ტუბერკულოზი იკურნება

გააზიარე:

კვლავ ჭლექი?!

ექიმები გვარწმუნებენ, რომ ტუბერკულოზი, რომელსაც ჩვენში ავბედით სახელს – ჭლექს უწოდებენ, არცთუ ახალგაზრდა დაავადებაა. არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი მონაცემები, რომ ის ჯერ კიდევ ჩვენს აღრიცხვამდე სცემდა თავზარს მოსახლეობას. ერთი საინტერესო ფაქტი: მუმიების გაკვეთისას აღმოაჩინეს ცვლილებები, რომლებიც ამ ინფექციური სნეულების ანალოგიურია.

მიუხედავად პრობლემის სიძველისა, დაავადებას აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს. სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელჩართულ ბრძოლას უცხადებენ ტუბერკულოზს და იმედი აქვთ, რომ დადგება დღე, როცა დაავადებას სამუდამოდ განდევნიან ცისფერი პლანეტიდან.

ტუბერკულოზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ გვესაუბრება თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე.


–ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია  იწვევს. ეს მიკროორგანიზმი უმთავრესად სასუნთქი სისტემის ორგანოებს აზიანებს. ხშირია ფილტვგარეშე ფორმებიც: ძვალ-სახსროვანი, ცენტრალური ნერვული სისტემის, შარდსასქესო სისტემის, კანის და ა.შ. ტუბერკულოზი.

-იმატა თუ არა ტუბერკულოზით ავადობამ საქართველოში?
–ტუბერკულოზის აქტუალურობა დღესდღეობით ეჭვგარეშეა, თუმცა ის თანამედროვე სენი ნამდვილად არ გახლავთ. ტუბერკულოზის განვითარების ისტორიაში აღსანიშნავია ორი მნიშვნელოვანი ფაქტი. პირველი 1882 წელს ცნობილი გერმანელი მეცნიერის რობერტ კოხის მიერ 24 მარტს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის  აღმოჩენას უკავშირდება. მეორე პერიოდი ემთხვევა გასული საუკუნის 40-იან წლებს, როდესაც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი მედიკამენტები იქნა აღმოჩენილი. ეს ერთგვარი მიღწევა იყო, რომლის შემდეგაც, დაახლოებით 80-იანი წლების დროს მეცნიერებმა ტუბერკულოზის პრობლემა გადაწყვეტილად მიიჩნიეს. სწორედ აქ იქნა დაშვებული შეცდომა, რადგანაც ჯანდაცვის მუშაკებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოადუნეს ყურადღება ამ ესოდენ ვერაგი ინფექციური დაავადების მიმართ. შედეგად 90-იანი წლებიდან ტუბერკულოზით ავადობის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პერიოდისთვის ტუბერკულოზის შემთხვევები გამოჩნდა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეს ინფექცია მანამდე აქტუალური არ გახლდათ, მაგალითად აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და სკანდინავიის ქვეყნებში. მანამდე ტუბერკულოზი უპირატესად აღმოსავლეთ აზიას, აფრიკაში, ლათონოამერიკის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის პოსტსაბჭოურ სივრცეში. 

-ამჟამად რა მდგომარეობაა ტუბერკულოზის გავრცელების თვალსაზრისით მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში?
–ყოველ წელს ტუბერკულოზისგან 2-3 მილიონი ადამიანი იღუპება. ამათგან 100 000 ბავშვია. მარტივი გადაანგარიშებით ყოველ 10 წამში ამ დაავადებისგან ერთი ადამიანი იღუპება, ხოლო 4 წამში – ინფიცირდება. მსოფლიოს მოსახლეობის 1/3 ტუბერკულოზით გახლავთ ინფიცირებული ანუ დაავადების გამომწვევი მიკობაქტერიის მატარებელნი არიან. მათგან 10% ავადდება ტუბერკულოზით. 
2020 წლისთვის ექსპერტთა პროგნოზით ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებელი რადიკალურად მოიმატებს. მაგრამ ინფექციის მთავარი ვერაგობა მაინც ის არის, რომ სიკვდილიანობა ძირითადად შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში არის გამოხატული. საყურადღებოა ისიც, რომ თუკი განვითარებულ ქვეყნებში ტუბერკულოზით ავად უპირატესად მოხუცები ხდებიან, განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა 80% შრომისუნარის მქონე, საშუალო ასაკის პირები წარმოადგენენ. 

კიდევ ერთი საგანგაშო მაჩვენებელი, რომელიც ტუბერკულოზს უკავშირდება ის გახლავთ, რომ (ფილტვის ღია ფორმით დაავადებული პაციენტი) წელიწადში 10-15 ჯანმრთელ მოქალაქეს ასნებოვნებს. 90-იან წლებში ტუბერკულოზის აფეთქება ამ თავისებურებამაც გამოიწვია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 1993 წელს ტუბერკულოზი მსოფლიო მასშტაბის საფრთხედ გამოაცხადა და შეიმუშავა DOTS პროგრამა. ეს ინგლისური აბრევიატურა, რომელიც ქართულად სიტყვასიტყვით ასე იშიფრება: კონტროლირებადი ქიმიოთერაპია უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. საქართველო 1995 წლიდან ჩაერთო DOTS პროგრამაში, სადაც 150 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული. 

-რა ნიშნებმა შეიძლება გვაეჭვებინოს ტუბერკულოზი?
–ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ხველა, რომელიც მწვავე რესპირაციულ დაავადებებს არ უკავშირდება, გულმკერდის არეში ჭვალი, წონაში მკვეთრი კვლევა. ამ ნიშნების გამოჩენისთანავე ადამიანმა უნდა მიმართოს ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებებს.

-დღეს-დღეისობით საქართველოში მრავალი ასეთი დაწესებულება არსებობს. რომელ მათგანს უნდა მიაკითხოს ადამიანმა პირველ რიგში?
–ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებები საქართველოში სამ დონედ არის დაყოფილი: საწყისი – ეს გახლავთ ტუბკაბინეტი, რომელიც საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ფუნქციონირებს; რაიონული ტუბდისპანსერები და ბოლოს – ყველაზე ფართე პროფილის ცენტრი, თბილისში არსებული ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნული ცენტრი, სადაც პაციენტებს ყოველგვარ მომსახურებას უწევენ, ამასთანავე – სრულიად უსასყიდლოდ.

-სხვა დონის დაწესებულებებში ტუბერკულოზის მკურნალობა ფასიანია?
–საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობა ნებისმიერი დონის ტუბდაწესებულებაში უფასოა. მოიცავს პრევენციას, თერაპიას, ქირირგიულ მკურნალობას და კურორტოლოგიურ მკურნალობას კურორტ აბასთუმანში. თუკი ადამიანს გამოკვლევის შედეგად ტუბერკულოზი აღმოაჩნდება, უფასოდ მოხდება მისი ოჯახის წევრების გამოკვლევაც.  

-იკურნება თუ არა ტუბერკულოზი?
–იკურნება, თუ ავადმყოფი სპეციალისტს დროულად მიმართავს. მკურნალობის შედეგისთვის მნიშვნელოვანია თერაპიის უწყვეტობაც. არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც ტუბერკულოზის მკურნალობას უკავშირდება და საქართველოში მეტად აქტუალურია – მოსახლეობის დიდი ნაწილი რეზისტენტული შტამებით ინფიცირდება, რაც მკურნალობას ძალიან ართულებს. 

-ტუბერკულოზის გავრცელებას უმთავრესად დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ, რაც ძირითადად კვების დეფიციტს გულისხმობს. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

–ტუბერკულოზის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესთაგანია არასრულფასოვანი კვება, თუმცა ბოლო დროს მსოფლიოს წამყვანი ფტიზიატრები უფრო დიდ  პრობლემად აივ-ინფექციასა და შიდსს მიიჩნევენ. ევროპის მრავალ ქვეყანაში ტუბერკულოზით ავადობის მატება ძირითადად მაინც შიდსის გავრცელებას უკავშირებენ. 

-ხშირად ავადდებიან თუ არა ბავშვები ტუბერკულოზით?
–როგორც მოგახსენეთ, ინფიცირების შემდეგ დაავადება ყველას არ უყალიბდება, თუმცა ბავშვებში ტუბერკულოზის ჩამოყალიბების რისკი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით დაუცველნი არიან ის ბავშვები, რომლებსაც არ ჩატარებიათ ვაქცინაცია. 
ასე რომ არ მოხდეს, პედიატრები მაქსიმალურად უნდა იყვნენ მობილიზებულნი, რომ ბავშვებს BCG ვაქცინაცია ჩაუტარდეთ.     პირველი აცრა სამშობიაროშივე კეთდება, შემდეგ რევაქცინაცია ხდება. 

-რა ტიპის გამოკვლევები უტარდებათ ბავშვებს?
– ბავშვებში ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისთვის კვლევის მრავალი მეთოდი გამოიყენება, მათ შორის – რენტგენოლოგიური, ფლუოროგრაფიული, ტომოგრაფიული კვლევები, ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, რომელსაც დღეს უდიდესი სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს.
ბავშვებში, მოზრდილებისგან განსხვავებით, კვლავ აქტუალური რჩება მანტუს სინჯი.

-რამდენად საშიშია ტუბერკულოზი ორსულთათვის?
– მოგეხსენებათ, ტუბერკულოზი იმუნოდეფიციტის ფონზე აქტიურდება, ორსულობის დროს კი სწორედ ფიზიოლოგიური იმუნოდეფიციტი ვითარდება. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ დაავადება სწორედ ფეხმძიმობის პერიოდში იჩენს თავს. ამიტომ სასურველია, ქალმა დაორსულებამდე გამოკვლევები ჩაიტაროს, საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეს დაფეხმძიმებაზე ზრუნვას.
დაავადებული ქალის დაორსულება მეტად არასასურველია, მაგრამ თუკი ჩასახვა მაინც მოხდა და ორსულობის შეწყვეტა დაგვანებული ან სარისკოა, ფეხმძიმეს მკურნალობის საგანგებო სქემას ვთავაზობთ.  

-ინტერვიუს დასაწყისში ტუბერკულოზის ფილტვგარეშე ფორმები ახსენეთ. რამდენად ხშირად ვითარდება ისინი და რა მექანიზმით ხდება მათი ჩამოყალიბება?
–ტუბერკულოზის შემთხვევათა 70% ფილტვის ფორმებზე მოდის, დანარჩენი 30% – ფილტვგარეშეზე.
ვიდრე ფილტვგარეშე ტუბერკულოზის ჩამოყალიბების მექანიზმს შევეხებოდე, მსურს გითხრათ, რომ ტუბერკულოზით ინფიცირება უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით ხდება, თუმცა გამომწვევის გადაცემა ალიმენტური, კონტაქტური და პლაცენტური გზებითაც შეიძლება მოხდეს. ორგანიზმში შეჭრილი მიკობაქტერია ლიმფისა და სისხლის საშუალებით სხვადასხვა ორგანომდე მიიტანება და ფილტვგარეშე ფორმა  ყალიბდება.

-როგორ შევამციროთ ტუბერკულოზის შემთხვევათა რიცხვი? რა სახის ღონისძიებები უნდა გავატაროთ ამ დაავადების აღსაკვეთად?
–რა ძვირადღირებული მედიკამენტებითაც არ უნდა ვუმკურნალოთ, პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა მაინც პრევენციაა, რომელიც ძირითადად ცხოვრების ჯანსაღ წესს გულისხმობს.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: