ექიმი ცისა და მიწის გასაყარზე

გააზიარე:

თებერვლის შუა რიცხვები იდგა. არნახული დიდთოვლობა იყო თუშეთში. ომალოში ამბავი ჩაიტანეს, ბოჭორმის ბოსლებში უმახან ოთიურიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება, მძიმედ არისო. ბოსლებამდე ცხენით  ასვლა წარმოუდგენელი იყო და კარლო ცაძიკიძემ ტრაქტორი ითხოვა. ერთი მანქანა სტიქიას ვერ გაუმკლავდა. მეორეს უხმეს. ასე, ერთიმეორეზე გადაბმული ტრაქტორებით მიაღწია ავადმყოფამდე და სიკვდილი დაამარცხა...

ასეთი ამბები მრავლად იყო ახმეტის რაიონის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გადაუდებელი ქირურგიის ექიმის კარლო ცაძიკიძის პროფესიულ ცხოვრებაში. ხელმადლიანი დასტაქარი მრავალი წლის განმავლობაში იდგა მშრომელი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე და სიკვდილთან ორთაბრძოლაში თითქმის ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.

კარლო ცაძიკიძე კოლმეურნის ოჯახში დაიბადა 1943 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის მე-11 სამხატვრო-სამშენებლო სასწავლებელში ჩაირიცხა, 1962 წელს კი – მოსკოვის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, საიდანაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, კარგი ტანმოვარჯიშეც იყო და ჯარიდან შეჯიბრებებზე დადიოდა. ერთ-ერთი შეჯიბრების დროს ფეხი მოიტეხა და თვენახევარი საავადმყოფოში მოუწია წოლა. როგორც ჩანს, სწორედ ეს შემთხვევა აღმოჩნდა გარდამტეხი, ამან უბიძგა ექიმობისკენ.

1965 წელს კარლო ცაძიკიძე ალტაის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. იმავე ღამეს დას წერილი მისწერა, ჩემ გარშემო ყველა გახარებული და ბედნიერია, მარტო მე ვფიქრობ, ამ უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში როგორ უნდა ვისწავლო და ვიცხოვროო. მეორე დილით რომ გაიღვიძა, ცალი წარბი გასთეთრებოდა....

სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ალტაის მხარეში, ტოპჩინის რაიონში დანიშნეს ქირურგიული განყოფილების გამგედ, 1967 წელს კი ახმეტის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში გადავიდა.

დუხჭირი ახალგაზრდობა ჰქონდა. ობლობასა და სიღარიბეში გაზრდილმა, სწავლას ყველაზე ძვირფასი წლები შესწირა და აისრულა კიდეც ჩანაფიქრი. კოლეგები და პაციენტები მას ახასიათებდნენ როგორც ყურადღებიან და მცოდნე ექიმს, რომელსაც უამრავი სიცოცხლე გადაურჩენია.

ერთი მადლიერი პაციენტი წერდა: “მუდამ გულით დავატარებდი იმედს, რომელსაც კარლო ცაძიკიძის სახელი ერქვა; როცა საავადმყოფოში მეგულებოდა, იმედიანად ვიყავი; რა ავადმყოფობასაც არ უნდა შევეწუხებინე, მისი თბილი, უაღრესად კეთილი და მოსიყვარულე გულის, მისი მადლიანი ხელებისა და პროფესიული ოსტატობის იმედი მქონდა. მარტო ჩემს საწოლთან კი არა, ვინ მოთვლის, რამდენი პაციენტის სასთუმალთან უთევია ღამე თეთრად... მისი მადლიანი ღიმილი დასტაქრის დანასა და ყველა წამალზე უკეთ კურნავდა. ყველას ეიმედებოდა, ახლობლად და ღვიძლ ნათესავად ეგულებოდა. ყველასთან ერთნაირად თბილი, ყურადღებიანი და გულისხმიერი იყო. ყველას ტკივილი სტკიოდა. განკურნებული პაციენტი კი მისი უსაზღვრო სიხარული იყო. მძიმე ოპერაციის შემდეგ ფეხზე წამომდგარს და სიცოცხლედაბრუნებულს თვალს რომ შეავლებდა, მარტო ისე კი არ უხაროდა როგორც ექიმს – უხაროდა როგორც ადამიანს, რომელსაც ადამიანები უყვარს.

მთების შვილი იყო და მათთან მიახლოვება ალაღებდა, აამაყებდა. სწორედ თუშეთის ცად აზიდული მთების სიყვარულმა და მამა-პაპათა ნაფუძარის ძახილმა აიყვანა ცისა და მიწის გასაყარზე მოძმეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გუშაგად. რამდენჯერ გაუკვალავს წელამდე თოვლი ავადმყოფთან მიმავალს, მიდიოდა და სამედიცინო ჩანთით წამლები მიჰქონდა, გულით კი – ნუგეში და იმედი, ერთი თუ არ უშველის, მეორე მაინც ექცევა წამლადო. ასეც ხდებოდა ხოლმე...

სიკდილსაც ჰქონია თავისებური სილამაზე... კარლო ცაძიკიძეს სიცოცხლეც ლამაზი ჰქონდა და სიკვდილიც. მთელი რაიონი დასტიროდა როგორც თავისიანს, გამორჩეულსა და სათაყვანებელს... ის ერთდროულად დააკლდა თუშეთსა და ალვნებს, ახმეტასა და მთელ საქართველოს”.

კარლო ცაძიკიძეს ჰყავდა მეუღლე, ქალბატონი ეთერი, და შვილები – ანა, ზურიკო და სანდრო. იყო კარგი მეოჯახე, მზრუნველი მამა და მეუღლე, კარგი შვილების აღმზრდელი და ერთგული მეგობარი.

ოცი წელი იღვაწა კარლო ცაძიკიძემ ახმეტის საავადმყოფოში. ქირურგიულ განყოფილებაში მისული ავადმყოფები ერთმანეთს ასწრებდნენ კარლო ექიმის მოკითხვას, ცილობა იყო მის პალატაში მოხვედრაზე. კარლო ცაძიკიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის თუშეთის აღორძინებაშიც. მადლიერმა თუშებმა ის თუშეთის საპატიო მოქალაქედაც აირჩიეს.

მშობლიური მთების ხიბლი ისე ჰქონდა შენივთებული და შესისხლხორცებული, რომ ყოველგვარი წამალი უძლური აღმოჩნდა თუშეთის მონატრებით გამოწვეული ტკივილის დასაამებლად. მამა-პაპათა სამოსახლო ანდამატივით იზიდავდა თავისკენ ახალგაზრდა ექიმს. სწორედ ამ ძალამ გაუყენა თუშეთის გზას და მთაში გადააწყვეტინა პროფესიული ვალის აღსრულება.

რაიონისა და რაისაავადმყოფოს მთავარ ექიმს ირაკლი იმერლიშვილს გაუმხილა მთაში ექიმად წასვლის წადილი და თანხმობაც მიიღო. 1987 წლის ივლისში თავისი ნებით გაემგზავრა ომალოში და სათავეში ჩაუდგა ხალხის ჯანმრთელობის დაცვის საქმეს. მისი ინიციატივით გაიხსნა თუშეთის საუბნო საავადმყოფო, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ედგა სათავეში.

ამბობდა, მთაში გარემოც კი მკურნალიაო. დანიშნულება მარტივია: დილით – ცვარ-ნამში გავლა, შუადღისას – მზის აბაზანები, საღამოს კი მთვარის სარკეში საჭვრეტად და ვარსკვლავებთან საფიხვნოდ გრილ ნიავთან ერთად მთის მწვერვალებზე ამაღლებაო.

თუმცა, ცხადია, ზოგჯერ ქირურგიული მეთოდების გამოყენებაც სჭირდებოდა. ამ შემთხვევაში განკურნების ვადა ძალზე ხანმოკლე იყო, რეაბილიტაცია კი უმტკივნეულო, რადგან იქ, ცისა და მიწის გასაყარზე, მიწაც მალამოდ ედებოდა ავადმყოფს, ჰაერიც, წყალიც, ბალახიც, დილის ნიავიც და, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, მთვარიანი ღამეც, ხეცა და ქვაც...

თუშური ტრადიციის მიხედვით, დედის ძმა გოგოსთვის მამაზე მეტია. ქალბატონ მარინასაც მამად მიაჩნდა და მამასავით უყვარდა კარლო ცაძიკიძე. უამრავი რამ აგონდება სასახელო ბიძის ცხოვრებიდან...

“1988 წელი იდგა, ბიძაჩემი ახმეტის საავადმყოფოში მუშაობდა ქირურგად. ომალოდან დარეკეს, პაციენტს კუჭი გაუსკდა და სასწრაფო ოპერაცია სჭირდებაო. ბიძაჩემმა ინსტრუმენტებიან ჩანთას ხელი დაავლო და სანიტარული რეისით სასწრაფოდ გადაფრინდა პაციენტის დასახმარებლად. ადგილზე ჩასულმა, ჩანთა რომ გახსნა, აღმოაჩინა რომ ინსტრუმენტები შიგ არ ეწყო... უბრალო დანით, ნემსითა და ძაფით, უნარკოზოდ ჩაატარა ოპერაცია და პაციენტი სიკვდილს გადაარჩინა”.

თავად ქალბატონ მარინას სახეზე ოდნავ შესამჩნევი ნაიარევი ატყვია. პატარა იყო, როდესაც შუშის ნატეხი მოხვდა შემთხვევით და მძიმედ დააშავა. საყვარელი ბიძა აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე და სილამაზე დაუბრუნა. თავად ბატონი კარლო თურმე სწორედ ამ ოპერაციას მიიჩნევდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოპერაციად თავის პრაქტიკაში. ტექნიკურ სირთულეს საყვარელი დისწულის გამო განცდა და მღელვარებაც ერთვოდა. ქალბატონი მარინა ჰყვება, რომ პირველად დაინახა, როგორ უკანკალებდა ხელები ბიძას.

“18 წლისა ცხენმა გადმომაგდო და ფეხი დავიშავე. გამისივდა, გაწითლდა, რუმბივით გამიხდა, ლეიკოციტებმა მოიმატა და ზოგადი მდგომარეობაც ძალიან მძიმე იყო. ბიძაჩემმა ერთ-ერთ კლინიკაში მიმიყვანა, სადაც ფეხის მოჭრას მიპირებდნენ. მან არ დაანება. ქირურგს კარგა ხანს უხსნიდა, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ჭრილობის დამუშავება და ფეხის გადარჩენა. როგორც იქნა დაიყოლია და დღეს ორივე ფეხი მაქვს”.

“სახეზე ოპერაციის შემდეგ სულ გულს მიკეთებდა – იცი, როგორ გიხდებაო? თავადაც ბავშვივით იყო, თან ძალიან ვაჟკაცური, თან ძალიან კეთილი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული და ცნობილი ქირურგი გახლდათ, მშობლიური კუთხის მიტოვებაზე არასოდეს უფიქრია.  ყველაფერი იყო თუშებისთვის.

მისი ჩასვლის შემდეგ მთა გამოცოცხლდა, ხალხს იმედი მიეცა. იცოდნენ, რაც უნდა გასჭირვებოდათ, კარლო ექიმი მათ გვერდით გაჩნდებოდა. ღარიბებისა და ობლების ექიმს ეძახდნენ, ორმოცი თუ 45 ორმოცდახუთი ნათლული ჰყავდა. დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით იგონებს დიდი თუ პატარა... თავისი არცთუ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში იმოდენა სიყვარული დაიმსახურა, მე, მისი შთამომავალი, ამ სიყვარულს დღემდე ვგრძნობ”.

 

...წინ შორი და მკაცრი გზა ედო, რადაც უნდა დაჯდომოდა, უნდა წასულიყო. პროფესიისა და სინდისის ღალატი სიკვდილის ტოლფასი იყო მისთვის. ცხენიც კარგი შეარჩია. თამამად მიაპობდა თოვლის სქელ საბურველს. ხურჯინში აუცილებელი მედიკამენტები ეწყო. მთის გადაღმა, მერცხლის ბუდესავით შეკოწიწებულ პატარა სოფელში, ორიოდე კომლი ზამთრობდა და ექიმის მადლიან ხელს იმედით ელოდა.

ციოდა. ყინვა სახესა და ხელებს უსუსხავდა. დროდადრო შეშფოთებულ მზერას შეავლებდა მთის ფერდობებს – ზვავი არ მოწყდესო. თითქოს ცხენიც გრძნობდა პატრონის ფიქრს – ერთს არ ჩაიხვიხვინებდა, მშვიდად და თამამად მიკვალავდა თოვლს.

ვინ იცის, რამდენი განსაცდელში მყოფისთვის შეუშველებია ხელი, რამდენი უხსნია სიკვდილისგან, რამდენი ლოცვა და სიყვარული დაუმსახურებია...

კარლო ცაძიკიძე დაიღუპაო, მეხივით გავარდა სოფელში. მარტო სოფელში კი არა, მთელ რაიონში. ცხარე ცრემლით დასტიროდნენ ნაცნობ-მეგობრები ამ სიკეთით სავსე კაცს. დაუჯერებელი იყო დანაკლისი, რომელიც რაიონმა განიცადა.

დღესაც დგას ომალოში კოპწია სახლი, სადაც წლების განმავლობაში თავისი გამრჯე ხელებითა და გულიდან გადმოსული მადლით კურნავდა თუშეთელებს კარლო ექიმი.

თამარ არქანია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: