რას გულისხმობს პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამა

გააზიარე:

2012 წელს საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვა პრიორიტეტად გამოაცხადა. მას შემდეგ ამ სფეროში არაერთი ძირეული წარმატებული რეფორმა განხორციელდა. დაიწყო ფუნდამენტური ცვლილებები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნითაც. პერინატალური რეგიონალიზაცია – ასე ეწოდება პროგრამას, რომელსაც ამჟამად ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო და რომელზეც დარგის მესვეურები დიდ იმედს ამყარებენ. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ რეფორმის შედეგად ორსულებს ნებისმიერ სამშობიარო სახლში მშობიარობის უფლება აღარ ექნებათ.

სახელდობრ, რას გულისხმობს ეს რეფორმა და რა შეიცვლება მისი დასრულების შემდეგ თითოეული მოქალაქისთვის? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ. ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის კოორდინატორი მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი გვესაუბრა:

 

– პერინატალური რეგიონალიზაცია ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ეს არის პროგრამა, რომელიც ძალზე სწრაფად აამაღლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. უკვე ჩატარებული სამუშაოს შედეგები იმედის მომცემია და იმედი გვაქვს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით ჩვენს ქვეყანაში მალე კარდინალური ცვლილებები მოხდება.

– სახელდობრ, რას გულისხმობს რეფორმა?

– რეფორმის ფარგლებში ფასდება პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებები და თითოეულ მათგანს ენიჭება ესა თუ ის დონე. ამიერიდან ორსული, ჯანმრთელობის მდგომარეობის კვალობაზე, შესაბამისი დონის დაწესებულებაში იმშობიარებს.

რეფორმა მხოლოდ სამშობიარო სახლების შეფასებას არ გულისხმობს. ეს ძალზე ხანგრძლივი და მრავლისმომცველი პროცესია. თავდაპირველად განისაზღვრა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამა თუ იმ დონის დაწესებულება და შემუშავდა სპეციალური ფორმა ამ დაწესებულებათა შესამოწმებლად, ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ნორმატიული ბაზის მოწესრიგება, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული პროცესის რეგულირება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სამედიცინო დაწესებულებების შეფასება.

ფასდება დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიული სერვისის სიმძლავრე და მოცულობა, სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი და რაოდენობა (მაგალითად, ფიზიკურად შეუძლებელია, რვა სუნთქვის აპარატს ემსახურებოდეს ერთი ექიმი და ერთი ექთანი, რაც არ უნდა მაღალკვალიფიციური იყოს ის). შეფასების შემდეგ დაწესებულების ხელმძღვანელობას ვაცნობებთ, რა პრობლემები გამოიკვეთა მათთან და ვაძლევთ რეკომენდაციებს ამ პრობლემების აღმოფხვრის შესახებ: მივუთითებთ, კიდევ რა ტიპის აპარატურა შეიძინონ, რამდენი კადრი დაიმატონ, რა მიმართულებით გააფართოონ ლაბორატორიული სერვისი და ა.შ.

დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკაში ოჯახზე ორიენტირებული ინდივიდუალური ბლოკ-პალატის არსებობას, სადაც ქალი ახლობელ ადამიანთან ერთად იქნება მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ, ერთგვარ ოჯახურ გარემოში, ექიმისა და ბებიაქალის მეთვალყურეობით, მშვიდად მიიღებს საკვებს, ჩაიტარებს ჰიგიენურ პროცედურებს...

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შემოწმებას ახორციელებენ ქვეყნის წამყვანი, გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ექსპერტები, მეან-გინეკოლოგები და ნეონატოლოგები. შემოწმება ორჯერ ტარდება. პირველი შემოწმების შემდეგ კლინიკა, როგორც გითხარით, რეკომენდაციებს იღებს. შუალედში ამავე ექსპერტების მიერ საერთაშორისო პრაქტიკისა და ქვეყნისათვის ადაპტირებული პროტოკოლებით ხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება. შემდეგ ტარდება განმეორებითი შემოწმება, რომლის შედეგადაც სამშობიაროს ენიჭება შესაბამისი დონე.

პროცესის დასაწყისშივე განისაზღვრა კომპეტენციები სამივე დონის კლინიკებისთვის, ითქვა, რა ტიპის პაციენტი რომელი დონის კლინიკაში უნდა მოხვდეს. თუ დაწესებულებაში შემთხვევით მივიდა ისეთი პაციენტი, რომლის მართვისთვის საჭირო სიმძლავრე ამ დაწესებულებას არ გააჩნია, ის დროულად უნდა გადაამისამართონ შესაბამისი დონის კლინიკაში.

– ასეთი პროგრამა სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს? ვისი გამოცდილებით იხელმძღვანელეთ?

– ცხადია, გავეცანით საერთაშორისო გამოცდილებას და ვეცადეთ, მოგვეხდინა ყოველი პუნქტის ქართულ რეალობასთან ადაპტირება. ნიმუშად ავიღეთ ყველაზე წარმატებული ქვეყნების – აშშ-ს, ისრაელის პრაქტიკა, მაგრამ გავითვალისწინეთ გარდამავალი ეტაპის თავისებურებებიც და აქცენტი დავსვით ისეთ ქვეყნებზე, რომლებმაც საქართველოს მსგავს ვითარებაში მოკლე ხანში მიაღწიეს დიდ წარმატებას. შეიძლება ითქვას, გზა გაგვიკვალეს იაპონიამ, ჩეხეთმა, პორტუგალიამ, ბელორუსიამ, ავსტრალიამ. ამ ქვეყნებმა, რომლებიც დედათა და ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებლით მსოფლიო რეიტინგში ოცდაათეულის მიღმა იყვნენ, რამდენიმე წელიწადში პირველ ათეულში გადაინაცვლეს. გასაოცარია იაპონიის მაგალითი. ის პერინატალური სერვისების კუთხით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა 60-იან წლებში მსოფლიოში ყველაზე უარესი მაჩვენებლები ჰქონდა. მაგალითად, ბავშვთა სიკვდილობა გასული საუკუნის 60-იან წლებში იქ 161,4-ს აღწევდა. დღეს ასეთი მაჩვენებელი შესაძლოა ყველაზე განუვითარებელ ქვეყნებსაც კი არ ჰქონდეთ. ისრაელში, პორტუგალიასსა და ჩეხეთშიც უმძიმესი მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით – სწორედ პერინატალურმა რეგიონალიზაციამ შეუწყო ხელი მოკლე ხანში გიგანტური ნახტომის გაკეთებას. ეს გახლავთ სწრაფი განვითარების ყველაზე მოქნილი და აპრობირებული გზა. ამიტომ გვაქვს იმედი, რომ შედეგები ჩვენი ქვეყნისთვისაც ასეთივე შთამბეჭდავი იქნება.

– რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილობის საკითხი, რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროს რეფორმირება?

– დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა ძალზე სენსიტიური თემაა. დამეთანხმებით, ერთი ბავშვისა და ერთი მშობიარის დაღუპვაც კი უდიდესი ტრაგედიაა ოჯახისა და ქვეყნისთვის. ასე რომ, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა – ორსულები და ბავშვები საერთოდ არ უნდა იღუპებოდნენ, ამიტომ მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. რაც არ უნდა დაბალი ჰქონდეთ მათ სიკვდილობის მაჩვენებლები, ეს პრიორიტეტი მაინც უცვლელი რჩება. მით უმეტეს აქტუალურია პრობლემა განვითარებად ქვეყნებში. მართალია, უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, წელს კი დედათა სიკვდილობაც შემცირდა და იმედია, ასევე გაგრძელდება, თუმცა შარშან დედათა სიკვდილობის თვალსაზრისით კვლავ მატება შემიჩნეოდა. სიტუაცია დიდ ყურადღებას მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ ამ პროცესის დასაწყებად ჯერ კიდევ 2010 წელს ვიყავით მზად, მაგრამ მაშინ ინიციატივა მთავრობის წინააღმდეგობას წააწყდა. ახლა კი ესოდენ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების სურვილიც ჩანს და მხარდაჭერაც იგრძნობა. ამიტომ, ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიმღებებს საზოგადოების მხრიდან დიდი მადლობა ეკუთვნით.

– როდის დაიწყო რეფორმა და უკვე შესაძლებელია თუ არა შედეგებზე საუბარი?

– იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პილოტური პროგრამა 2015 წლის 1 მაისს ამოქმედდა. იმერეთში, თბილისის შემდეგ ყველაზე დიდ რეგიონში, გასაოცარი შედეგი მივიღეთ – ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადრეული ნეონატალური სიკვდილი და დედის სიკვდილის ასევე ერთი შემთხვევა აღირიცხა. მინიმუმამდე დავიდა მკვდრადშობადობაც. ეს პროგრამის დიდ წარმატებაზე მიანიშნებს. რეფორმის ფარგლებში საგრძნობლად იკლო რეფერალმაც – არა მარტო კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის, არამედ რეგიონიდან გაყვანის მაჩვენებელმაც. აქამდე იმერეთიდან პაციენტების 80% თბილისში მოჰყავდათ, რეფორმის დაწყების შემდეგ კი ასეთი პაციენტები იმერეთშივე, მესამე დონის კლინიკაში იყრიან თავს და მხოლოდ 20% გადის სამკურნალოდ რეგიონის გარეთ. ეს სახელმწიფო ხარჯების დაზოგვასაც უწყობს ხელს და პაციენტთა ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც აუმჯობესებს გამოსავალს. რაც მთავარია, აღარ იგვიანებს რეფერალი – თუ წინათ ტრანსპორტს აგვიანდებოდა და დაყოვნების დრო 72 საათი და მეტიც კი იყო, რეფორმის შემდეგ ის 5 საათამდე შემცირდა.

– რა შემთხვევაში მოუწევს ქალს მესამე დონის დაწესებულებაში მშობიარობა, რომელი მდგომარეობები წარმოშობს მაღალ რისკს?

– ორსულობის 34-ე კვირამდე მშობიარობა მხოლოდ მესამე დონის კლინიკამ უნდა მიიღოს. ამ დრომდე დაბადებულ ბავშვს უმეტესად ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილებაში (ნეონატალურ კრიტიკულ განყოფილებაში) მოთავსება სჭირდება, მეორე დონის კლინიკას კი, მით უმეტეს – პირველი დონისას, ასეთი განყოფილება არ გააჩნია. ორსულმა საშვილოსნოთი – ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტით – უნდა მიიყვანოს ნაყოფი შესაბამის კლინიკაში. ასე ბავშვის სიცოცხლე გარანტირებულად დაცულია და გამოსავალი – გაცილებით უკეთესი.

დედისა და ბავშვის უსაფრთხოებისთვის ექსტრაგენიტალური პათოლოგიების მქონე ორსულებიც აუცილებლად მესამე დონის კლინიკაში უნდა მოხვდნენ, რადგან ეს პათოლოგიები სცდება სამეანო სფეროს და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობას მოითხოვს, ასეთი კი მესამე დონის დაწესებულებაა.

მაღალი რისკის ფაქტორად შეფასდა ორზე მეტი საკეისრო კვეთაც, ვინაიდან ამ დროს მაღალია სისხლდენით გართულების საშიშროება, მაგრამ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ზოგიერთ მეორე დონის კლინიკას, ექიმის კვალიფიკაციის გათვალისწინებით, მესამე საკეისრო კვეთის ჩატარების ნება დაერთოს.

ეს – რაც შეეხება დედისმიერ ფაქტორებს. ნაყოფის მხრივ კი, როგორც მოგახსენეთ, ყველა შემთხვევა, რომელსაც თან ახლავს ნაადრევი მშობიარობის რისკი, მესამე დონის კლინიკის მიერ უნდა იმართოს, რათა ბავშვი პირველივე წუთებიდან საიმედო ხელში მოხვდეს და შემდგომ მაღალტექნოლოგიურ დაწესებულებაში გადაყვანა აღარ დასჭირდეს.

რეფორმა, შეიძლება ითქვას, ყინულმჭრელივით მიიწევს წინ. მისი წარმატება აუცილებლად მიგვიყვანს არაპერინატალური სერვისების სტრატიფიცირებამდეც.

– ვინ აფასებს ამ ყველაფერს?

– სამინისტროში შექმნილია პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო ჯგუფი. მასში შედიან ჯანდაცვის ორგანიზატორები, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტი მეან-გინეკოლოგები და ექსპერტი ნეონატოლოგები. ჯგუფს ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე – ქალბატონი ნინო ბერძული, რომელსაც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში მრავალ ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

პერინატალური რეგიონალიზაცია არ არის იმპერატიული პროცესი, მასში თანაბრად მონაწილეობენ ჯანდაცვის ორგანიზატორები, ექსპერტები, მენეჯერები და სამედიცინო პერსონალი. ეს პროცესი გუნდურ მუშაობას ეფუძნება. სხვაგვარად მიზანს ვერ მივაღწევთ.

გასაოცარი ამბები ხდებოდა: როდესაც კლინიკებს, რომლებიც 1000 დოლარსაც აღარ აბანდებდნენ აღჭურვილობაში, ვუხსნიდით, რომ სჭირდებოდათ, პირობითად, 100 000 დოლარის ინვესტიცია ამა და ამ სერვისის უზრუნველსაყოფად, – წინააღმდეგობას არ გვიწვდნენ. ხვდებოდნენ, რომ ეს მათსავე სასიკეთოდ ხდებოდა. ასე რომ, არავითარ დაბრკოლებას კლინიკების მენეჯმენტის მხრივ არ შევხვედრივართ. პირიქით, ძალზე მოწადინებულნი იყვნენ, დაეხვეწათ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ახალ სიმაღლეზე აეყვანათ დაწესებულება. მაგალითად, ახლახან ჩამოვედი ბათუმიდან, სადაც ორი ისეთი მაღალი დონის კლინიკაა, თვალდახუჭულს შეგიძლიათ ენდოთ. განახლებული ინფრასტრუქტურა, განახლებული აპარატურა და, რაც მთავარია, გადამზადებული მედპერსონალი – იმ ძირითად ნოზოლოგიებში, რომელთა გამოც დგება დედათა და ბავშვთა სიკვდილობა, კადრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადავამზადეთ. გადამზადება გაიარა ყველა ნეონატოლოგმა, ყველა მეან-გინეკოლოგმა და ანესთეზიოლოგმა. ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

– ალბათ, გაჩნდება კითხვა – საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა პირველი დონის დაწესებულება?

– პირველი დონის კლინიკები დედაქალაქსა თუ დიდ ქალაქებში მართლაც არ უნდა იყოს. ისინი დარჩება უმთავრესად მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მცირეა მშობიარობათა რიცხვი, მაგრამ ვინაიდან დგას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა, სასურველია, პირველი დონის კლინიკა მაინც ფუნქციობდეს. პერინატალური სერვისების მიმწოდებელი ქსელის ხერხემალს მეორე დონის კლინიკები ქმნიან. მცირე უნდა იყოს მესამე დონის დაწესებულებათა რიცხვიც, რადგან ორსულობა უმეტესად ჯანმრთელი ფიზიოლოგიური პროცესია. საქართველოს ტიპის ქვეყანას 2-3 პერინატალური ცენტრიც ეყოფა. ამას დროთა განმავლობაში ბაზარი დაარეგულირებს. ცოტა მეტია საჭირო ნეონატალური კრიტიკული განყოფილება, ვინაიდან ახალშობილთა გართულებები სტატისტიკურად უფრო ხშირია. ამჟამად დედაქალაქში სულ ოთხი მესამე დონის კლინიკაა:

  • თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფო;
  • აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი;
  • “პყნეო – ეკოსისტემა”;
  • პირველი საავადმყოფო.

– როდის დასრულდება სამედიცინო დაწესებულებებისთვის დონეების მინიჭების პროცესი?

– ამჟამად საქართველოში პერინატალური სერვისის მიმწოდებელი 107 დაწესებულებაა. მათგან შეფასებულია 84. დონე მინიჭებული აქვს 33-ს. განმეორებითი შეფასება ჩატარებულია 23 კლინიკაში, რომლებსაც დონეები იანვარში მიენიჭებათ. განმეორებით შეფასებას ელოდება 17 კლინიკა. დანარჩენი კლინიკების შეფასება და დონის მინიჭება 2017 წლის ბოლომდე მოხდება.

პროგრამის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროგრამაში მონაწილე ექსპერტ მეან-გინეკოლოგებსა და ექსპერტ ნეონატოლოგებს: საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტ ნუკრი ქანთარიას, მამუკა ნემსაძეს, პლატონ მაჭავარიანს, ნოდარ ზალდასტანიშვილს, აკაკი ბაქრაძეს, თამარ ანთელავას, ხათუნა ლომოურს, მაია უჩანეიშვილს და მარიკა პეტრიაშვილს, – განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა. ალბათ, მადლობა ეკუთვნით ქართველი ხალხისგან თავად მინისტრს და მის მოადგილესაც, ვინაიდან რომ არა სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ესოდენ მნიშვნელოვანი პროგრამა წარმატებით ვერ განხორციელდებოდა.

 

 

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: