გაუფრთხილდით სისხლძარღვებს
გააზიარე:
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები ეპიდემიასავით მოედო მსოფლიოს – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2005 წელს 20 მილიონამდე შემთხვევა აღირიცხა. აქედან 80% საშუალო და დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებზე მოდის, თუმცა ციფრები არც განვითარებულ ქვეყნებშია სანუგეშო: სტატისტიკოსებმა და კლინიცისტებმა გამოთვალეს, რომ 2015 წლისთვის 20 მილიონამდე ადამიანი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით გარდაიცვლება.
ცალკე პრობლემაა სისხლძარღვოვანი დაავადებები, რომელთა გამოც ბევრი კარგავს შრომის უნარს.
სამწუხაროდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით განპირობებული ინვალიდობა უპირატესად შრომისუნარიან ადამიანთა ხვედრია, რომლებიც იძულებულნი ხდებიან, საყვარელ საქმიანობას მოსწყდნენ, უარი თქვან აქტიურ ცხოვრებაზე…
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუმცა, საკუთარი ჯანმრთელობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო ციფრები ციფრებად რჩება, სპეციალისტს კი, რაც უფრო მეტი დრო გადის, ნაცნობი ჩივილებით სულ უფრო მეტი ხალხი მიმართავს.
სისხლძარღვოვანი პათოლოგიების გავრცელების, მათი მიზეზებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალის ანგიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი კახა ქუნთელია.
სისხლძარღვოვანი პათოლოგიები მთელ მსოფლიოში გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია. სამწუხაროდ, არც საქართველოშია უკეთესი მდგომარეობა...
უმთავრესად გავრცელებული – პერიფერიული სისხლძარღვოვანი პათოლოგიებია, რომლებიც არ მოიცავს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს. ისინი ვენებისა და არტერიების დაავადებებად იყოფა.
ვენური პათოლოგიებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზული დაავადება, რომელსაც ხალხში მარტივად ვენების გაგანიერებას უწოდებენ. მის განვითარებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, თუმცა უშუალო მიზეზი უცნობია. ვენების ვარიკოზული დაავადება უფრო მეტად ქალებში გვხვდება, ვინაიდან მის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს ორსულობა წარმოადგენს.
არტერიებს ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზი აზიანებს, რასაც საბოლოოდ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებამდე (სტენოზამდე) ან სრულ დახშობამდე (ოკლუზიამდე) მივყავართ. ზოგჯერ კი არტერიის კედელი პარკისებურად გამოიბერება და ანევრიზმა ყალიბდება. უცნობია ათეროსკლეროზის უშუალო მიზეზიც, მაგრამ ცნობილია მისი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები: თამბაქოს წევა, მაღალი არტერიული წნევა, ლიპიდური ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე.
ძალიან ხშირად მოგვმართავენ იმის შიშით, რომ სისხლი აქვთ გასქელებული და ამის დასტურად პროთრომბინის მაღალი ციფრები მოჰყავთ. უნდა ითქვას, რომ პროთრომბინის ინდექსის შეფასება ისე რუტინულად, როგორც საქართველოში, არსად ხდება და მხოლოდ მის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება უვიცობაა და მეტი არაფერი. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არამცთუ პაციენტს, ზოგიერთ ექიმსაც კი შეიძლება ასეთი მარტივი წარმოდგენა ჰქონდეს. ასევე ხშირად ვხვდებით მეორე დიდ შეცდომას – კოაგულოგრამის (შედედების ანალიზის) შესაფასებლად პაციენტი იგზავნება ანგიოლოგთან (სისხლძარღვების ექიმთან). მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ კოაგულოგრამა ჰემატოლოგის (კოაგულოლოგის) კომპეტენციაა. ყველაზე ხშირად ორსულების სწორ გზაზე დაყენება გვიხდება... ვფიქრობ, ეს გაუგებრობა იმ ფაქტით არის გამოწვეული, რომ კოაგულაციის კონტროლის ყველაზე დიდი გამოცდილება და საჭიროება სტატისტიკურად ანგიოქირურგებს აქვთ.
პროთრომბინის მაღალი ინდექსის გამო პაციენტები ხშირად თვითნებურად იწყებენ ასპირინისა და ვარფარინის მიღებას. ამას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ასპირინი პროთრომბინის მაჩვენებელზე საერთოდ არ მოქმედებს, ხოლო ვარფარინის ხანმოკლე – ათდღიანი ან ორკვირიანი – კურსი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს – შინაგანი ორგანოებიდან ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს.
სისხლძარღვოვანი დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია როგორც მედიკამენტებით, ასევე ქირურგიული მანიპულაციებით.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მედიცინაში ღია ოპერაციები შეცვალა ენდოვასკულურმა მანიპულაციებმა, კერძოდ, სტენტირებამ. ჩვენში ყველაზე პოპულარული მეთოდი კორონარული არტერიების სტენტირებაა, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ასეთივე წარმატებით ტარდება პერიფერიული სისხლძარღვების სტენტირება, მაგალითად, საძილე არტერიებისა (ინსულტის პროფილაქტიკისთვის), ქვემო კიდურების არტერიებისა (განგრენის თავიდან ასაცილებლად) და ასე შემდეგ. იშვიათად სტენტირებას ვენური შევიწროების დროსაც მივმართავთ.
საზოგადოდ, სისხლძარღვებისთვის მეტად სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, თხილეული (ნუში, ნიგოზი, მიწის თხილი), ოკეანის ცხიმიანი თევზი, რომელიც მდიდარია E ვიტამინით და, რა თქმა უნდა, წითელი ღვინო (საფერავი), რომელიც სისხლძარღვების უნივერსალურ წამლად შეიძლება ჩაითვალოს.