ალკოჰოლის აუტანლობა

გააზიარე:

ჩვენს ცხოვრებაში სასმელს დიდი ადგილი უკავია. ის ყველა თავყრილობის აუცილებელი ატრიბუტია, მეტადრე – საქართველოში, ქვეყანაში, რომელსაც მეღვინეობის უძველესი ტრადიცია აქვს. მეტიც – “ქართველობას” ბევრი ჯერ კიდევ წვეულებაზე შესმული ღვინის რაოდენობით საზღვრავს. გვაქვს “განსხვავებული სასმისებიც”, რომელთა გამოცლა ყველა “ნამდვილ მამაკაცს” უნდა შეეძლოს. ალბათ თქვენც შესწრებიხართ სუფრასთან ასეთ დიალოგს: “ვერ დავლევ...” – “დალიე! კაცი არა ხარ?!“ და გაწითლებული, დარცხვენილი მსხვერპლიც მორჩილად ეწაფება სასმისს...

სასმელზე მხოლოდ ახირების ან სურვილის უქონლობის გამო არ ამბობენ უარს – ბევრისთვის ალკოჰოლის მიღება საშიში გართულებების საწინდარია. თავადაც იცით, არც ისე იშვიათია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება... თუმცა ამჯერად საუბარს სულ სხვა პათოლოგიაზე ვაპირებთ.

იქნებ გაგიგონიათ კიდეც – არსებობს მდგომარეობა, როცა ადამიანის ორგანიზმი ალკოჰოლიანი სასმლის მონელებას ვერ ახერხებს. ამ მდგომარეობას ალკოჰოლის აუტანლობა ჰქვია. შესაძლოა, ერთი შეხედვით წვრილმანად მოგეჩვენოთ და ღიმილიც კი მოგგვაროთ, მაგრამ, გვერწმუნეთ, საქმე სულაც არ არის სახუმაროდ – ალკოჰოლიანი სასმელი ასეთი ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის.

ალკოჰოლის აუტანლობისას სასმლის მიღებისთანავე უსიამოვნო შეგრძნებები იჩენს თავს. ყველაზე გავრცელებული და მსუბუქი სიმპტომები სურდო და ცხვირის ღრუს დახშობაა. არსებობს უფრო მძიმე გამოვლინებაც...

ალკოჰოლის აუტანლობა გენეტიკურად არის განპირობებული და არ იკურნება. ამ დროს ორგანიზმი თანდაყოლილი დეფექტის გამო ვერ გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებიც სპირტის მოლეკულების დასაშლელად არის საჭირო. სმისგან თავის შეკავება უსიამოვნების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.

ალკოჰოლის აუტანლობა ალერგია არ არის, თუმცა შესაძლოა, სასმლის დანამატებმა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, რომელიც ხშირად ალკოჰოლის აუტანლობაში ერევათ. მედიკამენტებთან ერთად სასმლის მიღებაც არასასურველ რეაქციას იწვევს.

იშვიათად ალკოჰოლის მიღების შემდეგ თავჩენილი რეაქცია მძიმე კლინიკურ პრობლემაზე – ჰოჯკინის ლიმფომაზე მიანიშნებს, რომელსაც დიაგნოსტირება და მკურნალობა სჭირდება.

 

სიმპტომები

ალკოჰოლის აუტანლობის ან სასმლის დანამატების მიმართ რეაქციის სიმპტომებია:

  • სახის წამოწითლება;
  • თბილი, წითელი ამობურცულობა კანზე, რომელსაც თან ახლავს ქავილი;
  • უკვე არსებული ასთმური მდგომარეობის გაუარესება;
  • სურდო ან ცხვირის ღრუს დახშობა;
  • არტერიული წნევის დაცემა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ფაღარათი.

ალკოჰოლის აუტანლობის მსგავსი რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს:

  • სულფიტებმა და სხვა კონსერვანტებმა;
  • მარცვლეულმა დანამატებმა;
  • ქიმიურმა დანამატებმა;
  • ჰისტამინმა;
  • ფერმენტაციის ან გამოხდის ნარჩენმა პროდუქტებმა.

 

რისკის ფაქტორები

არსებობს ფაქტორები, რომელთა თანაარსებობისას უფრო მაღალია ალკოჰოლის აუტანლობის გამოვლენის ან ალკოჰოლიანი სასმლის დანამატების მიმართ რეაქციის განვითარების რისკი.

ეს ფაქტორებია:

  • აზიური წარმოშობა;
  • ასთმა;
  • თივის ცხელება (ალერგიული რინიტი);
  • ალერგია მარცვლეულის ან სხვა საკვების მიმართ;
  • ჰოჯკინის ლიმფომა.

 

ექიმთან მისვლამდე

ერიდეთ ალკოჰოლიან სასმელებს. მსუბუქი რეაქციის დროს შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ანტიჰისტამინური მედიკამენტი. ძლიერი რეაქციის: კანის ცვლილებების, პულსის შესუსტების, ღებინების, სუნთქვის გაძნელების დროს სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა საჭირო.

 

როდის მივმართოთ ექიმს

მსუბუქი აუტანლობისა და სასმლის დანამატებზე რეაქციის დროს ექიმის დახმარება შესაძლოა არც კი დაგჭირდეთ. ამ დროს საკმარისია სასმლისგან თავის შეკავება, მისი ოდენობის შემცირება ან განსაზღვრული ტიპის სასმელების ნაკლები ოდენობით მიღება. თუ სიმპტომები მკვეთრია (მაგალითად, უჩივით ძლიერ ტკივილს) ან ვარაუდობთ, რომ ისინი ალერგიით ან რომელიმე მედიკამენტთან სასმლის ურთიერთქმედებითაა განპირობებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

გართულებები

ალკოჰოლის აუტანლობის ან სასმლის დანამატისადმი ალერგიული რეაქციის დროს მოსალოდნელია:

  • შაკიკის შეტევა. სავარაუდო მიზეზი ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელში ჰისტამინის არსებობაა. გარდა ამისა, იმუნური სისტემა ჰისტამინს თვითონვე გამოყოფს ალერგიული რეაქციის დროს.
  • ძლიერი ალერგიული რეაქცია. ის შესაძლოა გამოიხატოს სიცოცხლისთვის საშიში ფორმით – ანაფილაქსიური შოკით, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

 

მოემზადეთ ექიმთან ვიზიტისთვის

  • ჩამოწერეთ ყველა სიმპტომი, მათ შორის – ისინიც, რომლებსაც, თქვენი აზრით, ალკოჰოლის აუტანლობასთან კავშირი არ აქვს.
  • გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები, განსაკუთრებით – ძლიერ სტრესული მომენტები. სტრესმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია დაამძიმოს.
  • ჩამოწერეთ ყველა მედიკამენტი, ვიტამინი თუ დანამატი (დოზებითურთ), რომელსაც იღებთ.
  • ჩამოწერეთ კითხვები, რომელთა ექიმისთვის დასმა გსურთ.

 

დიაგნოსტიკა

იმის გარკვევაში, ალკოჰოლის აუტანლობაა თქვენი ჩივილების მიზეზი თუ სხვა რამ, ექიმს დაეხმარება:

  • თქვენი სიმპტომების დეტალური ცოდნა. მოემზადეთ ჩივილების აღსაწერად და იმ ალკოჰოლური სასმელების ჩამოსათვლელად, რომლებიც თქვენს ორგანიზმში არასასურველ რეაქციას იწვევს. წინასწარ გაარკვიეთ, სისხლით ნათესავებს შორის ვინმეს ხომ არ აქვს კვებითი ან სხვა სახის ალერგია.
  • გასინჯვა. ამ გზით შესაძლებელია ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოჩენაც.
  • კანის ტესტი. კანის პრიკ-ტესტით, იმავე კანშიდა ნემსის მეთოდით, კონკრეტული ნივთიერების მიმართ ალერგიულობას ადგენენ. ალერგენი პატარა ნემსით შეჰყავთ წინამხარში ან ხელისგულში, კანის ზედაპირული შრის ქვეშ. თუ ალერგიული ხართ ლუდში არსებულ მარცვლეულზე, მისი შემადგენელი ნივთიერების კანში შეყვანა შეწითლებას, ბუშტუკის გაჩენას ან სხვა ცვლილებებს გამოიწვევს.
  • სისხლის ტესტი. ამ გზით ადგენენ კონკრეტული ნივთიერებისადმი იმუნურ პასუხს, კერძოდ, სისხლში ალერგიული ტიპის IგEE ანტისხეულების რაოდენობას, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის სარწმუნო და ზუსტი არ არის.

 

მკურნალობა

  • მკურნალობის ეფექტური საშუალება, სამწუხაროდ, არ არსებობს. გამოსავალი ერთადერთია – თავი აარიდოთ სასმელს. მსუბუქი სიმპტომების დროს, როგორც ითქვა, საკმაოდ შედეგიანია ქავილის ან ურტიკარიის საწინააღმდეგო ანტიჰისტამინების მიღება, მაგრამ ძლიერი რეაქციის შემთხვევაში ეს წამლებიც უეფექტოა.
  • თუ ალერგიული ხართ რომელიმე საკვების მიმართ, აუცილებლად გაიკეთეთ სპეციალური სამაჯური, რომ გარშემო მყოფები ინფორმირებულნი იყვნენ. გაითვალისწინეთ: ძლიერი ალერგიული რეაქციის დროს ავადმყოფთან კომუნიკაცია ზოგჯერ შეუძლებელია, მის გადასარჩენად კი სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა აუცილებელი. ასეთ დროს სამაჯურზე მითითებული ინფორმაცია ექიმს სწორი ტაქტიკის სწრაფად შერჩევაში დაეხმარება. ექიმთან აუცილებლად გაარკვიეთ ისიც, ხომ არ აჯობებს, თან ატაროთ ეპინეფრინის (ადრენალინის) აუტოსაინექციო ფორმა, რომელიც მძიმე ალერგიული რეაქციის დროს გადარჩენის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.

 

პრევენციისთვის

  • ალკოჰოლიანი სასმლის შეძენის დროს ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი და გაარკვიეთ სასმლის შემადგენლობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სულფიტებს და ზოგიერთ მარცვლეულს. ფრთხილად იყავით – შესაძლოა, ეტიკეტზე ყველა ინგრედიენტი არ იყოს მითითებული.

თამთა ხელიძე

 

გააზიარე: