სპორტული გული – სადამდე მივყავართ გადამეტებულ დატვირთვას

გააზიარე:

არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ რეგულარული ზომიერი ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ცალკეული სისტემების ფუნქციობაზე და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. სხვა საქმეა ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, რომელიც რეკომენდებულ ნორმებს სცილდება – ის შესაძლოა არასახარბიელო შედეგითაც დასრულდეს.

იმის შესახებ, რა ემუქრება გულს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას და რა გზითაა შესაძლებელი სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან აცილება, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ნანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრება:

 

– ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, რაც მრავალი სანდო კვლევითაა დადასტურებული. ცნობილია, რომ რეგულარული ფიზიკური აქტიურობა თითქმის ყველა ორგანოს მუშაობას აუმჯობესებს: ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტისა (50%) და ინსულტის განვითარების რისკს, აქვეითებს არტერიულ წნევას და აიშვიათებს გულის დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, აადვილებს შფოთვისა და დეპრესიის დაძლევას, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციას და ანელებს დემენციას, ამცირებს წონას, არეგულირებს ცხიმოვან ცვლას – ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ცუდი ქოლესტერინის) დონეს, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისას (კარგი ქოლესტერინისას) კი ზრდის, ანელებს ოსტეოპოროზს და აქვეითებს ინვალიდობის სიხშირეს, ხელს უშლის პროსტატის, სარძევე ჯირკვლისა და ნაწლავის სიმსივნეთა განვითარებას.

სპორტით პროფესიულ დატვირთვას კი არცთუ იშვიათად საპირისპირო შედეგი მოსდევს. განსაზღვრული წარმატების შემდეგ რეკორდის მოსახსნელად სპორტსმენები გამუდმებით მაღლა სწევენ გამძლეობის თამასას, რომლის გადასალახავად ორგნიზმს რესურსი აღარ ჰყოფნის.

 

გულის პასუხი

  • – როგორ პასუხობს გული გადამეტებულ დატვირთვას?

– გადამეტებული დატვირთვის პასუხად გული განიცდის ადაპტაციური (შეგუებითი) ხასიათის მორფოფუნქციურ და ელექტროფიზიოლოგიურ ცვლილებებს. ცვლილებათა ამ კომპლექსს სპორტული გული ეწოდება (ამ ტერმინის სინონიმებია სპორტული გულის სინდრომი, დატვირთვის კარდიომეგალია). თავდაპირველად ეს პროცესები ფიზიოლოგიური ხასიათისაა და მომატებული ჰემოდინამიკური (სისხლით მომარაგების) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა მიმართული.

ტერმინი “სპორტული გული” პირველად 1899 წელს გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა ჰენშენმა. ასე აღნიშნა მან სპორტსმენის გულის გადიდება, რასაც პათოლოგიად მიიჩნევდა. მოგვიანებით, 1938 წელს, რუსმა მეცნიერმა გეორგ ლანგმა სპორტული გულის სინდრომის ორი ფორმა გამოყო:

  1. ფიზიოლოგიური სპორტული გული, რომელსაც რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის შედეგად უნარი შესწევს, დააკმაყოფილოს ორგანიზმის მაღალი მოთხოვნები ხანგრძლივი და ინტენსიური დატვირთვის პირობებში;
  2. პათოლოგიური სპორტული გული, რომელიც ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის შედეგად პათოლოგიურად არის შეცვლილი და დაქვეითებული აქვს შრომისუნარიანობა.

 

დატვირთვის ტიპები

1975 წელს ჯოელ მორგანროთმა ექოკარდიოგრაფიულ მონაცემებზე, პარკუჭის კედლის სისქისა და მოცულობის ცვლილებებზე დაყრდნობით აღწერა სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვის დროს გულის რემოდელირების (სტრუქტურისა და ფორმის ცვლილების) ორი მოდელი და გამოთქვა მოსაზრება, რომ რემოდელირების პროცესზე გავლენას ახდენს დატვირთვის ტიპი. განასხვავებენ ფიზიკური დატვირთვის ორ ძირითად ტიპს:

  • დინამიკურს (აერობულს, იზოტონურს);
  • სტატიკურს (ანაერობულს, იზომეტრულს).

დინამიკურია ნებისმიერი დატვირთვა, რომელიც სახსრებში მოძრაობითა და კუნთების შეკუმშვა-მოდუნებით მიმდინარეობს.

სტატიკური დატვირთვის დროს კუნთები დაძაბულია, რაც სხეულისა და განსაზღვრული სახსრის უძრაობას განაპირობებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სპორტის ცალკეული სახეობები ორივე ტიპის დატვირთვის კომბინაციას მოითხოვს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში დაჯგუფებულია სპორტის სახეობები დატვირთვის ტიპის მიხედვით:

 

როგორ რეაგირებს გული

ნორმალური ფუნქციობის შესანარჩუნებლად სხვადასხვა დატვირთვას გული სხვადასხვა საადაპტაციო მექანიზმის ჩართვით პასუხობს:

  • გულისკენ ვენური სისხლის ნაკადის დინების ანუ პრედატვირთვის მატება იწვევს გულის პარკუჭის მოცულობის ზრდას ღრუს დიამეტრის ზრდით, ხოლო პერიფერიული წინააღმდეგობის ანუ პოსტდატვირთვის მატება – პარკუჭის კედლების გასქელებას — ჰიპერტროფიას. გულის მუშაობა სწორედ პრედატვირთვისა და პოსტდატვირთვის გადალახვაზეა დამოკიდებული.

დინამიკური (იზოტონური, აერობული) ფიზიკური დატვირთვის დროს კუნთებში სისხლის მიწოდება გაძლიერებულია. კუნთების გაძლიერებული შეკუმშვის მექანიკური ზემოქმედებისა და სისხლძარღვთა ელასტიკურობის შედეგად გულისკენ სისხლის (ვენურის) დიდი ნაკადი გადაიტყორცნება, გულის პრედატვირთვა საგრძნობლად იმატებს, გულის კუნთი ნელ-ნელა იჭიმება, პარკუჭის საბოლოო მოცულობა იზრდება და ადაპტაციური მექანიზმების ამოწურვის შემდეგ ფიზიოლოგიურად გაფართოებული გული პათოლოგიურად ფართოვდება.

სტატიკური (იზომეტრული, ანაერობული) დატვირთვისას, როდესაც კუნთზე რაიმე (მაგალითად, გირის) ძალით ზეწოლა ხდება ან კუნთი ხანგრძლივადაა შეკუმშული, ის მექანიკურ ზეწოლას ახდენს სისხლძარღვზე და, ამ უკანასკნელის ელასტიკურობის მიუხედავად, მასში სისხლის მოძრაობა გაძნელებულია. შესაბამისად, კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდებაც ფერხდება. ამ დროს ირთვება ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც წნევის მომატებას განაპირობებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იზრდება პოსტდატვირთვა, რომლის გადასალახავად გულის კუნთი სქელდება, ხოლო შემდგომ, საადაპტაციო მექანიზმების ამოწურვის შედეგად, ვითარდება პათოლოგიური ჰიპერტროფია (გასქელება).

შერეული დატვირთვის პირობებში (ასეთია, მაგალითად, ველოსპორტი, რომლის დროსაც მაღალია როგორც დინამიკური, ისე სტატიკური დატვირთვა) ორივე ტიპის დატვირთვის მატება პარკუჭის ღრუს რადიუსისა და მისი კედლის სისქის ზრდას იწვევს.

 

რეალური საფრთხე

  • – რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ამ ცვლილებებმა?

– როგორც ითქვა, ხანგრძლივი და ინტენსიური არაადეკვატური დატვირთვისას გულის კომპენსატორული მექანიზმები ითრგუნება და დგება დეკომპენსაციის პერიოდი. თუ სპორტული გულის მქონე ადამიანს გენეტიკური განწყობაც აქვს, არასწორი ფიზიკური დატვირთვის პორობებში კარდიომიოპათია განუვითარდება. ამ დროს დიაგნოსტიკა ძნელდება, ხდება მიოკარდიუმის სტრუქტურული გარდაქმნა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს არითმოგენული სუბსტრატის აღმოცენებას და მის რეალიზაციას სიცოცხლისთვის საშიში არითმიის სახით, რომელმაც შესაძლოა უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს.

სპორტსმენთა ინვალიდობისა და უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, არ გამოგვეპაროს გულის რემოდელირების ადრეული პრეკლინიკური სტადია – სპორტულ გულსა და გულის პათოლოგიას შორის არსებული გარდამავალი ფარული (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) პერიოდი. ამისთვის აუცილებელია პროფილაქტიკური გამოკვლევები. როდესაც ვატყობთ, რომ განსაზღვრული პარამეტრები ნორმის საზღვრებს სცილდება, სპორტსმენს ვაფრთხილებთ, რომ მაღალი აქვს კარდიომიოპათიის განვითარების რისკი, რომელიც შემდგომ შესაძლოა გულის უკმარისობით გამოვლინდეს, რომ ასეთი დატვირთვა მისთვის სახიფათოა და საჭიროა ოქროს შუალედის გამონახვა, რათა გართულებების თავიდან აცილება მოხერხდეს.

 

  • როგორ გავიგოთ

გულის სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შესწავლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექოკარდიოგრაფია, ხოლო ამ მეთოდის ახალი მოდიფიკაცია, შპეცკლე ტრაცკინგ 2D შტრაინ ტექნოლოგია, გულის დისფუნქციის ნაადრევი გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.

ამ მეთოდს საფუძვლად დაედო მიოკარდიუმის სპირალური შენების კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მიოკარდი სპირალურად დახვეული ბოჭკოების ორი შრის ერთობლიობას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მუშაობისას გული მხოლოდ კი არ იკუმშება და ფაროვდება, არამედ საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავს, რაც ხელს უწყობს სისხლის გადასროლას, გულის ღრუების ბოლომდე დაცლას.

შპეცკლე ტრაცკინგ ექოკარდიოგრაფიით ორგანზომილებიან რეჟიმში განისაზღვრება გამოსაკვლევი სეგმენტების გადაადგილება, გადაადგილების სიხშირე (სიჩქარე), დეფორმაცია (სიგრძივი, რადიალური და ცირკულარული), დეფორმაციის სიჩქარე და შემობრუნება, რაც გულის მდგომარეობის მანამდე შეფასებაში გვეხმარება, სანამ მის დაზიანებაზე კლინიკური ჩივილები მიგვითითებს.

 

მოზარდის გული

– ახალშობილის გულის შემობრუნების პროცესი მოზრდილის გულთან შედარებით განსხვავებულია. თუ მოზრდილი ადამიანის გულის ფუძე და მწვერვალი სხვადასხვა მიმართულებით ბრუნავს, რაც მის შემოგრეხას განაპირობებს, ახალშობილის გულის ბრუნვა თავდაპირველად ერთი მიმართულებით ხორციელდება. შემდეგ ბრუნვის კუთხე თანდათან იცვლება და მოზარდ ასაკში გულის ფუძისა და მწვერვალის სეგმენტები უკვე ერთმანეთის საწინაღდეგოდ ბრუნავს. მწვრთნელები ორიენტირებულნი არიან სპორტულ მიღწევებზე და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ბავშვის ინდივიდუალურ მდგომარეობას, ექიმები კი, პირიქით, მოზარდების ჯანმრთელობაზე ფიქრობენ. მწვრთნელმაც და მშობლებმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ 14-16 წლის ასაკში ჩონჩხკუნთოვანი სისტემა თითქმის ჩამოყალიბებულია და მოზრდილისას ჰგავს, მაგრამ გულ-სისხლძარღვთა სისტემა განვითარებით მას ჩამორჩება. გულის კუნთის ზრდის მიუხედავად, გულის მკვებავი სისხლძარღვები ნელა ვითარდება, ამიტომ ამ პერიოდში ძლიერი დატვირთვა გულს ვნებს.

 

მოქმედების ტაქტიკა

– სპორტული გულის საკითხი ამჟამად ძალზე აქტუალურია და არა მარტო სპორტსმენებს, არამედ მოყვარულებს შორისაც. ფიტნესკლუბებში მოვარჯიშე ახალგაზრდები ზოგჯერ ვერ საზღვრავენ საკუთარ შესაძლებლობებს და არ იციან, აქვს თუ არა მათ გულს ასეთი დატვირთვის ატანის რესურსი. უნდა გვახსოვდეს, რომ ხანგრძლივმა და არასწორმა დატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს კომპენსატორული მექანიზმების დათრგუნვა და დეკომპენსატორული ცვლილებები, რაც სიცოცხლისთვის საშიშ არითმიამდე მიგვიყვანს. ამიტომაა ესოდენ მნიშვნელოვანი გულის დაზიანების ადრეული პრეკლინიკური სტადიის განსაზღვრა, ამიტომაა, რომ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების პრევენცია თანამედროვე სპორტული მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად მიიჩნევა. საბედნიეროდ, არსებობს ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც სპორტსმენების (და არა მხოლოდ მათი) ფუნქციური რეზერვის პროგნოზირებისა და ფიზიკური დატვირთვის ოპტიმალური რეჟიმის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: