აკნე ანუ “მორთული” კანი არავის შვენის

გააზიარე:

კანის პრობლემები, განურჩევლად სქესისა, ყველას აწუხებს, თუმცა სტატისტიკა ქალბატონებისთვის უფრო ნაკლებ სანუგეშოა: დაკვირვებული დერმატოლოგების მონაცემებით, 25 წლის (ანუ იმ ასაკის, როდესაც, წესით, მოზარდთა აკნე უკვე გამქრალი უნდა იყოს) პირებს შორის ქალების 25%-ს და მამაკაცების მხოლოდ 5%-ს აქვს პრობლემური,  ფერიმჭამელებითა და მუწუკებით მოფენილი  კანი.

კიდევ ცოტა დერმატოსტატისტიკა: 12-დან 24 წლამდე ასაკში მსოფლიოს მოსახლეობის 85% დამუწუკებული დაიარება, 17 წლამდე კი თითქმის ყველა ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია კანზე პაწაწინა თავშავა სიურპრიზი.

საზოგადოდ, კანზე გამონაყარი 10 წლის შემდეგ ჩნდება, ესე იგი, იმ ასაკში, როდესაც ორგანიზმი სქესობრივად მომწიფებას იწყებს. ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ქალებს პუბერტატული გაფურჩქვნის ხანა (გარდატეხის ასაკს ვგულისხმობთ) მამრებზე ადრე ეწყებათ. შესაბამისად, მათი კანიც გაცილებით ადრე “იკაზმება”. ასე შემკობილები რჩებიან დაახლოებით 5-10 წლის მანძილზე, შემდეგ კი გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელი სიურპრიზები თანდათან დავიწყებას ეძლევა.

ასე ხდება უმეტესად, მაგრამ არა ყოველთვის. არიან ადამიანები, რომლებსაც ფერიმჭამელები მთელი სიცოცხლე აწუხებთ, ასეთები კი უპირატესად სწორედ მშვენიერი (ალბათ უფრო – უსახური) სქესის წარმომადგენლები არიან. გვხვდებიან ისეთი ქალბატონებიც, რომლებსაც გამონაყარი 45 წლის შემდეგ უჩნდებათ. აი, მამაკაცებში კი ასეთი შემთხვევები პრაქტიკულად არ აღინიშნება.

მართალია, მამაკაცებს უფრო იშვიათად უჩნდებათ ფერიმჭამელები და მუწუკები, მაგრამ თუ ერთმა მაინც წამოყო თავი, უფრო იოლად ვრცელდება, რთულდება და ხანგრძლივდება. 

მუწუკის თანამედროვე ვარიანტი

თუ წინათ სახის კანზე თავხედურად წამოსკუპებულ წარმონაქმნებს ხან ფერიმჭამელას ეძახდნენ და ხანაც – მუწუკს, ამჟამად სამედიცინო ლექსიკონი იმდენად გამარტივდა, რომ ამ ყველაფერს საერთო, არცთუ უხერხული სახელწოდებით – აკნეთი მოიხსენიებენ.

ტერმინი “აკნე” (acne) გულისხმობს როგორც თავად დაავადებას, ისე მის ცალკეულ ელემენტებს (ფერიმჭამელას, მუწუკს, პაპულას, პუსტულას…).
ფერიმჭამელები ასე წარმოიქმნება: კანის ცხიმოვანი ჯირკვლები ზომაზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებენ. ამას ემატება თმის ფოლიკულში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნა. ყველაფერი, რაც ზედმეტი და ჭარბია, კანის ზედაპირამდე ვერ ამოდის და ფოლიკულში გროვდება. ეს უკანასკნელი იზრდება (იბერება), ხოლო მისი სადინარი იხშობა.

თუ თმის ფოლიკულში ბაქტერიები ჩასახლდნენ, ანთებითი პროცესი გარდაუვალია. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება მუწუკი – ანთებითი ფერიმჭამელა.
შესაძლოა, ცხიმით გაჯერებული თმის ფოლიკულის ანთება ბაქტერიების ჩაურევლადაც დაიწყოს. ისიც შეიძლება, აკნეს გარშემო კანი შეწითლდეს, ელემენტები გაერთიანდეს, დაჩირქდეს… თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდად არის: თუ კანს მოვუვლით, ამგვარი “სიურპრიზებისგან” თავს იოლად დავიცავთ.

კანის მოვლის ანაბანა

კანი მაქსიმალურად რომ დავიცვათ ფერიმჭამელებისგან, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში – დამუწუკებისგან, საკმარისია მარტივი ჰიგიენური ნორმების დაცვა.

თუ სახე შავწერტილოვანი გამონაყარით დაგეფარათ, ასე მოიქეცით:

* არამც და არამც არ გამოიდინოთ ფერიმჭამელები. განსაკუთრებული თავშეკავება გმართებთ, როდესაც აკნეს ელემენტის გარშემო კანი შეწითლებული და ანთებადია. თუ დახშულ ფერიმჭამელას ან მუწუკს გახსნით, მასში ინფექცია შეიჭრება და შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ საბოლოოდ ერთი უწყინარი ფერიმჭამელას ნაცვლად ნაწიბური შეგრჩეთ ხელში. 

* თუ მუწუკის წვალების დაუძლეველი სურვილი დაგეუფლათ, ვიდრე “საქმიანობას” შეუდგებოდეთ, ხელები გულდასმით დაიბანეთ, მაგრამ დაიხსომეთ: ახალი ელემენტების წარმოქმნისა და უკვე არსებულთა დაჩირქებისგან ბოლომდე დაზღვეული მაინც ვერ იქნებით.

* სახე დღეში ორჯერ დაიბანეთ. მეტისმეტი აქტიურობა, ისევე როგორც ჰიგიენის უგულებელყოფა, კანს დიდად არ უხდება. მართალია, ბაქტერიები და მტვერი კანის პირველი მტრები არიან, მაგრამ ზედმეტი ხეხვაც აღიზიანებს.

* ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად სპეციალური დასაბანი ქაფი ან გელი გამოიყენეთ. ამგვარი საშუალებების კოლოფზე ან ბოთლზე ამოიკითხავთ წარწერას: cleanser ან cleansing. ან სულაც გამართული ქართულით იქნება მითითებული, რომ ზემოაღნიშნული საშუალება იდეალურია ცხიმიანი ან პრობლემური, ფერიმჭამელებისკენ მიდრეკილი კანისთვის.

* ქაფი ან გელი ხელის ნაზი მოძრაობით წაისვით სველ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახე რბილი პირსახოცით ისე შეიმშრალეთ, რომ კანზე ძლიერად არ გაიხახუნოთ. უმჯობესია, პირსახოცი სახეზე დაიდოთ და დაელოდოთ, ვიდრე წყალს შეიწოვს.

* კრემი თუ სხვა კოსმეტიკური საშუალება სახის ჩამობანიდან, სულ მცირე, 10-15 წუთის შემდეგ უნდა წაისვათ _ კანს, სრულყოფილად რომ გაშრეს, დრო სჭირდება.

* შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ფერიმჭამელებიანი სახის კანის მოვლა თმის მოვლასაც ითვალისწინებს. თუ კანზე გამოგაყარათ და ამავე დროს ცხიმიანი თმა გაქვთ, გირჩევთ, თავი ხშირ-ხშირად დაიბანოთ. უთუოდ გამოიყენეთ შამპუნი ცხიმიანი თმისთვის. მაქსიმალურად ეცადეთ, თმა შუბლსა და საფეთქლებზე გადაწეული ატაროთ.

* რეგულარულად გამოიყენეთ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები. ასეთ კრემებსა და ლოსიონებს აქვთ წარწერა: “არაკომედოგენურია”. თუ გავიხსენებთ, რომ კომედონი აკნეს საცობია, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რას ნიშნავს ზემოაღნიშნული წარწერა.

* პრობლემური კანის სამკურნალოდ დღეს უამრავი საშუალება არსებობს. მათ შორის არის სქრაბები, რომლებსაც ამქერცლავი ეფექტი აქვს. გაითვალისწინეთ: ისინი უვნებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც კანზე ანთებითდი უბნები (მუწუკები) არ აღინიშნება. მათი წასმა კვირაში ორჯერ გახლავთ რეკომენდებული.

* ფერიმჭამელებიანი კანის მოსავლელად სპეციალური სველი ხელსახოცები გამოგადგებათ, რომელთა გამოყენებაც დღეში ორჯერ შეგიძლიათ.

* ცხიმიანი კანის მოსავლელად შესანიშნავია კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც დამატენიანებელი ეფექტით გამოირჩევა. მათ კოლოფებზე ან ანოტაციაში ამოიკითხავთ წარწერას: “მოისტურიზერ”. სასურველია, დამატენიანებელ ეფექტს მზისგან დამცავი კრემიც ფლობდეს.

* კანი მზის გამოსხივებისგან მაქსიმალურად დაიცავით. მოსაზრება, თითქოს ულტრაიისფერი სხივები ფერიმჭამელებზე დადებითად მოქმედებდეს, სინამდვილეს არ შეეფერება. რუჯი მხოლოდ და მხოლოდ ნიღბავს გამონაყარს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ აკნეს საწინააღმდეგო მრავალი საშუალება კანს მზის გამოსხივებისადმი უფრო მეტად მგრძნობიარეს ხდის და შესაძლოა, იოლად დაიწვათ.

* კანის ის უბანი, სადაც თავმოყრილია აკნეს ელემენტები, მაქსიმალურად არიდეთ ხახუნს, ტანსაცმელს (შალს, მჭიდროდ შეკრულ საყელოს), სამკაულს. არანაკლებ მოსარიდებელია მოტოციკლისტისა თუ მოფარიკავის ჩაფხუტი და ნებისმიერი ატრიბუტი, რომელსაც სახის კანთან მჭიდრო შეხება აქვს.

აკნეს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ მაქსიმალური შედეგი რომ გამოიღოს, ასე მოიქეცით:

  • წაისვით მხოლოდ კანისთვის უსაფრთხო კონცენტრაციის მქონე საშუალებანი და არა სალიცილის ან გოგირდის საცხები, რომლებსაც სხვა დანიშნულება აქვს. მზა კრემები სამკურნალო საშუალებებს კანისთვის სასარგებლო და უსაფრთხო თანაფარდობით შეიცავს.
  • გამოყენებამდე გულდასმით გაეცანით ანოტაციას და უთუოდ გაითვალისწინეთ მითითებული რეკომენდაცია.
  • სამკურნალო კოსმეტიკის წასმამდე პირი აუცილებლად დაიბანეთ.
  • სამკურნალო საშულება არა მხოლოდ აკნეს ელემენტებზე, არამედ მთელ სახეზე გადაისვით.
  • ნუ გამოიყენებთ ერთდროულად რამდენიმე სქრაბს. ასე კანი გაღიზიანდება.

დიეტაც საჭიროა

სამკურნალო საშუალებებმა სწრაფი შედეგი რომ გამოიღოს, საჭიროა კვების მოწესრიგება. კანს აღიზიანებს და აკნეს ელემენტების გავრცელებას ხელს უწყობს ცხარე, სანელებლებიანი, ცხიმიანი პროდუქტი, მათ შორის _ კეტჩუპი, საწებლები, კრემიანი ნამცხვრები, შოკოლადი, ჩიფსები, გაზიანი სასმელები, ჰამბურგერი, შებოლილი ძეხვეული.

უპირატესობა მიანიჭეთ ხილსა და ბოსტნეულს (კარტოფილის გარდა), ქატოს, ფაფას, წვენებს.

კანის სტრუქტურაზე დადებით გავლენას ახდენს:

  • კალციუმი – რძე და რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული;
  • ფოსფორი – თევზი, ყველი, ხაჭო, კვერცხი;
  • B ჯგუფის ვიტამინები – ბოსტნეული, საფუარი, ხორბლის ბურბუშელა;
  • C ვიტამინი – ლიმონი, კომბოსტოს მწნილი, ასკილი, შავი მოცხარი;
  • კალიუმი – ქიშმიში, კომბოსტო, გარგარი, ქლიავი.

გამონაყარის არსებობის პერიოდში უმჯობესია საკვები წყლის ორთქლზე მოამზადოთ, ერიდოთ შემწვარ-მოხრაკულს, სუფრას კი დღის განმავლობაში 3-4-ჯერ მიუსხდეთ.
და კიდევ: მკაცრი დიეტებისგან თავის შეკავებას გირჩევთ _ კანის ჯანმრთელი სტრუქტურის შესანარჩუნებლად უმჯობესია სრულფასოვნად იკვებოთ.

გააზიარე: