ყველაფერი ჰიგიენის შესახებ
გააზიარე:
მოდით, ჰიგიენაზე ვისაუბროთ
“არსებობს სისუფთავის სურნელი. იგი ბაღნარივით მწვანეა, ქორფაა, როგორც ახალშობილის კანი და ნაზია, როგორც აკვნესებული სალამური”.
ბოდლერი
“A Capillis usque ad ungues” - “თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე” – ამ დევიზით ხელმძღვანელობდნენ ევროპელი დენდები, რომლებმაც კაცობრიობას სისუფთავისა და კოპწიაობისადმი მეტისმეტი სწრაფვით დაამახსოვრეს თავი. სწორედ მათი ზეობის ჟამს, 200 წლის წინ, წარმოიშვა მოდური სიტყვები: ინგლისური “the Care” და გერმანული “die pflege”. მანამდე კი კაცობრიობამ სხეულის მოვლის შესახებ, შეიძლება ითქვას, არაფერი იცოდა, თუმცა მცდელობა ყოფილა. თუკი ვინმე პირადი ჰიგიენით (ტანის გამალებული ბანითა და პარსვით) იყო დაკავებული, მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური მოსაზრებით.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ძველი ბერძნები სისუფთავის მოტრფიალეებად წარმოეჩინათ, ისტორიკოსებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ამჟამად ჰიგიენის ისტორიის ფუძემდებლებად რომაელები ითვლებიან (მათგან განსხვავებით, ბერძნები ნამდვილი ფეთხუმები ბრძანდებოდნენ), ხოლო თავად რომის იმპერია – სისუფთავის სამოთხედ. სწორედ აქ დამკვიდრდა პირველად ტანის ყოველდღიური ბანისა თუ ჰიგიენური ტამპონების გამოყენების ტრადიცია. მართალია, ეს უკანასკნელნი მეტად პრიმიტიული იყო (უხეშად დამუშავებული შალისგან მზადდებოდა), მაგრამ თავის კეთილშობილ ფუნქციას ნამდვილად ასრულებდა. რომის იმპერიაშივე ჩაეყარა საფუძველი საპნის დამზადებასა და გამოყენებას. ყველაფერი კარგად (და რაც მთავარია, სუფთად) იქნებოდა, რომ არა იმპერიის დაცემა.
პრანჭია ევროპელებს პირადი ჰიგიენის საკითხები ლამის XX საუკუნემდე არ აწუხებდათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ვარაუდობს, რომ სუნამოს შექმნის იდეა სწორედ ჭუჭყის სუნის შენიღბვის აუცილებლობამ შვა. XV საუკუნის საფრანგეთში თურმე წელიწადში ორ-სამჯერ იბანდნენ ტანს, რის შემდეგაც ერთი კვირა საწოლიდან ცხვირს არ ყოფდნენ, ესოდენ საპასუხისმგებლო “წმენდის პროცედურის” შემდეგ ავად არ გავხდეთო. XIX საუკუნის ექიმები კი ირწმუნებოდნენ, ხშირი თავის ტკივილი სწორედ დაბანის ბრალიაო.
ჯანმრთელად და, რაც მთავარია, მოდის მიმდევრად ის ითვლებოდა, ვისაც თმა ცხიმისგან უპრიალებდა, თავგადაკლული კოხტაპრუწები კი იმასაც კადრულობდნენ, რომ თმაში ცხიმს იზელდნენ და ზედ სახამებელს იყრიდნენ – დახეთ, რა მოდური ვარცხნილობა გვაქვსო.
უსუფთაობის სუნით იყო გაჟღენთილი ევროპა XIX საუკუნემდე. დიდებულები სიბინძურის შესანიღბად სხვადასხვაგვარ ნელსურნელებას იყენებდნენ. ლუდოვიკო XV-ს სასახლეს ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები, “პარფიუმირებული” შეარქვეს. მიუხედავად უსუფთაობის მოდისა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც დაბანა ყველაფერს ერჩივნა. ასეთი გახლდათ მადამ დე პომპადური, რომელიც სუნამოს ახლოსაც არ იკარებდა, რომ სისუფთავის ბუნებრივი სურნელი არ დაეჩრდილა.
XIX საუკუნის მიწურულს, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც სამედიცინო კვლევების ბუმი დაიწყო, ადამიანები ჭუჭყმა შეაწუხა. მედიკოსებმა ერთხმად განაცხადეს, ყველა დაავადების თავიდათავი ადამიანის ორგანიზმში (და -ზე) მობინადრე უხილავი მიკროორგანიზმებიაო. სწორედ მათ მოსაშორებლად შეიყვარა საზოგადოებამ წყალი. დაიწყეს ეკლესიის ეზოების, შადრევნების დეზინფექცია...
ვიდრე ექიმები კბილების მოვლისა და სხეულის გაწმენდის შესახებ სპეციალურ ბუკლეტებს გამოსცემდნენ (როგორც ჩანს, ეს იყო ამჟამად სამედიცინო წრეებში მეტად პოპულარული გაიდლაინების პირველყოფილი ვერსია), რამდენიმე ათწლეულით ადრე ევროპაში დენდები გამოჩნდნენ. ისინი იყვნენ პირველი დაბანილი მამაკაცები, მოდის ფრანგი და ბრიტანელი კანონმდებლები, პირველი მამრები, რომლებმაც პარიკი (ჭუჭყისა და ტილების ბუდედ ქცეული ხელოვნური თმა) ერთხელ და სამუდამოდ მოიძრეს.
XX საუკუნის დასაწყისში ჰიგიენა ცხოვრების პრიორიტეტად იქცა. აიგო საშხაპეები, რომელთა აპრობაცია პირველად საფრანგეთის არმიასა და ციხეებში (!) მოახდინეს.
საყოველთაო ხეხვა-წმენდამ ახალ-ახალი მეთოდებისა და საშუალებების დანერგვა მოითხოვა. შეიქმნა ანტიბაქტერიული საპნები, შამპუნები და, რამაც ყველაზე დიდი ქალური რეზონანსი გამოიწვია, ჰიგიენური საფენები და ტამპონები. გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ქირურგმა ერლ ჰაასმა გამოიგონა ინტრავაგინალური ტამპონი “Tampax”, რომლის სახელწოდებაც ინგლისური სიტყვების “tampon”-ისა და “pack”-ის აბრევიატურას წარმოადგენს. სწორედ ამ პერიოდში წარმოიშვა ინტიმური ჰიგიენის ნორმების დანერგვის აუცილებლობა. როდესაც მოთხოვნა ყალიბდება და საჭიროება ჩნდება, იქმნება მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებანი. ეს არა მარტო ეკონომიკის, არამედ ჰიგიენის კანონიც არის, ამიტომ არც ის გახლავთ გასაკვირი, რომ ინტიმური ჰიგიენის საშუალებანი დღეს ასე მრავლადაა.
ყველაფერი მარტივადაა
ქალის ორგანიზმი რომ უნიკალურია, ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ახალ სიცოცხლეს აძლევს დასაბამს. უნიკალურობა იმითაც გამოიხატება, რომ მცირედი დისკომფორტიც კი საკმარისია, რათა ორგანიზმში ბალანსი დაირღვეს და პათოლოგიური პროცესები განვითარდეს. დისკომფორტის მიზეზს კი რა დალევს: სტრესები, არაბალანსირებული კვება... კომფორტის განცდა რომ გაუჩნდეს, ჭეშმარიტ ქალს მოვლილი სხეული და აბრეშუმივით თმა უნდა ჰქონდეს, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მარტო ეგ როდი კმარაო?! არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტიმური ჰიგიენაც, რომლის დაცვაც, სისუფთავის შეგრძნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქალს თვითდაჯერებას მატებს.
ინტიმურ ჰიგიენაზე ზრუნვა ქალებმა, როგორც უკვე მოგახსენეთ, გასული საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყეს. მართალია, ცოტა დააგვიანეს, მაგრამ
ერთიორად აინაზღაურეს დანაკლისი და დღეს სხეულს ათასგვარი საშუალებით ინებივრებენ.
ინტიმური სფეროს მოვლა მნიშვნელოვანია არა მარტო სისუფთავის შეგრძნების თვალსაზრისით, არამედ ჯანმრთელობისთვისაც და აი, რატომ: საშო დასახლებულია ბაქტერიებით, რომლებიც არამცთუ მავნე არ გახლავთ, არამედ დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს ორგანიზმში შეჭრისთანავე ბრძოლაში იწვევენ და როგორც წესი, ამარცხებენ კიდევაც. ამდენად, ქალბატონები ჯანმრთელობას გარკვეულწილად საშოს ბაქტერიებსაც უნდა უმადლოდნენ და მათზე ზრუნავდნენ.
საშოში დასახლებული “სასარგებლო” ბაქტერიები (უმთავრესად – ლაქტობაქტერიები) გამოყოფენ ნივთიერებას, რომელიც საშოში ნორმალურ მჟავატუტოვან წონასწორობას ინარჩუნებს – მნიშვნელობა 3,8-დან 4,4-მდე უნდა მერყეობდეს.
საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ჩვეულებრივი საპნის ხშირი გამოყენება და ა.შ. ვაგინალური ფლორის ბალანსი რომ არ დაირღვეს, ქალმა შეძლებისდაგვარად უნდა იზრუნოს ამაზე: თავი დაიცვას ინფექციებისგან, გამოიყენოს სპეციალური ინტიმური საპონი, რომელიც PH-ს მხოლოდ სათანადო დონეზე კი არ შეუნარჩუნებს, არამედ დისბალანსსაც გამოასწორებს. სწორედ ამისთვის გახლავთ შექმნილი ქალის ინტიმური ჰიგიენის საშუალებანი, რომელთა შემადგენლობა მშვენიერ სქესს საშუალებას აძლევს, სამუდამოდ გამოემშვიდობოს დისკომფორტს.
ინტიმური მოვლის საშუალებანი, მართალია, მრავლადაა, მაგრამ ყველა როდი გამოგვადგება; როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასაკის კვალობაზე ქალის ვაგინალური მიკროფლორა იცვლება: თუკი რეპროდუქციული ასაკის ქალს საშოს PH 4,5 აქვს (ანუ მჟავე რეაქციას ავლენს), მენოპაუზის დროს წონასწორობა ტუტე რეაქციისკენ იხრება. ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სხვადასხვა ასაკის ქალბატონს ინტიმური მოვლის სხვადასხვა ტიპის საშუალება სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს სიტუაციები (მაგალითად, მაღალი რისკის ადგილებში: აუზში, პლაჟზე და სავარჯიშო დარბაზში), როცა უფრო ძლიერი დაცვაა საჭირო. ამდენად, გირჩევთ შეიძინოთ ინტიმური ჰიგიენის მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალება, რომელიც ნებისმიერ ვითარებასა და ასაკში დაგიცავთ ინტიმური დისკომფორტისგან. სწორედ ასეთი გახლავთ ინტიმური მოვლის საშუალებათა მარკა Saugella. ის რამდენიმე ალტერნატიულ საშუალებას გთავაზობთ, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციისთვის, ასაკისა და თქვენ წარმოიდგინეთ, სქესისთვის არის განკუთვნილი.
რა უნდა ვიცოდეთ
ჰიგიენის ნორმებზე გარკვეული წარმოდგენა ფაქტობრივად ბავშვობიდანვე გვექმნება. და მაინც, ურიგო არ იქნებ, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ინტიმ-ჰიგიენის ნორმებს.
- ერიდეთ გარეთა სასქესო ორგანოების ჩვეულებრივი საპნით დაბანას.
- არამც და არამც არ გაიჩეროთ ტანზე სველი საცურაო კოსტიუმი. ნესტში პათოგენური მიკროორგანიზმები იოლად მრავლდებიან.
- ჰიგიენური შხაპის მიღება დღეში ორჯერ არის სასურველი, ამასთანავე, არა ცხელი ან ცივი, არამედ თბილი წყლით.
- გარეთა სასქესო ორგანოების დაბანისას ღრუბლისა და ნეჭის გამოყენება რეკომენდებული არ გახლავთ. მათ შეიძლება მგრძნობიარე ლორწოვანი გარსი გააღიზიანონ.
- თვალი ადევნეთ, რომ თქვენი პირსახოცით ოჯახის სხვა წევრმა არ ისარგებლოს.
- ჰიგიენური საფენი ხშირად გამოიცვალეთ: დღეში სულ მცირე, 4-5-ჯერ. თუკი ვაგინალურ ტამპონებს იყენებთ, დაიხსომეთ, რომ მათი გამოცვლა ყოველ 2-3 საათში არის რეკომენდებული.
- ერიდეთ ხელოვნური მასალის საცვლებს. უპირატესობა ბამბის თეთრეულს მიანიჭეთ.
- სასურველი არც ტანზე მჭიდროდ შემოტმასნილი შარვლის ტარება გახლავთ.