სიმაღლის პათოლოგიები

გააზიარე:

გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის  დეპარტამენტის პროფესორი, თბილისის ბავშვთა მთავარ ენდოკრინოლოგი, ქალბატონი მარინა გორდელაძე.

 

― ზრდის ნორმალური ტემპი ბავშვის ჯანმრთელობის ძალიან მგრძნობიარე მაჩვენებელია. თუ ბავშვმა სიმაღლეში ზრდა შეწყვიტა, შესაძლოა, ეს განგაშის სიგნალი იყოს, რომელიც  მიგვითითებს, რომ მის ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის, გაჩნდა პრობლემა, რომელიც სამედიცინო შეფასებას მოითხოვს.

სიმაღლე და მისი მატება გენეტიკურად დაპროგრამებული პროცესია. ამ რთულ პროცესში მონაწილე 120-ზე მეტი გენია შესწავლილი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმაღლეზე გარემო ნაკლებ გავლენას ახდენს. დადგენილია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვებას, დღის რეჟიმს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, გუნება-განწყობასაც კი. თქვენ წარმოიდგინეთ, სიმაღლეზე დრო და ამინდიც კი მოქმედებს. ბავშვები ტანს ყველაზე ინტენსიურად გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იყრიან. ზაფხულში და შემოდგომაზე ზრდის ტემპი ყველაზე ნაკლებია, ზამთრის თვეებში კი შედარებით იმატებს. სამხრეთის ქვეყნებში, სადაც უფრო ცხელი კლიმატია, ადამიანები შედარებით ტანდაბლები არიან, ჩრდილოეთის ქვეყნებში კი უფრო მაღლები.

ზრდის გენეტიკური პროგრამა სისრულეში ენდოკრინულ სისტემას მოჰყავს და ამ პროცესში თითქმის ყველა ჰორმონი (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო, ინსულინი, კალციუმის მარეგულირებელი ჰორმონი) მონაწილეობს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზრდის ჰორმონს ― სომატოტროპინს, რომელსაც ტვინის ფუძეზე არსებული პატარა ჯირკვალი ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. 

სომატოტროპინის სეკრეციაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, კერძოდ:

კვება: სისხლში შაქრისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების სიჭარბე თრგუნავს ზრდის ჰორმონის გამოყოფას, ამიტომ თუ ბავშვს ხაჭაპურებით და ტკბილეულით გავანებივრებთ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, გაზრდაში (სიმაღლე მაქვს მხედველობაში) ხელს ნამდვილად არ შევუწყობთ და პირიქით ― ჭარბწონიანი ბავშვები მხოლოდ კვების მოწესრიგებისა და ზედმეტი კილოგრამების დაკარგვის შემდეგ ხშირად სიმაღლეშიც მნიშვნელოვნად იმატებენ;
ფიზიკური დატვირთვა: ზომიერი დატვირთვა (განსაკუთრებით ― კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა) ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, ჭარბი კი, პირიქით, აფერხებს, მით უმეტეს, როდესაც საქმე სპორტის ძალოსნურ სახეობებს ეხება;
ძილი: ალბათ გაგიგონიათ ძველი ხალხის გამონათქვამი ― ბავშვი ძილში იზრდებაო. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს სრული სიმართლეა: სომატოტროპული ჰორმონის წარმოქმნა იმატებს ღრმა ძილის დროს, განსაკუთრებით ― 23-დან 4 საათამდე.

***
სიმაღლეში ჩამორჩენა ბავშვების 5%-ს აღენიშნება.

ყველაზე ხშირი კონსტიტუციური ტანდაბლობაა ― უხეშად რომ ვთქვათ, დაბალი მშობლების დაბალი შვილი. ცალკე უნდა გამოვყოთ ზრდისა და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური შეფერხება. ამ ფორმას მაღალი მშობლების დაბალი შვილიც შეიძლება ეწოდოს, თუმცა ერთ-ერთი მშობელი ან რომელიმე ნათესავები ბავშვობაში თვითონაც დაბლები იყვნენ, შემდეგ კი ერთბაშად აიყარეს ტანი. კონსტიტუციური ტანდაბლობის მსგავსად, ესეც პათოლოგია კი არა, უფრო ნორმის ვარიანტია.  მშობლებს ხშირად მოჰყავთ 13-14 წლის ვაჟები, რომლებიც ძალიან განიცდიან, თანატოლებს მკვეთრად რომ ჩამორჩნენ. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ანდროგენები მცირე დოზებით, რაც დააჩქარებს სქესობრივ მომწიფებას და სიმაღლეში ზრდას.

ზრდის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილმა მიზეზებმა, როგორიც არის საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხება, ძვლოვანი სისტემის დაავადებები და ქრომოსომული ანომალიები. საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხება შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციამ, ორსულობისას თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარებამ. ქრომოსომული ცვლილებებიდან ტანდაბლობას გოგონებში ყველაზე ხშირად ტერნერის სინდრომი იწვევს. ამ დროს გოგონებს ერთი სასქესო ქრომოსომა აკლიათ. სიმაღლის გარდა ჩამორჩებიან პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარების მხრივაც, კისრის გვერდით ზედაპირზე კი სიმეტრიული ფრთისებრი ნაოჭი შეინიშნება. ამავე დროს შესაძლოა განვითარების სხვა ანომალიებიც გამოვლინდეს.

ზრდის პროცესს ასევე ხელს უშლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადება. ეს შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის პათოლოგიები. ამ დროს მთავარი ძირითადი დაავადების მკურნალობა და მისი ეფექტური მართვაა. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ე.წ. დაწევის ფენომენიც შეიძლება მივიღოთ.

ენდოკრინული პათოლოგიით გამოწვეული ტანდაბლობა შედარებით იშვიათია და სულ 3-4%-ს შეადგენს. მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოფიზის ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე. ზრდაში ყველაზე აშკარა ჩამორჩენას იწვევს ზრდის ჰორმონის თანდაყოლილი უკმარისობა. ასეთი ბავშვები ნორმალური წონით და სიმაღლით იბადებიან, ჩამორჩენა თვალსაჩინო მხოლოდ 2-3 წლის ასაკისთვის ხდება. მკურნალობის გარეშე ისინი სულ 120-130 სმ-მდე თუ იზრდებიან.

მსურს, ცალკე გამოვყო ე.წ. ფსიქოემოციური ტანდაბლობა, რომელსაც ბავშვებსა და მოზარდებში ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესი იწვევს და სიმაღლისა და სქესობრივი განვითარების შეფერხებით ვლინდება. ზრდის ჰორმონის დეფიციტი ამ დროს ლაბორატორიულადაც კი დასტურდება. გარემოცვის შეცვლის შემდეგ ვითარება სწორდება, ჰორმონის დონეც იმატებს. როგორც ხედავთ, ბავშვს ზრდისთვის სითბო ისევე სჭირდება, როგორც ყვავილებს ― მორწყვა.

***
 ზრდის დარღვევის დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზრდის ტემპს. ექიმებს მართებული დასკვნის გამოტანაში ძალიან დაეხმარებათ, თუ ეცოდინებათ, რომელ ასაკში რამდენს იმატებდა ბავშვი. უბნის პოლიკლინიკაში ასეთი მონაცემები, ჩვეულებრივ, არის, თუმცა ვინაიდან ერთიც და მეორეც საკმაოდ ადვილი განსასაზღვრია, ურიგო არ იქნება, პარამეტრები მშობლებმაც შეამოწმონ და ჩაინიშნონ. ბავშვის სიმაღლე აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ დაბადებისას, წლამდე ― 3 თვეში ერთხელ,   3 წლამდე ― წელიწადში 2-ჯერ, შემდეგ კი ყოველწლიურად. ნორმის მაჩვენებლები ზემოთ მოგახსენეთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ 4 წლის ასაკიდან ბავშვმა ყოველწლიურად 4 სანტიმეტრი მაინც არ მოიმატა.

პედიატრები სიმაღლის (ისევე, როგორც სხვა ანთროპომეტრული მონაცემების) შესაფასებლად სპეციალურ ცხრილებს (ე.წ. პერცენტილური გრაფიკებით) იყენებენ. მათში კონკრეტული პოპულაციისთვის (ვთქვათ, ქართველი, რუსი, ფრანგი ბავშვებისთვის) ასაკისა და სქესის მიხედვით ნებისმიერი სამედიცინო პარამეტრის საშუალო მონაცემებია მოყვანილი. ასე, მაგალითად: თუ თქვენი შვილის სიმაღლე მე-10 პერცენტილზეა, ეს ნიშნავს, რომ იგი თანატოლების 10%-ზე მაღალი, მაგრამ 90%-ზე დაბალი ყოფილა. თუ ბავშვი მნიშვნელოვნად (ორ სტანდარტულ გადახრაზე და მეტად) ჩამორჩება ასაკისა და სქესის შესაბამის მაჩვენებლებს, მას აუცილებლად სჭირდება ჰორმონული დიაგნოსტიკა სპეციალიზებულ კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით.

გენეტიკურ ფაქტორებისა და ინდივიდუალურ თავისებურების გათვალისწინებისთვის სპეციალისტები მშობლების სიმაღლის მიხედვით ბავშვის სავარაუდო სიმაღლეს გამოთვლიან ხოლმე და მის მიხედვითაც ანგარიშობენ, შეესაბამება თუ არა ზრდის ტემპი გენეტიკურ პოტენციალს. საბოლოო სიმაღლის პროგნოზირების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათ შორის ყველაზე მარტივი და გავრცელებული ეს გახლავთ: დედისა და მამის საშუალო სიმაღლეს (ანუ მათი სიმაღლეების ჯამს, გაყოფილს ორზე) ვაჟის შემთხვევაში ვუმატებთ 6.5-7.5 სანტიმეტრს, გოგონას შემთხვევაში კი ვაკლებთ 6.5-7.5 სანტიმეტრს.

ზრდის რეცეპტები 
შვილის სიმაღლეზე ზრუნვა ბავშვის დაბადებამდე ბევრად ადრე დაიწყეთ. სრულფასოვნად  იკვებეთ, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ეცადეთ, მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრება გქონდეთ.

*ზემოთ მოყვანილი ინტერვალით გაზომეთ და აწონეთ ბავშვი. ჰკითხეთ პედიატრს, ხომ არ აღინიშნება ზრდის პათოლოგია. დააკვირდით, საბავშვო ბაღში ან სკოლაში თქვენი შვილი თანაკლასელებთან შედარებით შესამჩნევად დაბალი ან შესამჩნევად მაღალი ხომ არ არის. თუ დაეჭვდით, აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.

*იზრუნეთ, რომ ბავშვი ნებისმიერ ასაკში სრულფასოვნად იკვებებოდეს, უზრუნველყავით მისი მოთხოვნილება ვიტამინებსა და მინერალებზე. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილებით მდიდარი საკვები ხორცი, ხაჭო, თევზი, რძე. 

*თვალი ადევნეთ, რომ ბავშვს ღამით კარგად და ღრმად ეძინოს, მიაჩვიეთ ღამის 10 საათამდე დაძინებას.

*შეუწყვეთ ხელი პატარას, იყოს ფიზიკურად აქტიური. ამავე დროს, ნუ მისცემთ უფლებას, ასაკისთვის შეუფერებელ სპორტულ დატვირთვას შეეჭიდოს.

*მთავარი კი სიყვარული და ოჯახური სითბოა. იყავით თქვენი შვილის ცხოვრების მეგობრული თანამონაწილე. გაიზიარეთ მისი მხოლოდ გამარჯვება და წარმატება კი არა, წარუმატებლობაც. სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ოჯახი ნორმალური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
და მაინც, თუ პატარამ სასურველ სიმაღლეს ვერ მიაღწია, ყველაფერი იღონეთ, რათა არასრულფასოვნების კომპლექსი არ ჩამოუყალიბდეს. გაიხსენეთ, რომ ტანდაბლობამ წარმატებაში ხელი ვერ შეუშალა ნაპოლეონს, ლენინს, სტალინს, ერეკლე მეორეს, პუშკინს, ჯინა ლოლობრიჯიდას, დენი დე ვიტოს, დასტინ ჰოფმანს…

გააზიარე: