ცოფისგან მხოლოდ აცრა დაგვიცავს

გააზიარე:

 

ცოფი მომაკვდინებელი დაავადებაა. მისი წამალი არ არსებობს. თუ ის ადამიანს ან ცხოველს შეეყარა, ვეღარაფერი უშველის. იხოცებოდნენ კიდეც საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე ლუი პასტერმა ცოფის ვაქცინა არ შექმნა.

უკანასკნელ ათწლეულებში იმუნიზაციის მეთოდები დაიხვეწა. შეიქმნა ახალი ტიპის ვაქცინა და ორმოცდარვაინექციიანი კურსის ნაცვლად ახლა ხუთინექციიანიც საკმარისია.

საქართველოში ამ მიდგომის პიონერი მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ გოგიძე გახლავთ. ის 1996 წელს თბილისის ბავშვთა მეორე კლინიკის (ამჟამად – თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის) ბაზაზე შექმნილ ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრს ხელმძღვანელობს. სწორედ ამ ცენტრის დამსახურებაა, რომ 2016 წელს საქართველოში ცოფის არც ერთი შემთხვევა აღარ აღრიცხულა, მაშინ როდესაც 1996-ში მაჩვენებელი შემზარავად დიდი იყო: 22 გარდაცვლილი, 5 – მხოლოდ ხაშურის რაიონში... ბატონი თეიმურაზი ამბობს, რომ თუ მთელ აშშ-ში წლის განმავლობაში ცოფის 5 შემთხვევა აღირიცხა, ქვეყანაში მობილიზაცია იწყება და საგანგებო ღონისძიებები ტარდება.

 

– უკვე განვითარებული ცოფის წინაშე მედიცინა უძლურია. ამ დაავადებით ყოველწლიურად 60 000 კაცზე მეტი იღუპება, უმეტესად – აზიის ქვეყნებში: ირანში,  ბანგლადეშში, ჩინეთში, – თუმცა ეს ვერაგი დაავადება მეტ-ნაკლებად მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

ცოფი თბილსისხლიანი ცხოველების დაავადებაა. მას უმთავრესად მაწანწალა ძაღლები და კატები ავრცელებენ, გარეული ცხოველებიდან – მელა, მგელი, ტურა, ღამურები, მღრღნელები, თუმცა ცოფით ასევე შეიძლება დაავადდნენ ცხენი, კურდღელი, დათვი, ლომი, ღორი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.

ადამიანს ან სხვა ცხოველს ცოფის ვირუსი დაავადებულთან უშუალო კონტაქტის – დაკბენის, დადორბვლის ან დაკაწვრის შედეგად გადაეცემა. კანზე შეუმჩნეველი მიკროტრავმის არსებობაც საკმარისია, რომ ნერწყვის მოხვედრისას ცოფი განვითარდეს. უკანასკნელი წლების მონაცემებით, არც ადამიანისგან ადამიანზე ვირუსის გადაცემას გამორიცხავენ.

ცოფის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. მის განვითარებას სხვა ვერაფერი აჩერებს და არც განკურნების შანსი არსებობს.

 

პირველი ნაბიჯები

– როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ცხოველმა დაკბინა ან დაკაწრა?

– ნაკბენი თუ ნაკაწრი საპნიანი წყლით უნდა დამუშავდეს და არა იოდით ან სპირტით. ის ფაქიზად უნდა ჩამოვიბანოთ საპნიანი წყლით, რომელსაც ცოფის ვირუსის განეიტრეალება შეუძლია. ცოფის ვირუსი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია, ყინვაში, მაგალითად, 700 დღე ცოცხლობს, ჭრილობის ზედაპირზე კი –  სამი დღე, ამიტომ სასურველია, ის სასწრაფოდ მოვაშოროთ სხეულს. სწორედ ამაში გვეხმარება ჩამობანა. ვირუსი ნაკბენის გარშემო რომ არ მოითესოს, ქირურგი რაბიოლოგები ვცდილობთ, თუ შემთხვევა განსაკუთრებული არ არის, ამ სამი დღის განმავლობაში არ გავკეროთ ჭრილობა და კიდეების მარტივ შეერთებას დავჯერდეთ, სამი დღის შემდეგ კი სრულფასოვან აღდგენით ოპერაციას ვატარებთ.

ვირუსის სიცოცხლისუნარიანობის საბუთად ერთ სამწუხარო ამბავს გავიხსენებ. ზამთარში ბავშვს ცოფიანმა ძაღლმა უკბინა და პალტოზე ღილი ააგლიჯა. დაკბენილს ვაქცინაცია ჩაუტარეს და გადარჩა. სამაგიეროდ, გარდაიცვალა დედა, რომელსაც ძაღლი თვალითაც არ უნახავს – მხოლოდ ღილი დააკერა პალტოზე და ძაფი კბილებით გაწყვიტა.

ნაკბენის, ნაკაწრისა თუ ნადორბლის ჩამობანის შემდეგ დაზარალებულმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს  ქირურგ რაბიოლოგს. მოზრდილებს ვაქცინას მხარზე (დელტისებრ კუნთში) ვუკეთებთ, ხოლო ორ წლამდე ასაკის ბავშვებს (ასეთ ასაკობრივ ზღვარს გვთავაზობს ახალი გაიდლაინი, ნაცვლად ადრე დაწესებული ხუთი წლისა) – ბარძაყის კუნთის წინა გვერდითა ზედა ნაწილში. დუნდულა კუნთში ვაქცინის შეყვანა აკრძალულია.

ნაკბენის მკურნალობის დროს ცოფთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის პროფილაქტიკაც.

 

იმუნოგლობულინი

– ცოფის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება კომბინირებული ანუ პასიურ-აქტიური იმუნოთერაპია. აქტიურია ცოფის ვაქცინა, რომელიც ცოფის დასუსტებულ ვირუსს შეიცავს და 10-14 დღის შემდეგ ორგანიზმში ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშვებას განაპირობებს. პასიურია იმუნოგლობულინი. ის მზა ანტისხეულებისგან შედგება და უფრო ადრე იწყებს ვირუსთან ბრძოლას, ვიდრე აცრის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები. იმუნოგლობულინს უმთავრესად საშიში ლოკალიზაციის ღია ჭრილობების  დროს ვიყენებთ. საქართველოში ჩვენ დავნერგეთ იმუნოგლობულინის ჭრილობაში შესხურება, რაც მეტად ეფექტური გზაა. იმუნოგლობულინის დოზის ნახევარი კუნთებში შეგვყავს, ნახევარი კი –  ჭრილობის ირგვლივ. ეფექტურია მისი შეყვანა რაც შეიძლება ადრე – სავარაუდო ინფიცირებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. იმავდროულად ტარდება ვაქცინოპროფილაქტიკაც, ოღონდ ვაქცინის შეყვანის ადგილი მაქსიმალურად უნდა იყოს დაშორებული იმუნოგლობულინის ინექციის ადგილს.

 

ვაკვირდებით, მაგრამ ვიცრებით

_ შეიძლება თუ არა, ვაქცინაციის ჩატარება არ ვიჩქაროთ და ჯერ ცხოველს დავაკვირდეთ?

_ თანამედროვე მიდგომით – აღარ. წინათ, თუ ნაკბენი ცენტრალური ნერვულ სისტემისგან ასე თუ ისე შორს იყო, მაგალითად, ქვედა კიდურზე, დაკბენილს ათ დღეს აძლევდნენ, რომ ცხოველს დაჰკვირვებოდა. ამჟამად ეს მიდგომა უარყოფილია. საქმე ის გახლავთ, რომ ცოფის ფარული პერიოდის უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ვირუსი უკვე ნერწყვშია და ერთი შეხედვით ჯანმრთელი ცხოველი შესაძლოა დაავადებული აღმოჩნდეს.

მოქმედი ინსტრუქციის თანხმად ვაქცინაცია აუცილებალდ უნდა ჩატარდეს მიმართვის დღეს და შემდეგ მესამე, მეშვიდე, მეთოთხმეტე და ოცდამერვე დღეს.  ანუ სანამ 10 დღე გავა და ცხოველს შეეტყობა, ჯანმრთელია თუ არა, სამ აცრას ვასწრებთ. თუ ცხოველი ჯანმრთელია, დანარჩენი აცრები აღარ ტარდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, თუ ქვეყანაში ხუთი წლის განმავლობაში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ აღირიცხა, შეიძლება იმუნიზაციის სქემის შემსუბუქება და დაკვირვების ტაქტიკის დაშვება. შარშან პირველი წელი იყო, როდესაც საქართველოში ცოფის ერთი შემთხვევაც არ აღრიცხულა. იმედია, ამ ვითარებას შევინარჩუნებთ.

კიდევ ერთი: ათდღიანი კარანტინი მხოლოდ ძაღლსა და კატაზე ვრცელდება. თუ ადამიანი კურდღელმა, ზაზუნამ ან სხვა ცხოველმა დაკბინა ან დაკაწრა, ვაქცინაციის დაუყოვნებლივ დაწყება და კურსის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია.

 

აცრილი ცხოველი

– ვართ თუ არა დაზღვეულნი აცრილ ცხოველთან ურთიერთობისას?

– სამწუხაროდ, არა. გვქონდა სამი-ოთხი შემთხვევა, როდესაც ცოფი აცრილ ცხოველს დაემართა. ამის მიზეზი გახლდათ არა ვაქცინის უეფექტობა, არამედ  ცივი ჯაჭვის პრინციპის დარღვევა. ვაქცინა 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერტურაზე უნდა ინახებოდეს. შენახვის ვადაა 1.5 წელი. ტემპერატურული რეჟიმი ტრანსპორტირების დროსაც უნდა იქნეს დაცული. სიცხეში მოხვედრილმა ვაქცინამ შესაძლოა მოქმედების უნარი დაკარგოს. ამიტომ, თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ცხოველი კეთილსინდისიერადაა აცრილი, ვაქცინაციის კურსი მაინც უნდა ჩავიტაროთ. დაავადების ბუნებიდან გამომდინარე, ამ რეკომენდაციას ვეტერინარებიც კი არ ეწინააღმდეგებიან. როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

 

ორსული

– როგორია ტაქტიკა, როცა დაზარალებული ორსულია?

– ცოფის ვაქცინაციის უკუჩვენება არ არსებობს, რადგან სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს. შესაბამისად, არც ორსულობა მიიჩნევა დამაბრკოლებელ ფაქტორად. ამავე მიზეზით პირებს, რომლებსაც პროფესიისა თუ სხვა გარემოებების გამო ხშირად სჭირდებათ ანტირაბიული ვაქცინაცია, აუცილებლად ვუტარებთ აცრებს, მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი იმუნიზაციის გამო შესაძლოა მომატებული იყოს ორგანიზმის სენსიბილიზაცია და გართულების რისკი.

 

რეაქცია და გართულებები

– რა არასასურველი შედეგი შეიძლება მოჰყვეს აცრას?

– ვაქცინამ შესაძლოა ადგილობრივი ან ზოგადი რეაქცია გამოიწვიოს. ადგილობრივი გამოიხატება უმნიშვნელო შეშუპებით, შეწითლებით, ქავილით, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდებით, ზოგადი -სისუსტით, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით. იშვიათად ნევროლოგიური სიმპტომებიც შეინიშნება. ამ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

ჰეტეროლოგიური (ცხენის შრატზე დამზადებული) ანტირაბიული იმუნოგლობულინის შეყვანის შემდეგ მოსალოდნელია ანაფილაქსიური შოკი, ადგილობრივი ალერგიული რეაქცია (ვითარდება შეყვანიდან, მინიმუმ, 1-2 საათში, მაქსიმუმ, 1-2 დღეში), შრატისმიერი დაავადება (უმეტესად – შეყვანიდან მე-7-14 დღეს).

გართულების მიზეზად შესაძლოა იქცეს იმუნოპროფილაქტიკის ტექნიკის დარღვევა, ვაქცინის უხარისხობა, ვაქცინაციის სქემისა და რეჟიმის დარღვევა. ყველაზე მძიმე გართულება ნერვული სისტემის დაზიანებაა.

 

რეკომენდაციები

– როგორი რეჟიმი უნდა დავიცვათ აცრის შემდეგ?

– მოზრდილთა და ბავშვთა წამყვანი ანტირაბიული სამსახურების – მეხუთე კლინიკური საავადმყოფოსა და თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის – ბაზებზე 2016 წელს ანტირაბიული ვაქცინაციის შესახებ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ახალი რედაქციით, რომლებიც წარმატებით ინერგება მთელ საქართველოში.

აცრა არ უნდა გაკეთდეს უზმოზე.  ნაკბენის შესაფასებლად და სამკურნალოდ უნდა მივმართოთ ქირურგ რაბიოლოგს და არა ზოგად ქირურგს.

აცრის შემდეგ მეტად მნიშვნელოვანია შრომისა და დასვენების და ძილის სათანადო რეჟიმის დაცვა. მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება გადაღლა, ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, ინტენსიური ვარჯიში, შეჯიბრებებში მონაწილეობა, მძიმე ფიზიკური შრომა...

ცალკე საკითხია ალკოჰოლური სასმელების მიღება. ალკოჰოლი, გარდა იმისა, რომ ასუსტებს ვირუსისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს, შესაძლოა თვითონვე იქცეს ანტირაბიული ვაქცინის რეაქტოგენულობის მიზეზად, ამიტომ მისი  მიღება აკრძალულია. აქამდე აკრძალვა აცრების პერიოდს და კურსის დამთავრებიდან ექვს თვეს მოიცავდა, ახალი რეკომენდაციის თანახმად კი მის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. ვაქცინაციის მოკლე კურსის შემთხვევაში ვადა საგრძნობლად მცირდება.

გარდა ამისა, ვაქცინაციის პერიოდში და მის შემდეგ არ შეიძლება ძლიერმოქმედი წამლების მიღება, გადახურება, გაციება. აუცილებელია კანის ჰიგიენის დაცვა და ჰიპოალერგენული დიეტა.

ვაქცინაციის პერიოდში და მისი დამთავრებიდან ორი თვის განმავლობაში აკრძალულია ყოველგვარი პროფილაქტიკური აცრის ჩატარება, გარდა ტეტანუსისა.

თუ ადამიანი აცრის შემდეგ შეაწუხა თავის ან წელის ტკივილმა, კიდურების სისუსტემ, აუწია ტემპერატურამ, უნდა დავუკავშირდეთ მკურნალ ექიმს ან სასწრაფოდ გადავიყვანოთ კლინიკაში.

ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ ერთადერთი გზაა ცოფის ვირუსით დასნებოვნებული ადამიანის გადასარჩენად.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: