ორსულთა სტომატოლოგიური პრობლემები
გააზიარე:
ქათქათა და ჯანმრთელი მარგალიტები
ღიმილი ხომ ქალბატონების სავიზიტო ბარათია! ჰოდა, ამიტომაც არის, რომ იმ 32 მარგალიტის მოსავლელად, რომლებიც ჩვენს ღიმილს ხიბლს მატებს, არც დრო და არც ენერგია არ გვენანება.
კბილების მოვლას ლამის დაბადებიდანვე გვასწავლიან, მაგრამ ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალურობას მაინც ორსულობისას იძენს. ადვილი მისახვედრია, რატომაც: გავრცელებული აზრით, ორსულობის პერიოდში კბილის სტრუქტურა იცვლება, იოლად ზიანდება და შესაძლოა, დიდი ხნის ნალოლიავები ერთი-ორი მარგალიტი დავკარგოთ კიდეც.
რა უნდა იღონოს ორსულმა, რომ ჯანსაღი და ლამაზი კბილები შეინარჩუნოს? საჭიროა თუ არა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღება? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება მანანა შარაშიძის სამედიცინო ცენტრის სტომატოლოგი ნანა მოროზი.
– სტომატოლოგთან ვიზიტი ბევრისთვის დისკომფორტსა და ტკივილთან ასოცირდება. ამიტომ არის, რომ სპეციალისტთან მისვლას და მკურნალობას უფრთხიან. სტომატოლოგს განსაკუთრებით ერიდებიან ორსულები, ფაქტობრივად კი მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ კვალიფიციური დანტისტის კონსულტაცია და საჭიროებისას – მკურნალობა.
– სტომატოლოგთან ვიზიტი ბევრისთვის დისკომფორტსა და ტკივილთან ასოცირდება. ამიტომ არის, რომ სპეციალისტთან მისვლას და მკურნალობას უფრთხიან. სტომატოლოგს განსაკუთრებით ერიდებიან ორსულები, ფაქტობრივად კი მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ კვალიფიციური დანტისტის კონსულტაცია და საჭიროებისას – მკურნალობა.
საბედნიეროდ, არიან მეტად ყურადღებიანი ქალბატონებიც, რომლებიც ორსულობისას სათანადო ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას, რასაც ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით.
-უპირატესად რომელი სტომატოლოგიური პრობლემის გამო მოგმართავენ ორსულები?
– ხშირად უჩივიან ღრძილების ანთებით დაავადებას – გინგივიტს, რომელიც უმთავრესად ორსულობის დროს ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებებით გახლავთ განპირობებული.
გინგივიტი ძირითადად სისხლდენით და კბილის ყელის გარშემო ნადების გაჩენით ვლინდება. გარდა ამისა, ზოგჯერ ყურადღებას იპყრობს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.
-უამრავი ქალი აღნიშნავს, რომ დაორსულებამდე ჯანმრთელი და მაგარი კბილები ჰქონდათ, ორსულობისას კი კბილის გვირგვინი ეშლებათ. რისი ბრალია ამგვარი ცვლილება?
– ასეთი რამ ორსულობისას მართლაც ხშირად ხდება. კარიესის პრობლემა ძირითადად კალციუმის დეფიციტს უკავშირდება. იოლი მისახვედრია, რატომაც: მომავალი დედიკო ხომ კალციუმს ნაყოფსაც უნაწილებს, ეს კი მის ორგანიზმში ამ ელემენტის დეფიციტს იწვევს. თუმცა ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, კალციუმის ის ოდენობა, რომელსაც ორსული საკვების მეშვეობით იღებს, სავსებით საკმარისია, რომ კბილების სტრუქტურა არ დაირღვეს. საჭიროების შემთხვევაში კალციუმი ნაყოფს არა კბილებიდან, არამედ ძვლებიდან მიეწოდება.
-მაშ, რას შეიძლება დავაბრალოთ კარიესი?
– კარიესის მიზეზი მეტწილად არასწორი კვებაა. მოარული აზრით, ორსულმა უნდა მიირთვას ყველაფერი, რაც სურს. ასე არამც და არამც არ შეიძლება. მაგალითად, ჭარბი ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული, გარდა იმისა, რომ წონის არასასურველ მატებას იწვევს, კბილებსაც აზიანებს.
-ამჟამად ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ პაწიას კბილებზე მუცლადყოფნის პერიოდიდანვე უნდა ვიზრუნოთ, რადგანაც სწორედ ამ დროს ვითარდება კბილის პირველი ჩანასახები.
– სარძევე კბილების ჩასახვა მუცლადყოფნის III-VI თვეს ხდება. ასე რომ, პროფილაქტიკა და კბილებზე ზრუნვა მომავალმა დედამ მართლაც ამ პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს.
სარძევე კბილების პრობლემები ბავშვს იმ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს, თუკი დედა ფეხმძიმობის დროს არასწორად იკვებებოდა, აღენიშნებოდა მძიმე ტოქსიკოზი, გადაიტანა ინფექციური დაავადება და ა. შ.
-როგორ რაციონს ურჩევდით ორსულებს, რათა არც მას და არც მის პატარას მომავალში კბილებთან დაკავშირებით პრობლემები არ გაუჩნდეთ?
– სასურველია ისეთი საკვების მიღება, რომელიც C და B ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. C ვიტამინს ჭარბად შეიცავს ციტრუსი, B ვიტამინს – ხორცეული, ხორბალი, თევზი.
-ბევრი ორსული სტომატოლოგთან ვიზიტს მხოლოდ იმიტომ ერიდება, რომ ეშინია, საანესთეზიო საშუალებებმა ნაყოფს ზიანი არ მიაყენოს.
– არაფრით არ შეიძლება, შიშის გამო ორსულმა კბილის ძლიერი ტკივილი აიტანოს ან, თუკი სერიოზული სტომატოლოგიური პრობლემა აწუხებს, ექიმთან მისვლა მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადადოს.
საზოგადოდ, თუკი აუცილებელი არ არის, ორსულობის პირველ ტრიმესტრში უხეშ სტომატოლოგიურ პროცედურებს და ნაყოფისთვის ტოქსიკური საანესთეზიო საშუალებების გამოყენებას მაქსიმალურად ვერიდებით. რაც შეეხება კბილების გაწმენდას, ის ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.
სასურველია, მესამედან მერვე თვემდე (მეორე ტრიმესტრსა და მესამე ტრიმესტრის პირველ ნახევარში) ორსული ეწვიოს სტომატოლოგს, მიიღოს მისი კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს.
საანესთეზიო საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ადრენალინს, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს, ამიტომ პირველ ტრიმესტრში, როცა ნაყოფი მტკიცედ არ არის მიმაგრებული საშვილოსნოს კედელს, მათი გამოყენება სასურველი არ გახლავთ. მართალია, ისეთი საანესთეზიო საშუალებებიც არსებობს, რომლებიც ადრენალინს არ შეიცავს, მაგრამ ისინი ნაკლებეფექტურია, ვინაიდან ადრენალინი ანესთეზიის მოქმედებას აძლიერებს.
სასურველია, სანამ სტომატოლოგს მიმართავდეს, ორსულმა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიაროს. თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგალითად, მომატებული არ აქვს საშვილოსნოს ტონუსი, სტომატოლოგიურ მანიპულაციებსა და მკურნალობას ჩვეულებრივ ჩაუტარებენ.
-როგორ უნდა მოუაროს ორსულმა პირის ღრუს? არსებობს თუ არა განსაკუთრებული რეკომენდაციები?
– ორსულმა კბილებს ჩვეულებრივ უნდა მოუაროს, არავითარი განსაკუთრებული წესის დაცვა არ არის საჭირო, თუმცა სასურველია, პირის ღრუს ოდნავ მეტი ყურადღება მიაქციოს, ვიდრე მანამდე. ურიგო არ იქნება, თუ გამოიყენებს სავლებს, რომელიც კბილებისა და ღრძილებისთვის მარგებელ მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. სასურველია სპეციალური ძაფის – ფლოსის ხშირი გამოყენებაც.
დაბოლოს, მსურს, ყველა ფეხმძიმეს ვურჩიო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პირის ღრუს ჰიგიენას. ცნობილია, რომ მომავალი დედის ჯანმრთელობა ხომ ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია.