ტერფის მიკოზი

გააზიარე:

კანსაც და ფრჩხილებსაც ორგანიზმის დამცავი ფუნქცია აკისრია. მათი დაზიანება გზას უხსნის ინფექციებს, მათ ერთგვარ კარიბჭედ იქცევა, ამიტომ სპეციალისტები დაბეჯითებით გვირჩევენ მათ მკურნალობას. ასევე ფიქრობს თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ევროპის მმართველი საბჭოს წევრი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი სოსო კობახიძე, რომელსაც სოკოვან დაავადებებსა და მათი თავიდან აცილებისა თუ მკურნალობის გზებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

– რისი ბრალია, რომ ერთსა და იმავე პირობებში, თუნდაც ერთსა და იმავე ოჯახში, მიკოზი ყველას არ ემართება?
– ეს არჩევითობა ბევრად არის დამოკიდებული კანის ტენიანობაზე. მას, ვისაც ფეხი უფრო მეტად უოფლიანდება, რასაკვირველია, უფრო დიდი ალბათობა აქვს, ტერფის მიკოზი დაემართოს. მნიშვნელოვანია ცხოვრების წესიც: ოჯახის ზოგიერთი წევრი რეზინისძირიან ფეხსაცმელს იცვამს, ზოგიერთი – ლანჩიანს, ზოგიერთი ბუნებრივი ქსოვილის წინდებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიერთი – ხელოვნურს, ზოგიერთი კარგად იმშრალებს დაბანილ ფეხებს, ზოგს კი ეჩქარება და ფეხსაცმელს ნახევრად სველ ფეხებზე იცვამს.
– ტერფის რა თვალსაჩინო ცვლილებებს იწვევს მიკოზი? 
– კანი ჯერ იქერცლება, შემდეგ სკდება, ნახეთქებიდან კი შესაძლოა ინფექცია შეიჭრას. მიკოზის დროს ტერფს სპეციფიკური სუნიც უჩნდება. გამოკვლევები ადასტურებს, რომ იმ ქალების 88%-ს, რომლებიც ქუსლების გარქოვანებას, ნახეთქებს, აქერცვლას, ქავილსა და არასასიამოვნო სუნს უჩივიან, ტერფის სოკოვანი ინფექცია აქვს.
– როგორ მოვუაროთ ფეხებს, რომ ტერფების მიკოზი თავიდან ავიცილოთ?
– პირველ ყოვლისა, ყოველდღე ვიბანოთ ფეხები და ვიცვალოთ წინდები. დაბანილი ტერფები, განსაკუთრებით – ნაკეცები, ვაფლისებური პირსახოცით კარგად გავიმშრალოთ. ჩავიცვათ მორგებული ფეხსაცმელი (ამას განსაკუთრებით მათ გასაგონად ვამბობ, ვინც მზად არის, მოდური ფეხსაცმლის ხათრით დისკომფორტი არაფრად ჩააგდოს), სპა-სალონში, აბანოში, აუზზე საკუთარი ტყაპუნები (“შლოპანცები”) წავიღოთ. შინაც ყველას საკუთარი სააბაზანო ფეხსაცმელი გვქონდეს.
არსებობს იდიოპათიური ოფლიანობა, რომელსაც ვეგეტაციური ნერვული სისტემა განაპირობებს. ასეთი დარღვევის მქონე ადამიანმა რაც უნდა ჩაიცვას და როგორც უნდა მოუაროს თავს, ტერფები მაინც გაუოფლიანდება. ამ შემთხვევაში სხვაგვარი მკურნალობა ტარდება.
– რისი გაკეთება შეგვიძლია დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე?
– სოკოს იოლ ფორმას შესაძლოა ექიმი არც კი დასჭირდეს. არსებობს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ურეცეპტოდ იყიდება და ფუნგიციდურ ანუ სოკოს გამანადგურებელ ნივთიერებებს შეიცავს. მათი გამოყენება პროფილაქტიკისთვისაც შეიძლება და სამკურნალოდაც. როდესაც ადამიანი ამჩნევს, რომ ტერფები შესამჩნევად ექერცლება, თეთრი ნადები და განსხვავებული სუნი უჩნდება და უსიამოვნო შესახედავია, შეუძლია, თამამად უპრობლემოდ იხმაროს ეს საშუალებები. სასურველია, მათი აქტიური ნივთიერება ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩეოდეს (ასეთია, მაგალითად, ტერბინაფინის შემცველი საშუალებები). ბოლო ხანს საგანგებოდ ქალებისთვის განკუთვნილი სოკოს საწინააღმდეგო მალამოებიც გამოჩნდა. თუ ამ საშუალებების გამოყენებამ რამდენიმე დღეში შესამჩნევი შედეგი გამოიღო, მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს. თუ 3-4 დღეში შედეგი ვერ შეამჩნიეთ, მაშინ სჯობს, ექიმს მიმართოთ. შესაძლოა, სხვაგვარი მკურნალობა, მაგალითად, პერორალური თერაპია დაგჭირდეთ. არც ის არის გამორიცხული, ცვლილებები სხვა პრობლემით იყოს გამოწვეული და არა სოკოთი.

გააზიარე: