ასაკი და სათამაშოები

გააზიარე:

“ჩემს შვილს ბარბის კოლექცია აქვს”, “ჩემს პატარას სათამაშო სპაიდერმენი ლამის დედაზე მეტად უყვარს”, “ჩემს შვილს კი ყველაზე მეტად ქვაბის 
სახურავებით თამაში ართობს!” – ხშირად გაიგონებთ დედებისგან. მაინც რას ნიშნავს პატარებისთვის სათამაშო ან რა როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში თამაში? სწორედ ამაზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ნათია ჭოჭუა.

– სათამაშოების მეშვეობით ბავშვები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ, შეიგრძნობენ გარესამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და საკუთარ თავს შეიმეცნებენ. თამაში ახალისებს და ართობს ბავშვს, აკმაყოფილებს მის მოძრაობის მოთხოვნილებას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. თამაშის პროცესში ბავშვი სოციალურად და ბიოლოგიურად ყალიბდება, უახლოვდება თანატოლებს, ეუფლება ურთიერთობისთვის აუცილებელ მეტყველებას, უვითარდება წარმოსახვა, ზნეობრივი თვისებები და ა. შ.

-ამრიგად, თამაშს უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს...

– თამაშის აღმზრდელობითი როლი მის სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული. სასურველია, მშობლებმა და აღმზრდელებმა იცოდნენ არა მარტო აღზრდის ამოცანები, არამედ იცნობდნენ ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების დონეს, მის შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ თავისებურებებს, თითოეული სათამაშოს დანიშნულებას და მათი ასაკობრივი შერჩევის პრინციპებს.

-მაინც როგორი სათამაშოებით უნდა გაერთოს ამა თუ იმ ასაკის ბავშვი?

– ორ-სამ თვემდე ასაკის პაწიას კაშკაშა, სხვადასხვა ფერის სათამაშოები სჭირდება, რომლებიც საწოლთან ან საბავშვო ეტლთან ისე უნდა დავუკიდოთ, რომ იოლად  დაინახოს და თვალი მიადევნოს. სათამაშო, რომლებსაც ბავშვი ხელით ეხება, უნდა იყოს რბილი, თბილი და ისეთი მასალისგან დამზადებული, რომ მისი კბენა და პირში ჩადება შეიძლებოდეს.

4-5 თვის ბავშვს ჩხარუნა სათამაშოები ცოტა დაბლა უნდა დავუკიდოთ, რომ შეხება შეძლოს. ისინი სხვადასხვა მასალის (პლასტმასა, ხე, ქსოვილი), ფერისა და გეომეტრიული ფორმის (პეპელა, თევზები, მზე, სახლი და ა.შ) უნდა იყოს.

11-12 თვის ბავშვს მოსწონს საგნების დაშლა და აწყობა, ერთმანეთში ჩაწყობა, სახურავების ახდა-დახურვა და ა.შ. ამ ასაკის პატარებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ მექანიკური სათამაშოები – ქათამი, რომელიც კაკანებს, დათვი, რომელიც დოლზე უკრავს, მოძრავი მატარებელი, ასევე – ბურთები და ბუშტები.

ისწავლის თუ არა ბავშვი ფეხზე დგომას, მას დასჭირდება სათამაშოები, რომლებიც შეიძლება ატაროს თოკით: ცხენი, ფისო და სხვა. ასეთი სათამაშოების საშუალებით ბავშვი ცხოველთა სამყაროს ეცნობა.

2 წლამდე ასაკის ბავშვი ვერ ხვდება სათამაშოს ემოციურ-აზრობრივ მნიშვნელობას. მას ერთადერთი რამ აინტერესებს: როგორ შეიძლება მოექცეს ამ ნივთს. მაგალითად, პატარას აღაფრთოვანებს იმის გაგება, რომ კუბიკები შეიძლება ერთმანეთზე დავაწყოთ, ჩავაწყოთ ყუთში, სათამაშო მანქანის საბარგულში და ა.შ. ეს ბავშვს ეხმარება, აღმოაჩინოს ნაცნობი საგნების ახალი თვისებები, განაზოგადოს თავისი ცოდნა. 

სამი წლის ბავშვმა უკვე  იცის, რომელი სათამაშოები სჭირდება, როგორ გამოიყენოს ისინი და რას მიიღებს შედეგად. გარემოდან მიღებული ცოდნა მას 
თავის სამყაროში გადააქვს. მაგალითად, კოვზით ჭამა თუ ისწავლა, თამაშის დროს თვითონაც მზრუნველად “აჭმევს” დედოფალას.

წლინახევრიდან ორ წლამდე  ასაკის ბავშვებს უყვართ სათამაშოები, რომლებიც შინაურ ცხოველებს, ზღაპრის ნაცნობ და მხიარულ პერსონაჟებს განასახიერებს. ორწლინახევრიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს გარეული ცხოველების გამომსახველი სათამაშოები ურჩევნიათ (ეს წიგნებიდან და ილუსტრაციებიდან მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება).

ბავშვს დადებითი განწყობა რომ გაუჩნდეს სათამაშოსა და იმ ცხოველის მიმართ, რომელსაც ეს სათამაშო განასახიერებს, ყურადღება მიაქციეთ მის გაფორმებას, ჩაცმულობას. მაგალითად, პატარებს ძალიან მოეწონებათ წინსაფრიანი სპილუკა, შარვალში გამოწყობილი ბაჭია, ქუდიანი ფისო, ჩექმებიანი მამალი. შესანიშნავი იქნება, თუ მათ მოსავლელად სპეციალურ საგნებს (მაგალითად, სავარცხელს), პატარა სახლს აჩუქებთ. შეგიძლიათ, ბავშვთან ერთად სათამაშოებს თქვენც მოუაროთ – აჭამოთ, დააძინოთ, ასეირნოთ და ა.შ.

5-7 წლის ასაკისთვის ბავშვებს უკვე შეუძლიათ დიდხანს დამოუკიდებლად თამაში. ისინი თვითონ ირჩევენ სათამაშოებს, იქმნიან პირობებს, ავითარებენ სიუჟეტს. ზოგი რამის მაგივრობას მათ სახლში არსებული ნივთებიც გაუწევთ. მაგალითად, სამზარეულოს სკამი შეიძლება სათამაშო ქურად გამოიყენონ, ბალიშები – საწოლებად.

სასკოლო ასაკში ბავშვები სწავლობენ სათამაშოს გარეშე თამაშს, მოგებას და წაგებას, წესების დაცვას, სხვისი მოგების აღიარებას, უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობას და ერთობლივ მუშაობას.

-დაბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?

– ძალიან მნიშვნელოვანია, ასწავლოთ და აჩვენოთ, როგორ ითამაშოს ბავშვმა. უნდა შეძლოთ, თამაშში პარტნიორის თანაბარი უფლებით ჩაერთოთ, შეუნარჩუნოთ თამაშს მისი შემოქმედებითი, განუმეორებელი ხიბლი და არ შეზღუდოთ  ბავშვის დამოუკიდებელი მოქმედება. ძველი სათამაშოები, რომლებიც პატარას მობეზრდა, დროებით გადამალეთ, მცირე ხნის შემდეგ კი ხელახლა გამოაჩინეთ. ბავშვი მათ აღიქვამს როგორც ახალს და კვლავ გაერთობა.

პატარებს არც ისე ბევრი სათამაშო სჭირდებათ. მთავარია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, აღვიძებდეს ფანტაზიას, ავითარებდეს ჩვევებს და, რაც მთავარია, მოსწონდეს თვით ბავშვს.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: