როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული სავარძელი
გააზიარე:
თუ კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებთ, ორთოპედიული სავარძლის შეძენაზე უნდა იზრუნოთ, რადგან კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა და, საზოგადოდ, საქმიანობა, რომელიც მჯდომარე ცხოვრების წესს მოითხოვს, შესაძლოა ავადმყოფობის მიზეზად გექცეთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს კისრისა და გულმკერდის ოსტეოქონდროზის წინაპირობაა. გარდა ამისა, იწვევს ხელისა და კისრის ნერვებისა და კუნთების გადაძაბვას და აუარესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, რამაც შესაძლოა ნევრალგიამდე და ნევრიტამდეც კი მიგიყვანოთ.
დადასტურებულია, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი ხელს უწყობს ბუასილისა და პროსტატიტის განვითარებას, ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზულ გაგანიერებას, ზიანს აყენებს საჭმლის მომნელებელ სისტემას – მონელების პროცესს ანელებს და აირთა დაგროვებას იწვევს.
ამრიგად, მჯდომარე ცხოვრების წესი თითქმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს ვნებს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ის იოლად ასატანი და კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამისთვისაა საჭირო ორთოპედიული სავარძელი.
რას მივაქციოთ ყურადღება ორთოპედიული სავარძლის შეძენისას
სასურველია, სავარძელს თავის მისაყრდნობი ბალიში ჰქონდეს – ის აუცილებელია კისრის კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად. რამდენიმე წუთით მიეყრდენით საზურგეს, მოადუნეთ ზურგი და კისერი. ეს განტვირთვის საშუალებას მოგცემთ.
შეამოწმეთ, აქვს თუ არა სკამს საზურგის დახრილობის რეგულატორი. დროდადრო ცვალეთ დახრის კუთხე, გადაწექით საზურგეზე და ხერხემალი დაასვენეთ. სასურველია, კუთხე 45-დან 130 გრადუსამდე მერყეობდეს. საზურგე სხეულის კონტურებს უნდა იმეორებდეს.
კარგი იქნება, სავარძელი სიმაღლის რეგულატორითაც იყოს აღჭურვილი. როცა ფეხები მყარად გიდგათ იატაკზე, თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ. ზოგჯერ კი სასურველია დასაჯდომი ნაწილის მაღლა აწევა – მენჯის სახსარში ფეხის მოხრის კუთხე გაიზრდება და ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება.
სავარძლის საჯდომი ნაწილი, უმჯობესია, საშუალო სირბილისა იყოს.
იდაყვის საყრდენსაც მიაქციეთ ყურადღება. სავარძელს უნდა ჰქონდეს ნახევრად რბილი სახელურები, რომლებიც კომპიუტერის კლავიატურის სიმაღლეზე იქნება. არსებობს მოდელები, რომლებსაც სახელურების სიმაღლის რეგულატორიც აქვს.
სასურველია, რეგულირებას ექვემდებარებოდეს სკამის სიღრმეც და ნახევარ საათში ერთხელ პოზა ხუთი წუთით მაინც შეიცვალოთ. ჩვეულებრივ, ორგანიზმი თავად გკარნახობთ, როგორი მდგომარეობაა მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ამა თუ იმ მომენტში. ასე რომ, ზოგჯერ ღრმად უნდა იჯდეთ სავარძელში, ზოგჯერ კი – არა, თუმცა ორივე შემთხვევაში სასურველია, წელი საზურგეს ეყრდნობოდეს.
ნურც სავარძლის მასალას დატოვებთ უყურადღებოდ. ნატურალური ტყავი უკეთესია – ტყავის შემცვლელი კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. არ გეგონოთ, ეს მხოლოდ ზაფხულისთვის დამახასიათებელი პრობლემა იყოს – სუნთქვა კანს ზამთარშიც სჭირდება. კარკასი მსუბუქი ჯობია, მაგალითად, პლასტმასისა. არც მოქრომული მსუბუქი ლითონია ურიგო არჩევანი, რადგან პლასტმაზე გაცილებით გამძლეა.
ყურადღება მიაქციეთ სავარძლის ფეხებს. გაითვალისწინეთ, რომ ხუთფეხა სავარძელი უფრო მყარად დგას იატაკზე და გორგოლაჭებით გადაადგილების შემთხვევაში მანევრირებასაც უფრო მეტად გაგიადვილებთ.
თუ წამოდგომა ხშირად გიწევთ, გაითვალისწინეთ, რომ სწორად წამოდგომა სწორად ჯდომაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ კარადიდან რამის გადმოღება ან დოკუმენტის პრინტერზე ამობეჭდვა დაგჭირდათ, გორგოლაჭებით ნუ ისარგებლებთ – უმჯობესია, წამოდგეთ და დანიშნულების ადგილამდე ფეხით მიხვიდეთ – სავარძელში ხომ ისედაც საკმაოზე მეტ დროს ატარებთ.
საბავშვო სკამები
სამწუხაროდ, კომპიუტერთან ბავშვებიც დიდხანს სხედან, ასე რომ, გირჩევთ, მათთვის ცალკე სავარძელი შეიძინოთ.
სკამი, რომელზეც ჩვენი შვილი ამდენ დროს ატარებს, თუნდაც დავალებების შესრულების დროს, არცთუ უსაფრთხოა და შესაძლოა, საკმაო ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას – გამოიწვიოს ოსტეოქონდროზი, გულის უკმარისობა, რადიკულიტი, სკოლიოზი...
ეკონომიის მიზნით ბევრი ამჯობინებს სავარძელს, რომლის სიმაღლე, დასაჯდომის სიღრმე, სახელურები და საზურგის დახრილობა არ რეგულირდება. ზოგიერთი კი უფრო შორსაც მიდის – აქაოდა, ყოველ წელიწადს ხომ არ გამოვცვლიო, ყიდულობს მოზრდილ სავარძელს, რომელიც ბავშვის ზომას მერვე-მეცხრე კლასში თუ მოერგება... ამასობაში კი მის ხერხემალს შესაძლოა ისეთი ზიანი მიადგეს, რომლის მკურნალობაც გაცილებით ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე ხარისხიანი სავარძელი, თანაც ყოველთვის ვერც იქნება შედეგიანი...
ასე რომ, საბავშვო ორთოპედიული სავარძელი უბრალო ახირება არ არის – ის თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთია.
როგორ შევურჩიოთ ბავშვს ორთოპედიული სავარძელი?
- ჯდომის დროს ბავშვი ფეხით უნდა სწვდებოდეს იატაკს. თუ სავარძლის სიმაღლე არ რეგულირდება, გამოიყენეთ შესაფერისი სიმაღლის ფეხ-საყრდენი.
- სავარძლის საზურგე, სასურველია, მაღალი იყოს და თავის მისაყრდნობიც ჰქონდეს.
- უნდა რეგულირდებოდეს სკამის თითქმის ყველა დეტალი – საზურგის დახრილობა და სიმაღლე, სახელურის სიმაღლე, დასაჯდომის სიღრმე. ამასთან, წელის არეში სავარძელი შიგნიდან უნდა იზნიქებოდეს – ეს ზურგის სწორად დაკავების აუცილებელი პირობაა.
- ეცადეთ, შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ნაწარმი.
რაც შეეხება დიზაინს, საბავშვო სავარძლების არჩევანი მრავალფეროვანია. უმეტესობა მულტიპლიკაციური გმირებით, მანქანებით, ყვავილებითაა მოხატული. ბიჭებს სუპერგმირები მოსწონთ, გოგონებს – პრინცესები და ფერიები. ნურც ამ ფაქტორს დატოვებთ უყურადღებოდ, რადან კარგი განწყობა კარგი სწავლის საწინდარია.
გირჩევთ
- მჯდომარე სამუშაოს ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება სამუშაო ადგილის სწორი ორგანიზებითაც არის შესაძლებელი.
- კომპიუტერი პირდაპირ უნდა დაიდგათ. ეს აუცილებელია ხერხემლისა და კისრის კუნთებისთვის, რადგან ძნელია, თავი გამუდმებით გვერდით მდგარი ეკრანისკენ გქონდეთ მიბრუნებული.
- თვალების ჯანმრთელობისა და მხედველობის სიმახვილისთვის საჭიროა, მონიტორი არ ირეკლავდეს სინათლის სხვა წყაროს, მაგალითად, ფანჯრიდან შემოსულ სხივებს ან ნათურის შუქს. მონიტორის ირგვლივ არც ფონური განათება უნდა იყოს მკვეთრად კონტრასტული – მეტისმეტად ძლიერი ან მეტისმეტად სუსტი.
- დაიხსომეთ ოქროს წესი: 30 წუთში ერთხელ აუცილებელია ორ-სამწუთიანი შესვენება – წამოდექით და გაიარ-გამოიარეთ, შეასრულეთ თავისა და მხრების მსუბუქი, წრიული მოძრაობები, გაშლილი ხელებით ჰაერში რამდენჯერმე შემოხაზეთ წრე.
- კარგია თავის თმიანი ნაწილისა და კისრის მასაჟი. დაიწყეთ მასაჟი შუბლიდან და წრიული მოძრაობებით კისრის უკანა ნაწილისკენ გადაინაცვლეთ.
რა თქმა უნდა, ხერხემლისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ სამუშაო განწყობას ნამდვილად აგიმაღლებთ ნათელი, ხალისიანი ფერები. სამუშაო მაგიდაზე ადგილი საყვარელი ადამიანების ფოტოებისთვისაც გამონახეთ – მათი მოღიმარი სახეები შრომას გაგიადვილებთ. დაბოლოს, საქმეში თავჩარგულს, არ დაგავიწყდეთ წყლის სმა. უჯრაში ბოთლით ყოველთვის უნდა გედგათ წყალი, რომელიც ენერგიითა და ხალისით აგავსებთ.
თამარ ციბალაშვილი