საშიშია თუ არა სეფსისი

გააზიარე:

 

“საშიში” დიაგნოზი – სეფსისი


“ჩემს პაწიას ისეთი მაღალი სიცხე აქვს, ძლივსღა ვუზომავ! ისეა მივარდნილი, ჭამის კი არა, ტირილის თავიც აღარ აქვს. ნეტავ სეფსისი ხომ არ დაეწყო?” – წუხან ახალშობილის მდგომარეობით შეშფოთებული მშობლები.

ნამდვილად სეფსისზე მეტყველებს თუ არა გახანგრძლივებული ცხელება ან რამდენად საშიშია იგი ახალშობილისთვის? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური  დაცვის სამინისტროს ექსპერტი სეფსისის დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  მალვინა ჯავახაძე.

-რა არის სეფსისი და რამდენად საშიშია ის ახალშობილისათვის?

–სეფსისი გენერალიზებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც უმთავრესად პირობით-პათოგენური მიკრობები (უპირატესად – სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები) იწვევენ. ეს ის მიკროორგანიზმები გახლავთ, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მუდმივად ბინადრობენ, მაგრამ ჯანსაღ ორგანიზმს ვერაფერს აკლებენ. ახალშობილთა სეფსისი მეტად მძიმე დაავადებაა. მისი ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – 15-50%-ის ფარგლებში მერყეობს.

პროგნოზი  დამოკიდებულია სეფსისის გამოვლენის დროზე, დაავადების სიმძიმესა (სიკვდილიანობა ძალზე მაღალია ელვისებური სეფსისის დროს) და ახალშობილის ორგანიზმზე (ყველაზე საშიშია სეფსისი დღენაკლული ახალშობილებისთვის).

ამჟამად სეფსისი უპირატესად განვითარებული ქვეყნების პრობლემაა. ეს იმიტომ, რომ დაავადების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო მანიპულაციებისა და  რთული ქირურგიული ოპერაციების სიხშირე. რაკი ამგვარ მანიპულაციებს უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში მიმართავენ, სეფსისიც უმეტესად იქ იჩენს თავს.

-ცნობილია, რომ სეფსისი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ახალშობილებს ემუქრება. რა იწვევს ახალშობილთა სეფსისს ან რატომ არის ის განსაკუთრებით საშიში?

–ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს ნაყოფი სავსებით სტერილურ გარემოშია. დაბადებისთანავე იწყება ორგანიზმის (კანის, სასუნთქი გზების, ნაწლავების) სასარგებლო მიკროორგანიზმებით დასახლება – მიკროფლორის ჩამოყალიბება, რომელიც ერთიან ბალანსირებულ სისტემას წარმოადგენს. თუკი ეს ბალანსი დაირღვა, ინფექციური პროცესიც არ დააყოვნებს.

ინფიცირება შეიძლება მოხდეს როგორც ენდოგენური (ორგანიზმში არსებული მიკროორგანიზმების გააქტიურების ხარჯზე), ასევე ეგზოგენური გზით – გარემოდან მოხვედრილი მიკრობებით (მაგალითად, კათეტერებისა და ზონდის გამოყენებისას).

სამ წლამდე ასაკის ბავშვებში სეფსისს კლინიკური  მიმდინარეობის რამდენიმე თავისებურება ახასიათებს, ხოლო სამი წლის შემდეგ ის ისევე მიმდინარეობს, როგორც მოზრდილებში. თუკი სეფსისით დაავადებულ ზრდასრულ პირებში პოლიორგანული დაზიანება დაავადების უკანასკნელ სტადიაზე, სეფსისური შოკის დროს ვითარდება, ახალშობილებში ღრმა პათოლოგიური ცვლილებები (პოლიორგანული უკმარისობა) იმთავითვე იჩენს თავს.

ახალშობილის იმუნური სისტემა ინფექციის გამომწვევს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევს – თოთო, მოუმწიფებელ ორგანიზმს მიკრობის ლიკვიდაცია არ შეუძლია. ამიტომაც ხდება ასე ადვილად ინფექციური პროცესის გენერალიზაცია – მთელ ორგანიზმში გავრცელება.

-უპირატესად როდის ინფიცირდება ბავშვი ან როდის გამოვლინდება ინფექცია?

–ახალშობილთა სეფსისი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. დაავადების გამოვლენის დროის კვალობაზე, განვასხვავებთ თანდაყოლილ ადრეულ სეფსისს, როდესაც პათოლოგია ბავშვის სიცოცხლის პირველსავე კვირას იჩენს თავს და მივიჩნევთ, რომ ინფიცირება ტრანსპლაცენტურად – მუცლადყოფნის პერიოდშივე მოხდა, და თანდაყოლილ მოგვიანებით სეფსისს, როდესაც ინფიცირება მშობიარობის დროს ხდება და დაავადება სიცოცხლის პირველ თვეებში გამოვლინდება. გამომწვევი ორივე შემთხვევაში შეიძლება ერთი და იგივე იყოს: B ჯგუფის სტრეპტოკოკი, ეშერიხია, ლისტერია, ჰემოფილური ჩხირი, სოკო და სხვა.

შეძენილი სეფსისი ახალშობილს შეიძლება ჰოსპიტალში ან შინ განუვითარდეს.

-რა გზით ხვდება ინფექცია ბავშვის ორგანიზმში?

–ინფექციის შეჭრის კარიბჭის მიხედვით, სეფსისის რამდენიმე სახეს განასხვავებენ. ყველაზე ხშირად ვლინდება ჭიპისმიერი სეფსისი, რომლის მიზეზიც შეუხორცებელი ჭიპის ტაკვის არასრულფასოვანი მოვლაა. ჭიპიდან მცირედ გამონადენსაც კი მშობლები დიდი ყურადღებით უნდა მოეპყრონ, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით სტერილურად დაამუშაონ ტაკვი.

გარდა ამისა, სეფსისი შეიძლება იყოს ფილტვისმიერი, ნაწლავური, კანისმიერი, რინოფარინგეალური (ცხვირ-ხახისმიერი), უროგენული (საშარდე გზებიდან განვითარებული), ყურისმიერი, კათეტერ- და  ვენტილატორასოცირებული (ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პაციენტებში). კიდევ ერთი ფორმა გახლავთ კრიპტოგენული სეფსისი – მასზე მაშინ საუბრობენ, როდესაც ინფექციის პირველადი კერა უცნობია.

-რა უწყობს ხელს ახალშობილთა სეფსისის ჩამოყალიბებას?

– ახალშობილთა სეფსისის განვითარების რისკის ფაქტორებია:

  • დღენაკლულობა. ის სეფსისის ყველაზე ხშირი მიზეზია. სხეულის წონასა და სეფსისის განვითარების ალბათობას შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა;
  • სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა და უწყლო პერიოდის გახანგრძლივება 24 საათზე მეტი ხნით;
  • ცხელება ორსულობის პერიოდში და მის შემდეგ;
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები დედის სამეანო ანამნეზში;
  • სანაყოფე წყლების ინფიცირება;
  • სამშობიარო ბლოკში ახალშობილის რეანიმაცია;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • ინვაზიური პროცედურები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ან პარენტერული (ზონდით) კვება და ა.შ.


- სეფსისი უმთავრესად მაღალ სიცხესთან ასოცირდება. არის თუ არა ცხელება სეფსისის აუცილებელი ნიშანი? კიდევ რომელი კლინიკური სიმპტომი ახასიათებს მას?

– რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ,  ცხელება ახალშობილთა სეფსისის აუცილებელი კლინიკური ნიშანი არ გახლავთ. დაავადების ასი შემთხვევიდან 4-7 – სხეულის ნორმალური ტემპერატურის,  ხოლო 12-15 – ჰიპოთერმიის (ნორმაზე დაბალი ტემპერატურის) ფონზე მიმდინარეობს, თანაც ეს უკანასკნელი გაცილებით არაკეთილსაიმედოა, ვიდრე ცხელებით ან სხეულის ნორმალური ტემპერატურით მიმდინარე ფორმა.

სპეციფიკური კლინიკური ნიშანი სეფსისს არ ახასიათებს. ამ დროს, უპირატესად, ვლინდება წონაში კლება, მადის დაქვეითება, საერთო სისუსტე, კანის სიფერმკრთალე და სუნთქვის უკმარისობის მოვლენები. აღნიშნული კლინიკური სიმპტომებით  ადრევე უნდა მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე, ვინაიდან სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგი იგვიანებს. თანაც, გამორიცხული არ არის, ანალიზის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდეს.

-როგორ დავიცვათ ბავშვი სეფსისისგან?

–უდიდესი მნიშვნელობა აქვს სეფსისის პროფილაქტიკას. ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოს, საჭიროა, თავად დედის ორგანიზმი იყოს ჯანმრთელი. სასურველია, ქალმა ორსულობამდე შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროს და გაარკვიოს, ხომ არ აქვს ორგანიზმში ინფექციის კერა, ვინაიდან ორსულობის დროს შეიძლება მოხდეს ენდოგენური ინფექციის აქტივაცია და პათოგენური მიკროორგანიზმები ნაყოფს გადაეცეს.

პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ორსულზე მეთვალყურეობა. ნებისმიერი საეჭვო კლინიკური ნიშანი, მეტადრე – ცხელება, ჯეროვან ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელობა აქვს მშობიარობის მომენტსაც. მეანმა ადეკვატურად უნდა შეაფასოს პლაცენტისა და სანაყოფე წყლების მდგომარეობა, უწყლო პერიოდის ხანგრძლივობა. თუკი მშობიარობა პათოლოგიურად მიმდინარეობდა, სანაყოფე წყლები მღვრიე იყო, ხოლო უწყლო პერიოდი ხანგრძლივი, პედიატრმა ეს ყოველივე უთუოდ უნდა გაითვალისწინოს, ახალშობილი ინფექციის განვითარების რისკის ჯგუფს მიაკუთვნოს და დისპანსერული მეთვალყურეობა დაუწესოს.

-როგორ მკურნალობენ სეფსისს?

–სეფსისის მკურნალობა მრავალმხრივია და დაავადების კლინიკურ ფორმაზე გახლავთ დამოკიდებული. საზოგადოდ, ახალშობილთა მსუბუქი სეფსისი არ არსებობს. მეტიც, შეიძლება განვითარდეს ინფექციის ელვისებური ფორმა, რომელიც სულ რამდენიმე საათში ლეტალურად დასრულდება. 
საშუალო სიმძიმის სეფსისის დროს მკურნალობა ხანგრძლივია. ძირითადად, ინიშნება ანტიბაქტერიული (თავდაპირველად – ფართო სპექტრის, შემდეგ –მგრძნობელობის მიხედვით) და იმუნომოდულატორული საშუალებები. არსებობს საერთაშორისო მეთოდური რეკომენდაციები (გაიდლაინები) და პროტოკოლები, რომლებიც ზუსტად მიგვითითებენ, როგორ ვუმკურნალოთ ამა თუ ფორმის სეფსისს, მაგრამ არავითარი გაიდლაინი არ გამოგვადგება, თუ ბავშვი კვალიფიციურ სპეციალისტს არ მივუყვანეთ.

სეფსისით დაავადებულთა  გადასარჩენად მთავარი სწორი მკურნალობაა, უმთავრესი კი სეფსისით დაავადებულთა დახმარების სრულყოფილი ორგანიზაციული სისტემის არსებობა, რომელიც პაციენტთა დროულ და მიზანმიმართულ ჰოსპიტალიზაციას უზრუნველყოფს.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: