როცა ბავშვს სათვალე სჭირდება

გააზიარე:

მას შემდეგ, რაც ჯოან როულინგმა სათვალიანი ბიჭუნა საქვეყნოდ გააპიარა, პატარა გენიოსები სათვალის ტარების მოდამ მოიცვა. არა მგონია, ჰარი პოტერს 
მოდის გამო ეკეთოს სათვალე – როგორც ჩანს, მხედველობის პრობლემები ზღაპრულ სამყაროშიც არსებობს.
როდის უნდა ატაროს ბავშვმა სათვალე? რა იწვევს ახლომხედველობას? როგორია მისი მკურნალობის თანამედროვე პრინციპები? ამ და სხვა კითხვებზე “ავერსის” კლინიკის ოფთალმოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ნატალია მაღლაკელიძე გვიპასუხებს.

– რატომღაც მიაჩნიათ, რომ მხედველობის პრობლემები უმთავრესად მოზრდილთა ხვედრია. რამდენად ხშირია მხედველობის გაუარესება ბავშვებში?
– ბოლო ათწლეულების მანძილზე განსაკუთრებულად მოიმატა ახლომხედველთა რიცხვმა. მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი ატარებს სათვალეს. ახლომხედველები უმთავრესად ბავშვები და ახალგაზრდები არიან. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, სკოლის მოსწავლეებს შორის მიოპიის გავრცელება 2,3 დან 16,2%-მდე მერყეობს. საზოგადოდ, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს შორის დღეს თითქმის ყოველ მეორე-მესამეს აღენიშნება ამა თუ იმ ხარისხის მიოპია. სტუდენტებს შორის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია.
მიოპიის განვითარება უმთავრესად ახლო მანძილზე ხანგრძლივ მხედველობით დატვირთვას უკავშირდება. თანამედროვე ტექნოლოგიების, კომპიუტერული სისტემების განვითარებამ ხელი შეუწყო მიოპიის გახშირებას და მის პროგრესს.
– რა არის მიოპია?
 – მიოპია ანუ ახლომხედველობა არის მხედველობის დეფექტი, რომლის დროსაც გამოსახულება ეცემა არა ბადურაზე (თვალის უკანა კედელზე), არამედ მის 
წინ, ვინაიდან თვალს ძლიერი გარდამტეხი ძალა აქვს. შედეგად ადამიანი შორს ცუდად ხედავს, ახლო მანძილზე კი კარგად.   
– ბავშვობის უმთავრესად რომელ პერიოდში იჩენს თავს მხედველობის დეფექტი?
– ახალშობილის ჯანსაღი თვალის რეფრაქცია +3,0 - +4,0 დიოპტრია. ასაკის მატებასთან ერთად ეს მაჩვენებელი იკლებს და 6-7 წლისთვის ბავშვის თვალი ნორმალურად მხედველი ანუ ემეტროპი ხდება. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში პრევალირებს ჰიპერმეტროპიული რეფრაქცია. მიოპიის განვითარება სკოლამდელი პერიოდიდან იწყება, საგრძნობლად იმატებს 11-დან 14 წლამდე, ხოლო პიკს 19 და 25 წლის ასაკში აღწევს.
– ხშირად ბავშვები მხედველობის პრობლემას სკოლაში შესვლის დროს აწყდებიან. რატომ არის ასე?
– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიოპი ანუ ახლომხედველი ადამიანი ახლო მანძილზე კარგად ხედავს, მხოლოდ შორს ხედვა უჭირს. ბავშვი, ვიდრე სკოლაში დაფასთან არ დაიწყებს მუშაობას, მხედველობის დაქვეითებას ვერ ამჩნევს და, შესაბამისად, არც უჩივის.
– მიოპია თანდაყოლილია თუ დროთა განმავლობაში მავნე ფაქტორების ზემოქმედებით ყალიბდება?
– თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც, თუმცა ძირითადი წილი მაინც შეძენილ ფორმაზე მოდის.
– თუ მიოპია თანდაყოლილია, შეიძლება თუ არა მისი აღმოჩენა ახალშობილობის ასაკში?
– ადრეულ ასაკში თანდაყოლილი მიოპიის დიაგნოსტიკა შესაძლებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს. თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს თანდაყოლილი მიოპია, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ბავშვის მიყვანა ამ პათოლოგიის გამოსარიცხად – თანდაყოლილი მიოპია დროულ მკურნალობას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის ორგანოს განვითარების შეფერხება, ამბლიოპია და სიელმეც კი. თანდაყოლილი მიოპია ხშირად ავთვისებიანია და თვალის ფსკერზე სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.
– მოდი, მიოპიის წარმომშობ ფაქტორებზე ვისაუბროთ...
– მიოპიის წარმომშობი ფაქტორებიდან უნდა გამოვყოთ:
- მემკვიდრეობა. გენეტიკურად გადაეცემა მიოპიისადმი განწყობა.  თუ ერთ მშობელს მაინც აქვს მიოპია, შვილისთვის მისი განვითარების ალბათობა დაახლოებით 30-% ია, თუ ორივეს – განვითარების რისკიც იმატებს;
- თვალის გარეთა გარსის ანუ სკლერის ანატომიური სტრუქტურის ცვლილება, რასაც თვალის წინა-უკანა ღერძის დაგრძელებამდე  და შედეგად მიოპიის განვითარებამდე მივყავართ;
- თვალშიგა, ცილიარული კუნთის სისუსტე (რასაც აკომოდაციის სისუსტეს ვუწოდებთ) ან მისი სპაზმი;
- მხედველობითი ჰიგიენის დარღვევა, რაც გულისხმობს: თვალის გადაძაბვას ხანგრძლივი მუშაობისას, კითხვას მოძრავ ტრანსპორტში, ცუდად განათებულ ოთახში, წოლისას, კომპიუტერთან დიდხანს მუშაობას, მაგიდასთან გაუმართავ ჯდომას.
– თქვენ არაერთხელ ახსენეთ კომპიუტერი. მაინც რა როლს ასრულებს ის მხედველობის დეფექტის ჩამოყალიბებაში?
– თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ ოფთალმოლოგიაში ტერმინი “კომპიუტერული სინდრომი” დაამკვიდრა. ამ სინდრომს მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობა იწვევს. ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, თვალების გადაღლას, სიწითლეს და უცხო სხეულის შეგრძნებას, მხედველობის დაქვეითებას. კომპიუტერული სინდრომის განვითარებას საფუძვლად უდევს ორი ასპექტი: მშრალი თვალის სინდრომი და აკომოდაციის სპაზმი. ახლო მანძილზე მონიტორთან ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობისას იკლებს თვალების ხამხამის სიხშირე, თვალის რქოვანა გარსი შრება, ჩნდება სიმშრალის, წვისა და დისკომფორტის შეგრძნება, რაც მშრალი თვალის სინდრომის პირველი ნიშნებია. ამავე დროს, ხანგრძლივი, დაძაბული მუშაობა ძაბავს თვალშიგა კუნთს რაც აკომოდაციის სპაზმს განაპირობებს. ეს უკანასკნელი იწვევს ცრუ მიოპიას, რომელიც, თავის მხრივ, ჭეშმარიტი მიოპიის განვითარების წინაპირობად იქცევა.
– როგორ მოიქცნენ მშობლები, თუ შეამჩნიეს, რომ ბავშვს ხედვა უჭირს?
– აუცილებლად უნდა მიმართონ ბავშვთა ოფთალმოლოგს და შვილს კომპლექსური დიაგნოსტიკა ჩაუტარონ. მიოპია არ არის თვალის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. მისი პროგრესირების შემთხვევაში შესაძლოა თვალის ფსკერზე სერიოზული ცვლილებები განვითარდეს და შეიძლება მხედველობის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს. აუცილებელია მიოპიის მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანმა წელიწადში ორჯერ ჩაიტაროს ოფთალმოლოგის კონსულტაცია. თვალის ფსკერზე ცვლილებების გამოვლენა დროულ კორექციას საჭიროებს.
– როგორია მიოპიის მკურნალობის პრინციპები?
– მიოპიის სამკურნალოდ არსებობს როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდები. კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს მიოპიის კორექციას სათვალით ან კონტაქტური ლინზებით, ფუნქციონალურ მკურნალობას თვალშიგა კუნთის ფუნქციის აღსადგენად, მედიკამენტურ მკურნალობას,  ზოგადგამაჯანსაღებელ მკურნალობას და ახლო მანძილზე მუშაობისას სწორი რეჟიმის დაცვას.
აუცილებელი პირობა ჩვენების მიხედვით წელიწადში მკურნალობის 3-4 კურსის ჩატარება, რომელიც მიოპიის პროგრესირების შესაფერხებლად იქნება მიმართული.
“ავერსის” კლინიკაში მოქმედებს უახლესი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ოფთალმოლოგიური კაბინეტი, სადაც შესაძლებელია მიოპიის და მასთან ერთად ამბლიოპიის, სიელმეების ფუნქციონალური მკურნალობა.
ქირურგიული მეთოდები ითვალისწინებენ როგორც დაავადების პროფილაქტიკას, მიოპიის პროგრესირების შეფერხებას, ასევე მის კორექციას.
– როგორ ხდება მიოპიის პროფილაქტიკა, თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია? 
– უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მხედველობითი რეჟიმის დაცვა: ბავშვმა უნდა იმეცადინოს კარგად განათებულ ოთახში; აუცილებელია მაგიდასთან ზურგგამართული ჯდომა; წიგნი და რვეული თვალს 30-33 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. სკოლამდელი ასაკის ბავშვი მშობლებმა საერთოდ უნდა მოარიდონ  კომპიუტერს. ყოველი 20-30 წუთის აქტიურ მუშაობას (კითხვას, კომპიუტერთან თამაშს და სხვა) უნდა მოჰყვებოდეს ხუთწუთიანი დასვენება.  ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება, ზოგადგამაჯანსაღებელი პროცედურები, თუნდაც სპორტი. 

 
გააზიარე: