რატომ ვკარგავთ თვალისჩინს

გააზიარე:

მხედველობა უძვირფასესი განძია, რომლის არამცთუ
 დაკარგვას, მცირედ დაქვეითებასაც კი მეტად მტკივნეულად განვიცდით. ეს გასაგებიც არის: თვალისჩინის დაკარგვისთანავე ადამიანი თითქოს სწყდება გარესამყაროს, ვეღარ ხედავს ახლობლებს, ვეღარ აკეთებს საყვარელ საქმეს, კარგავს საკუთარი თავის რწმენას, უმწეოვდება...
მაინც, რა იწვევს თვალისჩინის დაკარგვას? შესაძლებელია თუ არა მხედველობის აღდგენა? სათვალე ჯობია თუ კონტაქტური ლინზები? რატომ არის მხედველობის პრობლემა აქტუალური ბავშვთა ასაკში? 
      ამ საკითხებთან დაკავშირებით ოფთალმოლოგიის საუკეთესო სპეციალისტები გვესაუბრებიან.

ალექსანდრე ალექსიძე
კლინიკა “ოპტიმედის” ხელმძღვანელი, აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თვალის სნეულებათა პროფესორი.

     რომ მხედველობა ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა – გარესამყაროდან მიღებული ინფორმაციის 75-80% ხომ სწორედ მხედველობითია, ასე რომ, შეიძლება ითქვას, უწინარესად სწორედ მისი მეშვეობით აღვიქვამთ გარესამყაროს და განვიცდით ადაპტაციას.
     მხედველობა არ არის მარტივი ფიზიოლოგიური პროცესი. იგი ღრმად უკავშირდება ფსიქიკას. ამდენად, მხედველობასთან დაკავშირებული მცირედი დარღვევაც კი უაღრესად დიდ დისკომფორტს იწვევს. აქედან გამომდინარე, ოფთალმოლოგია – მედიცინის დარგი, რომელიც მხედველობის პრობლემებს შეისწავლის – დღესდღეობით ერთ-ერთი პოპულარული და ამავდროულად რენტაბელური დარგია მთელ მსოფლიოში. სათანადო კონსერვატიული თუ ქირურგიული მკურნალობის შედეგად ძალიან ხშირად ვიღებთ სასურველ შედეგს – მხედველობა აღდგება. შესაბამისად, იზრდება კმაყოფილი და მადლიერი ხალხის რიცხვიც.
      ეს რამდენიმე ათწლეულია, მხედველობის დარღვევა გახშირდა. მიზეზი უამრავია. მათ შორის აღსანიშნავია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, რადიაციული ფონის მატება, არაადეკვატური კვება, სტრესული სიტუაციების მოჭარბება და ა.შ.
     მხედველობის პრობლემა შეიძლება ნებისმიერ ასაკში ჩამოყალიბდეს. ასაკოვან პირებში მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი კარატაქტაა. ეს შეუქცევადი პროცესია, რომელსაც ბროლის შემღვრევა უდევს საფუძვლად. მიუხედავად ფარმაკოლოგიური საშუალებების სიმრავლისა, პათოლოგიური პროცესის შეჩერება პრაქტიკულად ვერ ხერხდება. პრობლემას მხოლოდ ქირურგიული გზით აგვარებენ. საზოგადოდ, კატარაქტის ოპერაციები სიხშირით პირველ ადგილზეა და ამ თვალსაზრისით პროსტატის ადენომის გამო განხორციელებულ ქირურგიულ ჩარევებსა და გინეკოლოგიურ ოპერაციებსაც კი უსწრებს.
     კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა ოფთალმოლოგიის მარგალიტად შეიძლება ჩაითვალოს. ის მეტად ეფექტურია. უკვე დანერგილია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. მაგალითად, ულტრაბგერის საშუალებით შესაძლებელია ბროლის ემულსიფიცირება (სითხედ ქცევა), მისი ასპირაცია (ამოტუმბვა) და მინიმალურ განაკვეთში ბროლის იმპლანტაცია (ჩანერგვა). ამ მეთოდს ფაკოემულსიფიკაცია ეწოდება (ფაკოს – ლათ. ბროლი). 
ფაკოემულსიფიკაციას მის წინამორბედ მეთოდებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. მათ შორის – განაკვეთის მცირე ზომა, ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი, მაღალი ოპტიკური შედეგი და ა.შ.
     სიბრმავის მიზეზებს შორის გლაუკომას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.კატარაქტაც იწვევს სიბრმავეს, მაგრამ არა შეუქცევადს – ოპერაციის შემდეგ ადამიანს თვალისჩინი უბრუნდება, გლაუკომის დროს კი, განსაკუთრებით – მის ბოლო სტადიაში, მხედველობის აღდგენა მეტწილად შეუძლებელია.
გლაუკომის განკურნებისთვის მნიშვნელობა აქვს არა იმდენად ოპერაციული ჩარევის ხარისხს, არამედ იმას, დროულად მოხდა თუ არა პათოლოგიის გამოვლენა და მკურნალობის დაწყება. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით გლაუკომის დიაგნოზის დასმა რთული არ გახლავთ.
     გარდა ადრეული გამოვლენისა, გლაუკომის მკურნალობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ეფექტური სამკურნალო საშუალებების გამოყენებაც. მათი რიცხვი მეტად შთამბეჭდავია. უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ადგილობრივი ზემოქმედების საშუალებანი, მაგალითად, თიმოლოლი, ქსალატანი, ტრუსოპტი და ა.შ.
     მხედველობის დაქვეითებას უნდა ველოდეთ  დიაბეტის შემთხვევაშიც.  ამ დროს ვითარდება რეტინოპათია ანუ თვალის ბადურის პათოლოგიური ცვლილება: სისხლძარღვების დაზიანება, სისხლჩაქცევა, ბადურის ჩამოცლა. ვინაიდან ადამიანი ფაქტობრივად სწორედ ბადურის წყალობით ხედავს, ბუნებრივია, მისი დაზიანებისას მხედველობა მკვეთრად ქვეითდება.
     დიაბეტურ თვალს უმეტესად ლაზერით მკურნალობენ. ვიყენებთ ტრადიციულ მეთოდებსაც: მინისებრ სხეულში განვითარებულ პროლიფერაციული პროცესების აღმოსაფხვრელად კეთდება ვიტრექტომია, ხდება ბადურის წინ წარმოქმნილი მემბრანების მოცილება.
 

გააზიარე: