ინფექციებთან ბრძოლა ორსულობის დროს

გააზიარე:

ჰომო საპიენსი – ეს ტერმინი, რომელიც ალბათ არაერთხელ გაგიგონიათ, ლათინური წარმოშობისაა და “გონიერ ადამიანს” ნიშნავს. სწორედ ასეთად მოიაზრებენ მეცნიერები სამყაროს ყველაზე ინტელექტუალურ წარმომადგენელს. თუმცა დაბალი ინტელექტი სხვა ცოცხალ არსებებს ჩვენთან ბრძოლაში ხელს არ უშლის. ამის საუკეთესო მაგალითები მიკრობები არიან – მიკროსკოპული ორგანიზმები, რომელთაგან ზოგიერთს დამოუკიდებლად არსებობაც კი არ შეუძლია, მაგრამ თუ გასაქანი მიეცათ, თავიანთი ძალით გვაოცებენ.

მიკრობთა ძლევამოსილებაში იოლად დარწმუნდებით, თუ ინფექციურ პათოლოგიათა სახელმძღვანელოს გადაავლებთ თვალს – დაინახავთ, რამხელა უსიამოვნების მოყენება ძალუძთ ამ უხილავ არსებებს.

ასეა თუ ისე, მიკრობები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან (არც იმის დავიწყება ეგების, რომ მათ შორისაც გვხვდებიან სასარგებლო სახეობები) და განუწყვეტლივ გვახსენებენ თავს. ჩვენც სიამოვნებით ვმასპინძლობთ ან თავდაუზოგავად ვებრძვით. ზოგჯერ იოლად ვამარცხებთ, ზოგჯერ კი საამისოდ დიდი ძალისხმევის გაღება გვიწევს. მეტადრე – ორსულობისას, როცა დაუპატიჟებელმა სტუმარმა შესაძლოა წარუშლელი კვალი დატოვოს ჩვენს ცხოვრებაში.

 

მიზეზთა გამო ინფექცია ორსულის ორგანიზმში უფრო იოლად იკიდებს ფეხს. ზოგიერთი ინფექციური დაავადება განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის. საბედნიეროდ, არსებობს ამ დაავადებების პრევენციისა თუ მკურნალობის არაერთი საშუალება, ასე რომ, შიშველი ხელებით არ მოგიწევთ მათთან ბრძოლა, ოღონდ ამისთვის მიკროორგანიზმებთან ურთიერთობის წესები უნდა დაიცვათ. სხვაგვარად შესაძლოა, საქმე მძიმე გართულებამდე მივიდეს.

მოდი, გავეცნოთ ორსულობისას ინფექციასთან ბრძოლის წესებს.

 

ვიწყებთ ანიდან

დაავადების გამოსაწვევად მიკრობი ადამიანის ორგანიზმში უნდა მოხვდეს. როგორ? – სხვადასხვა გზით: ჰაერისა თუ საკვების მეშვეობით, დაბინძურებულ ნივთთან, სისხლსა თუ სხვა ბიოლოგიურ სითხესთან კონტაქტით. აქედან გამომდინარე, ყველაზე შედეგიანი იქნება ღონისძიებები, რომლებიც ამ მიკროსკოპულ არსებებთან შეხვედრის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანს:

 

ხელების დაბანა

ეს ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და, ამავე დროს, ეფექტური საშუალებაა. თვალსაჩინოებისთვის გაგაცნობთ მონაცემებს, რომლებიც ამ ჯადოსნური წესის ეფექტურობაში დაგარწმუნებთ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ინფექციურ დაავადებათა ცენტრების, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების სამმართველოს მიერ პაკისტანში ჩატარებულმა რანდომიზებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებთან, რომელთა ოჯახებშიც ჩვეულებრივ საპონს მოიხმარდნენ და რომლებთანაც ხელის დაბანის ხელშემწყობი ჩარევა განხორციელდა, პნევმონიის ორჯერ ნაკლები შემთხვევა აღირიცხა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში, 15 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებთან კი 53%-ით იკლო დიარეის გავრცელებამ. შეგახსენებთ, რომ პნევმონია და დიარეა ბავშვთა სიკვდილის გამომწვევი ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში.

მაშ ასე, შევთანხმდით, რომ ხელების დაბანა ინფექციის საწინააღმდეგო უმნიშვნელოვანესი იარაღია. ეს იარაღი კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ორსულობის დროს. როდესაც ექიმების საბრძოლო არსენალი გაცილებით ღარიბია.

 

როდის და როგორ დავიბანოთ ხელები?

ერთია ხელების ხშირი ბანა და მეორე – სწორად ვაკეთებთ თუ არა ამას.

ხელები უნდა დაიბანოთ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, უმი საკვების შეხების, კერძის მომზადების, ტუალეტით სარგებლობის, ბავშვისთვის საფენის გამოცვლის, ცხვირის გამოსუფთავების, ნაგავსა და ჭუჭყიან თეთრეულთან შეხების, ცხოველთან კონტაქტის, ბაღში მუშაობისა თუ ნიადაგის დამუშავების შემდეგ.

არცთუ უმნიშვნელოა მეორე საკითხი – როგორ დავიბანოთ ხელები?

ხელები დაისველეთ წყლით (თბილით ან ცივით), წაისვით უბრალო ან ანტიმიკრობული საპონი და კარგად აიქაფეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილებს, თითებს შორის არეებსა და მაჯებს. იბანეთ 15-30 წამის განმავლობაში, დაბანის შემდეგ კი სუფთა პირსახოცით გაიმშრალეთ. უკეთესი იქნება, თუ ერთჯერად ხელსახოცს გამოიყენებთ.

თუ ხელების დაბანის საშუალება არ გაქვთ, სპირტით გაიწმინდეთ, შესამჩნევად დასვრილი ხელები კი აუცილებლად წყლითა და საპნით უნდა დაიბანოთ.

 

ჰაერიდან მომდინარე საფრთხე

ზოგიერთ მიკროორგანიზმს ინფიცირებული ადამიანი ავრცელებს – ხველებისა თუ ცემინების დროს ის  გამოყოფს მიკროორგანიზმების შემცველ წვეთებს, მერე კი ამ წვეთებით გაჯერებულ ჰაერს სხვები ჩაისუნთქავენ. გადაცემის ამ გზას ჰაერწვეთოვანი ეწოდება.

ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვა ძალიან ძნელია. ტუბერკულოზისგან, გრიპისგან, წითელასგან, წითურასგან იმუნიზაცია დაგიცავთ, მაგრამ ყველა ინფექციის ვაქცინა, სამწუხაროდ, არ არსებობს, ამიტომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ავადმყოფებთან კონტაქტი, ვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ხოლო თუ მაინც მოვხვდით ასეთ ადგილას, პირბადე ავიფაროთ.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც მცირეწლოვან ბავშვებთან ხშირი ურთიერთობა უწევს. ზოგიერთი გამომწვევი, მაგალითად, ციტომეგალოვირუსი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაყოფს, ბავშვებში უფრო მეტადაა გავრცელებული, ამიტომ ნუ ჩაიდებთ ბავშვის საწოვარას პირში, ნუ გამოიყენებთ ბავშვის კბილის ჯაგრისს, ბავშვის კოცნის დროს მოერიდეთ პირის ღრუში ნერწყვის მოხვედრას.

ნურაფერს შეჭამთ და დალევთ საერთო ჭურჭლიდან.

ხელების დაბანა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციების განვითარების რისკსაც ამცირებს.

 

მწერების წინააღმდეგ

საშიში ინფექციების არცთუ მცირე ნაწილს (დენგეს ვირუსს, მალარიას და სხვა) მწერები ავრცელებენ. პატარა სისხლისმწოველებისგან თავის დასაცავად ერიდეთ ადგილებს, სადაც ისინი ბინადრობენ. სისხლის მწოველი მწერები აქტიურობით გამოირჩევიან გამთენიისა და შებინდების ჟამს, ამიტომ ერიდეთ დღის ამ მონაკვეთებში სეირნობას. თუ მაინც მოგიხდათ შინიდან გასვლა, ჩაიცვით ტანსაცმელი, რომელიც სხეულს მთლიანად ფარავს (არცთუ სასიამოვნოა, მეტადრე – ზაფხულობით, მაგრამ გვერწმუნეთ, ავად გახდომას ამ წესების დაცვა სჯობს). შეგიძლიათ, გამოიყენოთ რეპელენტიც.

 

შორეულ მხარეში

სადავო არ არის, რომ მოგზაურობა განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ხშირად მას უსიემოვნებებიც მოაქვს. ორსულობის პერიოდში ზედმიწევნით ერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია (განსაკუთრებით – ტროპიკულ ქვეყნებს, სადაც მალარია, დენგეს ცხელება და სხვა საშიში ინფექციებია გავრცელებული).

საკვებსა თუ წყალთან ასოცირებული ინფექციები მოგზაურობის თანმხლები კიდევ ერთი საფრთხეა, ამიტომ, სანამ თვითმფრინავის ბილეთს აიღებდეთ, გირჩევთ, კარგად შეისწავლოთ იმ ქვეყნის სამზარეულო, სადაც მიემგზავრებით (მაგალითად, არაპასტერიზებული ყველი საფრანგეთში უფრო ხშირად შეგხვდებათ, ვიდრე ამერიკაში), იქ გავრცელებული ინფექციური დაავადებები და მათთან ბრძოლის წესები.

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადები

წინათ ორსულებს სქესობრივი ცხოვრება ეკრძალებოდათ (პირველი სამი თვე მაინც), თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად კი ორსულობისას სექსი ნებადართულია. მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?! მართალია, თავად სქესობრივი ურთიერთობა ორსულობას საფრთხეს არ უქადის, მაგრამ თუ ამ გზით რომელიმე ინფექცია შეგხვდათ, უსიამოვნება გარდაუვალია.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადების ალბათობა ერთიორად იზრდება, თუ ორსული ან მის პარტნიორი სხვასთანაც იყოფენ სარეცელს. ამრიგად, მორალურ კატეგორიებს რომ თავი დავანებოთ, პარტნიორის ერთგულება სამედიცინო თვალსაზრისითაც გამართლებულია.

პარტნიორის კონტექსტში უნდა გახსოვდეთ ისეთი ინფექციებიც, როგორებიცაა შიდსი და ვირუსული ჩ ჰეპატიტი. ისინი საერთო შპრიცის წყალობით ადვილად ვრცელდება ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებს შორის, მათ კი შესაძლოა სქესობრივ პარტნიორსაც გადასდონ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ექიმები გირჩევენ, სქესობრივი კონტაქტის დროს თავის დასაზღვევად პრეზერვატივი გამოიყენოთ, მაგრამ თუ პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები დაავადების ნიშნები აქვს: ასოდან გამონადენი, ტკივილი შარდვის დროს, ბუშტუკები ან წყლულები სასქესო ასოზე, –მასთან სქესობრივ ურთიერთობას პრეზერვატივის გამოყენებითაც კი უნდა აერიდოთ თავი.

 

დაავადებები, რომლებსაც ცხოველები ავრცელებენ

ინფექციის წყაროდ ზოგჯერ ცხოველებიც გვევლინებიან. განსაკუთრებით საშიშნი არიან მღრღნელები, ამიტომ ორსულებს მათთან ყოველგვარი კონტაქტი ეკრძალებათ. თუ შინაური ცხოველი გყავთ, თავად ნუ დაუსუფთავებთ გალიას და ტუალეტის ყუთს. განსაკუთრებული სიფრთხილე კატებთან გმართებთ – ისინი ავრცელებენ მძიმე დააავადებას ტოქსოპლაზმოზს. თუ ვითარება გამოუვალია, ჩაიცვით ერთჯერადი ხელთათმანები, მერე კი ხელები კარგად დაიბანეთ.

 

უმინიზაცია – მარტივი და ეფექტური გზა

კაცობრიობის ისტორიაში ვაქცინაციაზე შთამბეჭდავი გამოგონება თითებზე ჩამოსათვლელია. იმუნიზაციამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მედიცინაში. პრევენციის ეს საშუალება დღემდე მილიონობით ადამიანს იცავს სასიკვდილო დაავადებებისგან. ვაქცინაციის საკითხი, ცხადია, დაორსულებამდე უნდა მოაგვაროთ – ორსულობის დროს მათ უმეტესობას ვეღარ ჩაიტარებთ, თუმცა გრიპისა და ბ ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა ორსულთათვის უკუნაჩვენები არ არის. მეტიც – ექიმები პირდაპირ მოგვიწოდებენ ამისკენ. თუ მცირეწლოვანი ბავშვი გყავთ, მასაც ზედმიწევნით უნდა ჩაუტაროთ ვაქცინაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრები – ამით მასაც დაიცავთ და თავად თქვენც ნაკლებად დაგემუქრებათ ინფიცირების საფრთხე.

 

საშარდე გზების ინფექცია

საშარდე გზების ინფექცია ორსულებთან საკმაოდ გავრცელებულია. ორსულობისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური ცვლილებები მისი განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. საშარდე გზების ინფექციის პრევენციის მთავარი წესი ჰიგიენაა. ამ საკითხების შესახებ უფრო მეტს ამავე ნომრის მთავარ თემაში წაიკითხავთ.

 

უსაფრთხო კვების წესები

ვინაიდან ორსულობა იმუნურ სისტემაზეც ახდენს გავლენას, საკვებში დამალული მიკრობები უფრო ადვილად ამჟღავნებენ თავიანთ ძალას. ასეთი მიკრობების მიერ გამოწვეული ზოგიერთი დაავადება, მათ შორის – ტოქსოპლაზმოზი და ლისტერიოზი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ნაყოფზე მეტად არასასურველ გავლენას ახდენს. ასე რომ, ორსულობისას ყოველგვარი საკვები არ არის უსაფრთხო.

უმი ხორცი, თევზი და კვერცხი ხშირად შეიცავს სალმონელას. სალმონელოზი მძიმე ინფექციური დაავადებაა. მისგან თავის დასაცავად საკვები თერმულად კარგად უნდა დამუშავდეს. თერმული დამუშავება სპობს გამომწვევებს და დედასა და ნაყოფს ინფექციისგან იცავს.

მრავალი რძის პროდუქტი პასტერიზებულია. ეს ნიშნავს, რომ მავნე მიკრობების გასანადგურებლად რძეს ადუღებენ. მაგრამ რძის ზოგიერთ ნაწარმს, მაგალითად, რბილ ყველს, არაპასტერიზებული რძისგანაც ამზადებენ. ასეთმა საკვებმა შესაძლოა ლისტერიოზი გამოიწვიოს და საბოლოოდ შესაძლოა ნაადრევ მშობიარობამდე, ახალშობილის ინფიცირებამდე, ნაყოფის სიკვდილამდეც კი მივიდეს საქმე.

საკვები მხოლოდ მიკრობების პოტენციური შემცველობის გამო არ გახლავთ საშიში – ზოგი მათგანი დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს, ვერცხლისწყალს და სხვა ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ნაყოფზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. მაგალითად, წყალში მოხვედრილი ვერცხლისწყალი თევზების ორგანიზმში გროვდება. თუ ორსულმა ასეთი თევზეული მიირთვა, მძიმე ლითონი ნაყოფს გადაეცემა, დაუზიანებს ტვინს, მხედველობასა და სმენას.

ხილი და ბოსტნეული მიღებამდე კარგად უნდა გარეცხოთ გამდინარე წყლით, მზა საკვები კი მხოლოდ სანდო, რესპექტაბელურ დაწესებულებაში შეიძინეთ.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში დაწვრილებით არის ჩამოთვლილი სხვადასხვა საკვებთან ასოცირებული საფრთხე:

 

 

არ მიიღოთ`მოერიდეთ

რატომ?

როგორ მოვიქცეთ?

არაპასტერიზებული რძე და მისგან დამზადებული რბილი ყველი

შესაძლოა, შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს, ლისტერიას, სალმონელას, კამპილობაქტერიას

მიიღეთ პასტერიზებული რძე, მაგარი ყველი და მხოლოდ ის რბილი ყველი, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია, რომ პასტერიზებული რძისაგან დაამზადეს.

 

ნამცხვრისა და სხვა ტკბილეულის უმი ცომი

შესაძლოა, შეიცავდეს სალმონელას

ცომი გამოაცხვეთ და ისე მიირთვით

 

ზოგიერთი სახეობის თევზი, მაგალითად, ზვიგენი, სამეფო სკუმბრია, ხმალთევზა

შესაძლოა, დიდი რაოდენობით შეიცავდეს ვერცხლისწყალს

მიირთვით მცირე რაოდენობით ვერცხლისწყლის შემცველი თევზეული: ორაგული, თინუსი, ზოლიანი თევზი. ნებადართულია კვირაში დაახლოებით 300-350 გრამი.

 

უმი თევზი (სუში)

შესაძლოა, შეიცავდეს პარაზიტებს ან ბაქტერიებს

თევზი მოამზადეთ 63 0ჩ ტემპერატურაზე. ამოიღეთ რაციონიდან შებოლილი ზღვის პროდუქტები.

 

არაპასტერიზებული წვენები

შესაძლოა შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს

მიირთვით პასტერიზებული წვენები ან არაპასტერიზებული წვენი ადუღეთ, სულ მცირე, ერთი წუთის განმავლობაში

                               

ხორცის, ფრინველისა თუ ზღვის პროდუქტების სალათები, რომლებიც მაღაზიაში იყიდება

შესაძლოა, შეიცავდეს ლისტერიას

მოამზადეთ სალათები შინ, უსაფრთხო კვების პრინციპების დაცვით

 

                               

უმი კვერცხი და კვერცხისგან დამზადებული პროდუქტები, მათ შორის – გოგლიმოგლი (უმ კვერცხს შესაძლოა შეიცავდეს, მაგალითად, შინ მომზადებული ნაყინიც)

შესაძლოა, შეიცავდეს სალმონელას

მიირთვით მხოლოდ მაგრად მოხარშული ან შემწვარი

 

უმი ან ნაწილობრივ მოხარშული, მოშუშული, შემწვარი საქონლის, ფრინველისა თუ ღორის ხორცი, სოსისი, ძეხვი და სხვა

თერმულად არასათანადოდ დამუშავებული ხორცი შესაძლოა შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს, კამპილობაქტერიას, სალმონელას

საქონლის, ხბოსა და ბატკნის ხორცი მოამზადეთ 63 გრადუსზე, ღორისა კი 71 გრადუსზე

                               

მომდევნო ნომერში დაწვრილებით ვისაუბრებთ იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ორსულებისთვის განსაკუთრებით საშიშია.

 

***********************

 

 

არ მიიღოთ / მოერიდეთ        რატომ?              როგორ მოვიქცეთ?

არაპასტერიზებული რძე და მისგან დამზადებული რბილი ყველი           შეიძლება შეიცავდეს ნაწავის ჩხირს,  ლისტერიას,

სალმონელას, კამპილობაქტერიას    მიირთვით პასტერიზებული რძე, მაგარი ყველი და მხოლოდ ისეთი სახის რბილი ყველი, რომელსაც ეტიკეტზე მითიტებული ექნება რომ პასტერიზბული რძისაგან დაამზადეს.

ნამცხვრისა და სხვა ტკბილეულობის უმი ცომი      შეიძლება შეიცავდეს სალმონელას  გამოაცხვეთ ცომეული და მხოლოდ შემდეგ მიირთვით ის.

ზოგიერტი სახის თევზი მაგ. ზვიგენი, სამეფო სკუმბრია, ხმალთევზა.   შეიცავს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს          მიირთვით  მცირე რაონდებით ვერცხლისწყლის შემცველი თევზეული. ამგვარია ორაგული,  თინუსი, ზოლიანი თევზი. ასეთი თევზი შეგიძლიათ მიირთვათ კვირაში დაახლოებით 300-350 გრ.

 

უმი თევზი (სუში)       შეიძლევა შეიცავდეს პარაზიეტებს ან ბაქტერიებს                თევზი უნდა მოამზადოთ 63 გრადუსზე ცელსიუსით. მენიუდან გამორიცხეთ შებოლილი ზღვის პროდუქტები.

არაპასტერზირბული წვენები             შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს           მიირთვით პასტერიზებული წვენები ან არაპასტერიზებული წვენი ადუღეთ მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში

                               

ხორცის ფრინველისა თუ ზღვის პროდუქტების სალათები, რომლებიც მაღაზიაში  იყიდება შეიძლება შეიცავდეს ლისტერიას            მოამზადეთ სალათები სახლში. დარწმუნდით რომ ზედმიწვენით იცავთ უსაფრთხო საკვების ძირითად პრინციპებს  

 

                               

უმი კვერცხი და კვერცხისგან დამზადებული პროდუქტები (უმ კვერცხს შეიძლება შეიცავდეს სახლში მომზადებული ნაყინი თუ სხვა)        შეიძლება შეიცავდეს სალმონელას  მოამზადეთ კვერცხი ბოლომდე.

უმი ან ნახევრად მომზადებული  საქონლის ფრინველისა თუ ღორის ხორცი. მათ შორის სოსისი, ძეხვი თუ სხვ.              მოუმზადებელი ხორცი შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხრს, კამპილობაქტრეიას, სალმონელას  საქონლის, ხბოს, და ბატკნის ხორცი მოამზადეთ 63 გრადუსზე,  ღორის კი 71 გრადუსზე ცელსიუსით.

გვანცა გოგოლაძე

                               

 

 

 

 

 

 

გააზიარე: