ახალგაზრდული სხეულის საიდუმლო
გააზიარე:
ბრტყელი მუცელი – ახდენილი ოცნება
იდეალურ ფორმებზე ყველა ოცნებობს, მაგრამ მუდამ ფორმაში ყოფნა ძნელია, მეტადრე მაშინ, როცა ირგვლივ ამდენი საცდურია. სასწორის მიერ ნაჩვენებ ყოველ ახალ კილოგრამს შიშით ვხვდებით, მაგრამ კილოგრამები ჩვენს შიშს არად დაგიდევენ – იოლად ჩნდებიან, მათი მოშორება კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ხდება ისეც, რომ სასწორი ნორმალურ წონას აჩვენებს, ფორმები კი დასახვეწია.
ორიგინალური არ ვიქნები, თუ გეტყვით, რომ ზედმეტი წონის მოსაშორებლად და სხეულის ფორმების დასახვეწად საუკეთესო გზა ვარჯიშია. მიზანი ერთია, მიზნისკენ მიმავალი გზა კი – მრავალი. თქვენ ხელთაა ფიტნესი, აერობიკა, ტრენაჟორები, ზუმბა, აკვააერობიკა... ჩვენს ქალაქში იმდენი სავარჯიშო დარბაზი და ფიტნესცენტრია, თქვენი სახლის მახლობლად შესაფერისი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდებათ.
როგორც გითხარით, ფიზიკური დატვირთვა ორ მიზანს ემსახურება: წონის კლებას და სხეულის ფორმების დახვეწას. იდეალური სხეულისკენ მიმავალი გზა, ერთი შეხედვით, ვიწრო და ეკლიანია, მაგრამ თუ მოახერხებთ, ვარჯიშისადმი სწორი დამოკიდებულება გამოიმუშაოთ და ის არა მომაბეზრებელ, არამედ სახალისო საქმიანობად აქციოთ, ყველაფერი გაცილებით გაგიადვილდებათ.
- რა ტიპის ვარჯიში გვჭირდება?
მთავარი შეცდომა ბრმად, საგანგებოდ შემუშავებული და კონკრეტულ პრობლემას მისადაგებული პროგრამის გარეშე ვარჯიშია. სწორ გზას რომ დავადგეთ, პროფესიონალ ფიტნესინსტრუქტორთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია.
თუ თქვენი მთავარი პრობლემა ჭარბი წონა და მოშვებული სხეულია, კარდიოვარჯიშებსა და აერობულ ვარჯიშებს უნდა მიმართოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის სასარგებლო იქნება სირბილი, ცურვა, ზუმბა, ცეკვა, ველოსიპედი და აკვააერობიკა. ჩამოთვლილი ფიზიკური აქტივობები მხოლოდ ცხიმის წვას კი არ უწყობს ხელს, არამედ გულის კუნთსაც ამაგრებს და სხეულის საერთო ტონუსსაც ზრდის.
ისეც ხდება, რომ წონა მეტ-ნაკლებად მისაღებია, სულ რამდენიმე კილოგრამია ზედმეტი. ამ შემთხვევაში ძალისმიერი ვარჯიში აჯობებს. ასეთი ვარჯიშისთვის საკუთარი წონის გამოყენებაც შეიძლება და დამატებითისაც, ოღონდ დამატებითი წონა პროფესიონალმა უნდა შეარჩიოს. პროგრამაში მეტი ძალისმიერი და ნაკლები კარდიოვარჯიში უნდა იყოს ჩართული. აქცენტი ფორმების კორექციაზე დასვით, ავარჯიშეთ ხელები, მხრები, მკერდი, თეძოები, ფეხები, მუცლის პრესი. მალე დაინახავთ, როგორ გამკვრივდება მოშვებული კუნთები და მომრგვალდება ფორმები. კარდიოვარჯიშებიც აუცილებელია, რათა სხეული ტონუსში იყოს.
როცა საქმე მხოლოდ ფორმებს ეხება, ცეკვის ტიპის ვარჯიშები, მაგალითად, ზუმბა ან აერობიკა აჯობებს. მათი წყალობით დახვეწილ ფორმებთან ერთად დგომისა და სიარულის მოხდენილ მანერასაც გამოიმუშავებთ, რაც ლამაზი სხეულის უკეთ წარმოჩენაში დაგეხმარებათ.
თუ მოშვებულ სხეულთან ერთად ჭარბ წონასაც უჩივით, შედარებით მეტი გარჯა მოგიწევთ. ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, კარდიო– და ძალისმიერი ვარჯიშები პროგრამაში თანაბრად ჩართოთ.
ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა დასახვეწია არა მთელი სხეული, არამედ მისი ერთი ნაწილი – პრობლემური ზონა. ამ დროს კარგი ინსტრუქტორის მითითებები განსაკუთრებით ფასეულია, ვინაიდან მიდგომა ინდივიდუალურია. მაგრამ ნუ წარმოიდგენთ, რომ ფიტნესისთვის განკუთვნილი მთელი დრო პრობლემურ ზონაზე მუშაობას უნდა დაახარჯოთ. თავდაპირველად აუცილებელია მოთელვა, სხეულის ტონუსში მოყვანა, პრობლემურ ზონაში სისხლის მიმოქცევის გააქტიურება. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ მაკორექტირებელი ვარჯიშების შესრულება.
თითოეული კუნთისთვის არაერთი სპეციფიკური ვარჯიში არსებობს – როგორც ტრენაჟორების მეშვეობით, ისე მათ გარეშეც, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ტრენაჟორები ერთიორად ამარტივებს პროცესს, ზოგიერთი მოდელი კი ისეა მოწყობილი, რომ ერთდროულად რამდენიმე პრობლემური ზონის კუნთებს ავარჯიშებს.
ნურასოდეს დასვამთ აქცენტს მხოლოდ ერთ ზონაზე – სხეულის სხვა ნაწილებიც უნდა ამუშაოთ, რათა პროპორციები არ დაირღვეს.
ზუმბა სახალისოა
ზუმბა ვირუსივითაა, ირგვლივ ყველა მასზე საუბრობს. თუ თქვენი მეგობარი მისმა მეგობარმა ამ “სექტაში” შეიტყუა, ელოდეთ, რომ მალე თქვენც შეურთდებით მხიარული და მოხდენილი გოგონების რიგებს.
ბევრს მიაჩნია, რომ ზუმბაზე მხიარული და სასარგებლო საქმიანობა ამქვეყნად არ არსებობს. წარმოიდგინეთ: თქვენ და უამრავი თქვენნაირი სამსახურის შემდეგ, ენერგიული და მხიარული მუსიკის ფონზე, მარტივ საცეკვაო ილეთებს ასრულებთ. წესისამებრ, ზუმბა ლათინოამერიკული ცეკვის ელემენტებითაა დატვირთული, რომელიც, გვერწმუნეთ, მხოლოდ ცეკვა არ არის – ის მოიცავს ფიტნესისა და აერობიკის ელემენტებს და იდეალურია ორგანიზმის ტონუსში მოსაყვანად, სხეულის ფორმების დასახვეწად. განსაკუთრებით ეფექტურად გამოკვეთს ფეხების, დუნდულა, ხელებისა და პრესის კუნთებს. გარდა ამისა, მასში საკმაო რაოდენობითაა ჩართული კარდიოვარჯიშის ელემენტებიც.
თუ თავს იმიტომ იკავებთ, რომ ცეკვა არ გეხერხებათ, სულ ტყუილად დაგიკარგავთ დრო. ზუმბას მოძრაობები იმდენად მარტივია, ყველა შეასრულებს, გუნდის ენერგიული ხელმძღვანელი კი მოდუნების უფლებას არ მოგცემთ. ასე რომ, თუ ოდესმე ცეკვაზე გიოცნებიათ, ზუმბა სწორედ ის ადგილია, სადაც ოცნებას აიხდენთ – იცეკვებთ, თანაც ფორმაში ჩადგებით.
იქნებ გგონიათ, ზუმბა მეტისმეტად დიდი დატვირთვაა, რომელსაც სამუშაო დღის ბოლოს ვერ გაუძლებთ? ცდებით. ენერგიული მუსიკა იმდენად ჩამთრევია, თქვენი ორგანიზმი თავისთავად, ძალდაუტანებლად გარეშე აჰყვება მუსიკის რიტმს.
ზუმბა უხვად წვავს კალორიებს. რეგულარული და დაბალანსებული კვების ფონზე წონის კლება კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. ზუმბას წყალობით წონას ისე დაიკლებთ, ვერც კი შეამჩევთ.
- რატომ ზუმბა?
ლოგიკური იქნება, თუ გაგიჩნდებათ კითხვა: რატომ არის ზუმბა ასეთი ეფექტური? რამ განაპირობა მისი პოპულარობა?
ზუმბა განსაკუთრებულია არა მასში შემავალი ვარჯიშებით, არამედ პრობლემისადმი მიდგომით. გადამწყვეტი ფაქტორი პოზიტიური გარემოს ეფექტია. ზუმბას ენერგიული და ლამაზი მოძრაობები სტრესის მოხსნაში გვეხმარება. გამოცდილი ზუმბელები ამბობენ, რომ თუ ერთხელ ჩაერთე მასში, თავის დანებება გაგიჭირდება. ზუმბას სეანსის შემდეგ შინ არა მხოლოდ კარგად ნავარჯიშევი, არამედ დასვენებულიც დაბრუნდებით. ცეკვის დროს გონება ივიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს და დადებითი ემოციით ივსება.
- აკვააერობიკა
წონის კლების სახალისო მეთოდებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ აკვააერობიკა. თუ წყალი თქვენი სტიქიაა, ეს მეთოდი სწორედ სათქვენოა.
აკვააერობიკა, ისევე როგორც ჩვეულებრივი აერობიკა, განსაკუთრებით პოპულარულია ქალებს შორის. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანებზეა გათვლილი.
აკვააერობიკა კომპლექსური ვარჯიშია წყალში, მუსიკის თანხლებითა და ქორეოგრაფიული ელემენტებით. ეს აერობიკის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ფორმაა. თანაც, იმის გამო, რომ წყალში ვარჯიში მეტ ძალისხმევას მოითხოვს, წონის კლება უფრო სწრაფად ხდება.
ისმის კითხვა: აუცილებელია თუ არა, ცურვა ვიცოდეთ, რათა აკვააერობიკას მოვკიდოთ ხელი? სულაც არა. თუ ცურვა არ იცით, წყალში სხეულს სპეციალური აკვაქამარი დაიჭერს, რომელსაც გაკვეთილის წინ მოგცემენ.
აკვააერობიკის პროგრამას აერობიკის ზოგადი პრინციპების გათვალსიწინებით ადგენენ. ის მოიცავს მოთელვას, ძირითად ვარჯიშს, პრობლემური ზონების დამუშავებას და გაწელვას.
- რატომ წყალში?
წყალს სხეულზე ზემოქმედების უნიკალური უნარი აქვს. აკვააერობიკის დროს სხეულზე მოქმედებს ამომგდები ძალა, წინააღმდეგობა და ჰიდროსტატიკური წნევა.
ამომგდები ძალა ასუსტებს დედამიწის მიზიდულობას, ამიტომ წყალში სხეულის მასის 30% “იკარგება” და ვარჯიში უფრო ადვილი ხდება. მკვეთრად მცირდება ტრავმების რისკიც. იმავდროულად, წყლის წინააღმდეგობა თორმეტჯერ აღემატება ჰაერისას და მისი გადალახვა უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს. რაც უფრო მეტი ენერგია იხარჯება, მით უფრო მეტი კალორია იწვება და წონის კლებაც მით უფრო იოლდება. ჰიდროსტატიკური წნევა კი აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობას.
ამრიგად, აკვააერობიკა ასტიმულირებს ცხიმის წვას და ამცირებს წონას, ტონუსში მოჰყავს კუნთები და დადებითი ენერგიით მუხტავს სხეულს. ამასთან ერთად, ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის სტრესს, აღადგენს სხეულის კოორდინაციას, ამაგრებს გულის კუნთს, არეგულირებს არტერიულ წნევას და სამკურნალო ეფექტს ახდენს ქრონიკული ვენური დაავადების დროს. როგორც უკვე ვთქვით, წყალში სხეული უფრო “მსუბუქი” ხდება, ამიტომ ნაკლებად იტვირთება ხერხემალი, იზოგება ძვალსახსროვანი აპარატი, ამიტომ აკვააერობიკა ნებადართულია და სასარგებლოც კია მათთვის, ვისაც ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, სქოლიოზი ან ხერხემლის თიაქარი აქვს.
- უსისხლო ლიპოსაქცია
ულტრაბგერითი კავიტაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ოპერაციის გარეშე ზედმეტი ცხიმისა და ცელულიტის მოსაშორებლად, ამიტომ ულტრაბგერით კავიტაციას უოპერაციო ლიპოსაქციასაც უწოდებენ.
პრობლემურ უბნებზე ზემოქმედება დაბალი სიხშირის რადიოტალღებით ხდება. რადიოტალღები იწვევს ცხიმოვანი უჯრედის მემბრანის ძლიერ რეზონანსულ რხევას და დაშლას. შედეგად უჯრედის შიგთავსი თხევად მდგომარეობაში გადადის და ბუნებრივი გზით გამოიდევნება ორგანიზმიდან.
ულტრაბგერითი კავიტაციის საშუალებით შესაძლებელია ცელულიტის კომპლექსური მკურნალობა, ცხიმის მიზნობრივი ალაგება და პრობლემური ზონების (ღაბაბის, მუცლის, დუნდულების, კიდურების) კორექცია. მეთოდი უკუნაჩვენებია ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის, ოსტეოპოროზის, ორსულობის, ლაქტაციის, მენსტრუაციის დროს, ზემოქმედების არეში ღია ჭრილობის ან მეტალის იმპლანტანტის არსებობისას.
კავიტაცია სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა. ეფექტი მყისიერად ვლინდება და თანდათან ძლიერდება, პიკს მკურნალობის დაწყებიდან მეექვსე თვეს აღწევს და, სულ მცირე, ორ წელიწადს გრძელდება.
კონსულტაციის დროს ექიმი ადგენს ცელულიტის სტადიას და შეურჩევს პაციენტს შესაბამის ინდივიდუალრ პროგრამას. პროცედურის ხანგრძლივობა სამოქმედო ზონის ზომაზეა დამოკიდებული. პროცედურები ტარდება 7-12 დღეში ერთხელ. პროცედურების რაოდენობაც, საწყისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურია. პროცედურა არ მოითხოვს ანესთეზიას და არ ახლავს გვერდითი მოვლენები. არც რეაბილიტაციაა საჭირო – პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
- EMS – XXI საუკუნის ფიტნესი
ფიტნესსა და აერობიკას ვერაფერი შეედრება, თუმცა ცხოვრების თანამედროვე ტემპის გამო დღეში რამდენიმე საათის სავარჯიშოდ გამოყოფა ხშირად ჭირს. და მაინც, ძალიან დატვირთულ ადამიანსაც კი შეუძლია გამოსავლის პოვნა.
დღეს ფიტნესში აქტიურად იყენებენ სპეციალურ მეთოდს – EMS (Electrical Muscle Stimulation) ტრეინინგს, რაც კუნთების ელექტრულ სტიმულაციას გულისხმობს. EMS აპარატი აღჭურვილია პროგრამებით, რომლებიც ადამიანს წონის დაკლებასთან ერთად ფორმების დახვეწაშიც ეხმარება. ცალ-ცალკე შესაძლებელია წელის, თეძოს, მხრების კორექცია. ამისთვის ჟილეტისა და მოკლე შარვლის მორგება მოგიწევთ, რომლებშიც ელექტროდები ისეა ჩაკერებული, რომ ჩაცმისას კუნთების ძირითად ჯგუფებზე მოხვდეს. ადამიანი იცვამს ფორმას და იწყებს ვარჯიშს, ხოლო სპეციალისტი აპარატიდან უშვებს იმპულსებს, არეგულირებს მათი მოქმედების სიღრმეს, სიფართოვესა და ძალას.
EMS აპარატის მიერ წარმოქმნილი იმპულსების პასუხად განივზოლიანი კუნთების ბოჭკოები იკუმშება. კუნთოვანი ტუმბოს გააქტიურება განაპირობებს კიდურებში სისხლისა და ლიმფის ნორმალური მიმოქცევის აღდგენას, ხსნის სისხლძარღვოვანი წარმოშობის შეშუპებას.
აპარატი ერთდროულად ყველა ღრმა და ზედაპირულ კუნთს ამუშავებს, რაც ტრადიციული ფიტნესის პირობებში ძნელი მისაღწევია. კუნთების გამკვრივებასა და რელიეფის ფორმირებასთან ერთად ამ დროს გაძლიერებულად მიმდინარეობს ცხიმების წვა, ქრება ფორთოხლის ეფექტი, სიგლუვესა და სიჯანსაღეს იბრუნებს კანი.
- რამდენად ეფექტურია?
EMS საოცნებო ფიგურისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. მისი დახმარებით ჩვეულებრივი ვარჯიში ხუთჯერ უფრო ეფექტური და შედეგიანი ხდება. მაგალითად, 15-წუთიანი EMS-ტრენინგი ცვლის დარბაზში 3-საათიან ვარჯიშს, 5-წუთიანი გამძლეობითი ვარჯიში 1-საათიან სტანდარტულ კარდიოვარჯიშს შეესაბამება, 5-წუთიანი EMშ-განტვირთვა საკმარისია კუნთების აღდგენისა და სხეულის რელაქსაციისთვის, ხოლო 25-წუთიანი ტრეინინგის შედეგად 2800 კალორიას ვწვავთ.
ვარჯიში ტარდება ინდივიდუალური პროგრამით, კვირაში ორჯერ, 20-25 წუთის განმავლობაში, რაც ძალიან მოხერხებულია მათთვის, ვინც დროის დეფიციტს უჩივის, რადგან დარბაზში იმავე ეფექტის მისაღებად კვირაში სამჯერ საათნახევრიანი დატვირთვა მაინცაა საჭირო.
სასიკეთო ცვლილებებს მეორე-მესამე ვარჯიშის შემდეგ შეამჩნევთ. სასურველია, პროცესი ექიმმა აკონტროლოს.
EMS-ს სხვა უპირატესობებიც აქვს. ამ დროს ელექტროიმპულსები პირდაპირ კუნთებზე მოქმედებს, ამიტომ, ჩვეულებრივი კარდიოვარჯიშისგან განსხვავებით, ხერხემალი და სახსრები მინიმალურად იტვირთება. ასე რომ, ამ მეთოდის აქტიურად გამოყენება შეუძლიათ არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ასაკოვან ადამიანებსაც, რომელთათვისაც სახსრების ძლიერი დატვირთვა სარისკოა.
თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა. ვარჯიშისა და დასვენების პერიოდების მონაცვლეობას მეთოდისტი აკონტროლებს, რომელმაც იცის, რა მიზნით ვარჯიშობთ და როგორ უნდა დაიტვირთოთ ამ მიზნის მისაღწევად.
ვარჯიშის შემდეგ ტკივილს იწვევს ვარჯიშისა და დასვენების პერიოდების არასწორი მონაცვლეობა, ძალისა და ხანგრძლივობის არასწორი განაწილება. როცა ეს ყველაფერი სწორადაა შერჩეული, ტკივილი მინიმალურია, სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებიც – გაცილებით სუსტი.
სხვა მეთოდიკების მსგავსად, ყოველთვის არც EMS-ის გამოყენებაა მიზანშეწონილი. მისი უკუჩვენებებია: ონკოლოგიური დაავადებები, მცირე მენჯის ღრუს დაავადებები ქალებში, სარძევე ჯირკვლის დაავადებები, ორსულობა, ინფექციური დაავადებები (ტუბერკულოზი და სხვა), ცხელებით მიმდინარე დაავადებები, სისხლის დაკარგვის შემდგომი პერიოდი, შოკი, მსხვილ სისხლძარღვებთან, ნერვებთან, სასიცოცხლო ორგანოებთან ახლომდებარე უცხო სხეული ორგანიზმში, კარდიოსტიმულატორი, გულის ზოგიერთი პრობლემა. ყურადსაღებია, რომ EMS-ს მიმართავენ რეაბილიტაციისთვის აორტოკორონარული შუნტირებისა და ინფარქტის შემდეგ.
ბოდი-შეიპინგისთვის ანუ სხეულის ფორმების დასახვეწად, ორსულობის შემდეგ ფორმის დასაბრუნებლად, ცელულიტის მოსაშორებლად, კანის სიგლუვის აღსადგენად EMS საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ გახსოვდეთ – თუ ჭარბი წონა გაწუხებთ მხოლოდ ერთი მეთოდით, თუნდაც EMS-ით, მიზანს ვერ მიაღწევთ – ვარჯიშთან ერთად ამ დროს სწორი კვებაც აუცილებელია.
ინფორმაციისთვის მადლობას ვუხდით “ავერსის კლინიკის” აღდგენითი თერაპიის ცენტრს.
ქალის სხეული მრავალი ხელოვანისთვის ქცეულა შთაგონების წყაროდ. უხსოვარი დროიდან დღემდე ქალები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სხეულის ერთ-ერთ ყველაზე ქალურ ნაწილს – მკერდს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მკერდის პლასტიკას ხანგრძლივი ისტორია აქვს.
რა ხდებოდა წინათ და რა შეუძლია პლასტიკურ ქირურგიას დღეს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "ავერსის კლინიკის" პლასტიკური ქირურგი თეიმურაზ გურჯიძე გვესაუბრება:
– ჯერ კიდევ უხსოვარ დროში ფიქრობდნენ იმაზე, როგორ შეეცვალათ ქალის მკერდის ფორმა და ზომა, რომ ის იდეალურს მიახლოებოდა. ცხადია, ამ მცდელობათა უმეტესობა წარუმატებელი იყო, მაგრამ ყველა იმ კრახმა თუ წარმატებამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ. ძუძუს პლასტიკის საკითხზე აქტიური მუშაობა XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო. სწორედ ამ პერიოდშია აღწერილი პირველი ასეთი ოპერაცია, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა. პაციენტს ძუძუს დაზიანებული ქსოვილი ამოჰკვეთეს და მის ადგილას ბარძაყიდან აღებული ლიპომა გადაუნერგეს. შედეგი, ცხადია, ისეთი არ ყოფილა, როგორიც სურდათ, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით ამ ოპერაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეოცე საუკუნეში ძუძუს ქსოვილში პარაფინის შეყვანა დაიწყეს. შედეგები სავალალო აღმოჩნდა – ოპერაციის შემდეგ ჩნდებოდა ჩირქგროვები და ხვრელმილები. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა სილიკონი, თუმცა არა იმ ფორმით, რომელსაც დღეს ვიყენებთ. ეს იყო გელი და ისიც, პარაფინის მსგავსად, ინექციით შეჰყავდათ ძუძუს ქსოვილში. ამ პროცედურის შემდეგ სილიკონის გელი ხშირად მიგრირებდა რბილ ქსოვილებში და დროთა განმავლობაში ძუძუს განდაშორებულ უბანში გადაინაცვლებდა. დაჩირქება და ხვრელმილების ჩამოყალიბებაც არ იყო იშვიათი.
სილიკონის გამოყენების ახალი ეპოქა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ეს ნივთიერება სპეციალური გარსით დაიფარა. სილიკონის გარსები თავდაპირველად ისეთი დახვეწილი არ ყოფილა, როგორიც დღესაა, შესაბამისად, გართულებაც უფრო ხშირი იყო. მას შემდეგ, რაც სილიკონის იმპლანტი სილიკონისავე გარსით დაიფარა, გართულების სიხშირე 60-დან 20 პროცენტამდე შემცირდა. დღეს უკვე არსებობს სილიკონის იმპლანტები, რომლებიც მიკროპოლიურეთანით ან ტექტურირებული სილიკონითაა დაფარული, რასაც გართულების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს.
- – ძუძუს პლასტიკის რა მეთოდები არსებობს?
– თუ პაციენტის პრობლემა მიკრომასტია ანუ პატარა მკერდია, მას ძუძუს გადიდების ოპერაცია – აუგმენტაციური მამოპლასტიკა – უტარდება. აუგმენტაციური მამოპლასტიკა ზოგჯერ პოსტლაქტაციური პტოზის – ძუძუთი კვების შემდეგ მკერდის დაწევის – დროსაც ტარდება.
მამოპლასტიკის სახესხვაობაა მასტოპექსია, რაც დაშვებული მკერდის აწევას ნიშნავს. მკერდი შესაძლოა დაეშვას როგორც ძუძუთი კვების, ისე ასაკობრივი ცვლილებების შედეგად. ზოგჯერ მასტოპექსიასთან ერთად საჭიროა აუგმენტაციური მამოპლასტიკის ჩატარებაც – ხდება ძუძუს როგორც აწევა, ისე ზომაში გაზრდა.
მკერდის პლასტიკის კიდევ ერთი სახეობაა რედუქციული მამოპლასტიკა – ძუძუს დაპატარავება. მიიჩნევა, რომ იდეალური ზომის ძუძუს მოცულობა 300 მლ-მდეა. თუ მოცულობა 300 მლ-ს აღემატება, მკერდი დიდი ზომისად მიიჩნევა.
არსებობს რეკონსტრუქციული მამოპლასტიკაც. ის ტარდება ძუძუს აღსადგენად ამა თუ იმ მიზეზით (მაგალითად, ძუძუს კიბოს გამო) ჩატარებული მასტექტომიის შემდეგ.
აუგმენტაციური მამოპლასტიკა
– დღესდღეობით მკერდის გადიდების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია აუგმენტაცია სილიკონის იმპლანტებით და ლიპოფილინგი – მკერდის გადიდება საკუთარი ცხიმით.
ლიპოფილინგის დროს სხეულის ზოგიერთი უბნიდან ვიღებთ ცხიმოვან ქსოვილს და სარძევე ჯირკვლის არეში გადაგვაქვს. ამ ოპერაციას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიც. კარგია ის, რომ ვიყენებთ პაციენტისავე ქსოვილს და არა უცხო სხეულს, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა გადატანილი ცხიმოვანი ქსოვილის ნაწილი გაიწოვოს, გაწოვა კი არათანაბრად მოხდეს – ცალ ძუძუში მეტად, ვიდრე მეორეში, რაც მკერდის ასიმეტრიას გამოიწვევს. გარდა ამისა, ცხიმოვანი ქსოვილის გადანერგვის დროს მოცულობა შეზღუდულია – ერთ ჯერზე შესაძლოა ვერ გადავიტანოთ იმდენი ცხიმოვანი ქსოვილი, რამდენიც პაციენტს სჭირდება და განმეორებითი ლიპოფილინგის ჩატარება მოგვიხდეს. აუგმენტაციური მამოპლასტიკის ამ სახეობას მხოლოდ პაციენტის დაჟინებული თხოვნით მივმართავთ, როცა ის სილიკონის იმპლანტების გამოყენების წინააღმდეგია, მაგრამ აუცილებლად ვაცნობებთ არასასურველი შედეგის ალბათობის შესახებ.
დღეს ოქროს სტანდარტად მიიჩნევა აუგმენტაციური მამოპლასტიკა სილიკონის იმპლანტებით. ამ დროს შედეგის პროგნოზირება მეტადაა შესაძლებელი, ვიდრე სხვა მეთოდების გამოყენების დროს.
როგორ ვარჩევთ იმპლანტს
– საბედნიეროდ, პლასტიკური ქირურგები განებივრებულები ვართ იმპლანტების მრავალფეროვნებით. ბაზარზე უამრავი ფირმაა, რომლებიც გვთავაზობენ სხვადასხვა სახის, ფორმის, ხარისხისა და ზომის იმპლანტებს.
ფორმის მიხედვით არსებობს მრგვალი, ცრემლისებრი და ანატომიური იმპლანტები, ხოლო პროფილის მიხედვით – დაბალი, საშუალო, მაღალი და ექსტრამაღალი პროფილისა. მათი ასეთი მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, მკერდს პაციენტისთვის სასურველი ფორმა მივცეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმპლანტის სწორად შერჩევას. ერთი და იმავე მოცულობის, მაგრამ სხვადასხვა სიმაღლის იმპლანტი სხვადასხვა შედეგს იძლევა. თუ პაციენტს მაღალი მკერდი სურს, მაღალი პროფილის იმპლანტი უნდა შევურჩიოთ. სურვილთან ერთად, ბუნებრივია, პაციენტის აღნაგობასაც ვითვალისწინებთ.
- სად უნდა ჩაიდგას იმპლანტი?
– იმპლანტის ჩადგმის სამი ვარიანტი არსებობს: უშუალოდ ძუძუს ქსოვილის ქვეშ, ფასციის ქვეშ (ფასცია ანატომიური სტრუქტურაა, რომელიც ჯირკვლოვან კომპონენტსა და კუნთს შორის მდებარეობს) და მკერდის დიდი კუნთის ქვეშ.
- რომელი ვარიანტი ჯობს?
– ოქროს სტანდარტი არ არსებობს. თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ და ანამნეზისა და პაციენტის აღნაგობის მიხედვით შევარჩიოთ შესაბამისი იმპლანტი. მკვეთრი კონტურირება რომ არ მოხდეს და იმპლანტი შესამჩნევი არ იყოს, აუცილებელია ქსოვილებით მისი დაფარვა. მიკრომასტიის დროს, როცა ძუძუს ქსოვილი მცირე მოცულობისაა, იმპლანტის ჩადგმა მკერდის დიდი კუნთის ქვეშ ჯობს. ამ შემთხვევაში მის დასაფარავად ჯირკვლოვანი ქსოვილის ნაცვლად მკერდის დიდ კუნთს ვიყენებთ.
განაკვეთების შესახებ
– ძუძუს ქსოვილში იმპლანტის მოთავსება სხვადასხვანაირი განაკვეთიდან არის შესაძლებელი. ყველაზე გავრცელებულია ინფრამამარული ანუ მკერდის ქვედა ნაოჭში გაკეთებული განაკვეთი. ასევე ხშირად ვიყენებთ არეოლის ირგვლივ განაკვეთს. შესაძლებელია აქსილარული ანუ იღლიის წინა ხაზის განაკვეთისა და ჭიპის განაკვეთის გამოყენებაც, თუმცა მათ შედარებით იშვიათად მივმართავთ. თითოეულ განაკვეთს აქვს როგორც ღირსებები, ისე ნაკლოვანებები, გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები.
თუ პაციენტი არ არის ნამშობიარევი და შვილის გაჩენას აპირებს, უმჯობესია, განაკვეთი ძუძუს ქვედა ნაოჭში გაკეთდეს. ამ დროს შესაძლებელია ოპერაციის ისე ჩატარება, რომ ძუძუს ქსოვილი არ დაზიანდეს. ოპერაციის შემდეგ პაციენტს, დიდი ალბათობით, არ შეექმნება ძუძუთი კვების პრობლემა. ინფრამამარული განაკვეთი 3,5-4 სმ სიგრძისაა და ოპერაციიდან რამდენიმე თვეში ფაქტობრივად შეუმჩნეველი ხდება. არეოლის ირგვლივი განაკვეთი უმეტესად იმ პაციენტებთან გამოიყენება, რომლებიც შვილის გაჩენას აღარ აპირებენ. განაკვეთის სიგრძე დაახლოვებით ისეთივეა, ნაწიბური კარგად იმალება არეოლის ქსოვილით და ფაქტობრივად შეუმჩნეველია, თუმცა შესაძლოა, ფიზიოლოგიური ლაქტაციის პროცესი გაართულოს.
ყველაფერი რეაბილიტაციის შესახებ
– კლინიკაში მოსული პაციენტი რამდენიმე ეტაპს გადის. პირველი აუცილებელი საფეხურია პლასტიკური ქირურგის კონსულტაციაა. ქირურგი სინჯავს პაციენტს, მასთან ერთად აანალიზებს მის სურვილებსა და მოსალოდნელ შედეგს, არჩევს იმპლანტს და ოპერაციის მეთოდს. თუ პაციენტს ასიმეტრიული სარძევე ჯირკვლები აქვს, სიმეტრიის მისაღწევად გამოიყენება სხვადასხვა ზომის იმპლანტები. წინასაოპერაციო კვლევებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ინიშნება ოპერაცია. აუგმენტაციური მამოპლასტიკა საშუალოდ ერთი საათი გრძელდება. პაციენტი ოპერაციის დასრულებითანავე იღვიძებს. ის ჯერ ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაჰყავთ, რამდენიმე საათის შემდეგ კი ქირურგიულში. ოპერაციიდან დაახლოებით 24 საათში პაციენტი კლინიკიდან ეწერება.
ოპერაციის შემდეგ ძლიერი ტკივილი არ შეინიშნება, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები მისი კუპირებისთვის საკმარისია.
განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში საჭიროა სპეციალური პოსტოპერაციული თეთრეულის – კორსეტის გამოყენება იმპლანტის ტიპის მიხედვით.
ოპერაციიდან 10-14 დღეში პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
რეაბილიტაცია ოპერაციიდან 6 თვეში სრულდება. სწორედ ამდენი ხნის შემდეგ ცხრება ბოლომდე შეშუპება და იღებს ძუძუ საბოლოო ფორმას. თუმცა შედეგი, ცხადია, ოპერაციის დასრულებისთანავე თვალსაჩინოა.
რა უნდა ვიცოდეთ მოსალოდნელი გართულებების შესახებ
– ისევე როგორც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, აუგმენტაციურ მამოპლასტიკასაც ახლავს გართულების რისკი. გართულება ზოგადქირურგიულიც შეიძლება იყოს და იმპლანტთან ასოცირებულიც. ზოგადქირურგიული გართულებები, მაგალითად, დაჩირქება და სისხლდენა, ძალიან იშვიათია და ჩემს პრაქტიკაში ფაქტობრივად არ ყოფილა. იმპლანტთან ასოცირებული გართულებები უფრო ხშირად გვხვდება. ისინი ორი სახისაა: ადრეული და მოგვიანებითი. ადრეული გართულებებია იმპლანტის როტაცია, მიგრაცია, არასასურველ ადგილას გადანაცვლება. მოგვიანებითი გართულებებიდან ყველაზე გავრცელებულია კაფსულარული კონტრაქტურა.
კაფსულარული კონტრაქტურა შეიძლება განვითარდეს ოპერაციიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. მისი მიზეზია ორგანიზმის რეაქცია უცხო სხეულზე, რის გამოც იმპლანტის ირგვლივ შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა წარმოიქმნება. განასხვავებენ კაფსულარული კონტრაქტურის ოთხ ხარისხს. პირველი და მეორე ხარისხის კონტრაქტურებს მკურნალობა ფაქტობრივად არ სჭირდება, რეკომენდებულია მხოლოდ ქირურგის მეთვალყურეობა, მესამე და მეოთხე ხარისხის კონტრაქტურების დროს კი თავს იჩენს ძუძუს დეფორმაცია და ტკივილი. ამ დროს საჭიროა ოპერაციული მკურნალობა – იმპლანტის ირგვლივ განვითარებული შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულის ამოკვეთა, იმპლანტის ამოღება და შეცვლა სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებული იმპლანტით. ასეთ დროს უმჯობესია მიკროპოლიურეთანის გარსით დაფარული იმპლანტის გამოყენება.
კაფსულარული კონტრაქტურის განვითარების ალბათობა 15-20 პროცენტია. უკანასკნელ ხანს დახვეწილი და მაღალი ხარისხის, განსაკუთრებით კი მიკროპოლიურეთანით დაფარული იმპლანტების გამოყენებამ მკვეთრად შეამცირა მისი სიხშირე.
ძუძუს ლიფტინგი
– მასტოპექსია, იგივე ძუძუს ლიფტინგი, ტარდება მაშინ, როცა პაციენტი უჩივის ძუძუს დაწევას – პტოზს. ზოგჯერ აწევასთან ერთად იმპლანტებით აუგმენტაციასაც ვატარებთ. ეს უკანასკნელი საჭიროა მაშინ, როცა ძუძუს ძირითად მოცულობას ქმნის კანი, ხოლო ჯირკლოვანი ქსოვილი განლეულია ან მინიმალური მოცულობისაა. ისეც ხდება, რომ ქალი ძუძუს გასადიდებლად მოგვმართავს, მაგრამ ლიფტინგიც სჭირდება ან პირიქით – ძუძუს აწევა უნდა, მაგრამ სჭირდება იმპლანტის ჩადგმაც.
ლიფტინგის დროს ჭარბ კანს ვკვეთთ, ხოლო მოცულობის შესავსებად ხშირად ვიყენებთ იმპლანტებს. მასტოპექსიის რამდენიმე სახეობა არსებობს. განსხვავებულია განაკვეთებიც. რაც უფრო მეტადაა დაწეული ძუძუ, მით უფრო დიდი განაკვეთი და რადიკალური ჩარევაა საჭირო. მასტოპექსიის სახეობას ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად ვარჩევთ, ცხადია, მისივე სურვილის გათვალისწინებით.
ოპერაცია ჩვეულებრივ აუგმენტაციურ მამოპლასტიკაზე მეტხანს გრძელდება. მასტოპექსია საშუალოდ 2-3 საათს გასტანს. ოპერაციის ხანგრძლივობა გამოყენებულ მეთოდსა და სირთულეზეა დამოკიდებული. რეაბილიტაციის ვადა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც აუგმენტაციური მამოპლასტიკის დროს.
რედუქციური მამოპლასტიკა
– ძუძუს დაპატარავების ოპერაცია, რედუქციური მამოპლასტიკა, მაშინ ტარდება, როცა ქალს აქვს დიდი და დაშვებული მკერდი, რომელსაც ერთსა და იმავე დროს დაპატარავებაც სჭირდება და აწევაც. ტექნიკურად ეს ოპერაცია შედარებით რთულია, შესაბამისად, მეტია მისი ხანგრძლივობაც.
თუ მკერდი მეტისმეტად დიდი ზომისა და ძლიერაა დაშვებული, მივმართავთ არეოლის თავისუფლად გადანერგვის მეთოდს: არეოლას მთლიანად ვკვეთთ და შესაბამის, ფიზიოლოგიურ ადგილზე გადავნერგავთ.
რედუქციული მამოპლასტიკა უმეტესად იმ ქალებს უტარდებათ, რომლებსაც შვილოსნობის პერიოდი გავლილი აქვთ და პრობლემას უქმნით დიდი დაწეული მკერდი. გარდა იმისა, რომ ასეთი მკერდი ესთეტიკურად არ არის სასიამოვნო, დიდი წონის გამო პაციენტს უჭირს მისი "ტარება", უჩივის ხერხემლის ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას... ასე რომ, ოპერაციით არა მხოლოდ მკერდის შესახედაობას ვაუმჯობესებთ, არამედ ჯანმრთელობის პრობლემასაც ვაგვარებთ. ასეთი პაციენტები ძუძუს, წესისამებრ, 2-3 ზომამდე იპატარავებენ.
ძალიან იშვიათად მოგვამრთავენ ასეთი ოპერაციისთვის ახალგაზრდები. რედუქციული მამოპლასტიკის შემდეგ ძუძუთი კვებას ხეი ეშლება, რადგან ჩარევა უშუალოდ ძუძუს ქსოვილზე ხდება.
ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი გართულებების ჩამონათვალი ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს. სპეციფიკური გართულებებიდან საყურადღებოა ძუძუს კანის მგრძნობელობის შეცვლადა არეოლის ნეკროზი.
რეაბილიტაციის კუთხით შედარებით რთულია პირველი რამდენიმე დღე, ამიტომ პაციენტი კლინიკაში შედარებით მეტხანს ყოვნდება, ვიდრე აუგმენტაციური მამოპლასტიკისა და მასტოპექსიის შემდეგ – წესისამებრ, 3-4 დღე. გაწერის შემდეგ აუცილებელია რეჟიმის დაცვა და პლასტიკური ქირურგის მეთვალყურეობა. მდგომარეობის შესაფასებლად გეგმური ვიზიტი სასურველია ოპერაციიდან 1, 3, 6 თვისა და 1 წლის შემდეგ. საბოლოო შედეგი 6 თვეში ხდება თვალსაჩინო.
რეკონსტრუქციული მამოპლასტიკა – ძუძუს შექმნის ხელოვნება
– მოგეხსენებათ, რაოდენ აქტუალური პრობლემაა ძუძუს კიბო, განსაკუთრებით – საქართველოში. ამ დროს ძალიან ხშირად ხდება საჭირო მასტექტომია – ძუძუს მოკვეთა. ონკოლოგიური დიაგნოზის მძიმე ტვირთს მკერდის გარეშე ცხოვრებაც ემატება, რაც დამატებით ფსიქოლოგიურ პრობლემებს წარმოშბს. ბევრმა პაციენტმა, სამწუხაროდ, არაფერი იცის პლასტიკური ქირურგიის დიდი შესაძლებლობის – რეკონსტრუქციული მამოპლასტიკის შესახებ. მოკვეთილი ძუძუს აღდგენის ოპერაციები ჩვენს ქვეყანაში ტარდება და პაციენტებს ემოციურ და სოციალურ რეაბილიტაციაში ეხმარება.
ძუძუს რეკონსტრუქციის რამდენიმე საშუალება არსებობს: პროთეზირება, აღდგენა იმპლანტის გამოყენებით და აღდგენა საკუთარი ქსოვილით.
პროთეზირებისთვის გამოიყენება ძუძუს ფორმის გარეგანი პროთეზი. ის სხეულზე სპეციალური თეთრეულით მაგრდება. პროთეზი ძუძუს რეკონსტრუქციის ყველაზე მარტივი, მაგრამ არასრულფასოვანი მეთოდია. ის ვერ აგვარებს მთავარ პრობლემას – ვერ უცვლის ქალს საკუთარ მკერდს.
რეკონსტრუქციული მამოპლასტიკის ჩატარება შესაძლებელია ძირითად ოპერაციასთან ერთად, თუ სიმსივნური პროცესი ამის საშუალებას იძლევა, ან მოგვიანებით, ქიმიო– და სხივური თერაპიის შემდეგ. ერთ მომენტად ჩატარდება თუ არა ოპერაცია, ონკოლოგის გადაწყვეტილებასა და პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული.
იმპლანტს რეკონსტრუქციისთვის მაშინ ვიყენებთ, როცა ძუძუს ქსოვილი მთლიანად არ არის მოკვეთილი ან ჩატარებულია კანქვეშა მასტექტომია და პაციენტი წინასწარ არის მომზადებული რეკონსტრუქციისთვის. ამ დროს მკერდის დიდი კუნთის ქვეშ ვდგამთ დროებით ექსპანდერს, რომელშიც პერიოდულად ვამატებთ სითხეს, რათა ძუძუს ქსოვილი გაიბეროს, მოცულობა მოემატოს. ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როცა იმპლანტის ჩასასმელი ჯიბე მზადაა, ექსპანდერი მუდმივი იმპლანტით იცვლება.
საკუთარი ქსოვილის გამოყენება
– მეორე მეთოდია, როგორ მოგახსენეთ, ძუძუს რეკონსტრუქცია საკუთარი ქსოვილით. არსებობს მისი რამდენიმე სახესხვაობა: ლიპოფილინგი ანუ ცხიმის გადატანა, რეკონსტრუქცია კუნთოვანი როტირებული ნაფლეთებით და რეკონსტრუქცია თავისუფალი მიკროქირურგიული ნაფლეთით.
როცა კანქვეშა მასტექტომიაა ჩატარებული და პაციენტს შენაჩუნებული აქვს ძუძუს კანი, მუცლის წინა კედლიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან ვიღებთ ცხიმოვან ქსოვილს და სპეციალური დამუშავების შემდეგ საფეხურებრივად, რამდენიმე ოპერაციის განმავლობაში, ვავსებთ ძუძუს ქსოვილს.
საკუთარი ქსოვილებით ძუძუს რეკონსტრუქციის მეორე ვარიანტია როტირებული ნაფლეთის გამოყენება. ყველაზე ხშირად ვიყენებთ ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კუნთს – ზურგის უგანიერეს კუნთს. მისი ბოჭკოებით გარკვეულწილად შესაძლებელია ძუძუს მოცულობის შექმნა, თუმცა ხშირად ეს არ კმარა სასურველი შედეგის მისაღებად. ამ შემთხვევაში სილიკონის იმპლანტსაც ვიყენებთ: როტირებული კუნთის ქვეშ ჯერ დროებით ექსპანდერს ვათავსებთ, რამდენიმე თვის შემდეგ კი მას მუდმივი სილიკონის იმპლანტით ვცვლით. აღნიშნული ოპერაციის შემდეგ ზურგის არეში რჩება ნაწიბური და მცირედი ასიმეტრია. ზურგის უგანიერესი კუნთის როტაცია და სილიკონის იმპლანტის ჩადგმა ერთდროულადაც შესაძლებელია, თუმცა სარისკოა და ყველა კლინიკურ შემთხვევაში ვერ ხერხდება.
ინოვაციური მეთოდი
– ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია ძუძუს რეკონსტრუქციისთვის რუტინულად იყენებენ ახალ მეთოდს – რეკონსტრუქციას თავისუფალი მიკროქირურგიული ნაფლეთებით (DIEP). მიუხედავად იმისა, რომ მასტექტომიის შემდეგ სარძევე ჯირკვალი მთლიანად იკარგება, შესაძლებელია მისი ფორმისა და სტრუქტურის იმგვარად აღდგენა, რომ ის მაქსიმალურად მიუახლოვდეს ბუნებრივ მკერდს. უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში მიკროქირურგიის განვითარებამ უფრო სრულყოფილი ოპერაციების ჩატარების საშუალება მოგვცა. დღესდღეობით DIEP ნაფლეთი ძუძუს რეკონსტრუქციულ ქირურგიაში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.
DIEP ნაფლეთით ძუძუს რეკონსტრუქციის დროს გამოიყენება კარგად სისხლმომარაგებადი საკუთარი კანი და მუცლის წინა კედლიდან აღებული ცხიმოვანი ქსოვილი. ნაფლეთის აღების ზონა სავსებით შეესაბამება აბდომინოპლასტიკის ზონას და ქირურგებს საშუალებას გვაძლევს, ისე ავიღოთ ნებისმიერი ზომისა და მოცულობის ქსოვილი, რომ მუცლის პრესის კუნთების მთლიანობა არ დაირღვეს. ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ პოსტოპერაციული ნაწიბური თავისუფლად იფარება ბიკინით. DIEP ნაფლეთის გადანერგვა გულმკერდის მიდამოში მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით ხდება, რომელიც მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას, საოპერაციო მიკროსკოპს და ქირურგის ოსტატობას, თუმცა შედეგი გაცილებით უკეთესია.
თავისუფალი მიკროქირურგიული ნაფლეთით ძუძუს რეკონსტრუქცია სხვა მეთოდებზე რთულია. ამის კვალობაზე, ოპერაციის ხანგრძლივობაც მეტია – დაახლოებით 5-6 საათი. სამაგიეროდ, როგორც ითქვა, გაცილებით უკეთესია მის შორეული შედეგი – ვიღებთ ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულ მკერდს. გარდა ამისა, ამ დროს არ ვიყენებთ იმპლანტს, შესაბამისად, არც მასთან ასოცირებულ გართულებებს უნდა ველოდეთ.
როდესაც ჯანმრთელი ძუძუ დაწეულია, უკეთესი ესთეტიკური შედეგის მისაღებად მასზე შესაძლებელია მაკორეგირებელი ოპერაციის – მასტოპექსიის ან რედუქციული მამოპლასტიკის ჩატარება.
ძუძუს რეკონსტრუქციის მეორე ეტაპია დვრილის შექმნა. დვრილს ოპერაციულად იმავე, გადანერგილი ქსოვილისგან ვქმნით. ეს შედარებით მცირე მოცულობის ოპერაციაა და ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. არეოლის პიგმენტაციისთვის კი საუკეთესო საშუალება ტატუაჟია. ტატუს ხელოვნების დახვეწის შედეგად ტატუაჟით მიღებული არეოლის ნამდვილისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ქართველი პაციენტებისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ თავისუფალი ნაფლეთის გამოყენებით ძუძუს რეკონსტრუქციული ოპერაციები უკვე ჩვენთანაც ტარდება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპის წამყვან სპეციალისტებთან. ისინი ხშირად ჩამოდიან ჩვენს კლინიკაში და ერთობლივ ოპერაციებს ვატარებთ. იმის ცოდნა, რომ ძუძუს სრულფასოვანი აღდგენა შესაძლებელია, ვფიქრობ, ონკოლოგიურ პაციენტებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მდგომარეობას.
ბრტყელი მუცელი – ახდენილი ოცნება
განსაზღვრული ასაკიდან წონისა და მოხდენილი ფორმების შენარჩუნება კიდევ უფრო ძნელია. უმეტესობა შვილის გაჩენის შემდეგ ეჯახება ამ პრობლემას. მკაცრი დიეტით სასწორის ისრის ადრინდელ ნიშნულამდე ჩამოყვანა შესაძლებელია, მაგრამ ჩამოკიდებულ მუცელსა და განიერ გალიფეს ეს ვერ უშველის, ფიტნესისთვის კვირაში რამდენიმე საათის გამონახვა კი წარმოუდგენელი გვეჩვენება. გამოსავალი არ ჩანს.
ასეთ დროს პლასტიკური ქირურგია გვევლინება მხსნელად. მის არსენალში სხეულის კორექციის რამდენიმე მეთოდია, მათ შორის – აბდომინოპლასტიკა და ლიპოსაქცია. მათი ჩვენებების, უკუჩვენებებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ “ავერსის კლინიკის” პლასტიკური ქირურგი თეიმურაზ გურჯიძე გვესაუბრება:
– აბდომინოპლასტიკა ტარდება მაშინ, როცა პაციენტს მუცლის წინა კედელზე ჭარბი კანი და ცხიმოვანი ქსოვილი აქვს ან აღენიშნება მუცლის წინა კედლის დეფორმაცია. მუცლის კედლის მოშვებასა და ჩამოკიდებას რამდენიმე ფაქტორი იწვევს, მათ შორის – მუცლის კუნთების მოდუნება მშობიარობის შემდეგ. ხშირად მოგვმართავენ პაციენტებიც, რომლებმაც ბარიატრიული ოპერაცია გადაიტანეს ან წონა დაიკლეს – დაკიდებული მუცელი ამ დროსაც განსაკუთრებით აშკარაა.
ოპერაციის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა ჩვენება აქვს. მათი მიმდინარეობაც სხვადასხვანაირია, თუმცა განაკვეთი კლასიკურად ბოქვენის სიმფიზსა და თეძოს წინა წვეტებს შორის კეთდება. მოშვებული კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის ოდენობის, ჩამოკიდებული მუცლის ზომის მიხედვით ტარდება სრული, მინი- ან მოდიფიცირებული აბდომინოპლასტიკა.
აბდომინოპლასტიკის დროს ოპერაციული ჩარევა მხოლოდ მუცლის წინა კედელზე ხდება. მუცლის ღრუს ორგანოებს არ ვეხებით. სრული აბდომინოპლასტიკის დროს ჩარევა შედარებით მასშტაბურია, რადგან მუშაობა დიდი მოცულობის ქსოვილებზე გვიწევს. ჭიპსა და ბოქვენის სიმფიზს შორის არსებული კანი ფაქტობრივად მთლიანად იკვეთება. საჭირო ხდება ჭიპზე ჩარევაც, მაგრამ ის ადგილს არ იცვლის. მინიაბდომინოპლასტიკის დროს, შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში, ჭიპი ხელუხლებელი რჩება. მოდიფიცირებული აბდომინოპლასტიკა კონკრეტულ პაციენტს მორგებული ოპერაციაა – ის შესაძლოა მაშინ დაგვჭირდეს, როცა პაციენტს დაკიდებულ მუცელთან ერთად მუცლის წინა კედელზე პოსტოპერაციული ნაწიბურიც აქვს.
აბდომინოპლასტიკის დროს საკმაოდ დიდი განაკვეთი კეთდება, თუმცა ის თავისუფლად იფარება ბიკინით და დისკომფორტს არ ქმნის. ჩამოკიდებული კანი და ცხიმოვანი ქსოვილი პაციენტებისთვის გაცილებით დიდი პრობლემაა.
აბდომინოპლასტიკის დროს პაციენტი უმეტესად ნამშობიარებია ან აქვს წონის მასიური კლების ისტორია. ასეთი ადამიანების მუცლის პრესი, წესისამებრ, მოდუნებულია, მუცლის სწორი კუნთები კი – ერთმანეთისგან დაშორებული, რის გამოც წარმოიშობა დიასტაზი. მუცლის სწორი კუნთების დიასტაზი თიაქრის წინაპირობაა. აბდომინოპლასტიკის დროს სპეციალური საკერავი საშუალებებით აუცილებლად ვამაგრებთ დიასტაზს, რის შემდეგაც მაგრდება მუცლის პრესი, მცირდება მუცლის მოცულობა და გამოიკვეთება წელი.
- რას ველოდეთ
– ოპერაცია საშუალოდ სამ საათს გრძელდება. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ ენდოტრაქეული და ეპიდურული ანესთეზიის კომბინაციას. ოპერაციის დროს ეპიდურულ კათეტერში საანეთეზიო საშუალებები შეგვყავს, რის გამოც ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილი ფაქტობრივად არ აწუხებს.
მინიაბდომინოპლასტიკის შემდეგ პაციენტი კლინიკაში ორი დღე რჩება, სრული აბდომინოპლასტიკის შემდეგ კი – ოთხი დღე.
ჭრილობების შეხორცებას მაქსიმუმ ორი კვირა სჭირდება. ამ ხნის შემდეგ პაციენტებს შეუძლიათ, თამამად დაუბრუნდნენ საოფისე საქმიანობას. მათ არ აწუხებთ არავითარი დისკომფორტი და გადატანილ ოპერაციას მხოლოდ სპეციალური პოსტოპერაციული სარტყელი ახსენებთ, რომლის ტარება თვე-ნახევრის განმავლობაში უწევთ.
აბდომინოპლასტიკა იმ პლასტიკური ოპერაციების რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ იკეთებენ. მეტად მისი გაკეთება, წესისამებრ, აღარ ხდება საჭირო. ცხადია, როცა რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, პაციენტმა უნდა მისდიოს სპორტს და ცხოვრების ჯანსაღ წესს.
- მოიშორე ზედმეტი ცხიმი
– ლიპოსაქცია ცხიმოვანი ქსოვილის მოშორების ქირურგიული მეთოდია, რომელიც იძლევა კანის დაუზიანებლად ფიგურის კორექციის რეალურ შესაძლებლობას. ლიპოსაქცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო პროცედურაა. ის სპეციალური დანადგარით ტარდება. აპარატი ჯერ შლის კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, მერე კი საქაჩით, რომელშიც უარყოფითი წნევაა შექმნილი, ამოტუმბავს დაშლილ ცხიმს.
გამოყენებული აპარატის ტიპის მიხედვით განასხვავებენ კლასიკურ, მექანიკური (ვაკუუმ) და ულტრაბგერით ლიპოსაქციას.
ულტრაბგერითი ლიპოსაქციის დროს პატარა ჭრილობაში შეჰყავთ ულტრაბგერითი ზონდი, რომელიც ცხიმს შლის. დაშლილი ცხიმი ვაკუუმის დახმარებით გამოიწოვება. ასევე შესაძლებელია ცხიმოვანი ქსოვილის ულტრაბგერით დაშლა. ამ შემთხვევაში დაშლის პროდუქტები აპარატს კი არ გამოაქვს, არამედ ბუნებრივად გამოიდევნება გარეთ თირკმელების საშუალებით. ცუდი ის არის, რომ ამ მეთოდის გამოყენებისას სამუშაოს მოცულობა შეზღუდულია, ვინაიდან დიდია თირკმლის დაზიანების რისკი. ამავე მიზეზით პროცედურის წინ აუცილებელია თირკმელების ფუნქციის შეფასება.
ლიპოსაქციის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, თუმცა უმეტესად კლასიკურ ვაკუუმურ მეთოდს იყენებენ. ვაკუუმური ლიპოსაქციის შემთხვევაში სპეციალური ხსნარით ხდება ცხიმოვანი ქსოვილის დამუშავება, რომელიც შემდეგ მცირე განაკვეთებიდან ვაკუუმის საშუალებით ამოიტუმბება.
ლიპოსაქციით შესაძლებელია ჭარბი ცხიმის სწრაფად და ეფექტურად მოშორება პრობლემურ ზონებში. ლიპოსაქციის შემდეგ ამ ზონებში ცხიმი შედარებით ნაკლებად გროვდება.
ლიპოსაქციის ჩატარება შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, სადაც კი ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბადაა, მათ შორის – მუცლის წინა კედელზე, გალიფეებზე, დუნდულების ირგვლივ, ზედა და ქვედა კიდურებზე, კისერზე, ნიკაპის ქვეშ.
ლიპოსაქციას ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია, მთავარია, პაციენტი იყოს სრულწლოვანი. ბავშვებმა, ჯობს, პრობლემის მოგვარება კონსერვატიულად სცადონ, კონსულტაცია გაიარონ ენდოკრინოლოგებთან და ჭარბი წონა სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთვის მეშვეობით არეგულირონ, სრულწლოვან ასაკში კი სხეულის კორექციისთვის ლიპოსაქცია იდეალური მეთოდია, თუმცა, ცხადია, მასაც აქვს უკუჩვენებები. ლიპოსაქციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის სისხლის შემდედებელი სისტემის დაავადებების და მძიმე ფორმის სომატური (ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების) დაავადებების დროს.
- მეტი დეტალი
– ლიპოსაქციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ზოგადი, ისე რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარებით. ანესთეზიის სახეობა ოპერაციის მასშტაბზეა დამოკიდებული. მცირე უბნების დამუშავების დროს ადგილობრივ ანესთეზიას მივმართავთ, როცა დიდ ფართობზე გვიწევს მუშაობა – ზოგადს, ქვედა კიდურების პრობლემის დროს კი მოხერხებულია სპინალური ანესთეზია.
პროცედურის ხანგრძლივობა ამოსაღები ცხიმისა და დასამუშავებელი ზონის მოცულობაზეა დამოკიდებული. მისი ხანგრძლივობა 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე მერყეობს. განაკვეთის სიგრძე 3-4 მმ-ს არ აღემატება. ის ფაქტობრივად შეუმჩნეველია, ვინაიდან ანატომიურ ნაოჭებშია ჩამალული.
ოპერაციის შემდგომ დღეებში მოსალოდნელია მცირედი შეშუპება, სიხლჩაქცევები, რომლებიც თავისთავად გაივლის. მინიმალური და საშუალო მასშტაბის ჩარევის დროს პაციენტი შესაძლოა ოპერაციის დღესვე გაეწეროს კლინიკიდან, ხოლო თუ ოპერაციის მასშტაბი დიდი იყო და ცხიმიც ბევრი ამოვიღეთ, სასურველია, პაციენტი ერთი ღამე დარჩეს კლინიკაში, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს 2-5 დღეში უბრუნდება. ოპერაციიდან 3-4 კვირის განმავლობაში საჭიროა სპეციალური ბანდაჟის ტარება, რომელიც ნაოპერაციევი არის კომპრესიას ახდენს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და სხეულის ახალი კონტურების ჩამოყალიბებას.
- მთავარია შენარჩუნება
– ლიპოსაქციას უმთავრესად ესთეტიკური დატვირთვა აქვს, ის სხეულის ფორმის მაკორეგირებელი ოპერაციაა და არა გასახდომი. ცხადია, გამოტუმბული ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე პაციენტი წონასაც იკლებს, მაგრამ ეს ამ ოპერაციის მთავარი დანიშნულება არ არის. არ შეიძლება, ჩაიტარო ლიპოსაქცია, მიიღო იდეალური ფორმები და იმავე წესით გააგრძელო ცხოვრება, თორემ რამდენიმე თვეში იმავე პრობლემას შეეჯახები, წელიწადში რამდენიმეჯერ ლიპოსაქციის ჩატარება კი, მერწმუნეთ, არც ისე გონივრულია. ამიტომ ჩვენთან მოსულ ადამიანს უპირველესად ოპერაციის არსს ვუხსნით და მოვუწოდებთ, ლიპოსაქციის შემდეგ მაინც შეიცვალონ ცხოვრების წესი, იკვებონ ჯანსაღად და მისდიონ ფიტნესს. ასეთ სიტუაციაში მათ ხშირად დიეტოლოგის კონსულტაციაც ეხმარება.
- უკეთესი შედეგისთვის
– შედეგიანია ადომინოპლასტიკისა და ლიპოსაქციის შეუღლება. როგორც გითხარით, აბდომინოპლასტიკა მუცლის წინა კედელზე ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის არსებობისას ტარდება. ასეთ პაციენტებს ხშირად აქვთ ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი მუცლის გვერდითა არეებში, თეძოებზე, გალიფესა და წელის მიდამოშიც. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აბდომინოპლასტიკისა და ლიპოსაქციის კომბინაცია და ერთი ოპერაციით გაცილებით უეკთესი შედეგის მიღება.
ჩვენს კლინიკაში წარმატებულად ტარდება ბარიატრიული ოპერაციები, რომლებიც ძალზე შედეგიანია. ოპერაციიდან 1-1,5 წელიწადში წონის კლების პროცესში პლასტიკური ქირურგებიც ვერთვებით. მას შემდეგ, რაც პაციენტი წონას დაიკლებს, წესისამებრ, უჩნდება ჭარბი ჩამოკიდებული კანი. ზოგან ცხიმოვანი ქსოვილიც არ არის ბოლომდე გაწოვილი. პლასტიკური ქირურგები სწორედ ამ პრობლემებს ვაგვარებთ.
რას ნიშნავს თქვენთვის იდეალური ფიგურა? თხელი სილუეტი, მრგვალი ფორმები, მოხდენილი წვივები – სწორედ ასეთია სილამაზის საყოველთაოდ მიღებული სტანდარტი. თუ ბედს ასე არ გაუნებივრებიხართ, პლასტიკური ქირურგები მზად არიან, თქვენი გარეგნობის დახვეწაზე იზრუნონ. დღეს სხეულის თითქმის ყველა ნაწილის კორექციაა შესაძლებელი.
- მრგვალი ფორმები
არსებობენ ქალები, რომელთათვისაც მომრგვალებული და ლამაზი დუნდულები მთელი ცხოვრების ოცნებაა. დღეს შეიძლება, ამ ოცნებამ ერთი ოპერაციით შეისხას ხორცი. იმპლანტების მეშვეობით პლასტიკურ ქირურგებს ნებისმიერი ზომისა და ფორმის დუნდულა კუნთის გამოძერწვა შეუძლიათ. მკერდის შემდეგ ყველაზე ხშირად სწორედ დუნდულასა და წვივის იმპლანტები გამოიყენება. თითოეული უბნისთვის განკუთვნილ იმპლანტს, ცხადია, შესაბამისი სიმკვრივე და კონსისტენცია აქვს, რის გამოც ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან მათი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
გლუტეოპლასტიკა მაშინ ტარდება, როცა დუნდულა კუნთები მეტისმეტად პატარა ან დაშვებულია, ვარჯიშით კი მათი გადიდება და ფორმის შეცვლა ვერ ხერხდება, ანდა კუნთების ატროფიისა და დეფორმაციის დროს.
გლუტეოპლასტიკა შეიძლება განხორციელდეს როგორც იმპლანტის ჩადგმით, ისე საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილის გადანერგვითაც. განაკვეთი კუდუსუნის არეში, დუდულებსშორის ნაოჭში კეთდება. მისი სიგრძე არ აღემატება 5 სანტიმეტრს. იმპლანტი თავსდება წინასწარ შექმნილ ჯიბეში დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ.
გლუტეოპლასტიკის ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. გამოიყენება ყველაზე გამძლე იმპლანტები, ხოლო იმპლანტში არსებული სპეციალური გელი დუნდულებს ზედმიწევნით ბუნებრივ ფორმასა და სირბილეს სძენს.
ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეულ მეთოდზეა დამოკიდებული და 30 წუთიდან 2 საათამდე მერყეობს. მისი ჩატარება შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული და ზოგადი ანესთეზიითაც. პაციენტი კლინიკიდან მეორე დღესვე ეწერება. პოსტოპერაციულ პერიოდს ხანმოკლე ტკივილი და დისკომფორტი ახლავს თან. მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება და მგრძნობელობის დროებითი შესუსტებაც, თუმცა 1-2 კვირის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ნაკერები 10-14 დღის შემდეგ იხსნება. ერთი თვის განმავლობაში აუცილებელია ბანდაჟის ტარება.
ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების ადრინდელი რიტმის აღდგენას. რეკომენდებულია, პირველი ორი კვირის განმავლობაში ერიდოთ დიდხანს ჯდომას, ხოლო 2-3 თვე მძიმე ფიზიკური დატვირთვისგანაც შეიკავოთ თავი.
შორეული გართულებები ძუძუს პლასტიკის მსგავსია, თუმცა თანამედროვე მაღალი ხარისხის იმპლანტებმა კაფსულარული კონტრაქტურის ჩამოყალიბების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა. გლუტეოპლასტიკის შემდეგ ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ ვეღარასოდეს გაიკეთებთ ინექციას დუნდულა კუნთში.
- მოხდენილი წვივები
ბევრი მხოლოდ იმისთვის მისდევს სპორტს, რომ კუნთები განივითაროს, მაგრამ წვივის კუნთები შედარებით ნაკლებად ვითარდება, რაც ფეხებს არაესთეტიკურ შესახედაობას აძლევს. პლასტიკური ქირურგია საშუალებას იძლევა, აღმოიფხვრას ესთეტიკური შეუსაბამობა წვივებსა და სხეულის სხვა ნაწილებს შორის.
წვივების ფორმის კორექცია მათი შიგნითა ზედაპირის გადიდებითაა შესაძლებელი. რბილი ქსოვილების კორექციისათვის გამოიყენება სილიკონის იმპლანტები და პაციენტისავე ცხიმოვანი ქსოვილი.
ექიმთან წინასწარი კონსულტაციის დროს ირკვევა და ზუსტდება ოპერაციისთვის მნიშვნელოვანი ყველა დეტალი. იმავდროულად, სასურველია ჩატარდეს ფოტომოდელირებაც.
წვივების კორექციის ჩვენებებია: წვივის კუნთების ჰიპოტროფია (მცირე ზომის კუნთები), პოსტტრავმული დეფორმაცია, წვივების ასიმეტრია.
განაკვეთები მუხლქვეშა ფოსოებში კეთდება და სიგრძით დაახლოებით 3 სანტიმეტრს აღწევს. სწორედ ამ განაკვეთებიდან იდგმება სასურველ არეში იმპლანტი, რომელიც მუდმივია და რადიკალურად ცვლის წვივის ფორმას. წვივის იმპლანტები რბილი და ამავე დროს ძალზე მტკიცეა. ისინი სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, რაც საშუალებას იძლევა, ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს სასურველი და სხეულის პროპორციების შესატყვისი ეგზემპლარი. ოპერაცია კეთდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით და 1-2 საათს გრძელდება.
ოპერაციის შემდეგ 3-4 კვირის განმავლობაში კომპრესიული სამოსი უნდა ატაროთ. 1-2 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, სოლარიუმი, საუნა. ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რათა დროულად დაუბრუნდნენ ცხოვრების ადრინდელ რიტმს.
როგორც ხედავთ, სხეულის ფორმების დასახვეწად დილიდან საღამომდე ვარჯიში უკვე აღარ არის აუცილებელი – ამისთვის იმპლანტები არსებობს. საქმე ლამაზ ფეხებსა და დუნდულებში როდია – ნაკლოვანებათა გამოსწორებით მხოლოდ გარეგნობას კი არ ცვლით უკეთესობისკენ, არამედ კომპლექსებისგანაც თავისუფლდებით და უფრო თავდაჯერებულად განაგრძობთ ცხოვრებას.
მოამზადა თამარ არქანიამ