ცუდი და კარგი ქოლესტერინი

გააზიარე:


    ამ სახელით ისევე გვაშინებენ, როგორც ბავშვებს – ბუათი, თუმცა, ბუასგან განსხვავებით, ქოლესტერინი ბუნებაში ნამდვილად არსებობს, ოღონდ თუ მეტისმეტად ბევრი არ დავაგროვეთ, არაფერს გვიშავებს. პირიქით, უიმისოდ უჯრედები – გარსის, ორგანიზმი კი – სხვა ნაღვლის მარილების, D ვიტამინის, თირკმელზედა ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების გარეშე დარჩებოდა.
    ზედმეტი ქოლესტერინი ზედმეტ პრობლემებს გვიჩენს. უდგილო ადგილას, არტერიების კედლებზე, წარმოქმნის ცხიმოვან (ე.წ. ათეროსკლეროზულ) ფოლაქებს და, რა თქმა უნდა, სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს, თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი დაახშოს. თუ ასეთი რამ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ინფარქტი განვითარდება, თუ ტვინის სისხლძარღვებში – ინსულტი.
    ქოლესტერინის დონე სასურველია 150 მგ`დლ(3.9 მმოლ`ლ)-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ. 200 მგ`დლ (5.2 მმოლ`ლ) უკვე საშიში ზონაა, შემდგომი მატება – მით უფრო. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ მისი დონის ყოველი 50 მგ`დლ (1.3 მმოლ`ლ)-ით გაზრდისას ინფარქტის საფრთხე ორჯერ იმატებს. თუმცა ქოლესტერინიც არის და ქოლესტერინიც, ამიტომ ზემოთ ნახსენები მაჩვენებელი საერთო სურათს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.
ვერც ქოლესტერინი და ვერც ცხიმი, ისევე როგორც ლიპიდების უმეტესობა, დასანახავად ვერ იტანენ წყალს. არადა თუ არ გაიხსნენ, სისხლში მოგზაურობის უფლებას ვერაფრით მოიპოვებენ. ამისთვის ცილებთან (პროტეინებთან) ამყარებენ ალიანსს და ე.წ. ლიპოპროტეინებს ქმნიან.
    დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების 55% ქოლესტერინია, ამიტომაც არ ენანებათ და უხვად ფანტავენ. რომელიმე უჯრედს საქმისთვის თუ დასჭირდა, უარს ნამდვილად არ ეტყვიან, ანომალიურ ვითარებაში კი ქოლესტერინის მარაგს არტერიებში გლუვი კუნთების ბოჭკოებს შორის ალაგებენ. რაღა გასაკვირია, რომ ასეთ ქოლესტერინს “ცუდი” უწოდეს.
    მაღალი სიმკვრივის ლიპოპრეოტეინების ნახევარი ცილაა, ქოლესტერინი კი – სულ 13%. ეს ის შემთხვევაა, როცა რიცხვი 13 ცუდს არაფერს მოასწავებს. ლიპოპროტეინებს ზედმეტი ქოლესტერინი უჯრედებიდან გამოაქვთ და ღვიძლში მიაქვს. ასეთ ქოლესტერინს “კარგს” უწოდებენ.
   ვგონებთ, ნათელია, რომ მხოლოდ ქოლესტერინის საერთო დონის განსაზღვრა არ კმარა. თითოეული ფრაქცია ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს. სასურველია, ქოლესტერინის მეოთხედი მაინც მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში იყოს განლაგებული. ისე კი, რაც უფრო მაღალია LDL და დაბალია HDL, მით უფრო იმატებს სისხლძარღვების დაზიანების საფრთხე.


ვიქცევით ასე
     ლიპიდების ცვლას ნებაზე ნუ მიუშვებთ. თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ, ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც გადაამოწმეთ. მამაკაცებმა ასეთი ანალიზის კეთება 35 წლიდან უნდა დაიწყოთ, ქალებმა – 45 წლიდან. თუ ეწევით, დიაბეტი გაქვთ ანდა გენეტიკურად ხართ მიდრეკილნი გულის დაავადებებისკენ, ტესტირებას 20 წლიდან შეუდექით.
    გადახრა თუ დაფიქსირდა, ნუ შეშფოთდებით. საქმის გამოსწორება შეიძლება. ჭარბ ქოლესტერინს დიეტით, ვარჯიშით და თუ საჭიროა, წამლებითაც ებრძვიან. პირველი ორი არც მაშინ იქნება ზედმეტი, რკინის ჯანმრთელობითაც რომ გამოირჩეოდეთ, თქვენს ლიპიდებს კი საშველი არაფერი სჭირდეთ.


   ლიპიდების ცვლის დარღვევა და ჭარბი წონა გვერდიგვერდ დადიან. ასე რომ, გახდომა მოგიწევთ. ანტიათეროგენული დიეტაზე არაერთხელ გვისაუბრია. ზოგადი წესები ასეთია: ცხიმის ხარჯზე დღიური კალორიების 30%-ზე ნაკლები უნდა მოდიოდეს, ამათგან ნაჯერ ცხიმებზე – მხოლოდ მესამედი ანუ 8-10%. რაც შეეხება ქოლესტერინს, მისი ნორმა 300 მგ-ს შეადგენს. წამოდგენა რომ შეიქმნათ, ზუსტად ამდენ ქოლესტერინს შეიცავს ერთი კვერცხი, ანუ ერბოში შემწვარი ომლეტი მეტისმეტია, მით უმეტეს, თუ იმ დღეს სხვა ცხოველური პროდუქტიც მიიღეთ. ასე რომ, შეიყვარეთ ბოსტნეული, ხილი, მიირთვით წყალზე მომზადებული შვრიის, წიწიბურას, მანანისა და ბრინჯის ფაფები, ვეგეტარიანული სუპები. კერძისთვის მხოლოდ მცენარეული ცხიმი გამოიყენეთ. ნებადართულია ძროხისა და ხბოს მჭლე, ინდაურისა და ქათმის კანგაცლილი თეთრი ხორცი, ნებისმიერი სახის თევზეული, გარდა ხიზილალისა. ღორის, ცხვრის, ბატისა და იხვის ხორცზე, ასევე – ღვიძლზე, თირკმელებზე, ენაზე, ტვინზე, ძეხვზე, სოსისსა და შაშხზე უარის თქმა მოგიწევთ. კვერცხის გული ქოლესტერინს დიდი რაოდენობით შეიცავს, ცილა კი შეგიძლიათ მიირთვათ. რძის ნაწარმიდან უპირატესობა ნაკლებცხიმიან პროდუქტებს – ხაჭოს, ნადუღს, ყველს, მაწონს, კეფირს, რძესა და იოგურტს მიანიჭეთ, ცხიმიანი რძე, არაჟანი, ნაღები, ნაყინი, ნამცხვარი, გუდის, ჰოლანდიური და შებოლილი ყველი კი საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან.


    ვარჯიში ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა, თუმცა ზოგიერთი სახეობა განსაკუთრებით რგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სახელდობრ, აერობული ვარჯიში ანუ ვარჯიში, რომელიც კუნთთა დიდი ჯგუფის ამოქმედებას მოითხოვს და 20 წუთს მაინც გრძელდება. გაგიკვირდებათ და ფიზიკური აქტივობა, გარდა უამრავი სხვა გამაჯანსაღებელი ეფექტისა, ლიპიდურ ცვლაზე უშუალოდ მოქმედებს: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე იზრდება, ტრიგლიცერიდებისა კი მცირდება. გულის გაჯანსაღებისთვის კვირაში სამ-ხუთჯერ ვარჯიშს  ურჩევენ. ძუნძული, ველოსპორტი, თხილამურებით სრიალი, ცურვა აერობული ვარჯიშის ნიმუშებია.


    რაც შეეხება მესამე პუნქტს ანუ მედიკამენტებს, თვითონაც მიხვდებით, რომ ისინი დამოუკიდებელი მოქმედების საშუალებას არ გიტოვებთ, მათი მიღების საკითხი ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ.

გააზიარე: