ყვითელი სხეულის ნაკლოვანება
გააზიარე:
ყვითელი სხეულის ფუნქციებსა და მის ნაკლოვანებაზე გვესაუბრება ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგი ფიქრია კამლაძე.
ყვითელი სხეული გამსკდარი ფოლიკულის უჯრედებისგან განვითარებული სტრუქტურაა. თვითონ ფოლიკული საკვერცხის წარმონაქმნია, რომელშიც კვერცხუჯრედი მწიფდება. ფოლიკული მენსტრუაციის მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეს სკდება, რის შედეგადაც კვერცხუჯრედი თავისუფლდება, ფოლიკულის ნარჩენისგან წარმოქმნილი ყვითელი სხეული კი პროგესტერონის გამოყოფას იწყებს.
პროგესტერონი ენდომეტრიუმის შესაბამის ცვლილებებს, ე.წ. სეკრეტორულ ტრანსფორმაციას განაპირობებს – ხელს უწყობს საჭირო ოდენობის სისხლძარღვების, სტრომის ჩამოყალიბებას, ცილებისა და გლიკოგენის დაგროვებას, რომლებიც აუცილებელია ემბრიონის მიმაგრებისა და განვითარებისთვის. ორსულობის შეწყვეტას თვითონ პროგესტერონის დეფიციტი კი არ იწვევს, არამედ ის, რომ მისი უკმარისობის გამო ვერ იქმნება ნაყოფის მიმაგრებისა და განვითარებისთვის საჭირო პირობები.
პროგესტერონი თირკმელზედა ჯირკვლებშიც წარმოიქმნება, თუმცა გაცილებით ნაკლები ოდენობით, ორსულობისას კი მას გამოიმუშავებს ქორიონი, რომელიც შემდგომში პლაცენტად გარდაიქმნება. ყოველივე ამის მიუხედავად, ორსულობის პირველი შვიდი კვირის განმავლობაში ნაყოფის განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საკვერცხის ყვითელ სხეულს ეკისრება. ამ პერიოდში მისი ამოკვეთა ორსულობის შეწყვეტას იწვევს. მეშვიდე-მეთორმეტე კვირას პროგესტერონის წარმოქმნაში ქორიონიც ერთვება, თორმეტი კვირის შემდეგ კი ჰორმონის ძირითადი წყარო ქორიონისგან ჩამოყალიბებული პლაცენტა ხდება. ის დაახლოებით 50-ჯერ მეტ პროგესტერონს გამოიმუშავებს, ვიდრე საკვერცხის ყვითელი სხეული.
არაორსულებში ყვითელი სხეულის დეფიციტს ლუთეინური ფაზის უკმარისობას ვუწოდებთ. ლუთეინური ფაზა გახლავთ მენსტრუაციული ციკლის მეორე ფაზა, რომელიც ფოლიკულის გასკდომის შემდეგ იწყება. ამ დროს აუცილებელია პროგესტერონის გარკვეული ოდენობა, რათა ციკლის პირველი ფაზა კვლავ დადგეს ანუ ქალს კვლავ მოუვიდეს მენსტრუაცია.
პროგესტერონის დეფიციტის შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ანოვულატორული ციკლი – არ ხდებოდეს ოვულაცია ანუ ფოლიკულის გასკდომა. დარღვევები გამოიხატება მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენით, არარეგულარული მენსტრუაციით, რაც, თავის მხრივ უშვილობას განაპირობებს.
ყვითელი სხეულის ნაკლოვანებას მრავალი მიზეზი აქვს. მათგან პირველი და უმთავრესია ცენტრალური, როდესაც თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოფიზში, სათანადო ოდენობით არ წარმოიქმნება მალუთეინიზირებელი და ლუთეოტროპული ჰორმონები, რომლებიც ყვითელი სხეულის ჩამოყალიბებას ასტიმულირებს.
არის შემთხვევები, როდესაც პროგესტერონის ოდენობა ნორმალურია, მაგრამ საშვილოსნოს რეცეპტორული აპარატია დარღვეული და ჰორმონი რეალიზებას ვერ ახდენს. ამ შემთხვევაშიც ყვითელი სხეულის ნაკლოვანების ნიშნებია გამოხატული – დარღვეულია მენსტრუაციული ციკლი, ხოლო განაყოფიერების შემთხვევაში ნაყოფის იმპლანტაციისა და განვითარებისთვის საჭირო პირობები არ იქმნება.
ყვითელი სხეულის დეფიციტის დიაგნოზი ძირითადად კოლპოციტოლოგიური გამოკვლევის ანუ საშოს ნაცხის ანალიზის საფუძველზე დაისმის, მაგრამ კოლპიტის ან ცერვიციტის შემთხვევაში, როდესაც ქალს თეთრად შლა აწუხებს, ამ გამოკვლევამ შესაძლოა რადიკალურად შეცვლილი პასუხი მოგვცეს, ამიტომ მხოლოდ ნაცხის ანალიზის მიხედვით ყვითელი სხეულის უკმარისობის დიაგნოზის დასმა რამდენადმე უმართებულოა. ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია შარდში პრეგნანდიოლის ოდენობის განსაზღვრა. ის პროგესტერონის დაშლის პროდუქტია, ამიტომ მისი ოდენობის მიხედვით უფრო დაბეჯითებით შეიძლება, ყვითელი სხეულის ნაკლოვანებაზე ვიმსჯელოთ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრას. ეს ჰორმონი ყვითელი სხეულის მიერ პროგესტერონის გამოყოფას ასტიმულირებს.
ყველაზე მარტივი სადიაგნოსტიკო ტესტია ბაზალური ტემპრატურის გაზომვა. თუ ორსულობისას ის 37,2-37,4-ს უდრის, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა, მათ შორის – ყვითელი სხეულის ფუნქციაც, მაგრამ თუ ტემპერატურა 37 გრადუსი ან უფრო ნაკლებია, მაშინ არსებობს ორსულობის შეწყვეტის საშიშროება, რაც მნიშვნელოვანწილად სწორედ ყვითელი სხეულის დეფიციტს უკავშირდება.
ყვითელი სხეულის უკმარისობისას ორსულს აწუხებს წელის ტკივილი, მუცლის ქვედა არეში სიმძიმისა შეგრძნება, ზოგჯერ – ყავისფერი ან ვარდისფერი გამონადენი, მაგრამ ეს ორსულობის შესაძლო შეწყვეტის სიმპტომებია, ორსულობის შეწყვეტას კი არა მხოლოდ ჰორმონული დისბალანსი, არამედ ქრომოსომული პათოლოგიები, იმუნოლოგიური შეუთავსებლობა, ანატომიური ცვლილებები (ტიხრიანი საშვილოსნო, ორრქიანი საშვილოსნო), ინფექციური და სხვა ფაქტორები განაპირობებს, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე სჯობს, მუცლის მოშლის მიზეზი განვსაზღვროთ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მიუხედავად მედიცინის წინსვლისა, უახლესი მონაცემების თანახმად, ორსულობის თვითნებური შეწყვეტის მიზეზი შემთხვევათა 24-47%-ში მაინც დაუდგენელია.
დეფიციტს ხელოვნურად ვავსებთ. წინათ ამისთვის პროგესტერონს, ტურინალს იყენებდნენ. ამჟამად პოპულარულია უტროჟესტანი, დიუფასტონი. თანამედროვე პრეპარატები თვისებებით მაქსიმალურად უახლოვდება ბუნებრივ პროგესტერონს.
აუცილებლად ინიშნება ფოლიუმის მჟავაც. ეს ვიტამინი ნაყოფის სწორ ჩამოყალიბებას, მისი ნერვული ღეროს დეფექტების პროფილაქტიკას განაპირობებს, რაც დღეს ესოდენ გავრცელებული პრობლემაა. სხვათა შორის, ამავე მიზნით მიღებულია ფოლიუმის მჟავას დანიშვნა არა მხოლოდ ორსულობისას, არამედ დაორსულებამდეც ორი თვის განმავლობაში, დღეში 400 მიკროგრამის ოდენობით.