ახალშობილთა დაკრიოცისტიტი

გააზიარე:

არ დაიჯერებთ, მაგრამ ცრემლი მწუხარების გამოსახატავად სულაც არ უბოძებია ბუნებას. მას მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქცია და გზა აქვს. თუმცა ხდება ხოლმე, რომ ამ გზაზე დაბრკოლება აღიმართება და ცრემლი უკვე დაუკითხავად იღვრება თვალთაგან.
გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ოფთალმოლოგი მაია ბერაია.

– ქალბატონო მაია, რა ფუნქცია აქვს ცრემლს და როგორია მისი ნორმალური გზა?
– კონიუნქტივა, თვალის ლორწოვანი გარსი, ყოველთვის ნოტიო უნდა იყოს. ცრემლი ხელს უშლის მის გამოშრობას და დაავადების გამომწვევი მიკრობების გამრავლებას. მას ზედა ქუთუთოს გარეთა კუთხეში მდებარე საცრემლე ჯირკვალი გამოიმუშავებს და გამოყოფს. თვალის ღრუს დანოტივებისა და ერთგვარი გამორეცხვის შემდეგ იგი თვალის შიგნითა კუთხეში გროვდება. აქ ზედა და ქვედა ქუთუთოზე საცრემლე წერტილებია განლაგებული. მას იოლად დაინახავთ, თუ სარკის წინ ქვედა  ქუთუთოს ჩამოიწევთ და მის შიგნითა კუთხეს დააკვირდებით. სწორედ ამ პატარა ნახვრეტებიდან იწყება საცრემლე არხი. სიღრმეში არხი ფართოვდება და საცრემლე პარკს ქმნის. ეს უკანასკნელი ცხვირ-ხახაში იხსნება. ცრემლმა თავისი გზა დაუბრკოლებლად რომ გაიაროს, ბუნებრივია, ყველა ჩამოთვლილი სტრუქტურა გამავალი უნდა იყოს.
– რა ხდება არხის გამავლობის დარღვევისას?
– ამ დროს, ბუნებრივია, ცრემლი გროვდება და ქუთუთოს კიდიდან იღვრება. ამავე დროს, ბუნებრივ გზაზე არსებული დაბრკოლება და შეგუბება მიკრობების გამრავლებას უწყობს ხელს, ეს კი სიწითლით და ხშირად ჩირქოვანი გამონადენით გამოიხატება. საცრემლე პარკის ანთებას, რომლის მიზეზი ცრემლის დინების დარღვევაა, ექიმები დაკრიოცისტიტს ვუწოდებთ.
– რამ შეიძლება დაარღვიოს საცრემლე არხის გამავლობა?
– სხვადასხვა ასაკში მიზეზი სხვადასხვაა. მოზრდილებში ასეთი გაუვალობა შესაძლოა ათეროსკლეროზული ცვლილებებით იყოს გამოწვეული, ცხვირისა და ცხვირ-ხახის ანთებით ან ტრავმით გამოწვეული გამავლობის დარღვევა ნებისმიერ ასაკში გვხვდება, ახალშობილთა დაკრიოცისტიტი კი საერთოდ ცალკე საუბრის საგანია.
– ესე იგი დაკრიოცისტიტი ახალშობილებსაც ემართებათ?
– ემართებათ, თანაც საკმაოდ ხშირად. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, სტატისტიკის თანახმად, ასიდან 1-2 ახალშობილს სიცოცხლის პირველსავე დღეებში გამოაჩნდება. ცრემლდენა და ჩირქოვანი 

გამონადენი დაბადებიდან რამდენიმე დღეში იჩენს თავს. საცრემლე პარკის საპროექციო არეზე (თვალის 
შიდა კუთხეში) ზეწოლისას გამოიყოფა ჩირქოვან-ლორწოვანი გამონადენი.
საცრემლე გზების თანდაყოლილი გაუვალობა სხვადასხვა გენეზისაა. უმეტესად არხი ჟელატინისმაგვარი საცობით არის დახშული და თუ დროულად და სწორად ვიმოქმედეთ, მისი გამავლობის აღდგენა მცირე ჩარევითაც შესაძლებელია.
– რას გულისხმობს დროული და სწორი ჩარევა?
– ახალშობილთა დაკრიოცისტიტის მკურნალობა ეტაპობრივია. პირველი და ყველაზე მარტივი ღონისძიება საცრემლე პარკის მასაჟია, რომელიც პატარას მშობელმა უნდა გაუკეთოს. მიზანი მარტივია: გავზარდოთ წნევა საცრემლე პარკში, რათა შიგთავსმა ემბრიონული აპკი გახეთქოს. ჯერ თვალის კუთხეში ვაწვებით. ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც გამოიყოფა მასაჟის დროს, ფიზიოლოგიურ ხსნარში (ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი) დასველებული ბამბის ტამპონით უნდა მოვაცილოთ. მასაჟის მიმართულება საცრემლე არხის პროექციას უნდა ემთხვეოდეს. მასაჟი კეთდება თვალის კუთხიდან ჯერ ჰორიზონტალურად, მერე კი ცხვირის ფრთის გასწვრივ, ზევიდან ქვევით, თითების რამდენიმე წერტილოვანი ან ვიბრირებადი ზეწოლითი მოძრაობით. სასურველია, ზეწოლას ცხვირის ასპირატორით ჰაერის გამოქაჩვაც შევუთანხმოთ. მასაჟი უნდა ჩატარდეს დღეში 6-10-ჯერ, უმჯობესია ჭამამდე, რადგან პაწიებს ეს პროცედურა არ მოსწონთ, ჭამა კი მალე დაამშვიდებთ.
– აუცილებელია თუ არა მასაჟის დაწყებამდე თვალში ანტიბიოტიკის ჩაწვეთება?
– ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის დაწყება გავრცელებული შეცდომაა. ეს მედიკამენტები მდგომარეობას არამცთუ არ აუმჯობესებს, პირიქით, აუარესებს კიდეც, რადგან თვალის ღრუს დისბაქტერიოზის განვითარებას და სოკოს გამრავლებას უწყობს ხელს, შედეგად კი ჩვენამდე მოსულ პაციენტებს თვალიდან გამონადენი მხოლოდ საცრემლე არხის გაუვალობის კი არა, უკვე სხვა პრობლემების გამოც აქვთ. უფრო დიდი შეცდომაა ჰორმონშემცველი კომბინირებული წვეთების გამოყენება.
– ალბუციდის გამოყენებას თუ ურჩევდით მშობლებს?
– ალბუციდს მაღალი კრისტალიზაცია ახასიათებს, ანუ თვალში ჩაწვეთების შემდეგ მისგან მარილის კრისტალები გამოიყოფა, რომელიც ისედაც ძნელად გამავალ საცრემლე არხს უფრო მეტად აცობს. ასე რომ, დაკრიოცისტიტის დროს მისი გამოყენებაც არასასურველია.
– რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მასაჟი და როგორ უნდა მოვიქცეთ მისი უეფექტობის შემთხვევაში?
– სასურველია, მასაჟი 1-2 თვე გავაგრძელოთ. თუ მან შედეგი არ გამოიღო, ტარდება საცრემლე არხის ზონდირება გამორეცხვით: საცრემლე არხში სპეციალური ზონდი შეჰყავთ და გამავლობას ამგვარად აღადგენენ. ექიმების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ზონდირებისთვის საუკეთესო პერიოდი 2-იდან 3 თვემდე ასაკია. უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის ერთჯერადი ზონდირება ხშირად უეფექტოა, პროცედურის რამდენიმეჯერ გამეორება გვიხდება.
– როგორ უნდა მოვუაროთ ჩვილს ზონდირების შემდეგ?
– შინ უნდა გავაგრძელოთ საცრემლე არხის საპროექციო არის მასაჟი ნარჩენი ჩირქოვან-ლორწოვანი შიგთავსის მოსაცილებლად.
მასაჟის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში თვალში ანტიბიოტიკს ვაწვეთებთ, სამი დღით კი ცხვირშიც ჩასაწვეთებლადაც ვუნიშნავთ სისხლძარღვთა შემავიწროებელ პრეპარატებს (გალაზოლინს, ნაზივინს).
– საშიშია თუ არა წარმატებული მკურნალობის შემდეგ დაკრიოცისტიტის სიმპტომების ხელახალი გაჩენა?
– გააჩნია, რა შემთხვევაში. თუ ცრემლი მხოლოდ ქარში ან ყინვაში სეირნობისას დის, საშიში არაფერია. სიცივეში თვალიდან ცრემლის დენა საცრემლე არხის კუნთოვანი სტრუქტურების სპაზმის (შეკუმშვის) გამო ირღვევა. თბილ შენობაში შესვლისთანავე ეს სიმპტომები თავისთავად გაქრება. თუ ასე არ მოხდა ან თვალიდან გამონადენი გაქრობის შემდეგ კვლავ შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გააზიარე: