უთანხმოება დედმამიშვილებს შორის

გააზიარე:

დედმამიშვილებს შორის უთანხმოება ბევრი ოჯახისთვის ნაცნობი მოვლენაა. ბავშვები ხშირად ექიშპებიან ერთმანეთს. ზოგჯერ მხოლოდ კამათობენ, ზოგჯერ კი ხელჩართულ ჩხუბსაც არ ერიდებიან. მოდი, გავარკვიოთ, რა იწვევს კონფლიქტს და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება, როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვებს უკვე აქვთ ჩამოყალიბებული არასასურველი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

 

ბავშვებს შორის უთანხმოებას უმეტესად რამდენიმე მიზეზი აქვს:

* კონკურენცია მშობლების სიყვარულისა და ყურადღებისთვის. ყურადღებისა და სიყვარულის მძაფრ დეფიციტს ყველაზე მეტად უმცროსი ასაკის ბავშვები განიცდიან. მშობელთა უმეტესობა ყოფით პრობლემებზეა კონცენტრირებული: დროული კვება, სეზონური ტანსაცმელი, სისუფთავე, რეჟიმი... მცირე ასაკში ბავშვები ამას მზრუნველობისა და სიყვარულის გამოხატულებად ვერ აღიქვამენ. როცა მშობლები სათანადო დროს ვერ უთმობენ შვილთან ურთიერთობას, არ ეთამაშებიან და არ ასეირნებენ, ბავშვი მისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ხერხით ითხოვს კუთვნილ ყურადღებას. თუ ამ გზაზე მას კონკურენტიც ჰყავს – და ან ძმა, სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება.

* ბრძოლა ავტორიტეტის მოსაპოვებლად. უფროსი შვილები ხშირად ცდილობენ ასაკობრივი უპირატესობის დემონსტრირებას უმცროსების წინაშე. ამის საუკეთესო საშუალება კი ჩხუბისა და უთანხმოების პროვოცირებაა.

* ეჭვიანობა. ბავშვებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მშობლები მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მათ დედმამიშვილს`დედმამიშვილებს კი – მეტს. “შურისძიების მიზნით” ისინი ჩხუბს იწყებენ.

* ბრძოლა ტერიტორიისა და ნივთებისთვის. ეს დედმამიშვილებს შორის ჩხუბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ოჯახში, სადაც ერთზე მეტი ბავშვია, დაუწერელი კანონია ორი ერთნაირი სათამაშოსა თუ ტანსაცმლის ყიდვა (რაც, უნდა ითქვას, მცდარი სტრატეგია, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ). სხვაგვარად ჩხუბი გარდაუვალია. იგივე ითქმის ტერიტორიის (სათამაშო ან სამეცადინო სივრცის, ტელევიზორის წინ ადგილის და ა.შ.) განაწილებაზეც.

* ჩხუბში გადაზრდილი გართობა. თამაში შეიძლება ჩხუბში გადაიზარდოს. ხდება ისეც, რომ ერთ-ერთი დედმამიშვილი გასართობად დის`ძმის გამოჯავრებას იწყებს.

ჩხუბის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ასაკობრივი სხვაობა ბავშვებს შორის, განსხვავებული ინტერესები და პიროვნული თვისებები.

სანამ კონფლიქტის პრევენციასა და მართვაზე გადავიდოდეთ, უნდა შევნიშნოთ, რომ აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის გამორიცხულია. ყოველ ადამიანს საკუთარი წარმოდგენები, ღირებულებები, ჩვევები და თვისებები აქვს. აზრთა სხვადასხვაობა, ერთი და იმავე საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება სავსებით ნორმალურია და მცირე უთანხმოებები ოჯახური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ასეთი კონფლიქტები, ერთი მხრივ, კარგი საშუალებაა ბავშვებისთვის, უსაფრთხო ვითარებაში ისწავლონ გრძნობებისა თუ სურვილების გამოხატვა, პრობლემის მოგვარების გზების პოვნა, საკუთარი უფლებების დაცვა. უფროსების მართებული მიდგომა კი მათ ამ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაში დაეხმარება.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტი

საუკეთესო გამოსავალი, როგორც ყოველთვის, პრევენციაა. როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვებს ერთმანეთთან თბილი, მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ?

უპირველეს ყოვლისა, მათ პირადი მაგალითი უნდა მივცეთ. თუ ოჯახის წევრებს შორის პატივისცემითა და სიყვარულით განმსჭვალული ურთიერთობებია, ბავშვებიც თავისდა უნებურად გადაიღებენ ამ მოდელს. უპატივცემულობის გამოხატვის ყოველგვარი მცდელობა დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს, მაგრამ არა ყვირილით, ცემით და სასჯელით. უმჯობესია, წყნარად ჩაეკითხოთ “დამნაშავეს”: “აბა, დაუფიქრდი, რა თქვი. მოგეწონება, შენ რომ ასე მოგმართონ? როგორ ფიქრობ, რა ჰქვია ასეთ საქციელს?”  – და მიახვედროთ, რომ მისი ქცევა მიუღებელია.

გაარკვიეთ, რამ გაუწია პროვოცირება კონფლიქტს და შეეცადეთ, ასეთი ფაქტორები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

შესთავაზეთ ბავშვებს ერთობლივი გართობა, მეტი დრო გაატარეთ მათთან ერთად. ჩვევად შემოიღეთ ოჯახური საღამოები, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთს განვლილი დღის ან კვირის შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ.

ნურასოდეს შეადარებთ ბავშვებს ერთმანეთს მათი შესაძლებლობების მიხედვით, ნუ გააღვივებთ მათ შორის ქიშპობასა და ეჭვიანობას. იგივე მოსთხოვეთ ოჯახის დანარჩენ წევრებსაც.

ასწავლეთ ბავშვებს პრობლემის მოგვარების სტრატეგიები, წაუკითხეთ შესაბამისი შინაარსის წიგნები, მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს ყურადღება გაამახვილეთ კონლფიქტურ სიტუაციებზე და ერთად მოძებნეთ გამოსავალი ამ წარმოსახვითი ვითარებიდან. აუხსენით, რომ მიზნის მიღწევა ჩხუბის გარეშეც შეიძლება და დაეხმარეთ საჭირო უნარების გამომუშავებაში.

ბავშვებს სახლში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საკუთარი სივრცე, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნივთებს შეინახავენ. ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვის კუთვნილი ნივთის აღება მისი ნებართვის გარეშე არ შეიძლება.

ბავშვმა უნდა გაიაზროს, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა და და-ძმებისგან განსხვავდება. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი სურვილები, ინტერესები, მიდრეკილებები და აუცილებელი არ არის, ისინი და-ძმების მიდრეკილებებს, ინტერესებს და სურვილებს ემთხვეოდეს ან მასაც იგივე ნივთები ჰქონდეს, რომლებიც მის დას ან ძმას აქვთ. საზოგადოდ, არ არის აუცილებელი ყველა ბავშვისთვის ერთნაირი ნივთების შეძენა; უბრალოდ, თუ რომელიმე მათგანს დაასაჩუქრებთ, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ სხვებს – ეს ეჭვიანობას გააღვივებს. უმჯობესია, თითოეულ ბავშვს აჩუქოთ ის, რაც ნამდვილად სჭირდებათ ან უნდათ და მიანიჭოთ ასაკის შესაბამისი პრივილეგია. მაგალითად, უფროსისთვის ეს შეიძლება იყოს მეგობართან ერთად მარტო გასეირნება, უმცროსისთვის კი სათამაშო.

წახალისება სასურველი ქცევის გამომუშავების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია – როცა შეამჩნევთ, რომ ბავშვები კარგად ერთობიან ერთად, უნაწილებენ ერთმანეთს საკუთარ ნივთებს, უყვებიან ამბებს, ერთად საქმიანობენ, შეაქეთ ან რაიმე სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეთ.

 

როგორ მოვიქცეთ უშუალოდ ჩხუბის დროს?

ნუ მიემხრობით კონფლიქტის მონაწილე ნურც ერთ მხარეს. გახსოვდეთ, როდესაც ორ ადამიანს ხელჩართული ჩხუბი აქვს, დამნაშავე და უდანაშაულო არ არსებობს – ფიზიკური ძალადობა ორივეს არჩევანი იყო, ეს კი ნებისმიერი მიზეზით დაუშვებელია!

თუ ამჩნევთ, რომ კონფლიქტი მწვავდება და სადაცაა, ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდება, გააცალკევეთ ბავშვები, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინეთ ან ერთად განიხილეთ შექმნილი ვითარება.

თუ ხედავთ, რომ ბავშვები სიტყვიერად, ფიზიკური შეხებების გარეშე ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, უმჯობესია, მისცეთ დრო და საშუალება, თავად იპოვონ გამოსავალი. ფრთხილად დააკვირდით ვითარებას და თუ შეატყობთ, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლის საშიშროება წარმოიშვა, ჩაერიეთ.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ საკუთარ ქმედებაზე პასუხისგება გარდაუვალია, ჩხუბზე პასუხისმგებლობა კი ორივე მხარეს ეკისრება. ნუ დაიწყებთ იმის გამოძიებას, ვინ დაიწყო ჩხუბი (ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელიც, უნდა ითქვას, სრულიად მიუღებელია!). ორივე მოჩხუბარი ჩამოაშორეთ იმ საგანს, რომლის გამოც ატყდა დავა (მაგალითად, თუ ტელევიზორის გამო იჩხუბეს – ითიშება ტელევიზორი, თუ კომპიუტერთან ჯდომის გრაფიკი დაირღვა, ითიშება კომპიუტერი, თუ სათამაშო ვერ გაიყვეს – ჩამოერთმევათ სათამაშო და ა.შ).

აუცილებლად მიეცით ბავშვებს უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება, ოღონდ გააფრთხილეთ, რომ ურთიერთშეურაცხყოფას არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ. მოუსმინეთ, მერე კი შეეცადეთ, ერთობლივად მოაგვაროთ პრობლემა ან დასახოთ მისი მოგვარების გზა. ამაში ორივე დაპირისპირებული მხარე უნდა მონაწილეობდეს და გადაწყვეტილება ორივესთვის მისაღები უნდა იყოს.

გაშველების შემდეგ აღკვეთეთ დასმენისა და გადაბრალების მცდელობები – ასეთი რამ მიუღებელი და დასაძრახია. უმჯობესია, ბავშვებს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა გავუღვივოთ და ვკითხოთ, თავად რაში გრძნობენ თავს დამნაშავედ, რა გზით შეეძლოთ ჩხუბის თავიდან აცილება, როგორ მოიქცევიან მომავალში, თუ იგივე განმეორდება.

თუ რომელიმე მათგანმა განზრახ გააფუჭა მეორის კუთვნილი ნივთი, აუხსენით, რომ ვალდებულია, შეაკეთოს ან ჩადენილისთვის ბოდიში მოიხადოს. ასე ბავშვი მიხვდება, რომ სხვისი ნივთების დაზიანება არ შეიძლება და ამას აუცილელად მოჰყვება რეაგირება.

თუ ჩხუბი ხშირად ხდება, ყველაფერი იღონეთ ოჯახში კეთილგანწყობილი, თბილი, მოსიყვარულე ატმოსფეროს შესაქმნელად.

მშობლებმა მცირე ასაკიდანვე უნდა იზრუნონ შვილებისთვის ემპათიის გრძნობის გამომუშავებაზეც. ემპათია ემოციური თანაგრძნობის, თანაგანცდის უნარია. თუ ბავშვი დის ან ძმის მიმართ ფიზიკურ აგრესიას ამჟღავნებს, გაამახვილებინეთ ყურადღება თავისი საქციელის შედეგზე: “რომ ჩაარტყი, ეტკინა!” ოღონდ აგრესორს ფიზიკურად ნუ დასჯით, თორემ ბავშვი იფიქრებს, რომ აგრესია ნებადართულია, თუ მოწინააღმდეგეზე ძლიერი ხარ და ხელსაყრელ სიტუაციაში აუცილებლად დაჩაგრავს უფრო სუსტს.

ნინო ლომიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: