუნთები იჭერს, ფორმას იცვლის. ახლო საგანზე, მაგალითად, წიგნზე მზერის დაფიქსირების დროს კუნთები დუნდება, ბროლი სქელდება, რაც, თავის მხრივ, გარდატეხის კუთხის ცვლილებას იწვევს. ხანგრძლივი კითხვა კუნთებს იმდენად ღლის, რომ შორეულ საგანზე მზერის გადატანისას მხედველობის ფოკუსირებას ჯეროვნად ვეღარ ვახერხებთ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დიდხანს კითხვის შემდეგ თუ თვალები არ დავახამხამეთ, შორს მდებარე საგანზე მზერის გადატანა გვიჭირს.
ასთენოპიური სინდრომის ჩამოყალიბებას ისიც უწყობს ხელს, რომ კითხვისა და მონიტორის ყურების დროს თვალი, ფაქტობრივად, გაშეშებულია და ლორწოვანზე მტვერი უხვად ხვდება.
რა ვიღონოთ ასთენოპიური სინდრომის თავიდან ასაცილებლად? პირველ ყოვლისა, თავი ვარიდოთ ფაქტორებს, რომლებიც ამ სინდრომის ჩამოყალიბებას იწვევს. გირჩევთ, დიდხანს ნუ იმუშავებთ კომპიუტერთან, საათობით ნუ უყურებთ ტელევიზორს, ერიდეთ დიდხანს კითხვას. დაიხსომეთ: კომპიუტერთან 15-წუთიანი მუშაობის შემდეგ თვალი 5 წუთით უნდა დაასვენოთ, თუ ერთი საათი მოგიწიათ მუშაობა – 15 წუთით და ასე შემდეგ. ამასთანავე, შეძლებისდაგვარად ერიდეთ მტვრიან, კვამლით სავსე ოთახში ყოფნას.
დღეს ბევრი უჩივის თვალის გამოშრობას. არც ისე დიდი ხნის წინათ მშრალი თვალის სინდრომიც იშვიათობა გახლდათ, დღესდღეობით კი მეტად გავრცელებული პრობლემაა. ამ დროს ცრემლის გამოყოფა მცირდება, ადამიანს აწუხებს თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, რის გამოც თვალებს ჭუტავს.
 მშრალი თვალის სინდრომს სხვადასხვა მიზეზი აქვს: ალერგია, მტვერთან ხშირი კონტაქტი... რასაც არ უნდა მიუძღვოდეს ბრალი მის განვითარებაში, მისი უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება.
ხშირად მშრალი თვალის სინდრომი იმდენად მკაფიოა, რომ ცრემლი, ფაქტობრივად, არც კი გამოიყოფა, რის შედეგადაც რქოვანა ზიანდება და ყალიბდება კერატიტი – რქოვანას ანთება, რომელიც მხედველობის დაქვეითებას იწვევს. ამგვარი გართულების შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი რქოვანას გადანერგვაა.
მშრალი თვალის სინდრომის  მკურნალობის მთავარი პრინციპი თვალის ლორწოვანი გარსის დატენიანებაა. ამისთვის სპეციალური სითხის, ეგრეთ წოდებული ხელოვნური ცრემლის მუდმივი ჩაწვეთება მოგიწევთ. რაც შეეხება ქირურგიულ მეთოდებს, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული საცრემლე წერტილის დაცობა. შედეგად ცრემლის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც ჯერ კიდევ გამომუშავდება, თვალიდან აღარ გაედინება და იქვე გუბდება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ  საცობს განსაკუთრებული მოვლა, პერიოდულად ამოღება და გაწმენდა სჭირდება. ის თუ დაბინძურდა, თვალში ინფექცია შეიჭრება და კონიუნქტივიტი განვითარდება.
კიდევ ერთ ოპერაციულ მეთოდს გაგაცნობთ, რომელიც ავსტრალიაში შეიმუშავეს: სანერწყვე ჯირკვლიდან ცრემლგამომყოფ ჯირკვლამდე სადინარი გაჰყავთ და თვალი ნერწყვით სველდება. ამ ოპერაციის შედეგი მცირე უხერხულობას იწვევს: საკმარისია, ნაოპერაციევმა ადამიანმა გემრიელი კერძის სუნი შეიგრძნოს ან თვალი მოკრას, რომ ცრემლდენა (ნერწყვდენა!) დაეწყება. გარდა ამისა, ეს მეთოდი ტექნიკურად მეტად რთულია, ამიტომ მსგავსი ოპერაციები საქართველოში ჯერჯერობით არ კეთდება.  
უთუოდ უნდა ვახსენოთ ვერაგი დაავადება გლაუკომა. მას თვალშიგა წნევის მატება იწვევს. ამ დროს ცვლილებები არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, ფარულად ვითარდება – თვალშიგა წნევა ნელ-ნელა იზრდება, რის გამოც თვალი დატვირთვას ეჩვევა და ტკივილს ნაკლებად შეიგრძნობს, ამიტომ ადამიანი დისკომფორტს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, საბოლოოდ კი საქმე თვალის მძიმე დაზიანებამდე, მხედველობის ნერვისა და ბადურას შეუქცევად პათოლოგიურ ცვლილებებამდე და სიბრმავემდე მიდის. სწორედ ამ თვისების გამო შეარქვეს გლაუკომას “ჩუმი მკვლელი”. თუ მას დროულად არ ვუმკურნალეთ, მხედველობის დაკარგვა გარდაუვალია.
წინათ აქტიურად ხორციელდებოდა რისკის ასაკის ადამიანების დისპანსერიზაცია. ამჟამად ეს სისტემა საქართველოში აღარ მუშაობს, რამაც გლაუკომით ავადობის გახშირება გამოიწვია. პრობლემის გადაჭრის გზა მოსახლეობის სკრინინგია, რომელიც  რისკის ჯგუფში შემავალთა გამოკვლევას – თვალშიგა წნევის გაზომვას გულისხმობს. საზოგადოდ, სასურველია, 40 წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს ეს გამოკვლევა.
კატარაქტა, ისევე, როგორც მხედველობის სხვა პრობლემები, ბოლო ხანს შესამჩნევად გაახალგაზრდავდა: თუკი ადრე უპირატესად 60 წლის შემდეგ ვითარდებოდა, ამჟამად 40 წლის ადამიანებს შორისაც ხშირად გვხვდება.
კატარაქტა უპირატესად მათ ემართებათ, ვისაც ქიმიურ ნივთიერებებთან უხდება მუშაობა. გლაუკომისგან განსხვავებით, ის დისკომფორტს საწყისი სტადიიდანვე იწვევს – მხედველობა თავიდანვე ქვეითდება და ადამიანი ექიმს დროულად მიმართავს, თუმცა თვალის გადარჩენა ხშირად მაინც ვერ ხერხდება და აი, რატომ: ადრე ითვლებოდა, რომ ოპერაციული ჩარევა მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, როდესაც დაავადება მომწიფდებოდა ანუ ბროლი მთლიანად, შეუქცევადად შეიმღვრეოდა. სადღეისოდ შეხედულება შეიცვალა და ოპერაციის გაკეთებას კატარაქტით დაავადებულებს პათოლოგიის საწყის სტადიაშივე ვურჩევთ. მწიფე კატარაქტის დროს, როდესაც ბროლი ფაქტობრივად აღარ ატარებს მზის სხივებს, ის მეტად მყარია და მისი ამოღება გაცილებით ძნელია, დაავადების საწყის სტადიაში კი ოპერაცია გაცილებით იოლად,  მცირე განაკვეთით, ძაფების გარეშე სრულდება, რაც სარეაბილიტაციო პერიოდს საგრძნობლად ამოკლებს – პაციენტს შეუძლია, ერთ კვირაში დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმს.
კატარაქტის გადამწიფებამ შესაძლოა იმდენად მძიმე შედეგი გამოიღოს, რომ ადამიანმა თვალი დაკარგოს. ისეც ხდება, რომ პათოლოგიური პროცესის გაღრმავების კვალდაკვალ ბროლის დამჭერი (ცილიარული) კუნთების ფუნქციაც ქვეითდება და შესაძლოა, ბროლი “ჩავარდეს”.
თვალის წვეთების თვითნებური ჩაწვეთება არამც და არამც არ შეიძლება. კონიუნქტივიტი, რომლის სამკურნალოდაც იწვეთებენ თვალის წვეთებს, სხვადასხვა წარმოშობისაა: ალერგიული, ვირუსული, ბაქტერიული... თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რამ გააღიზიანა თვალის ლორწოვანი, საქმეს არამცთუ ვერ ვარგებთ, არამედ ვავნებთ კიდეც. ბრმად მკურნალობა დაუშვებელია. შესაძლოა, არასწორად შერჩეულმა მედიკამენტმა მდგომარეობა უფრო მეტად დაამძიმოს. 

გააზიარე: