როგორ გავუმკლავდეთ პატარას პროტესტს?
გააზიარე:
“ოთხი წლისაა და არაფერს მიჯერებს. ხან ვთხოვ, ხან მკაცრად მოვითხოვ, ზოგჯერ ვუყვირი კიდეც, მაგრამ თუ რამის გაკეთება არ უნდა, ვერაფრით აიძულებ. გუშინ აიჩემა, გაჩერებიდან სახლამდე მარტო უნდა მივიდეო. არაფრით მიმიკარა, ისტერიკა მოაწყო, ხმამაღლა კიოდა. ხელი გავუშვი და ჩუმად გავყევი უკან... ხვალაც რომ იგივე გააკეთოს, რა ვქნა?”
“ჩემი შვილი არაფერს ჭამს. როგორ არ ვეხვეწები, რას არ ვუკეთებ, კერძებს ათასნაირად ვურთავ, ვცდილობ, თამაშ-თამაშით ვაჭამო, მაგრამ მაინც არაფერს აკარებს პირს. რამდენჯერ აუკრავს ხელი წვნიანისთვის... ცალკე გაკეთებული მენანება, ცალკე რამდენი საქმე მემატება კიდევ...”
ეს ამონარიდები სოციალური ქსელის ერთ-ერთი ჯგუფიდანაა. ჯგუფში მშობლები ბავშვების სიჯიუტესა და ჭირვეულობაზე მსჯელობენ. უმეტესობა დაუფარავად გამოხატავს გულისტკივილს შვილის გაუგონრობის გამო. ასეთი შემთხვევა მრავლადაა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მოკლე და პრაქტიკული სახელმძღვანელო წესები შემოგთავაზოთ.
როგორ აღვკვეთოთ არასასურველი ქცევა? რატომ არის, რომ ზოგი ბავშვი შეისმენს უფროსის ნათქვამს, ზოგი კი ჩირადაც არ აგდებს? როგორ მოვიქცეთ, რომ პატარა პროტესტანტის ანკესზე არ წამოვეგოთ? როდის დავთმოთ პოზიცია და როდის დავიცვათ?
თავდაპირველად გავარკვიოთ, რისი ბრალია მუდმივი პროტესტი, სიჯიუტე, გაუგონრობა.
ბავშვი, რომელიც ძირითად მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს, რომელსაც ხშირი და სასიამოვნო ურთიერთობა აქვს მშობლებსა და თანატოლებთან, ჯანსაღ გარემოში იზრდება და ყურადღების დეფიციტს არ განიცდის, ბედნიერი და კმაყოფილია და ეს მის ქცევაზეც აისახება.
თუ ბავშვი ჯიუტობს, არ უგონებს უფროსებს, არ ესმის თხოვნა, აკრძალვა, მითითება, მიზეზი შესაძლოა იყოს:
* კონფლიქტური ატმოსფერო ოჯახში – ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის გარკვევის ხშირი და ხმამაღალი მცდელობა, ყვირილი, უპატივცემულობა;
* ტყუილი – ბავშვები იმაზე საზრიანები არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუ ისინი ბევრჯერ მოვატყუეთ, დანაპირები არ შევუსრულეთ ან მიცემული პირობა დავარღვიეთ, მომავალში მათი ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებაც გაგვიჭირდება;
* სითბოს, ყურადღების, ურთიერთობის დეფიციტი - როცა ბავშვი ცოტა ხანს ატარებს მშობლებთან, ის ურთიერთობის, ყურადღების უკმარისობას გრძნობს. სიჯიუტე, გაუგონრობა, პროტესტი თავისებური რეაქციაა, რომლითაც ბავშვი ან უკმაყოფილებას გამოხატავს, ან ყურადღების მიპყრობას ცდილობს.
* აღზრდისას დაშვებული შეცდომები – თუ განსაზღვრულ ასაკამდე ბავშვისთვის ყველაფერი ნებადართული იყო, შემდგომ ყოველგვარ აკრძალვას ის პროტესტით უპასუხებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ
განსაზღვრულ ასაკში სიჯიუტე ბავშვის განვითარების აუცილებელი ფაზაა. სპეციალისტები კრიზისულ ფაზებად ერთი, სამი და შვიდი წლის ასაკს მიიჩნევენ. ამ დროს ბავშვი დამოუკიდებლობისკენ მიილტვის, იკვლევს საკუთარ შესაძლებლობებს, ნებადართულისა და აკრძალულის ზღვარს. თუ პროცესს სწორად წარვმართავთ, მისი პროტესტი პრობლემას არ შეგვიქმნის.
როგორ გავუმკლავდეთ
ეცადეთ, გაუგოთ პატარებს. მათ ათასი აკრძალვის სამყაროში უწევთ არსებობა. ეკრძალებათ უამრავი, მათი აზრით, საინტერესო და სახალისო რამ, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე აცოცება, ანთებულ ქურაზე “სადილის მომზადება”, კედელზე არსებულ ორ პატარა ნასვრეტში რამის შერჭობა, ბასრი ნივთებით თამაში, კარადების გამოლაგება... ნუ დაამატებთ აკრძალვათა ნუსხას იმას, რაც უსაფრთხო, მაგრამ საინტერესოა. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, სადაც დათმობა შესაძლებელია, დათმეთ. სადაც ზღვრის დადება აუცილებელია, ეცადეთ, ბავშვს ზრდასრული ადამიანივით მოელაპარაკოთ. აკრძალვას ან შეზღუდვას აუცილებლად მოაყოლეთ ახსნა-განმარტება მისთვის გასაგებ ენაზე. გაუზიარეთ თქვენი ემოციებიც. თუ პატარა მისთვის საზიანო რამეს ითხოვს, უთხარით: “მიყვარხარ და როცა რამეს იშავებ, ვღელავ”. მშობლების განწყობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, უნდა იცოდნენ, რომ უფროსები ზრუნავენ მათზე.
რასაკვირველია, არსებობს პრინციპული მომენტებიც. ყველაფერი, რაც ბავშვის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ჰიგიენას ეხება, განხილვას არ ექვემდებარება.
ნუ შეუშინდებით ისტერიკის შეტევებს, თუნდაც ხალხმრავალ ადგილებში. ასეთ დროს მშობლები წუხან, მძაფრად განიცდიან გარშემო მყოფთა უარყოფით რეაქციას. შეეცადეთ, ბავშვს ყურადღება რამეზე გადაატანინოთ. თუ არ გამოვიდა, ხელში აიყვანეთ და ნჯღრევის, ყვირილის, ცემა-ტყეპის გარეშე გაარიდეთ სიტუაციას.
ბავშვები ხშირად ტირილით აღწევენ მიზანს. უფროსების არათანმიმდევრული ქცევა მათ მანიპულირების საშუალებას აძლევს. თუ ბავშვისთვის რამე არ შეიძლება, ისტერიკის გამო პოზიციას ნუ დათმობთ. პრინციპულობა ამ შემთხვევაში აუცილებელია.
არაფრით არ შეიძლება შეურაცხყოფა, ცემა, კუთხეში დაყენება, დაშინება. დაფიქრდით, ვის ებრძვით – მცირეწლოვანს, რომელსაც თავის დაცვა არ შეუძლია? სასჯელი ზოგჯერ გარდაუვალია, მაგრამ ის დამამცირებელი არ უნდა იყოს. დასჯერდით ბავშვისთვის სასიამოვნო საქმიანობის აკრძალვას, ოღოდნ აქაც ნებისყოფა გამოიჩინეთ. თუ ეტყვით, რომ კომპიუტერზე თამაშს, ეზოში ჩასვლას ან ტკბილეულს დღის ბოლომდე უკრძალავთ, ნუღარ გადათქვამთ.
ნუ აიძულებთ ბავშვს, დადოს პირობა, რომელსაც ვერ შეასრულებს და ნურც თავად დაჰპირდებით ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებთ. ტყუილი დაპირება სიტყვას ფასს უკარგავს და მომავალში ბავშვთან შენთანხმება გაგიჭირდებათ.
თუ ბავშვი რამეს ხმამაღლა, ისტერიულად აპროტესტებს ხალხმრავალ ადგილას, ნუ ჩარევთ “მოლაპარაკების” პროცესში “კეთილისმსურველებს”. მათი წინადადებები: “ამ ჯიუტ ბაიას გუდიანს მივუყვან”, “მოდი, პატრულს გამოვუძახოთ” და სხვა, – უფრო მეტად გაამწვავებს ვითარებას. თავაზიანი უარით გაისტუმრეთ უცნობები და ეცადეთ, თავად გაართვათ თავი პრობლემას – ან გაარიდოთ პატარა იქაურობას, ან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ.
თუ ბავშვი ისტერიკას არ წყვეტს, დაამყარეთ მასთან ვიზუალური კონტაქტი (გაუსწორდით იმ სიმაღლეზე, რომ თვალებში გიყურებდეთ). ასეთ დროს ახსნა-განმარტებას და ხვეწნა-მუდარას აზრი არ აქვს. მიიქციეთ ბავშვის ყურადღება, მკაფიოდ, მოკლედ, გასაგებად აუხსენით აკრძალვა, აკრძალვის მიზეზი და ჩხუბისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე გაარიდეთ კონფლიქტის ადგილს.
იშვიათად შეიძლება ტაიმ-აუტის მეთოდის გამოყენებაც. ბავშვი, რომელიც, მიუხედავად მრავალგზის აკრძალვისა, მითითებისა ან თხოვნისა, თავისას არ იშლის, ცალკე ოთახში გაიყვანეთ, ოღონდ მანამდე გასაგებად აუხსენით თქვენი ქმედების მიზეზი და არსი: “შენ ახლა მეორე ოთახში გახვალ, დამშვიდდები და გამოხვალ”. მისი ტირილისა და ყვირილისა ნუ შეგეშინდებათ. დარწმუნდით, რომ ოთახში ბავშვისთვის სახიფათო არაფერია და დატოვეთ იქ იმდენი წუთით, რამდენი წლისაცაა.
თანმიმდევრული, სტაბილური მოქმედება აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
თუ ატყობთ, რომ ბავშვის ქცევა მისი ასაკისთვის შეუფერებელია (მაგალითად, ოთხი წლიდან ბავშვი ტკბილეულის ან რაიმე უმნიშვნელო ნივთის ხელში ჩასაგდებად ისტერიკაში არ უნდა ვარდებოდეს), მიმართეთ სპეციალისტს და პრობლემის აღმოფხვრის სტრატეგია მასთან ერთად დაგეგმეთ.
ნინო ლომიძე