კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა

გააზიარე:

 მითი თუ სინამდვილე?

განვითარებად ქვეყნებში ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 11% საშვილოსნოს ყელის კიბოზე მოდის. საშვილოსნოს ყელის კიბო სერიოზული პრობლემაა ევროპისთვის, სადაც ეს სნეულება ყოველწლიურად 50 000 ქალს უვითარდება, ხოლო 25 000 დაავადებულისთვის იგი სიკვდილის მიზეზად იქცევა, – აღნიშნავს თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ონკოგინეკოლოგი დინა ქურდიანი.

ჩვენს ქვეყანაში ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოთა დაავადებებს შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა (პირველი ძუძუს კიბოს უკავია). სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველ 100 000 კაცზე საშვილოსნოს ყელის კიბოს 14 შემთხვევა აღირიცხება. უნდა ითქვას, რომ საქართველო ამ მხრივ ევროპის სახელმწიფოთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც ავადობის მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია. თუმცა მაჩვენებლები თვითონ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც განსხვავებულია. მაგალითად, 15-20 წლის წინ ჩატარებული კვლევის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ერთი მესამედით მაღალი იყო, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში.
საშვილოსნოს ყელის კიბო უმთავრესად 30 წლის შემდეგ ვითარდება. განვითარების ალბათობა პიკს 45-55 წლის ასაკში აღწევს. სამწუხაროდ, ეს მონაცემები არ გამორიცხავს დაავადების ადრეულ ასაკში განვითარების შესაძლებლობას. აღრიცხულია კიბოთი ავადობის შემთხვევები 20 წლამდე ასაკის ქალებში, განსაკუთრებით – იმ ქვეყნებში, სადაც ქორწინების ასაკი დაბალია.

უნდა ვიცოდეთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო შეუცვლელი ეპითელიუმიდან თითქმის არასდროს ვითარდება. ის უმეტესად ხანგრძლივი, ზოგჯერ 10-15 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესების ფონზე აღმოცენდება.

საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობები მრავალფეროვანია. განასხვავებენ:

1. ფონურ პროცესებს, რომლებიც, არსებითად, კეთილთვისებიანი დაავადებებია. მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ კიბოს წარმოქმნასა და განვითარებას, თუმცა ადვილად ემორჩილებიან ეტიოპათოგენეზურ მკურნალობას. ამ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის ფსევდოეროზია, რომელსაც ხალხში წყლულს უწოდებენ, ექტროპიონი, რომელიც მშობიარობის  შემდგომ ვითარდება, პოლიპი და სხვა.

2. კიბოსწინარე დაავადებებს, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება I , II და III ხარისხის ანუ მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე დისპლაზიები. ამ დაავადების მძიმე ფორმა სწრაფად განიცდის მალიგინიზაციას (კიბოდ გადაგვარებას). დისპლაზიას განსაკუთრებული კლინიკური ნიშანი არა აქვს, მისი მძიმე ფორმაც კი შესაძლოა კლინიკურად სრულებით არ გამოვლინდეს. დისპლაზიის დროულად აღმოსაჩენად ყველაზე ეფექტური საშუალებაა პაპ (PAP) ტესტი. დისპლაზია უმეტესად ადამიანის პაპილომავირუსულ დაზიანებასთან (HPV) არის შერწყმული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყველა ქალმა, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, ეს ტესტი წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს. პაპ ტესტი მაღალეფექტურია და ასიდან 98 შემთხვევაში ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისა და პრევენციისთვის ამაზე უკეთესი მეთოდი არ არსებობს. საშვილოსნოს ყელის ცვლილებათა ადრეული გამოვლენა და მკურნალობა კიბოს განვითარებას შემთხვევათა 75%-ში თავიდან გვაცილებს.

საშვილოსნოს ყელის ტრანსფორმაციის ზონიდან, ე.წ თ ზონიდან, შპადელით ან ფუნჯით გინეკოლოგი იღებს ნაცხს, რომელსაც აფიქსირებენ, სპეციფიკურად ღებავენ პაპ-ნიკოლაუს წესით და იკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ, სადაც გამოვლინდება ნებისმიერი ფონური და კიბოსწინარე დაავადება, ყველა ის ინფექცია, რომელიც ამ დაავადებებს იწვევს. რაც მთავარია, პაპ ტესტის საშუალებით ვლინდება ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს, რაც შეეხება ადამიანის პაპილომავირუსს, HPV, ჰერპესვირუსების მეორე ჯგუფს ეკუთვნის. არსებობს მისი ასამდე ნაირსახეობა. ამათგან 40 ტიპი აზიანებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის გენიტალურ ორგანოებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ორი ტიპი – მე-16 და მე-18 შტამები (ონკოვირუსები), რომელთაც საშვილოსნოს ყელის კიბოს ასიდან 95 შემთხვევაში მიუძღვით ბრალი.

ადამიანის პაპილომავირუსის გამოვლენისას ტარდება დამიზნებითი ბიოფსია – სპეციალური იარაღით მასალის აღება მონიშნული უბნიდან და პაპილომავირუსის ფენოტიპირება იმუნოჰისტოქიმიური ანალიზით. ასევე შეიძლება აღნიშნული ვირუსის დადგენა სისხლის ანალიზით, დნმ დიაგნოსტიკით (რაოდენობრივი PCR). თუ ავადმყოფს HPV-ს მაღალი რისკის მქონე შტამები აღენიშნება, ის განსაკუთრებულ აღრიცხვაზე აგვყავს და დისპლაზიის ხარისხის კვალობაზე, შესაბამისი სქემებით ვმკურნალობთ.

მიჩნეულია, რომ მისი გადაცემის ერთადერთი გზა სქესობრივი კონტაქტია. რაც შეეხება ავადმყოფის სუბიექტურ შეგრძნებებს, შესაძლოა, საშოს კედლებზე გაჩნდეს მახვილისებრი კონდილომები, რომლებიც ქალს დაბანისას ხელზე ხვდება და ასე იპყრობს მის ყურადღებას. სხვა კლინიკური ნიშნები ნაკლებად არის გამოხატული.

დაიხსომეთ: არსებობს სიმპტომები, რომელთა არსებობის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ესენია:

  • სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • სისხლიანი გამონადენი დეფეკაციის ან ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • წყლისებრი გამონადენი.

გარდა ამისა, ცნობილია საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოცენების მაღალი რისკის ფაქტორები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ქალი განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ეს ფაქტორებია ასაკი (50-59 წელი), ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება (მენარქე – პირველი მენსტრუაცია – 11 წლამდე ან 16 წლის შემდეგ), მენოპაუზა 40 წლამდე ან 50 წლის ზემოთ, ადრეული სქესობრივი აქტივობა (18 წლამდე), მრავალი სექსუალური პარტნიორი, პირველი მშობიარობა 18 წლამდე ან 28 წლის შემდეგ, 5 ან მეტი აბორტი და მშობიარობა. უკვე ვისაუბრეთ საშვილოსნოს ყელის ქრონიკულ ანთებასა და პაპილომავირუსზე (ზოგადად, სხვა ჰერპესების როლსაც ითვალისწინებენ). ხელშემწყობი ფაქტორებია ასევე საშვილოსნოს ყელის ჩახევა და დეფორმაცია, სმეგმა, რომელიც კარცინოგენულ აგენტებს შეიცავს. მნიშვნელობა აქვს ჰიპოვიტამინოზს, ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას.

სამწუხაროდ, სკრინინგ-პროგრამები კიბოს პრევენციის 100%-იანი გარანტი არ გახლავთ, თუმცა ევროპის ქვეყნების გამოცდილებისა და ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკის მიხედვით, სკრინინგ-პროგრამების ამოქმედებამ საშვილოსნოს ყელის კიბო შესამჩნევად გააიშვიათა. პროგრამაში მოსახლეობის 80%-ის ჩართვა საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს დაახლოებით 95%-ით შეამცირებს.
კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემოღება, რომელიც ადამიანის პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 შტამების ეფექტურ პრევენციას განაპირობებს (პაპილომავირუსის ორი სხვა ტიპის შტამთან ერთად). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან ჩვენს მოქალაქეებსაც ექნებათ ხსენებული ვაქცინის გაკეთების საშუალება.

გაითვალისწინეთ: პროტექცია ყველაზე ეფექტიანია იმ ქალებში, რომლებსაც სქესობრივი ცხოვრება ჯერ არ დაუწყიათ. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ HPV-ით ინფიცირება ხშირია, ამიტომ ვაქცინაცია ნაკლებად ეფექტურია.

რუტინულად ვაქცინაცია რეკომენდებულია 11-12 წლის გოგონებისთვის, მაგრამ თუ ამ ასაკში აცრა არ მოხერხდა და ქალი ჯერ კიდევ არ ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, ვაქცინის შეყვანა შეიძლება 13-26 წლის ასაკშიც. ვაქცინა 6 თვის განმავლობაში 3 ინექციად კეთება.
კვლევებზე დაყრდნობით ეს ვაქცინა საკმაოდ უსაფრთხოა. აცრილთა მეტად მცირე ნაწილს აღენიშნება ნებისმიერი ვაქცინაციისთვის დამახასიათებელი ტიპური რეაქციები: სიწითლე, ნანემსარი ადგილის შეშუპება, სუბფებრილური ტემპერატურა და ზოგიერთ შემთხვევაში – ღებინების შეგრძნება. ამ აცრასთან ერთად შესაძლებელია სხვების ჩატარებაც. 

გააზიარე: