ლიმფომა იკურნება
გააზიარე:
ნებისმიერ წუთს თუ წამს ერთი და ორი კი არა, ათასამდე უჯრედი ივიწყებს მამა-პაპათა გზას. თანაც ეს ღამურები სიკვდილზე პრინციპულად ამბობებენ უარს. ბუნებას ხომ თავისი წესი აქვს, ყველა უჯრედს კი – სიცოცხლის განსაზღვრული ხანგრძლივობა: ზოგმა რამდენიმე დღე უნდა იცოცხლოს, ზოგმა – თვე, ზოგმა – წელი. სიმსივნური უჯრედები კი თითქმის უკვდავები არიან, უსასრულოდ მრავლდებიან და უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის შემოერთებას ლამობენ ანდა მოშორებულ უბნებში დესანტს გზავნიან.
ასეთი პოტენციური კიბოს ჩანასახი ნებისმიერ წუთს ყოველი ჩვენგანის ორგანიზმში დასეირნობს, თუმცა ზემოთ აღწერილი კბილებამდე შეიარაღებული თავდაცვითი ხაზის - იმუნური სისტემის -წყალობით მანამდე ნადგურდება, ვიდრე საცეცების გამოჩენას მოასწრებდეს. სამწუხაროდ, ბუნებაში აბსულუტური არაფერია და არც აუღებელი ციხე-სიმაგრე არსებობს. ხანდახან გამონაკლისებიც ხდება და ბრძოლა მოღალატეთა გამარჯვებით მთავრდება. სიმსივნე რომ გამოვლინდეს, ორგანიზმში 1,5 კგ ანუ 1012 (ერთი ტრილიონი) უკვდავი მოღალატე უნდა მოგროვდეს. რაკი ფრონტის ხაზი ლიმფურ სისტემაზე გადის, სიმსივნური უჯრედები პირველადი კერის შემდეგ ხშირად ლიმფურ კვანძებს დაიპყრობენ ხოლმე. ლიმფომების დროს სიტუაცია რამდენადმე განსხვავებულია: მოღალატე სწორედ დამცველთა რიგებში აღმოჩნდება – გაავთვისებიანებას თვით ლიმფური სისტემის ჯარისკაცები ბედავენ.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში სისხლის კიბოს შემთხვევებმა 50%-ით მოიმატა. ამერიკის ლეიკემიისა და ლიმფომის საზოგადოების პროგნოზით, 2008 წელს ლიმფომის დიაგნოზს 75 000 მათ თანამემამულეს დაუდგენენ. საბედნიეროდ, საქართველოში მისი მომატების ტენდენცია არც ისე ძლიერია – წელიწადში საშუალოდ 50-60 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
გაავთვისებიანებულ ლიმფოციტს რომელიმე ლიმფური კვანძი შეაჩერებს. ყოფილ თანამოძმეებს თუ გადაურჩა, იქვე დასახლდება და გამრავლებას დაიწყებს, ამიტომ ლიმფომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი ერთი ან რამდენიმე ლიმფური კვანძის გადიდებაა. ზედაპირულად მდებარე წარმონაქმნს თვალით ან ხელით შევამჩნევთ, შინაგან ორგანოებში ან ღრუებში მდებარე კვანძების აღმოჩენა კი უფრო რთულია.
გარდა გადიდებული ლიმფური კვანძისა, მოსალოდნელია სიცხის მომატება, ღამის ოფლიანობა, ადვილად დაღლა, მადის დაკარგვა, წონაში დაკლება.
ხშირად კი ვერაგი დაავადება, ვიდრე ძალიან არ გაიზრდება, შესაძლოა, არც არაფრით გამომჟღავნდეს.
ლიმფომის ერთ-ერთი ტიპი, მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით, 1832 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა ექიმმა თომას ჰოჯკინმა. მის პატივსაცემად სიმსივნის ამ ნაირსახეობას დღესაც ჰოჯკინის დაავადება ჰქვია და ის ლიმფური სისტემის ავთვისებიანი დაავადებების მეათედზე ცოტა მეტს შეადეგნს.
ყველა დანარჩენ სახეობას (მათი რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს) არაჰოჯკინის ლიმფომას უწოდებენ.
მკურნალობის კონკრეტული სქემა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, სტადიაზე, პაციენტის სქესზე, ასაკზე, თანმხლებ დაავადებებზე. არამცთუ ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის ლიმფომებს, ამ უკანასკნელის სხვადასხვა ტიპსაც კი განსხვავებული თერაპიული სქემა მიესადაგება. აქ მხოლოდ ძირითად მეთოდებს მიმოვიხილავთ:
სხივური თერაპია. რადიაქტიურ ან რენტგენის სხივებს სწრაფად გამრავლებადი უჯრედების დაზიანება შეუძლიათ. სიმსივნურ უბანზე ზემოქმედებისთვის ამ თვისების გამოყენება დიდი ხანია დაიწყეს. მკურნალობის ეს მეთოდი მხოლოდ დაზიანებულ უბანს ეხება.
ქიმიოთერაპია. ხალხში მოარული უამრავი მცდარი შეხედულების მიუხედავად, მას უამრავი ადამიანი გადაურჩენია. ვენაში შეყვანილი ხსნარი მთელ ორგანიზმში დაეძებს აქტიურ უჯრედებს, რომლებიც ინტენსიურად მრავლდებიან და მუსრს ავლებს მათ. სამწუხაროდ, კიბოს უჯრედებთან ერთად ერთგული და საჭირო უჯრედებიც იხოცებიან, – მაგალითად, სისხლმბადი უჯრედები, თმის ფოლიკულები, – მაგრამ გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობაზე უარის თქმა არაფრით არ შეიძლება, თანაც თანამედროვე მედიკამენტების წყალობით ამ თანამოვლენების შესუსტებაც შეგვიძლია. ერთადერთი, რასაც პაციენტს ვერ დავპირდებით, თმის ცვენის შეჩერებაა, თუმცა კურსის დასრულების შემდეგ თმა კვლავ ამოდის, თანაც – არანაკლები ხარისხისა.
იმუნოთერაპია. ონკოლოგიის ერთ-ერთი თანამედროვე და ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. ლაბორატორიაში სპეციალური ანტისხეულების შექმნა რთული პროცესია, რომელიც გამარტივებულად ასე შეიძლება აღვწეროთ: სიმსივნური უჯრედის ესა თუ ის მარკერი თაგვის ორგანიზმში შეჰყავთ, მღრნელის ორგანიზმი კი უცხო სუბსტანციის წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. შემდეგ ანტისხეულებს ლაბორატორიაშივე გამოყვანილ ადამიანის “უკვდავ” უჯრედს უერთებენ, ასეთი ანტისხეულების წარმოქმნა უსასრულოდ რომ შეძლოს. ამ ტექნოლოგიით მიღებულ მედიკამენტს, რომლის საერთაშორისო სახელწოდებაა რიტუქსიმაბი, აშშ-ში 1997 წლიდან იყენებენ (ორი წლის წინ ის საქართველოშიც დაარეგისტრირეს).
ამ წამლის სამიზნე B ლიმფოციტის CD20 მარკერია (არაჰოჯკინის ლიმფომათა 80% სწორედ B-უჯრედოვანია). ამ მედიკამენტმა მართლაც საგრძნობლად გააუმჯობესა არაჰოჯკინის ლიმფომათა (CD20 პოზიტიურ სახეობებს გვგულისხმობ) მკურნალობის პროგნოზი. თავად განსაჯეთ: დაბალი აგრესიულობის ლიმფომა ქიმიოთერაპიის შემდეგ რეციდივს საშუალოდ წელიწადსა და ოთხ თვეში იძლევა, რიტუქსიმაბმა კი ეს პერიოდი თითქმის მთელი წლით გაახანგრძლივა. მეტიც: თუ რემისიის პერიოდში ადამიანს ამ წამალს გარკვეული სიხშირით შევუყვანთ, სიმსივნის ხელახალი განვითარების ალბათობა 64%-ით შემცირდება. მხოლოდ ქიმიოთერაპიით არაჰოჯკინის ლიმფომის შვიდწლიანი გადარჩენადობა 35%-ია (ანუ შვიდი წლის განმავლობაში 100 პაციენტიდან 65 ლიმფომის გამო იღუპება), მკურნალობის კურსში რიტუქსიმაბის ჩართვამ კი იგივე მონაცემი 58%-მდე გაზარდა. მედიკამენტი ეფექტური აღმოჩნდა რეციდივის დროსაც. კიბოს უჯრედები, სარეველების მსგავსად, ზოგჯერ ეჩვევიან შხამს და ქიმიოთერაპიული საშუალებების წინააღმდეგ გამძლეობას იძენენ, მარკერები კი თავის ადგილზე რჩება, ამიტომაც ანტისხეულები კვლავ ეფექტურია.
ძვლის ტვინის გადანერგვა საკმაოდ რთული და მძიმე პროცედურაა როგორც შესაფერისი დონორის პოვნის, ასევე ტრანსპლანტატის მოცილების თვალსაზრისით. ლიმფომის დროს ხშირად აუტოლოგიურ (საკუთარი უჯრედების) გადანერგვას ვიყენებთ. ამ დროს ქიმიოთერაპიის დაწყებამდე ძვლის ტვინს ან მხოლოდ ღეროვან უჯრედებს წინასწარ ვიღებთ, საჭირო დროს კი პაციენტს უკან ვუბრუნებთ.
ყოველივე ამის ფონზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლიმფომის წარმატებული მკურნალობა და მართვა შესაძლებელია. სხვა საკითხია უკიდურესი ეკონომიკური ხელმოკლეობა, რომლის გამოც ბევრი არამცთუ იმუნოთერაპიას, ქიმიოთერაპიასაც კი ვერ იტარებს. იმედი მაქვს, სახელმწიფოს, სამედიცინო საზოგადოების, მასმედიისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით მომავალში შევძლებთ, თანამედროვე მკურნალობა უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.