ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი

გააზიარე:

ძნელი სათქმელია, რა ხნისაა ტუბერკულოზი. სავარაუდოდ, კაცობრიობის ტოლი თუ არა, ძალზე ახალგაზრდაც არ უნდა იყოს. ბრძოლის ისტორიაც იქიდანვე იწყება, გამარჯვება კი ჯერ ისევ მისაღწევია. წარსულს ჩაბარდა  ანტიბიოტიკების აღმოჩენასთან დაკავშირებული ეიფორია, როცა გვეგონა, რომ უძველესი მტერი საბოლოოდ გავტეხეთ წელში და XXI საუკუნეში საერთოდ აღმოვფხვრიდით მიწის პირისგან. 1980-იანი წლებში ისეთი შთაბეჭდილებაც კი შეიქმნა, რომ ფთიზიატრის პროფესიას ყავლი გაუვიდა და ჭლექთან მებრძოლთა მრავალმილიონიან არმიას ახალი სამსახურის ძებნა მოუწევდა.
 და აი, სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ მთელ მსოფლიოში შემოჰკრეს განგაშის ზარს. ჩვენთან  – თითქოს გასაგებია: ტუბერკულოზი ხომ ერთგვარი ლაკმუსია, სახელმწიფოს სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელი. თუმცა პრობლემა უფრო ფართო მასშტაბისა აღმოჩნდა. "ჩვენ ინფექციურ დაავადებათა მხრივ საყოველთაო კრიზისის წინ ვდგავართ. ვერც ერთი ქვეყანა თავს დაზღვეულად ვერ ჩათვლის და უფლება არ აქვს, უყურადღებოდ დატოვოს ეს საფრთხე", – ეს სიტყვები გაისმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტრიბუნიდან 1993 წელს, როცა ტუბერკულოზი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადეს.
თემა აქტუალობას, მით უმეტეს – საქართველოში, ნამდვილად არ კარგავს, მაგრამ მარტში მის გასახსენებლად კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს: ზუსტად 139 წლის წინ, 24 მარტს, რობერტ კოხმა ტუბერკულოზის მიკობაქტერია აღმოაჩინა. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ამ დღეს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ რომ გაესვას ხაზი საკითხის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ყველა რომ დავფიქრდეთ კაცობრიობის ძველისძველ მტერზე. სათაურად კი ამ დღის წლევანდელი დევიზი გამოვიტანეთ, რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ტუბერკულოზის მსოფლიო დღის დაწესების ორგანიზატორები კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ ტუბერკულოზის შესაჩერებლად თითოეული ჩვენგანის ძალისხმევაა საჭირო.

TB ფაქტები ჯანმოსგან
- ტუბერკულოზი სიღარიბის დაავადებაა, ყველაზე მეტად ახალგაზრდებს ემუქრება, თანაც ყველაზე ნაყოფიერ წლებში. ტუბერკულოზის მიზეზით გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა განვითარებადი ქვეყნების მცხოვრები იყო.
- 2009 წელს ტუბერკულოზმა 1.7 მილიონი ადამიანი (მათ შორის 380 000 ქალი) შეიწირა, ესე იგი დღეში 4700 ადამიანი. მათგან 380000 ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) იყო ინფიცირებული.
- 1990 წლიდან ტუბერკულოზთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 35%-ით შემცირდა.
- 2009 წელს ტუბერკულოზის 9.4 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი მესამედი ქალი იყო.
- მთელ მსოფლიოში წარმატებითი მკურნალობის მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ დონეს, 86%-ს, 2008 წელს მიაღწია.
- 1995 წლიდან 41 მილიონმა ადამიანმა წარმატებით იმკურნალა და 6 მილიონამდე გადაურჩა სიკვდილს DOTS და შევაჩეროთ ტუბერკულოზი სტრატეგიის დახმარებით.
- 2009 წელს 1.6 მილიონმა ტუბერკულოზით დაავადებულმა იცოდა თავისი აივ სტატუსი. წინა წელთან შედარებით ეს 2 მილიონით მეტია.
- მულტიწამალრეზისტენტული ტუბერკულოზი (MDR-TB) დაავადების ფორმაა, როცა პირველი რიგის მედიკამენტები სამკურნალო ეფექტს ვერ ახდენს. ბუნებრივია, ეს ფორმა ბევრად უფრო ძვირი და ძნელი სამკურნალოა.
- გამოთვლებით, 2008 წელს MDT-TB 440000 ახალი შემთხვევა და 150000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
- 2009 წელს, გამოთვლებით, ტუბერკულოზის ყველა შემთხვევის 3.3 % წამალრეზისტენტული იყო.
- 2010 წელს ჯანმოს უდიდესმა გამოკვლევამ MDR-TB -ის სადღეისოდ ყველაზე მაღალი სიხშირე დააფიქსირა, ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ახალ შემთხვევათა შორის წამალრეზისტენტულმა ფორმებმა 28%-მდეც კი მიაღწია.
- მრავალმა ქვეყანამ შეიმუშავა გეგმა MDR-TB -სთან გასამკლავებლად, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ძალისხმევა კვლავ არ არის საკმარისი.
- როცა რეზისტენტობა მეორე რიგის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მიმართაც ვითარდება, ტუბერკულოზის განსაკუთრებით რეზისტენტულ (XDR-TB) ფორმასთან გვაქვს საქმე.
- XDR-TB მსოფლიოს 58 ქვეყანაში აღირიცხა.

ეპიდემიის ანატომია
როგორი იქნება თქვენი უნებლიე რეაქცია, თუ შეიტყვეთ, რომ თქვენი მეზობელი, თანამშრომელი, შვილის მეგობარი ტუბერკულოზით არის ავად? გავიქცეთ, სადმე ჩავიკეტოთ, ათასობით ბარიერი აღვმართოთ!.. ეს ინსტინქტური რეაქციაა, რომლის მიზეზი პანიკური და გაუცნობიერებელი შიშია, ეს უკანასკნელი კი კარგი მრჩეველი არასოდეს ყოფილა.
თქვენი აზრით, რამდენ კაცს გადაედება გრიპის ვირუსი, თუ დაავადებული მეტროს გადაჭედილ ვაგონში შევიდა? ყველას ან თითქმის ყველას. წითელასა და ჩუტყვავილას ვირუსი ოთახის გარეთაც მოგწვდებათ, მეზობელ ბინებში სართულებში უხილავი ღრიჭოებიდან თუ კომუნიკაციებისთვის გაკეთებული  ხვრელებიდან შემოაღწევს. ტუბერკულოზით დაავადებული (უფრო ზუსტად, მათი მხოლოდ მცირე ნაწილი, თუმცა ამის შესახებ – ცოტა ქვემოთ) კი ინფექციას საშუალოდ 10-15 კაცს გადასდებს, თანაც კვირაში ან თვეში კი არა, წელიწადში. თუმცა ეს მოკრძალებული რაოდენობაც საკმარისია, რომ ყოველდღე, ყოველ წამს ვიღაც დაინფიცირდეს.  ასე რომ, კონკრეტული ავადმყოფისა ნუ შეგვეშინდება, საკითხს უფრო გლობალურად შევხედოთ.
ალბათ შეამჩნიეთ – წეღან სიტყვა ინფიცირება ვიხმარეთ და არა დაავადება. მათ შორის დიდი განსხვავებაა.
ტუბერკულოზის მიკობაქტერია (ასე ჰქვია გამომწვევს), არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედშია მოკალათებული. ორგანიზმის იმუნური სისტემა მეტწილად ახერხებს, იგი არააქტიურ ფორმაში გადაიყვანოს და მიაძინოს. ასე ხდება ყოველი 100-იდან 90 შემთხვევაში. დანარჩენ ათში კი გამომწვევი იმ დროს ელის, როცა ორგანიზმის თავდაცვითი ძალები დასუსტდებიან და შეტევაზე გადადის.
სუსტი იმუნური სისტემა აქვთ ჩვილებს და მცირე ასაკის ბავშვებს, ამიტომაც მიკობაქტერიასთან გამკლავება განსაკუთრებით უჭირთ. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებულებსაც – მათთვის დაავადების რისკი სიცოცხლის მანძილზე 50-60%-ს შეადგენს (როგორც უკვე ვთქვით, არაინფიცირებულებისთვის ალბათობა ზუსტად 5-6-ჯერ ნაკლებია). გარდა ამისა, ორგანიზმის დამცავ ძალებს ასუსტებს:
- მავნე ჩვევა (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ნიკოტინი);
- არასრულფასოვანი კვება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- თირკმლის მძიმე დაავადება;
- იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება (ასეთი რამ საჭიროა ორგანოს გადანერგვის შემდეგ, ზოგიერთი სისტემური დაავადების (რევმატოიდული ართრიტის, კრონის დაავადების, წითელი მგლურას), ავთვისებიანი სიმსივნის დროს).

სახე და ნიღაბი
ტუბერკულოზი, ბუნებრივია, ფილტვების დაავადებასთან ასოცირდება, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. უფრო ზუსტად, 75%-ით. ტუბერკულოზის მიკობაქტერიამ შეიძლება ამოიჩემოს ძვალსახსროვანი სისტემა, შარდსასქესო ორგანოები, თვალი, თავის ტვინის გარსები, ლიმფური კვანძები, მუცლის ღრუს ორგანოები, კანი. მოკლედ, როგორც ექიმები ამბობენ, ყველაფერი თმისა და ფრჩხილების გარდა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ტუბერკულოზის საწყის ნიშნებს. გახსოვდეთ, არც ერთი მათგანი არ არის ტუბერკულოზისთვის სპეციფიკური, ანუ მსგავსი სიმპტომები სხვა დაავადებების დროსაც შეინიშნება, თუმცა, რა თქმა უნდა, თავის დაზღვევა და ტუბერკულოზური პროცესის გამორიცხვა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.
ამიტომაც უთუოდ მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ:
- ხველა 2 კვირისა და მეტი ხნის  განმავლობაში;
- სისხლიანი ხველა;
- ტემპერატურის მომატება და ოფლიანობა;
- წონის კლება;
- ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;
- ადვილად დაღლა;
- მადის დაქვეითება;
- ჰაერის უკმარისობა.
შეგახსენებთ: ექიმთან წასვლის საფუძვლად ერთ-ერთი ნიშნის არსებობაც საკმარისია. ხოლო თუ რამდენიმე მათგანი ერთად გაწუხებთ, განსაკუთრებით გახანგრძლივებული ხველის ფონზე სჯობს თავიდანვე ტუბდაწესებულებას მიმართოთ და ტუბერკულოზი გამორიცხოთ. 
როგორც იცით საქართველოში დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით ტუბერკულოზის მკურნალობა უფასოა. ასევე უფასოა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაც, ოღონდ – თუ საეჭვო ნიშნები ნამდვილად გაქვთ და ტუბდაწესებულებას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართავთ. 
ასე რომ, ნუ გადადებთ. დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე არა მარტო თქვენი, არამედ თქვენს ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობა და სიცოცხლეც არის დამოკიდებული.

ამოვიცნოთ და გამოვავლინოთ
ჩივილებისა და თქვენი ისტორიის მოსმენა, ფონედოსკოპით ფილტვების მოსმენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დამატებითმა გამოკვლევებმა უნდა დაადასტუროს ეჭვი ტუბერკულოზის შესახებ და ამავე დროს გაარკვიოს, გამოყოფთ თუ არა გარემოში გამომწვევებს, შესაბამისად, საშიში ხართ თუ არა გარშემო მყოფთათვის. როგორც უკვე ვთქვით, ერთი მეორეს არ ნიშნავს. თუ აქტიური ტუბერკულოზი დაგიდგინეს, მაგრამ ტუბერკულოზური კერა ფილტვში არ არის (ვთქვათ, ძვალში, სახსარში, ლიმფურ კვანძებშია ლოკალიზებული), გამომწვევებს ვერ გამოყოფთ და, შესაბამისად, ვერც ვერავის დააავადებთ. გადამდები მხოლოდ  ფილტვის ფორმაა, თანაც არა ყოველთვის. ამ მნიშვნელოვანი ფაქტის დასადგენად კი ნახველის გამოკვლევას მიმართავენ. თუკი ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულის ნახველი ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს დიდი რაოდენობით შეიცავს, მათი აღმოჩენა პირდაპირი მიკროსკოპიით შეიძლება. ასეთი ავადმყოფები ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე სახიფათონი არიან. მიკობაქტერიების უმნიშვნელო რაოდენობით გამოყოფისას კი ნახველის სპეციალურ საკვებ ნიადაგებზე დათესვა ხდება საჭირო. ამავე მეთოდით ტუბერკულოზის მიკობაქტერიების სხვადასხვა ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის დადგენაც შეიძლება.
აქვე გავუსვავთ ხაზს რომ ნახველის ლაბორატორიული კვლევა ტუბდაავადების ყველაზე სარწმუნო უტყუარი დიაგნოსტიკაა და ამიტომ მისი შედეგები გადამწყვეტია. 
რენტგენოგრაფია საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ტუბერკულოზის ფორმა. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე ეჭვის შემთხვევაშიც გამოიყენება, თუმცა რენტგენოგრამაზე ნანახი პათოლოგიური ცვლილებები გამომწვევის აღმოჩენის გარეშე ზუსტი დიაგნოზირებისთვის საკმარისი არ არის.
ტუბერკულინის კანის სინჯი (მანტუ). სპეციფიკურობით ვერ დაიკვეხნის. მისი მეშვეობით მხოლოდ დაავადებულის კი არა, ინფიცირებულის გამოვლენაც შეგვიძლია. მანტუს სინჯის დროს წინამხრის შიგნითა ზედაპირზე კანში შეჰყავთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტუბერკულინის (მიკობაქტერიების დახოცილი გამომწვევები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რამდენად ნაცნობია ეს გამომწვევი ორგანიზმისთვის) შემცველი ხსნარი და 48-72 საათის შემდეგ რეაქციის შედეგს აკვირდებიან: თუ ადამიანი ინფიცირებულია, ტუბერკულინის შეყვანის ადგილას წარმოიქმნება კვანძი მკვეთრი შეშუპებითა და შეწითლებით. როგორც გითხარით, მცდარი შედეგებისგან დაზღვეულნი არ ვართ. მაგალითად, თუ ბავშვი ახალი აცრილია ტუბერკულოზზე, შეიძლება მანტუს სინჯს დადებითი პასუხი მოჰყვეს. ამიტომ რამდენიმე ხნის შემდეგ ან განმეორებითი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს, ან სხვა კვლევას უნდა მივმართოთ.
ანტიტუბერკულოზური ანტისხეულების განსაზღვრა. ინფიცირების პროცესში ანტისხეულების ტიტრი მნიშვნელოვნად იმატებს, მაგრამ მხოლოდ ამ გამოკვლევით დიაგნოზის დასმა არამც და არამც არ შეიძლება.
კვლევის ულტრათანამედროვე მეთოდი გახლავთ პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქცია. ამ შემთხვევაში იკვლევენ ნახველს, შარდს, სისხლს, ნაცხს და სხვა მასალას მიკობაქტერიის გენეტიკური მასალის აღმოსაჩენად. მეთოდის ინფორმაციულობა ძალზე მაღალია – 90-100%-ს შეადგენს.  ეს დაავადების გამოვლენის ყველაზე თანამედროვე და, ამასთანავე, ძვირად ღირებული გზაა. ამავე დროს, მხოლოდ ინფიცირებულია პიროვნება თუ დაავადებული, ტესტი ვერ გვეტყვის. 
ჯანმომ სულ ცოტა ხნის წინ გვაცნობა, რომ შეიქმნა ტუბერკულოზის დიაგნოსტირების სწრაფი ავტომატური ტესტი, რომელიც ნუკლეინის მჟავების (ნივთიერება, რომლითაც ნებისმიერი ორგანიზმის მემკვიდრეობაა ჩაწერილი) აღმოჩენას ეფუძნება. იმასაც იუწყებიან, რომ ქვეყნებს, სადაც ტუბერკულოზი ხშირია, მწარმოებელი ფასს 75%-ით დაუკლებს. ამრიგად, იმედი ვიქონიოთ, რომ ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა კიდევ უფრო გაადვილდება.

ნუ გადადებთ და არ გადაგედოთ
დავიწყოთ პირველი ნაწილით. თქვენ უკვე იცით თქვენი დიაგნოზი და ისიც, რომ თქვენი ნახველი მიკობაქტერიებს შეიცავს. შეგახსენებთ: გარშემო მყოფებისთვის გარკვეულწილად საშიში ხართ, მაგრამ მაშინ, თუ არ იმკურნალეთ. სულ მცირე სიფრთხილითა და გონივრული ქცევით კი ეს რისკი შეიძლება ნულამდეც კი დაიყვანოთ. საშიში სწორედ მიკობაქტერიების შემცველ ის უმცირესი წვეთებია, რომელთაც ხველების, ცემინების, თუნდაც საუბრის დროს ჰაერში ფანტავთ. ყველაზე მეტი საფრთხე მათ ემუქრებათ, ვისთანაც ბევრ დროს ატარებთ დახურულ სივრცეში: ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს, მეგობრებს. ასე რომ, ერთხანს ერიდეთ სამსახურში ან სასწავლებელში სიარულს, ეცადეთ, ცალკე ოთახში იძინოთ, ხშირად გაანიავეთ ოთახი, ყოველთვის იქონიეთ თან ქაღალდის ცხვირსახოცი, რომელსაც გამოყენებისთანავე პარკში მოათავსებთ და გადააგდებთ. შესაძლოა, ექიმმა გარშემო მყოფთათვის რისკის შესამცირებლად ერთხანს სტაციონარში დაწოლაც კი გირჩიოთ. ალბათ დაგვეთანხმებით, არც ეს არის დიდი ტრაგედია, მით უმეტეს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
და ყველაზე მთავარი: თუ წამლებს ზუსტად ისე მიიღებთ, როგორც ექიმმა დაგარიგათ, რამდენიმე კვირის შემდეგ მიკობაქტერიების გამოყოფას შეწყვეტთ  და შეძლებთ, ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდეთ.
ტუბერკულოზმოშიშთათვის კი, ვფიქრობთ, ჩვენი სათქმელი უკვე გასაგებია. ადამიანი, რომელმაც თავისი დიაგნოზი იცის და სწორად მკურნალობს, დაავადებას ვერავის გადასდებს. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ: პანიკური შიშით ტუბერკულოზს მხოლოდ და მხოლოდ ვაძლიერებთ – ამ სენით დაავადებულ ადამიანებს საზოგადოებისგან ვრიყავთ და ინფექციის ბევრად უფრო საშიში ფორმების გაჩენას ვუწყობთ ხელს.
საზეპირო
* ტუბერკულოზზე საეჭვო რამდენიმე ნიშნის ერთობლიობა განსაკუთრებით გახანგრძლივებული ხველის ფონზე ტუბდაწესებულებისთვის მიმართვის  მიზეზი უნდა გახდეს.
* ნახველის ლაბორატორიული კვლევა ტუბდაავადების ყველაზე სარწმუნო უტყუარი დიაგნოსტიკაა.
* ტუბერკულოზი არ ვრცელდება ყოფითი მოხმარების ნივთებით (ჭურჭელი, თეთრეული, წიგნები)  და ყოფითი კონტაქტით (კოცნით, ხელის ჩამორთმევით).
* ტუბერკულოზით დაავადების შიშის გამო ოჯახის წევრების, ახლობლებისა და საზოგადოების მიერ ტუბდაავადებულის გარიყვა, სამსახურიდან დათხოვნა, ოჯახიდან გაგდება ასევე მიუღებელია, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ეს იწვევს პაციენტის გაუცხოებას, უიმედობას, უკარგავს მას მკურნალობის გაგრძელების სურვილს და შესაბამისად, განკურნების შანსს. 
 * ტუბდაავადებულთან კონტაქტში მყოფმა ახლობლებმა და თანამშრომლებმა ყოველმხრივ უნდა შეუწყონ ხელი პაციენტს მკურნალობის დასრულებაში. ტუბდაავადებული, რომელიც წარმატებით მკურნალობს, აღარ არის გადამდები მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, მით უმეტეს – განკურნების შემდეგ.

ტუბერკულოზი იკურნება
(ნაწილი I)
ტუბერკულოზის გამომწვევების გასანადგურებლად ანტიბიოტიკებს იყენებენ, თუმცა, სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, მათი მიღება დიდხანს მოგიხდებათ. მიკობაქტერიებს სიცოცხლე ძალიან უყვართ და შეგუების დიდი უნარითაც გამოირჩევიან. რამდენიმე პრეპარატის ერთდროული
გამოყენება თვეების მანძილზე ზრდის შანსს, ყველა ბაქტერია დაიხოცოს და წამლების მიმართ მგრძნობელობა არ შეიძინოს, ამიტომაც პირველ 2-3 თვეს ტარდება მკურნალობის ინტენსიური კურსი 3-5 ანტიტუბერკულოზური პრეპარატით, კიდევ რამდენიმე თვეს – გაგრძელებითი ფაზა, უკვე 2-3 მედიკამენტით. I რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით  უფასო მკურნალობა მედპერსონალის უშალო ზედამხედველობით 6-8 თვის განმავლობაში გრძელდება.
რა თქმა უნდა, თერაპიის რამდენიმეთვიანი კურსის ბოლომდე მიყვანა ნებისყოფასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ ამ დროს, როგორც წესი, აღარაფერი გაწუხებთ, თანაც წამლის მიღებას ზოგჯერ გვერდითი მოვლენები სდევს თან. საბედნიეროდ ასეთი რამ საკმაოდ იშვიათია. ანტიტუბერკულოზული მედიკამენტების მიმართ გვერდითი მოვლენები პაციენტთა მცირე ნაწილს უვითარდება. ეს შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, სახსრების ტკივილი, შარდის ნარინჯისფრად ან წითლად შეღებვა, გამონაყარი. ჩვეულებრივ ამ რეაქციების კონტროლი საკმაოდ ადვილია რეცეპტისგარეშე გასაცემი წამლებით ან შესაბამისი მედიკამენტის დოზის კორექტირებით.
უფრო სერიოზული და ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენების მართვისთვის ექიმის ჩარევა და შეიძლება სტაციონარული მკურნალობაც დასჭირდეს.
გახსოვდეთ: არც ერთი გვერდითი მოვლენა მედიკამენტის თვითნებურად შეწყვეტის ან დოზის ცვლილების უფლებას არ გაძლევთ. ამის მთლიანად ტქვენი მკურნალი ექიმის პრეროგატივაა. 

თუ ვერ ვკლავთ, ვაძლიერებთ
(ნაწილიII ტუბერკულოზი მაინც იკურნება)
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება. ექიმები ამბობენ, რომ არასრულ მკურნალობას ჯობს საერთოდ არ იმკურნალოთ – თუ კურსს შუა გზაზე შეწყვეტთ, ტუბერკულოზის გამომწვევები წამალს მიეჩვევიან.
სწორედ ასე ვიქეცით ადამიანები ტუბერკულოზის საშიში ფორმის – რეზისტენტულ ტუბერკულოზის – გაჩენის მიზეზი.  ბაქტერიამ (საბედნიეროდ, მხოლოდ ნაწილმა) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებისადმი გამძლეობა შეიძინა. როცა ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი არასწორად მკურნალობს ან მკურნალობას შუა გზაზე წყვეტს, ორგანიზმში რჩება ბაქტერიები, რომლებიც ხელახლა იწყებენ გამრავლებას, იწვევენ დაავადების გამწვავებას და, ამასთანავე, უკვე მიღებულ წამლებს შეგუებულნი არიან.
შესაძლოა, რეზისტენტული ტუბერკულოზი გადაგედოთ ამ ფორმით დაავადებულთან კონტაქტისას. ამ შემთხვევაში ადამიანი თავიდანვე წამალმედეგი ბაქტერიებით, ანუ  პირველადად რეზისტენტული ფორმით ავადდება. რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა რთულია და ხანგრძლივი, მაგრამ შედეგიანი, რადგან რეზისტენტულ ბაქტერიაზე მოქმედებს სხვა, ე.წ II რიგის ტუბსაწინააღმდეგო წამლები. ეს წამლები უფრო ძვირად ღირებულია, ახასიათებს მეტი გვერდითი მოვლენა, მაგრამ საქართველოში უკვე მოქმედებს ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა, გვერდითი და ალერგიული მოვლენების მართვა უფასოა. 
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ცნობილი ხდება, სახელდობრ რომელი წამალი არ მოქმედებს ამა თუ იმ შემთხვევაში, ანუ რომელი წამლისადმი ან წამლებისადმი არის მდგრადი დაავადების გამომწვევი. ამის მიხედვით ექიმი არჩევს მკურნალობის სქემას. ნიშნავს იმ წამლებს, ისეთი დოზითა და კომბინაციით, რომელიც გაანადგურებს გამომწვევს ან შეაჩერებს მის გამრავლებას.
რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო წამლებს II რიგის მედიკამენტებს უწოდებენ და მათი თითოეული დოზის მიღება მკურნალობის ბოლომდე სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობით ხდება. II რიგის პრეპარატებით უფასო მკურნალობა სულ მცირე 18-24 თვე მიმდინარეობს და შეიძლება უფრო დიდხანსაც გაგრძელდება.  
ამ წამლების მიღება ზოგჯერ ძნელად ასატანია, თან სდევს გვერდითი მოვლენები ან აუტანლობა, მაგრამ ამტანობის გასაუმჯობესებლად ექიმები ყოველთვის ახორციელებენ გვერდითი მოვლენების მკურნალობასა და მართვას.
თავდაპირველად ძნელი გასაგებია, გვერდითი მოვლენა ერთი წამლით არის გამოწვეული თუ რამდენიმეთი და კონკრეტულად რომლით. ეს შეიძლება იყოს როგორც  ზოგადი მოვლენები, ასევე რეაქციები კანის, საჭმლის მომნელებელი, საშარდე, ნერვული სისტემების მხრივ.
არსებობს სხვა ტიპის ცვლილებებიც, რომლებსაც სისხლის, შარდის ანალიზები, რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური თუ ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევები ავლენს.
რა თქმა უნდა, ეს გვერდითი მოვლენები ყოველთვის არ ვითარდება. ისიც შესაძლოა, მსუბუქად გამოვლინდეს და რამდენიმე ხნის შემდეგ გაიაროს. ახასიათებს კონკრეტულ წამალს და ექიმები, წესისამებრ, ახერხებენ ამ წამლის დადგენას. არსებობს  მისი დოზირების შეცვლის სქემები და დამხმარე საშაულებები, რაც გვერდითი მოვლენის შესუსტებასა და მოხსნას უწყობს ხელს. ჩივილებსა და იმ ცვლილებებს, რომლებსაც აღმოაჩენენ სისხლში, შარდში და სხვა გამოკვლევების შედეგად, რეგულარულად აღრიცხავს ექთანი, განიხილავს ექიმი და იღებს გადაწყვეტილებას, რომელი წამლის დოზა შეამციროს ან შეცვალოს მიღების პირობები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომელიმე წამლის დოზირებისა და მიღების რეჟიმის შეცვლა ან მოხსნა თვითნებურად, პასუხისმგებელი ექიმის გადაწყვეტილების გარეშე!

განკურნების შემდეგ 
მას შემდეგ, რაც მკურნალობის კურსი დასრულდება, ჩატარდება პროგრამით გათვალისწინებული ყველა ანალიზი და მკურნალობა “წარმატებულად” შეფასდება, შესაძლოა გაჩნდეს მომავალში ჯანმრთელობის გაუარესების შიში, ყოველი “გაციება” თუ ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომის გამოვლენა დაავადების “დაბრუნებად” იქნეს მიჩნეული.
შეუძლოდ გახდომის მიზეზი ყოველთვის ტუბერკულოზი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. ყოფილი პაციენტის ორგანიზმი უფრო სუსტია, ვიდრე ჯანსაღი ადამიანისა, ამიტომ ნებისმიერი მიზეზით ავად გახდომისას საჭიროა ექიმის რჩევა-დარიგება, მეტი ყურადღება (ამინდის შესაფერისად ჩაცმა, დაავადებულებთან კონტაქტისთვის თავის არიდება, ნორმალური კვება და სხვა). მკურნალობის დასრულების შემდეგ გარკვეული ხარისხის ჩივილები შესაძლოა დარჩეს (სუნთქვის გაძნელება, მცირე ქოშინი, ხველის ეპიზოდები). არც ის არის გამორიცხული, ტუბერკულოზმა ნარჩენი მოვლენები გამოიწვიოს (ნაწიბურები, შეხორცებები, ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის შემცირება, ბრონქების დაზიანება და სხვა). ამრიგად, ჩივილები ის არასასიამოვნო სამახსოვროა, რომელსაც დაავადება ტოვებს. თანდათან ხდება მათთან შეგუება და მდგომარეობის კომპენსირება.
ტუბერკულოზი არ ანვითარებს იმუნიტეტს, ამიტომაც განკურნების შემდეგ პაციენტი კვლავ დაავადებისგან დაზღვეული არ არის. ძველი დაავადების რეციდივიც არ არის გამორიცხული. ამიტომ, პროგრამის მიხედვით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით ნამკურნალევ პაციენტებს ორი წლის მანძილზე, ყოველ ექვს თვეში, მეთვალყურეობის მიზნით ტარდება შესამოწმებელი კვლევები. მეთვალყურეობა მოიცავს ნახველის გამოკვლევას და, თუ საჭიროა, გულმკერდის რენტგენოგრაფიას. 
საზეპირო
* ყველა ტუბდავადებულმა უწყვეტად იმკურნალოს ტუბდაწესებულებაში, სპეციალისტების მეთვალყურებითა და რეჟიმის ზუსტი დაცვით. 
 * ტუბდაავადებულის მიერ მკურნალობაზე უარის თქმა ან მისი შეწყვეტა ნიშნავს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფას, ასევე სხვათა სიცოცხლისთვის საფრთხის შეგნებულად შექმნას. 
უბრალო სტატისტიკა: სწორად ნამკურნალევი წამლებისადმი მგრძნობიარე ტუბერკულოზისგან განკურნების მაჩვენებელი 85% და მეტია, რეზისტენტული ტუბერკულოზისგან კი საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ 60-70% თუ იკურნება. თუ რეზისტენტობა მეორე რიგის პრეპარატების მიმართაც განვითარდა, მედიცინა, ფაქტობრივად, უკვე უძლურია.
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უახლოესი ტუბდაწესებულების მისამართი, ისევე როგორც ტუბერკულოზთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, შეგიძლიათ მიიღოთ ცხელ ხაზზე: 91 19 26

გააზიარე: