წამლის გზა: ლაბორატორიიდან აფთიაქამდე

გააზიარე:

წამლის შეძენა დღეს უმარტივესი პროცედურაა – შეხვალ აფთიაქში და იყიდი, და თუმცაღა თითქმის ყოველგვარი ავადმყოფობის წამალი არსებობს, თავად ავადმყოფობა არსად გამქრალა, ამიტომ გზას სახლიდან აფთიაქამდე და უკან დროდადრო ყველა ჩვენგანი გადის.

მაგრამ იმაზე თუ გიფიქრიათ, რა გზა გამოიარა თავად წამალმა? მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი მის მსვლელობას ქიმიური ლაბორატორიიდან აფთიაქამდე.

 

მთავარი კრიტერიუმები

წამალს ორი რამ მოეთხოვება – უსაფრთხოება და ეფექტურობა. ქიმიური ნივთიერება, რა ეფექტურიც არ უნდა იყოს, თუ ორგანიზმისთვის ზიანი მოაქვს, წამლად ვერ გამოდგება. სწორედ ამ ორ კრიტერიუმს აფასებენ წამლის კვლევის დროს.

კვლევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. მხოლოდ ყველა მათგანის წარმატებით გავლის შემდეგ თუ ჩაითვლება პოტენციური წამალი “ნამდვილ” წამლად.

კვლევის მიზანი იმის გარკვევაა, როგორ შეიწოვება, ნაწილდება, მეტაბოლიზდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან წამალი. შეისწავლიან მისი მოქმედების მექანიზმს, ადგენენ საუკეთესო დოზას, მიღების საუკეთესო ფორმას, გვერდით ეფექტებს, წამლის მოქმედებაზე ეთნიკური და რასობრივი ნიშან-თვისებების გავლენას, სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებას...

წამლების კვლევა ერთგვარ ტურნირს ჰგავს: ყოველ მომდევნო საფეხურზე მათი უფრო და უფრო მცირე ნაწილი გადადის. ყოველ მომდევნო საფეხურზე რთულდება გამოცდა და იზრდება გამომცდელთა რაოდენობა: ხუმრობა ხომ არ არის – ისეთი ნივთიერება უნდა ამოარჩიონ, რომელზეც ადამიანის არათუ ჯანმრთელობა, ხშირად ყოფნა-არყოფნაც კია დამოკიდებული.

 

ლოკაცია პირველი: ქიმიური ლაბორატორია

წამალი ქიმიური მოლეკულაა. მას ქიმიკოსი ქმნის. თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. წამლის შექმნა ხანგრძლივი და მრავალმხრივი პროცესია და მასში ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მონაწილეობს.

საჭირო მოლეკულის საძიებლად ქიმიკოსს დაავადების მექანიზმის გაშიფვრა ან მისი ახლებური გაგება აძლევს ბიძგს. მას შემდეგ, რაც ქიმიკოსი ამ მოლეკულას მიაგნებს, იწყება მისი კვლევის გრძელი და რთული გზა. სწორედ ამ გზაზეა დამოკიდებული წამლის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხარისხი.

 

ქარიშხალი სინჯარაში

პირველი ეტაპი ინ ვიტრო კვლევაა. ამ დროს ტარდება ცდები იზოლირებულ ქსოვილებზე. ამ ცდების ერთადერთი მიზანი ქიმიური მოლეკულის ტოქსიკურობის დადგენაა. ამ საფეხურის წარმატებით გავლის შემთხვევაში იწყება მომდევნო ეტაპი, რომელსაც პრეკლინიკური კვლევა ეწოდება.

 

ცხოველები ადამიანების სამსახურში

პრეკლინიკური კვლევა ცხოველებზე ტარდება და წამლის უსაფრთხოების დადგენას ისახავს მიზნად. იკვლევენ, ხომ არ არის წამალი კანცეროგენული (ანუ ხომ არ შესწევს ონკოლოგიური დაავადების გამოწვევის უნარი), ტერატოგენული (ნაყოფის სიმახინჯის გამოწვევის უნარი), ახდენს თუ არა გავლენას გენეტიკურ აპარატზე და სხვა.

ცხოველებზე ექსპერიმენტები ჰელსინკის შეთანხმების მიხედვით მიმდინარეობს და მათ ეთიკის კომიტეტი ხელმძღვანელობს. ასე რომ, ყოველგვარი ჩარევა კანონის სრული დაცვით ხდება.

კვლევის ამ ეტაპს მედიკამენტების დაახლოებით 70% გადის. მაშასადამე, ათიდან დაახლოებით სამ შემთხვევაში წამალი სახიფათო აღმოჩნდება და მომდევნო საფეხურზე ვეღარ გადადის.

 

ცხოველიდან ადამიანზე

თუ წამალმა პრეკლინიკური გამოცდა წარმატებით ჩააბარა, იწყება მომდევნო ეტაპი – კლინიკური კვლევა. ის, თავის მხრივ, ოთხ ფაზად იყოფა. ყველაზე საშიში პირველი ფაზაა, რომლის მიზანიც წამლის ფარმაკოდინამიკისა და ფარმაკოკინეტიკის დაზუსტებაა – იმის დადგენა, ადამიანზეც ისევე მოქმედებს თუ არა აქტიური ნივთიერება, როგორც ცხოველებზე. ეს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია, ვინაიდან ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ, მაგალითად, ის, რაც ბოცვერს გულისცემას უჩქარებს, ადამიანზეც იმავე ეფექტს მოახდენს.

ზოგჯერ კვლევა ამ ფაზაშივე წყდება, რადგან ირკვევა, რომ წამალი ადამიანზე სხვაგვარ ზემოქმედებას ახდენს.

ეს გამოცდა ძალზე მცირე ჯგუფთან ტარდება – 10–დან 50-მდე კაცთან. ესენი, წესისამებრ, ჯანმრთელი მოხალისეები არიან, რომლებსაც წინასწარ აცნობენ ყველა მოსალოდნელ საფრთხეს და თანხმობის შემთხვევაში სათანადო ხელშეკრულებას უდებენ. ზოგჯერ მოხალისეთა ახლო ნათესავების თანხმობაც არის საჭირო. გასაგები მიზეზების გამო, ამ კვლევაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ პატიმრებს, ჯარისკაცებს, ბავშვებსა და ორსულებს.

 

ვიკლევთ დაავადებულებს

მეორე ფაზაში შეისწავლიან, როგორ მოქმედებს წამალი იმ ავადმყოფობის მქონე პირებზე, რომლის სამკურნალოდაც შეიქმნა. მაშასადამე, კვლევაში დაავადებულები ერთვებიან. არც ამ ფაზის მონაწილეთა რაოდენობაა დიდი – არა უმეტეს რამდენიმე ასეულისა. ამავე ფაზაში ზუსტდება დოზირების რეჟიმიც.

რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას ყოველ ეტაპზე ამოწმებენ, მაგრამ წამალი, რომელიც კვლევის ამ ფაზამდე მოვიდა, ნაკლებმოსალოდნელია, საშიში იყოს, ასე რომ, კვლევის მთავარი საგანი მისი ეფექტურობაა. ამ საფეხურს ათიდან დაახლოებით სამი მედიკამენტი გადალახავს.

 

მულტიცენტრული კვლევები

კვლევის მესამე, მულტიცენტრული ფაზა წინამორბედებზე გაცილებით მასშტაბურია. ამ ეტაპზე კვლევაში ერთვება ათასობით ადამიანი. კვლევა სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს (ვინაიდან წამლის მეტაბოლიზმი ზოგჯერ ეთნიკურ და რასობრივ თავისებურებებზეც არის დამოკიდებული). მასში ჩართულია სტატისტიკური დამუშავების ყველა მეთოდი: პლაცებოკვლევა, რანდომიზებული კვლევა, კოჰორტული კვლევა, პარალელური კვლევა და სხვა. ამ ეტაპზე საბოლოოდ იხვეწება წამლის გამოყენების მეთოდი.

მესამე ფაზაში 300-დან 3000-მდე პაციენტი მონაწილეობს და ის ერთიდან ოთხ წლამდე გრძელდება. ვინაიდან ეს ეტაპი სხვებზე ხანგრძლივია, შესაძლოა, თავი იჩინოს მანამდე უცნობმა მოგვიანებითმა გვერდითმა ეფექტებმა.

ამ საფეხურს მედიკამენტების 25-30% გადალახავს. თუ წამალი ამ კატეგორიაში მოხვდა, დაისმის მისი რეგისტრაციის ანუ ლიცენზირების საკითხი და ექსპერიმენტულ ქიმიურ ნაერთს წამლად “აკურთხებენ”.

 

კვლევა სიბერემდე

საქმე ამით არ მთავრდება: მას შემდეგ, რაც მედიკამენტი ბაზარზე გავა, იწყება კლინიკური გამოცდის მეოთხე ფაზა – ე.წ. პოსტმარკეტინგული კვლევა. ის დაახლოებით ათ წელიწადს გრძელდება. სამწუხაროდ, არსებობს გვერდითი ეფექტები, რომელთა გამოვლენასაც გაცილებით მეტი ხანი სჭირდება, ვიდრე პრეკლინიკური თუ კლინიკური გამოცდის ხანგრძლივობაა. სწორედ ამ ეფექტებს აკვირდებიან პოსტმარკეტინგული კვლევების დროს. მაშასადამე, გამოსვლიდან ათი წლის განმავლობაში წამალი ჯერ კიდევ კვლევის სტადიაშია და შესაძლოა, მის შესახებ არსებული ინფორმაცია შეიცვალოს.

 

კვლევა შესაძლოა ნებისმიერ ეტაპზე შეწყდეს ან გახანგრძლივდეს. მაგალითად, თუ ექსპერიმენტულ ფაზაში რაიმე ნაკლი გამომჟღავნდა, წამლის სტრუქტურას ცვლიან და კვლევა ხელახლა იწყებენ.

 

სახელებმა რომ არ დაგვაბნიოს

თავდაპირველად წამალს ქიმიური სახელი ჰქვია. ეს სახელი საკმაოდ გრძელი და რთულია, თუმცა ექიმისა და პაციენტისთვის ნაკლებმნიშვნელოვანი.

კლინიკური კვლევის მესამე ფაზის დასრულების შემდეგ წამალს საპასპორტო, იგივე გენერიკული სახელი ენიჭება, მაგრამ ზოგჯერ სპონსორი კომპანია არ ეთანხმება გენერიკულ სახელს და წამალს სხვა სახელს არქმევს. ასე ჩნდება წამლის შეფუთვაზე ორი სახელწოდება: კომერციული და გენერიკული (ამ უკანასკნელს, წესისამებრ, ფრჩხილებში წერენ).

ოცი წლის განმავლობაში წამლის პატენტი სპონსორს ეკუთვნის. ამ ხნის გასვლამდე არავის აქვს უფლება, ბაზარზე იგივე წამალი გამოიტანოს. ოცი წლის შემდეგ მოლეკულა საყოველთაო ხდება, მისი გამოშვება ნებისმიერ მწარმოებელს შეუძლია და ყველა მათგანს აქვს უფლება, წამალს თავისთვის მოსაწონი სახელი დაარქვას (თუმცა შეფუთვაზე გენერიკული სახელის მითითება აუცილებელია). ამრიგად, ერთი და იგივე ქიმიური სუბსტანცია ბაზარზე სხვადასხვა სახელით ჩნდება.

 

ვინ უკვეთავს წამალს

წამალს, წესისამებრ, ფარმაცევტული კომპანია უკვეთავს, იშვიათად – თავად ავტორიც. კვლევების ორგანიზება, დაფინანსება და კონტროლი დამკვეთს ევალება. მკვლევრები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას – პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს კვლევები. მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი გადაწყვეტენ:

ვის აქვს კვლევაში მონაწილეობის უფლება (მაშასადამე, დაადგენენ შერჩევის კრიტერიუმებს);

  • რამდენი ადამიანია საჭირო;
  • რამდენ ხანს გაგრძელდება გამოცდა;
  • შედგება თუ არა საკონტროლო ჯგუფი კვლევის ცდომილების შესამცირებლად;
  • როგორ და რა დოზით მისცემენ პრეპარატს პაციენტებს;
  • როგორ გააანალიზებენ მონაცემებს.

მსოფლიოში არც ისე ბევრია ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც შეუძლია, თავს წამლის დამზადების უფლება მისცეს, ვინაიდან ეს პროცესი კოლოსალურ ხარჯებს უკავშირდება. ერთი წამლის დამზადება ასეულობით მილიონი დოლარი ჯდება და ზოგჯერ თხუთმეტ წელიწადსაც კი მოითხოვს, ამიტომ, როცა მედიკამენტების მრავალფეროვნება თვალს მოგვჭრის, გავიხსენოთ, რომ “ახალი” წამლები ასეთი სიხშირით ვერ შეიქმნება; უმეტესად ერთი და იმავე წამლის სხვადასხვა ფორმას ვუცქერით და არა არსობრივად ახალ მედიკამენტებს.

 

გვანცა გოგოლაძე

 

 

გააზიარე: