ალერგია

გააზიარე:

ალერგია საკმაოდ ხანდაზმული ტერმინია. იგი დღევანდელისგან განსხვავებული მნიშვნელობით II საუკუნის კაბადოკიაში ჩაისახა. თანამედროვე გაგებით, ალერგია განსაზღვრული ფაქტორების მიმართ ორგანიზმის ზემგრძნობელობაა. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ადამიანის იმუნური სისტემა განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებს სხვადასხვა ალერგენზე, რაც დაავადების სიმპტომებით გამოიხატება.

იმუნური სისტემა ადამიანს გარეგანი თუ შინაგანი წარმოშობის მავნე ანტიგენებისგან იცავს და საკმაოდ ეფექტურადაც იცავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ იმუნური სისტემაც ცდება – არაადეკვატურად მოქმედებს, რაც იმუნოპათოლოგიურ მდგომარეობებს განაპირობებს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ალერგია. სხვა იმუნოპათოლოგიური დაავადებებისგან განსხვავებით, როდესაც იმუნური სისტემის ფუნქციონირება დათრგუნული (იმუნოდეფიციტები) ან გაუკუღმართებულია (ავტოიმუნური დაავადებები) ალერგიის დროს იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურობს. 

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ალერგიული დაავადებები თანდათან ხშირდება, განსაკუთრებით – განვითარებულ ქვეყნებში. ამ დაავადებათა გავრცელების რისკფაქტორების შესწავლის შედეგად ჩამოყალიბდა იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობის განვითარების ჰიგიენური თეორია.  ამ თეორიის მიხედვით, ალერგიული დაავადებები უმთავრესად მათი ხვედრია, ვინც ზედმეტად ჰიგიენურ პირობებში იზრდებოდა, ნაკლებად ჰქონდა კონტაქტი თანატოლებთან, ბუნებასთან, ინფექციებთან, ხშირად იღებდა ანტიბიოტიკებს, არ მოუხდია სახადი დაავადებები და ა.შ. გაირკვა, რომ ასეთ ვითარებაში გაზრდილი ბავშვების იმუნური სისტემა მუდმივად განიცდის  ანტიალერგიული მექანიზმების  დეფიციტს, რის შედეგადაც იგი ზედმეტად აქტიურდება, ეს კი, თავის მხრივ, ალერგიული დაავადების განვითარებას განაპირობებს.

ამასთან ერთად, რასაკვირველია, მეტად მნიშვნელოვანია ალერგიული დაავადებების მიმართ გენეტიკური განწყობა და შესაძლოა, სხვა, ჯერ კიდევ უცნობი ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობს ალერგოზების ჩამოყალიბებასა და გავრცელებას. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ე.წ. შიგა და გარე გარემოს ორგანიზმზე მავნე ზემოქმედება. კვლევებმა აჩვენა, რომ დღეს განვითარებული ქვეყნებში შიგა გარემო (საცხოვრებელი სახლები და ოფისები) გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გარე. ამ უკანასკნელის გაკეთილშობილება შესაძლებელი გახდა შიგაწვის ძრავებზე კატალიზატორების დამონტაჟებით, რის შედეგადაც ფოტოქიმიურ სმოგში 80%-ით შემცირდა ტყვიის შემცველობა და ერთიორად – გოგირდის, ნახშირბადისა და აზოტის რადიკალებისა. ამავე დროს შენობების ჰერმეტიზაციამ შიგა გარემო საგრძნობლად გააუარესა – ორგანული და არაორგანული მტვრითა და ნაწილაკებით მისი გაჯერება გამოიწვია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადამიანს უმთავრესად შიგა გარემოში უხდება ყოფნა, ადვილი მისახვედრია, რამდენად ძლიერი ალერგენული ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით და რატომ გვაწუხებს ეს დაავადება სულ უფრო ხშირად.

როგორ ვლინდება ალერგია

ალერგია სხვადასხვაგარად ვლინდება. ეს შეიძლება იყოს კვებითი ალერგია, კანის ალერგია, სასუნთქი სისტემის ალერგოზი, ალერგია მწერის ნაკბენის მიმართ, წამლისმიერი ალერგია... არის შემთხვევები, როდესაც ალერგიული გამოვლინებები სხვა, პირველად დაავადებებს უკავშირდება. მაგალითად, მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება შესაძლოა ასოცირებული იყოს ვირუსულ ინფექციებთან, ჩიყვთან, დიაბეტთან, კუჭის წყლულთან, ავთვისებიან დაავადებებთან.

არსებობს ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული ალერგიაც. მაგალითად, ალერგია სითბოზე, სიცივეზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, წყალზე, მექანიკურ გაღიზიანებაზე მზის სხივებზე.

სხვადასხვა ალერგიული დაავადება სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა სიხშირით გვხვდება. ასე, მაგალითად: კვებითი ალერგია განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებს უვითარდებათ, 10-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში უმთავრესად დერმატოზული გამოვლინებები გვხვდება, 5 წლიდან მოყოლებული პუბერტულ ასაკამდე უპირატესად ზემო და ქვემო სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები აღინიშნება.
სიმპტომები:

გასტროენტერულ (კუჭ-ნაწლავის სისტემის) ალერგიას უმთავრესად გასტროენტერული მოვლენები ახასიათებს. ბავშვთა ასაკში ის შეიძლება გამოიხატოს სტომატიტით, კოლიკით – მუცლის მუდმივი მორეციდივე ტკივილით, ფაღარათით, ყაბზობით, სისხლიანი განავლით (ამ უკანასკნელის გამო ბავშვები ზოგჯერ ინფექციურ დაწესებულებებშიც კი მიჰყავთ).

კანის გამოვლინებებიდან ძირითადია ურტიკარიული ანუ ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ რთულდება და ატოპიურ დერმატიტიში გადაიზრდება. ამ უკანასკნელის მძიმე ფორმაა ნეიროდერმიტი, რომელიც უმეტესად უფროსი ასაკის ბავშვებს უვითარდებათ, საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას.

სასუნთქი გზების ალერგოზებიდან ხშირია პოლინოზები – მცენარის მტვრით განპირობებული ალერგიული მდგომარეობები, რომლებიც ცემინებით, რინოკონიუნქტივიტით, ზედა სასუნთქი გზების მუდმივი სიმპტომატიკით ვლინდება.
რესპირაციულ ალერგოზებს შორის ერთ-ერთი წამყვანი დაავადებაა ბრონქული ასთმა. ის სხვადასხვა სიმძიმითა და ფორმით მიმდინარეობს. მისი ძირითადი გამოვლინებებია სულხუთვა, ქოშინი, ხველა. დაავადება მუდმივად მორეციდივეა. მწვავდება ინფექციის შემდეგ და გარემო ფაქტორების ცვალებადობის ფონზე.

ბრონქული ასთმა ზოგჯერ პროფესიულია – საწარმოო მტვერთან ან სხვა მავნე პროფესიულ ფაქტორებთან კონტაქტით არის გამოწვეული.
სისტემური რეაქციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქციები. ადგილობრივი რეაქციებიდან აღსანიშნავია კონტაქტური დერმატიტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატის, პარფიუმერიული საშულებების, ტანსაცმლის მიმართ.

მეტად მნიშვნელოვანია ალერგია მედიკამენტების მიმართ, რომელიც ბოლო ხანს საგრძნობლად გახშირდა. განსაკუთრებით აქტუალურია ალერგია ანტიბიოტიკებსა და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე, რომლებიც ხშირად იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე სისტემურ რეაქციებს.

როგორ ამოვიცნოთ დამნაშავე

როდესაც ალერგიის დიაგნოსტიკაზე ვსაუბრობთ, მთავარია, მაქსიმალური სიზუსტით დადგინდეს ალერგიის გამომწვევი, რაც, სამწუხაროდ, არ არის ადვილი. დიაგნოსტიკური ტესტები, რომელთაც მთელ მსოფლიოში იყენებენ, მათ შორის – იმუნოლოგიური ტესტები და კანის სინჯები, არ გვაძლევს დამნაშავე ალერგენების 100%-იანი სიზუსტით გამოვლენის საშუალებას, განსაკუთრებით – კვებითი და მედიკამენტური ალერგიის შემთხვევაში. ასე, მაგალითად: კვებითი ალერგიის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება პროვოკაციული სინჯი საკვებით. ამ სინჯებს შორის საუკეთესოა ორმაგი ბრმა მეთოდი, როდესაც პაციენტი იღებს სპეციალურ კაფსულებში მოთავსებულ საკვებს, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტის გამორიცხვის მიზნით არც მან და არც ექიმმა არ იციან, რა პროდუქტია ეს. მხოლოდ ამგვარად შეიძლება დამნაშავე საკვების მაღალი სიზუსტით გამოვლენა, თუმცა ასეთი ტესტის ჩატარება ძალიან ძნელია. ძნელია მედიკამენტური ალერგენის გამოვლენაც, ვინაიდან მედიკამენტებით ჩატარებული ტესტები, გარდა პენიცილინისა, ნაკლებ სარწმუნოა: ზოგჯერ – ცრუ დადებით ან ცრუ უარყოფით შედეგებს იძლევა.

არანაკლებ რთულია ქრონიკული ჭინჭრის ციების მიზეზის დადგენა. ქრონიკული ურტიკარია შეიძლება იყოს მწვავეც, როდესაც გამონაყარი თვენახევრამდე გრძელდება, და ქრონიკულიც, როდესაც დაავადება უფრო მეტხანს მიმდინარეობს. ის სხვადასხვა დაავადებასთან არის ასოცირებული, რის გამოც საჭიროა მრავალმხრივი გამოკვლევა: სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევა, ანალიზი ჰელმინთოზზე, დიაბეტზე, ჰელიკობაქტერიაზე, ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე, სისტემურ დაავადებებზე, კომპლემენტური ფრაქციების შეფასებაზე.

რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ყველაზე მარტივია ბრონქული ასთმისა და პოლინოზის დიაგნოსტიკა. კანის სინჯები და იმუნოლოგიური ტესტები ორივე შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია. კვლევები გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, როდესაც ბრონქული ასთმა განპირობებულია ოთახის მტვრით, ტკიპით, სოკოვანი ალერგენებით და აეროალერგენებით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მცენარეულ ალერგენებზე – მცენარის მტვრით განპირობებული ალერგიის დიაგნოსტიკა საკმაოდ ეფექტურია, რადგან ზუსტად ვიცით, რომელი მცენარე როდის ყვავის და შეგვიძლია, მეტ-ნაკლები სიზუსტით გამოვთვალოთ სავარაუდო დამნაშავე.

მცენარეული ალერგენები და ჯვარედინი რეაქცია

ალერგიის გამომწვევი მცენარეები: ხემცენარეები, ბალახები, მარცვლოვნები, სარეველები და სოკოები – სხვადასხვა დროს ყვავიან და აფრქვევენ გარემოში თავიანთ მტვერსა თუ სპორებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში, ერთი ქალაქის სხვადასხვა ნაწილშიც კი, მდგომარეობა სხვადასხვაგვარია, ვინაიდან მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მცენარეულ სპექტრს, არამედ ალერგენის კონცენტრაციასაც, მასზე კი ძლიერ გავლენას ახდენს ატმოსფერული წნევა, ტენიანობა და ქარი. მდგომარეობა განსაკუთრებით რთულდება მაღალი წნევის დროს – მცენარის მტვერი დაბლა ჩამოდის და ატმოსფეროს იმ ფენებში ილექება, სადაც ადამიანს უხდება ცხოვრება. ზოგიერთ ქვეყანაში ამინდთან ერთად მცენარის მტვრის მოძრაობის პროგნოზსაც აკეთებენ.

არსებობს ერთმანეთის მსგავსი ანტიგენური ბუნების მქონე მრავალი ალერგენი, რომლებმაც, მოსალოდნელია, ჯვარედინი რეაქცია გამოიწვიოს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია პენიცილინის ჯგუფისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის პრეპარატთა ჯვარედინი რეაქცია, რომლის შესახებაც უნდა იცოდნენ ექიმმაც და პაციენტმაც.

რაც შეეხება მცენარეულ ალერგენებს, არყის ხის მტვერს ჯვარედინი რეაქცია ახასიათებს სხვადასხვა ხილთან, მათ შორის –  ვაშლთან. გამოვლენილია ლატექსის ჯვარედინი რეაქციები ეგზოტიკურ ხილთან – ბანანთან, კივისთან, ავოკადოსთან, ასევე – წაბლთან და ზოგიერთი მონაცემით, ატამსა და ვაშლთანაც კი. ლატექსისგან მრავალი სამედიცინო აქსესუარი მზადდება, ამიტომ ლატექსური ალერგია მედიცინის სერიოზული პრობლემაა.
ხილური ჯვარედინი რეაქციების დაფიქსირება ძალიან რთულია, როდესაც იგივე გაცილებით მარტივია მედიკამენტურ ალერგენებთან მიმართებაში. 

როგორ ვუმკურნალოთ

პოლინოზების დიაგნოსტიკა ადვილია, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს მათი მკურნალობა. პოლინოზების მკურნალობის ერთ-ერთ წამყვან მეთოდად მიიჩნევა ალერგენებით აცრა ანუ იმუნოთერაპია, რომელიც ძვირადღირებულია და ამიტომ ცოტასთვის თუა ხელმისაწვდომი, მკურნალობის კურსი ხანგრძლივია (მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ ხუთი წელი გრძელდება) და არც შედეგია გარანტირებული.

ბრონქულ ასთმას ფარმაკოთერაპიითა და იმუნოთერაპიით მკურნალობენ. იმუნოთერაპიას მაშინ მიმართავენ, როდესაც დადგენილია, რომ გამომწვევია საყოფაცხოვრებო ალერგენი, მაგალითად, ოთახის მტვერი ან ტკიპა. ოთახის მტვერითა და ტკიპით, ასევე  – მცენარეული ალერგენით და ზოგჯერ სოკოთი ჩატარებული იმუნოთერაპია კარგ შედეგს გვაძლევს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბრონქული ასთმის დროს იმუნოთერაპია სარეზერვო მეთოდია. მკურნალობას, წესისამებრ, იწყებენ ფარმაკოლოგიური საშუალებებით, რომლებიც ამჟამად მრავლად არის ფარმაცევტულ ბაზარზე.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოში არსებული ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატებიდან საქართველოში ყველა იყიდება, ახალი პრეპარატის ომალიზუმაბისა და ნებულაიზერით შესასხურებელი საინჰალაციო სტეროიდების გარდა.

ალერგიის მკურნალობის ყველაზე მარტივი და ეფექტურია ელიმინაციური მეთოდი, რომლის გამოყენება, სამწუხაროდ, ყოველთვის შეუძლებელია. უფრო ხშირად იყენებენ სიმპტომურ (დაავადების სიმპტომებზე მოქმედ), რეაქტიულობის დამთრგუნველ და პროფილაქტიკურ პრეპარატებსა და მეთოდებს. მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში ტარდება ექიმის მიერ ან მისი მეთვალყურეობით. თვითმოქმედება ამ თვალსაზრისით დაუშვებელია, ვინაიდან ალერგოზი, როგორც წესი, პროგრესირებს და მძიმდება.

ცხოვრების წესი და ალერგია

დასავლეთის ქვეყნებში ალერგიულ პაციენტებს ბევრს არაფერს უკრძალავენ. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევიან. მეტიც – შესაძლოა, სპორტულ წარმატებებსაც კი მიაღწიონ. მაგალითად, 1984 წელს ხუთასზე მეტი ამერიკელი ოლიმპიელიდან ოცდათვრამეტი (უმეტესად – მოცურავეები) ასთმით იყო დაავადებული და მათმა 68%-მა ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო.

ალერგიულ ადამიანს მაქსიმალურად უნდა შეეძლოს საკუთარი დაავადების მართვა – სადამდე შეუძლია, საკუთარ თავს თვითონვე მიხედოს და როდის მიმართოს ექიმს, როგორ გარემოში იცხოვროს, როგორი პირობები შეიქმნას შინ თუ სამსახურში, როგორ მოერიდოს ალერგენს.

ალერგიული ადამიანი გაცილებით მეტად უნდა იყოს გაკაჟებული, ვიდრე ალერგიის არმქონე პირი. მან უნდა იცოდეს, რა სახის ფიზიკური აქტივობაა მისთვის მისაღები. წესისამებრ, ასეთია სპორტის არადარბაზული სახეობები, თუმცა ის, ვინც პოლინოზს უჩივის, პირიქით, დროის უმეტეს ნაწილს სახლში უნდა ატარებდეს, რათა მცენარის მტვერს თავი აარიდოს.

სასწრაფო დახმარება

როდესაც ადამიანს ზედა სასუნთქი გზების ლოწოვანი უშუპდება: ხმა ეკარგება, ყელში უცხო სხეულის შეგრძნება უჩნდება ან ემართება ანაფილაქსიური შოკი, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • დაუყოვნებლივ გაკეთდეს კანქვეშ 0.1%-იანი ადრენალინის ჰიდროქლორიდი (იგი პირველი რიგის პრეპარატად ითვლება ანაფილაქსიური შოკისა და მწვავე ურტიკარიის დროსაც). ადრენალინი კეთდება კანქვეშ ან კანში, მოზრდილებისთვის – 0.2-0.5 მლ, ბავშვებისთვის – 0.01 მლ კილოგრამ წონაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, არა უმეტეს 0.3 მლ-ისა.
  • სტეროიდული პრეპარატებიდან არჩევითია დექსამეტაზონი, რომელსაც ძლიერი შეშუპების საწინააღმდეგო თვისება აქვს. იგი კილოგრამ წონაზე 0.6 მლ კეთდება, თუმცა საერთო ჯამში – არა უმეტეს 10 მლ-ისა ანუ 2 ამპულისა. შეიძლება პრედნიზოლონის შეყვანაც, დოზით 1-2 მგ`კგ-ზე.
  • ანტიჰისტამინური პრეპარატებიდან დასაშვებია დიმედროლის გამოყენება.
გააზიარე: