ყველაფერი ორსულობის შესახებ

გააზიარე:

ცოცხალი ორგანიზმი ალბათ უდიდესი გამოცანაა ამქვეყნად. იგი სუნთქავს, იკვებება, დასაბამს აძლევს თავისნაირებს... ყველაზე სრულყოფილი სულდგმული კი ადამიანია. იგი, სხვა ცოცხალი არსებების მსგავსად, სუნთქავს, საკვებს მოიპოვებს და, რაც მთავარია, შეუძლია, განიცადოს ბედნიერება იმის გამო, რომ შთამომავლობის დატოვება შეუძლია.

იმისთვის, რომ ახალ სიცოცხლეს მიეცეს დასაბამი, ბევრი არაფერია საჭირო: ერთი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში უნდა შეიჭრას. სწორედ ასე ხდება განაყოფიერება, სწორედ ასე იწყება ახალი სიცოცხლე.

საჭიროა ოვულაცია
კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად ერთი სპერმატოზოიდიც საკმარისია. მთავარია, რამდენად მოხერხებული აღმოჩნდება პატარა კუდიანი. მაგრამ ვიდრე სასქესო უჯრედთა ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგებოდეს, საჭიროა ოვულაცია.

ოვულაცია მოვლენაა, რომლის დროსაც საკვერცხის ერთ-ერთი ფოლიკული სკდება და იქიდან მწიფე კვერცხუჯრედი გამოიტყორცნება. ასე ხდება რეგულარულად, ყოველ თვე. ტყვეობიდან გათავისუფლებული კვერცხუჯრედი მზად არის გასანაყოფიერებლად.

თუ ოვულაცია არ მოხდა, ყველაზე აქტიური სპერმატოზოიდის მცდელობაც კი ამაოდ ჩაივლის. სპეციალისტებმა დიდხანს არკვიეს, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გათავისუფლებას და საამისო ათეულობით მიზეზი აღმოაჩინეს, მათ შორის – ხშირი სტრესი, სხეულის მცირე წონა (42 კგ-ზე ნაკლები საშუალო სიმაღლის შემთხვევაში) და, თქვენ წარმოიდგინეთ, მზის ნაკლებობა. თურმე ესკიმოს ქალებს პოლარული ღამეების პერიოდში კვერცხუჯრედი არც კი უმწიფდებოდათ და, შესაბამისად, ვერც ორსულდებოდნენ.

შეხვედრის ადგილი
საშვილოსნო საკვერცხეს ფალოპის მილით ანუ კვერცხსავალით უკავშირდება. სწორედ იქ ხვდება კვერცხუჯრედი მამაკაცის სასქესო უჯრედს. რამდენიმე მილიონი სპერმატოზოიდიდან მხოლოდ ერთი თუ ახერხებს, გაარღვიოს კვერცხუჯრედის კედელი (სხივური გვირგვინისა და მბრწყინავი გარსი)  და შიგნით შეიჭრას. კვერცხუჯრედში იოლად რომ შეაღწიოს, საჭიროა გარსის დამშლელი სეკრეტი – ჰიალურონიდაზა. ერთი სპერმატოზოიდი ამ ნივთიერებას ძალიან ცოტას გამოიმუშავებს, ამიტომ მას სხვა კუდიანი უჯრედები ეხმარებიან.

მიზნამდე რის ვაივაგლახით მიღწეულ სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედში თავი წესიერად არც კი აქვს შეყოფილი, რომ კუდი სძვრება. დარჩენილი თავი, რომელიც გენეტიკურ ინფორმაციას ფლობს, კვერცხუჯრედის ბირთვისკენ (რომელშიც ასევეა ჩადებული გენეტიკური მასალა)  მიიწევს და მასში ჩაინერგება. ამგვარად წარმოიქმნება განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ანუ ზიგოტა. ამ მომენტიდან იწყება ორსოლბა.

ბინადრობის დასაწყისი
ახალწარმოქმნილ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა და ჟანგბადის მოხმარება ინტენსიურად მიმდინარეობს, ცოტა ხნის შემდეგ კი იწყება განაყოფიერებული კვერცხუჯრედი დაყოფას ანუ სეგმენტაციას იწყებს და შვილეულ უჯრედებს – ბლასტომერებს წარმოქმნის. ჩანასახის განვითარება, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ წყდება – წარმოქმნილი უჯრედები კიდევ იყოფა და ასე მრავალგზის. სეგმენტაცია მანამდე გრძელდება, ვიდრე ერთ გუნდად შეკრული ბლასტოციტების ნაკრები, რომელიც გარეგნულად ჟოლოს ნაყოფს ჰგავს, საშვილოსნომდე არ მიაღწევს.

ბლასტოციტების გუნდა (ბლასტულა) კვერცხსავალ მილში 7-10 დღე მოგზაურობს, შემდეგ საშვილოსნოში გადაინაცვლებს და მის ლორწოვან გარსში ჩაინერგება. ამ მოვლენას იმპლანტაცია ეწოდება. ამის შემდეგ ჩანასახი აქტიურად იწყებს განვითარებას: ყალიბდება ქსოვილები, ორგანოები, ხოლო იქ, სადაც ბლასტოციტები საშვილოსნოს კედელში ინერგება, წარმოიქმნება პლაცენტა – პირველი დამაკავშირებელი რგოლი დედასა და შვილს შორის, რომლის საშუალებითაც ნაყოფი ქალის ორგანიზმიდან იღებს ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას.

რამდენიმე მინიშნება
“ორსულად ვარ... ჰო, მე მგონი, ვარ... არა, შესაძლოა, არც ვიყო, თუმცა…” – ასეთი ეჭვი ბევრ ქალს დაუფლებია. დაბეჯითებით მხოლოდ მაშინ თუ იტყვი, ბავშვს ველოდებიო, როდესაც ექოსკოპი მუცელში მოკალათებულ პაწიას შეამჩნევს (ამბობენ, ზოგჯერ ორსულობის ტესტიც ცდებაო). მანამდე კი უცნაური შეგრძნებები იჩენს თავს: ზოგი მჟავე კიტრისკენ მიიწევს, ზოგი საერთოდ კარგავს მადას. ასეა თუ ისე, არსებობს ნიშნები, რომლებიც ორსულობას არ ამტკიცებს, მაგრამ ეჭვს ნამდვილად ბადებს. ესენია:

  • მენსტრუაციის შეწყვეტა. ეს ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია, თუმცა ყოველთვის ამ მდგომარეობაზე არ მიუთითებს. მენსტრუაციის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ჰორმონული ცვლილებები, ფსიქოლოგიური ტრავმა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება.
  • მადის შეცვლა. ორსულის გასტრონომიული ახირებები უმეტესად მჟავე საკვებისადმი ლტოლვით, ცარცის, თიხის და, თქვენ წარმოიდგინეთ, დამწვარი ასანთის ჭამის სურვილითაც კი გამოიხატება, თუმცა ისეც ხდება, რომ ორსულს სულ მთლად  ეკარგება მადა.
  • გულისრევა და ღებინება. ისინი უმთავრესად დილაობით და, როგორც წესი, ფეხმძიმობის პირველ თვეებში იჩენს თავს. ეს ორსულთა ტოქსიკოზის მსუბუქი გამოვლინებაა, რომელიც თავისთავად გაივლის.
  • ხასიათის ცვლილება. დეპრესია, ჭირვეულობა, ტირილის სურვილი, ძილად მივარდნა და, საზოგადოდ, უგუნებობა ხშირად ახლავს თან ორსულობას. შესაძლოა, ამ ყოველივეს შფოთვა და უმიზეზო შიშის შეგრძნებაც დაერთოს.
  • ხშირი შარდვა. ეს სიმპტომი, რომელიც ქალს უმეტესად ფეხმძიმობის პირველ თვეებში აწუხებს, რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის – მცირე მენჯის ღრუს სისხლმომარაგების გაძლიერებით: სისხლით გადავსებული ორგანოები საშარდე ბუშტს აწვება. დანარჩენი მიზეზებიდან აღსანიშნავია ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება, ორგანიზმში სითხის მარაგის გაზრდა, თირკმელების აქტიური მუშაობა.
  • სარძევე ჯირკვლების გადიდება, უფრო სწორად, დაბერვა, რომელსაც ხშირად ერთვის დაჭიმულობისა და ტკივილის შეგრძნება. შესაძლოა, ფერი იცვალოს ძუძუსთავების გარშემო არსებულმა რგოლმაც.

მაინც როდის?
პაწიას დაბადების სავარაუდო თარიღს ექოსკოპიური კვლევის შემდეგ შეიტყობთ, რომელიც, გარდა თარიღისა, ნაყოფის სხვა მახასიათებლებზეც მოგაწვდით ინფორმაციას.

საშვილოსნოს ღრუში ნაყოფი ორსულობის მე-5 კვირას ჩანს, ხოლო მე-7-8 კვირას უკვე გულის მუშაობის დაფიქსირებაც შეიძლება.
დაბადების თარიღის განსაზღვრა  მეტ-ნაკლები სიზუსტით თავადაც შეგიძლიათ: უკანასკნელი მენსტრუაციის პირველ დღეს გამოაკელით სამი თვე და მიუმატეთ 7 დღე. მაგალითად, თუ უკანასკნელი მენსტრუაცია 19 დეკემბერს დაგეწყოთ, გადაითვალეთ უკან 3 თვე – მიიღებთ 19 სექტემბერს – და მიუმატეთ 7 დღე: თქვენი შვილი 26 სექტემბერს მოევლინება ქვეყნიერებას!

გააზიარე: