მიკრობები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

გააზიარე:

მისი უდიდებულესობა ვირუსი

“არ მომეკარო, ვირუსი მაქვს!” – ამ სიტყვებით ქუჩის ბნელ კუთხეში ჩასაფრებულ თაღლითს ნამდვილად ვერ შეაშინებ, მაგრამ მეგობრებს შენი მონახულების სურვილი შეიძლება რამდენიმე დღით დაუკარგო. რამდენიმე დღით და არა სამუდამოდ, რადგან ნამდვილმა მეგობრებმა კარგად იციან, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავ და, რაც მთავარია, ვირუსის ბუნებასაც იცნობენ: მისი უდიდებულესობა მიკროსკოპული, თუმცა სასტიკი არსებაა, რომელიც ორგანიზმიდან ორგანიზმში ისე დასეირნობს, როგორც არაფერი. ერთი სიტყვით, ვირუსი ინფექციური აგენტია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმში იჭრება, “ეხრახნება” მის უჯრედს და მასპინძელს თავის ჭკუაზე ატარებს.

ლათინურად virus შხამს ნიშნავს. XIX საუკუნის მიწურულს – რუსმა, ცოტა გვიან კი ჰოლანდიელმა მეცნიერებმა  თამბაქოს მოზაიკის ვირუსი აღმოაჩინეს და მას “ფილტრში გამავალი შხამიანი საწყისი” უწოდეს. შემდეგ, როგორც დროს სჩვევია, ტერმინიც დაიხვეწა და მზაკვარ მიკროორგანიზმს ჯერ “ფილტრში გამავალი ვირუსი” ეწოდა, შემდეგ კი, უბრალოდ, “ვირუსი”. 

1901 წელს ამერიკელმა სამხედრო ქირურგმა და  მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ ყვითელი ცხელების მიზეზი ვირუსი იყო. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ინფიცირებაში ბრალი ვირუსს დადეს, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მეცნიერებმა ყვითელი ცხელების ვირუსული ბუნება მხოლოდ და მხოლოდ 26 წლის შემდეგ აღიარეს.

მიკროსკოპში დანახული მონსტრი
ყველაზე მარტივი ვირუსები მხოლოდ ნუკლეინის მჟავებისგან (რომლებიც გენეტიკურ მასალას წარმოადგენენ) და დამცავი გარსისგან შედგებიან. ზოგიერთის შემადგენლობაში ცილები და ნახშირწყლებიც შედის. ერთი სიტყვით, ვირუსი სხვა არაფერია, თუ არა გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი მიკროორგანიზმი, რომელიც, ისევე როგორც კომპიუტერში ინსტალირებული დისკი, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისთანავე ბრძანებას გასცემს და ინფორმაციას ავრცელებს. ბრძანება უმეტესად ასეთია: “დაე, ჩემნაირები გამრავლდნენო” და მასპინძელიც, რაღა თქმა უნდა, ემორჩილება.

ვირუსი მრავალნაირია. ისინი განსხვავდებიან ნუკლეინის მჟავების ჯაჭვების რაოდენობით (დნმ-იანი ორჯაჭვიანია, რნმ-იანი – ერთი), ფორმით (სფერული, ცილინდრული, თავკომბალას მსგავსი), გამოწვეული სიმპტომებით და ა.შ. ამ დიდ ოჯახს ეკუთვნის ბანალური გრიპისა და შიდსის ვირუსებიც. 

სად ბინადრობენ ვირუსები

რაღა თქმა უნდა, მათი მთავარი ნავსაყუდელი ადამიანის ორგანიზმია, თუმცა სანამ ჰომო საპიენსამდე მიაღწევს, შეიძლება, დროებით ადგილნაცვალის სტატუსით რომელიმე ცხოველის ან მწერის ორგანიზმში დაიდოს ბინა. მაგალითად, ცოფის გამომწვევი ვირუსისთვის შუალედური გაჩერება მღრღნელების ორგანიზმია, მაგრამ მათ არაფერს ვნებს, თუმცა ადამიანისთვის მომაკვდინებელი ბრძანდება. გარდა სასტიკი მღრღნელებისა და ადამიანისა, ვირუსებმა შეიძლება მცენარეებში, სოკოებში, უმარტივესებსა და, რა საოცარიც უნდა იყოს, ბაქტერიებზეც კი დაიდონ ბინა. ვირუსს, რომელიც ბაქტერიის ორგანიზმში შეჭრას მოახერხებს, ფაგი ეწოდება. დაუპატიჟებელი სტუმრის ამგვარი მოქმედება გასაკვირი ნამდვილად არ არის: ვირუსი ბაქტერიაზე გაცილებით პატარაა და სულ იოლად აღწევს მის ორგანიზმში.   

და კიდევ: რას აღარ ეჩვევა ადამიანი. შენ წარმოიდგინე, ვირუსსაც კი. თურმე ეს პატარა ტირანი აგრესიულობას თანდათან კარგავს. ამაში როლს მასპინძელი ორგანიზმის შეგუების უნარიც ასრულებს. სწორედ ასე მოხდა სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული მიქსომატოზის ვირუსის შემთხვევაში. როგორც ჩანს, ამერიკელი ბოცვრები ამ ვირუსს სავსებით შეგუებულები აღმოჩნდნენ, მაგრამ ავსტრალიაში გავრცელდა თუ არა, ინფიცირებული ყურცქვიტების 99,5%-ს გაავლო მუსრი. რამდენიმე წელიწადში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 50%-მდე დაიწია. ბოცვრებიც გადარჩნენ და მეცნიერებმაც მეტად მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანეს.

როგორ ვამხილოთ ვირუსები

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პირველი კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა, მიკრობებს თითქოს მუსრი უნდა გავლებოდა – ხომ ამბობენ, თუ მტერს ახლოს იცნობ, მასთან ბრძოლა ადვილიაო. მიუხედავად ამისა, ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების სიხშირე დღითიდღე იზრდება.
რომელი პათოლოგიები გახშირდა ყველაზე მეტად? რა პრინციპით ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების სრული პროფესორი, ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი თინა ბუკია.

– ამჯერად იმ ინფექციებზე გესაუბრებით, რომლებიც სქესობრივი გზით გადაედება.

ბოლო დროს მთელ მსოფლიოში მკვეთრად მოიმატა chlamidia trachomatis-ით ავადობამ. აშშ-ში ქლამიდიოზით ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. ასეთივე სურათია ევროპის ქვეყნებში. საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა კლინიკური მონაცემებით აშკარად შეიმჩნევა ინფექციების მატების ტენდენცია. ბოლო დროს ქლამიდიოზით ავადობამ უმნიშვნელოდ იკლო, სამაგიეროდ, გაიზარდა ჰერპესით ინფიცირებულთა რიცხვი.

– გარდა ქლამიდიისა და ჰერპესისა, კიდევ რომელი მიკრობებია გავრცელებული?

– ყველაზე ხშირად გვხვდება ციტომეგალოვირუსი, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ტოქსოპლაზმა. მიიჩნევა, რომ ისინი, უნაყოფობას იწვევს, ნეგატიურად მოქმედებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სასქესო ფუნქციებზე. თუ რამდენიმე ათეული წლის წინ უშვილობის მიზეზად მხოლოდ ქალი მიაჩნდათ, ამჟამად მიიჩნევენ, რომ მამაკაცსაც არანაკლებ მიუძღვის ბრალი. სწორედ უნაყოფობის გამო ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ წყვილთა უნაყოფობის მიზეზი უმთავრესად მიკრობებია.

- როგორ ტარდება გამოკვლევა ასეთი ინფექციების გამოსავლენად?

– მათ აღმოსაჩენად სხვადასხვა გამოკვლევას მივმართავთ. ყველაზე გავრცელებული სისხლში ანტისხეულების ტიტრის დადგენა გახლავთ. ანტისხეული ის ცილოვანი კომპონენტია, რომელსაც ჩვენი ლიმფოციტები მიკრობების საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებენ. თუმცა ისიც სათქმელია, რომ შესაძლოა, მიკრობი მრავლად შეიჭრას ორგანიზმში, მაგრამ იმუნიტეტის  დაქვეითების გამო ანტისხეულები მცირე რაოდენობით წარმოიქმნას. ამგვარად, ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა არცთუ სავსებით საიმედო მეთოდია. საზოგადოდ, M ჯგუფის ანტისხეულების აღმოჩენა მწვავე პროცესზე მიუთითებს, ხოლო G ანტისხეულებისა – ქრონიკულ ინფექციაზე.

ხდება ისეც, რომ მკურნალობის დასრულებიდან 10-20 დღის შემდეგ, ანტისხეულების ოდენობის ხელახალი განსაზღვრისას, აღმოჩნდება, რომ ტიტრი კვლავ მაღალია ან უმნიშვნელოდ არის შემცირებული. ასეთ შემთხვევაში ძნელი დასადგენია, განიკურნა თუ არა პაციენტი – შესაძლოა, მისი იმუნური სისტემა ვირუსებისგან გათავისუფლების შემდეგ ერთხანს კიდევ განაგრძობდეს ანტისხეულების გამომუშავებას. ამგვარად, ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა სრულფასოვან ინფორმაციას ვერ გვაწვდის. მიჩნეულია, რომ კვლევის ამ მეთოდის სარწმუნოობა დაახლოებით 50%-ს უტოლდება. გაცილებით სარწმუნო გახლავთ ანტიგენების გამოკვლევა _ იმ ცილოვანი მოლეკულების აღმოჩენა, რომლებიც კონკრეტული  გამომწვევისთვის არის დამახასიათებელი და მის ზედაპირზეა მოთავსებული. ანტიგენების აღმოსაჩენად იყენებენ სპეციალურ რეაქტივებს – ანტისხეულებს, რომლებიც მაფლუორესცირებელი (ნათების უნარის მქონე) ნივთიერებით არის დანიშნული. გამოსაკვლევი მასალის ნაცხზე რეაქტივის დაწვეთებისას მაფლუორესცირებელი ნივთიერება მიკრობს შეუკავშირდება და ლუმინესცენტური მიკროსკოპით გამოკვლევისას მწვანედ იწყებს ნათებას. წითლად ნათების შემთხვევაში ითვლება, რომ ნაცხი მიკრობს არ შეიცავს. ამ მეთოდის საიმედოობა საკმაოდ მაღალია – 90-95%-ს უტოლდება. როცა მკურნალ ექიმს პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობა აინტერესებს, ანტისხეულების გამოკვლევა განსაკუთრებით ინფორმაციულია.

- რომელი ლაბორატორიული გამოკვლევა მიიჩნევა ყველაზე სარწმუნოდ?

– ამჟამად  ვირუსული ინფექციის დიაგნოსტირების ყველაზე სარწმუნო ლაბორატორიული მეთოდი დნმ-დიაგნოსტიკა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) გახლავთ. იგი ვირუსის დნმ-ის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს და ასიდან 98-100 შემთხვევაში უტყუარია, თუმცა ზემოხსენებულ ორ გამოკვლევასთან შედარებით საკმაოდ ძვირია.

- რამდენად ინფორმაციულია დათესვის მეთოდი?

– ზოგიერთი ინფექციის, მაგალითად, ქლამიდიოზის დროს ის “ოქროს სტანდარტად” მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში ვიღებთ მაკკოის ნიადაგს, რომელიც უჯრედების, სახელდობრ, მაკროფაგების  ფენას წარმოადგენს.

ქლამიდიასთან ურთიერთქმედების შედეგად მინაზე გაკრული ნიადაგი “ავადდება”, რის შემდეგაც ლუმინესცენტური მიკროსკოპით, რომელსაც ანტიგენების კვლევის დროსაც ვიყენებთ, ვადგენთ მასში მიკროორგანიზმის არსებობას.

-მიკრობთანკონტაქტის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება მისი აღმოჩენა?

– ეს მიკრობის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის ავიღოთ ქლამიდია, რომელსაც აქვს ორი განსხვავებული სახეობა: ელემენტარული და რეტიკულური სხეულაკი. პირველი მათგანი ახდენს ინფიცირებას, ჩაჯდება უჯრედში, გადაიქცევა რეტიკულურ სხეულაკად, მრავლდება და ელემენტარულ სხეულაკებს წარმოშობს. ამ პროცესს ორი-სამი დღე (48-72 საათი) სჭირდება. ამ ხნის შემდეგ უჯრედიდან გამოიტყორცნება ახალი ქლამიდიები, რომლებიც სხვა უჯრედებში ჩაჯდება, რასაც კვლავ სამდღიანი ინკუბაციის პერიოდი მოყვება  და ა.შ. ასე რომ, ინფიცირებიდან სამი დღის შემდეგ უკვე შეგვიძლია, ქლამიდია აღმოვაჩინოთ.

სხვა მიკრობებს შედარებით ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდი აქვს, თუმცა უთუოდ უნდა ითქვას, რომ იმ დროს, როცა ადამიანი ამა თუ იმ ჩივილით მიმართავს სპეციალისტს და ლაბორატორიულ გამოკვლევას იტარებს, მათი აღმოჩენა უკვე შესაძლებელია. 

-როგორც თქვენი ნათქვამიდან ჩანს, ბევრი გამოკვლევას დაგვიანებით  იტარებს. რატომ?

– ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სქესობრივად გადამდებ ინფექციებს ერთი თავისებურება ახასიათებს: ინფექციური პროცესი ზოგჯერ ფარულად, ყოველგვარი კლინიკური ნიშნის გარეშე მიმდინარეობს და მეტისმეტად გვიან, უკვე მძიმე გართულებების სახით იჩენს თავს, თუმცა დაავადების მწვავე დასაწყისი უფრო ხშირია. ამჯერად გინეკოლოგები მიკრობებზე გამოკვლევას ბევრ უშვილო წყვილს ურჩევენ.

-ცნობილია, რომ გინეკოლოგები ორსულს ქალს რამდენიმე ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას, მათ შორის – ციტომეგალოვირუსზე, ქლამიდიაზე, ჰერპესსა და ტოქსოპლაზმაზე გამოკვლევას ურჩევენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად უსაფრთხოა   ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა?

– ორსულთათვის ასეთი გამოკვლევა მეტად მნიშვნელოვანია. ინფექციური პროცესი, რომელიც მანამდე თვლემდა, ფეხმძიმობის დროს ხშირად მწვავდება.
მკურნალობა ხშირად გაუმართლებელია, ვინაიდან შეიძლება ნაყოფს ავნოს. თუ მიკრობების ტიტრი მეტისმეტად მაღალია, სავსებით შესაძლებელია, შეირჩეს პრეპარატის დოზა, რომელიც ვირუსის ზემოქმედებას შეამცირებს. სხვაგვარად დიდია ალბათობა, სპონტანური აბორტი განვითარდეს, ბავშვს თანდაყოლილი მანკი აღმოაჩნდეს ანდა ინფიცირებული დაიბადოს.

-უპირატესად რომელი მიკრობით არიან ინფიცირებულნი ბავშვები და როგორ ვლინდება დაავადება?

– ახალშობილებში ყველაზე ხშირად ქლამიდიოზი იჩენს თავს, რომელიც უმეტესად კონიუნქტივიტით ვლინდება. ინფიცირება მეტწილად მშობიარობის დროს ხდება. ქლამიდია ეპითელური ქსოვილის ცილინდრულ უჯრედებს ასნებოვნებს, ასეთი უჯრედები კი თვალისა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსშია, ამიტომ ქლამიდია უმთავრესად ბავშვის კონიუნქტივას ემტერება.

-რა მნიშვნელობა აქვს მკურნალობის შემდეგ განმეორებით ლაბორატორიულ გამოკვლევას?

– მიკრობებზე  განმეორებითი გამოკვლევა მეტად მნიშვნელოვანი გახლავთ. მაგალითად, ქლამიდიაზე, რომელსაც განვითარების ციკლურობა ახასიათებს, მედიკამენტი მხოლოდ მაშინ მოქმედებს,  როდესაც მიკროორგანიზმი უჯრედის შიგნით არის. უჯრედგარეთა ფორმების მკურნალობის ეფექტი გაცილებით მცირეა. ასე რომ, თერაპიის შედეგის დასადგენად განმეორებით გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო გაიდლაინები საგანგებოდაც კია მიგვითითებს, რომ ქლამიდიოზის დროს კვლევა მკურნალობის დასრულებიდან შვიდ დღეში გავიმეოროთ.

მიკრობების ტყვეობაში

მედიცინამ იმდენი მოახერხა, რომ ტიფი, შავი ჭირი და ქოლერა დაამარცხა, ფრინველის გრიპის საწინააღმდეგოდაც დაირაზმა და ეფექტური სამკურნალო საშუალებების შექმნა დაიწყო. მიუხედავად მედიკოსთა ესოდენი ღვაწლისა, არის სნეულებები, რომლებთან გამკლავებაც თითქოს ძნელი არ უნდა იყოს, მაგრამ დღემდე ვერ ხერხდება. ესენი ბოლო დროს მეტად გახშირებული ინფექციები გახლავთ.
ჰერპეს-ინფექციები (მათ შორის – ციტომეგალოვირუსული ინფექცია), ტოქსოპლაზმოზი და ქლამიდიოზი იმ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა აღმოჩენა მეტად მნიშვნელოვანია ფეხმძიმობისას.

ჰერპეს-ვირუსები

ჰერპესთა არმია მეტად მრავალრიცხოვანია: მასში ვირუსის ორიათასამდე წარმომადგენელია გაერთიანებული, მაგრამ მეცნიერებმა მხოლოდ რვა მათგანს აღმოუჩინეს ადამიანის ინფიცირების უნარი.

რვა პათოგნომური (დაავადების გამომწვევი) ვირუსიდან სამი უკანასკნელი – VI, VII და VIII – ახალაღმოჩენილია და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ჯერ კიდევ შესწავლის ეტაპზეა. დანარჩენ ხუთს საზოგადოება უფრო უკეთ იცნობს: I და II ტიპის ვირუსები მარტივ ჰერპეს-ვირუსებს უწოდებენ, III ტიპისა კი ბავშვებში მეტად გავრცელებულ ინფექციას – ჩუტყვავილას იწვევს. ეს უკანასკნელი არც ისე მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ თუკი იმუნიტეტი დათრგუნულია, შესაძლოა, მეტად არასასურველი შედეგი მივიღოთ.
IV ტიპის ჰერპეს-ვირუსს ებშტეინ-ბარის ვირუსს უწოდებენ. იგი ინფექციურ მონონუკლეოზს იწვევს, რომელიც ცხელებით, ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, ჰეპატო-ლიენური სინდრომით (ღვიძლისა და ელენთის გადიდებით) და სისხლში სპეციფიკური ცვლილებებით მიმდინარეობს. 
V ტიპის ვირუსი კი ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია. მას ციტომეგალოვირუსის სახელით იხსენიებენ. 

მარტივი ჰერპესი

მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მარტივი (მეტადრე – პირველი ტიპის) ჰერპესის ვირუსით დედამიწის ლამის მთელი მოსახლეობაა ინფიცირებული, თუმცა დაავადება შემთხვევათა მხოლოდ მესამედში იჩენს თავს. ამ დროს ადამიანს აწუხებს გრიპის მსგავსი სინდრომი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება და სხვა. ყველა სხვა შემთხვევაში ვითარდება ქრონიკული ინფექცია. ამ დროს ვირუსი სასუნთქი გზებიდან ნერვულ განგლიებამდე (კვანძებამდე) აღწევს და იქვე იბუდებს. ყალიბდება ინფექციის ლატენტური (ფარული) ფორმა, რომელიც არავითარი კლინიკური ნიშნით არ ამჟღავნებს თავს.

ნერვულ უჯრედებში მიყუჟული ინფექცია დროდადრო მწვავდება. სწორედ ამ დროს თავს იჩენს ხოლმე თავს ყველასთვის კარგად ნაცნობი კლინიკური ნიშნები: ბუშტუკოვანი გამონაყარი ცხვირ-ტუჩის არეში, იშვიათად – ყურზე. ასეთი რამ I ტიპის ჰერპეს-ვირუსს სჩვევია, II ტიპისას კი გამონაყარი უმთავრესად სასქესო ორგანოებზე ახასიათებს.
გამონაყარს თან სდევს წვა, ტკივილის შეგრძნება და ცხელება. შემდეგ ეს ნიშნები უკუვითარდება და ინფექცია მთვლემარე მდგომარეობას უბრუნდება.

ჰერპესი და შელახული იმუნიტეტი

როდესაც ადამიანს იმუნიტეტი უქვეითდება (მაგალითად, შიდსის დროს), ჰერპესი აქტიურდება, ინტენსიურად მრავლდება და დაავადება არა მხოლოდ კანსა და ლორწოვან გარსებზე, არამედ ყველა ორგანოსა და სისტემაზე ვრცელდება. შესაძლოა, დაზიანდეს ღვიძლი, გული, ფილტვები, ტვინი და ა.შ.

ორსულობის დროს იმუნიტეტი ბუნებრივად ქვეითდება და, ამდენად,  ვირუსის გააქტიურებისთვის ორგანიზმში ხელსაყრელი გარემო იქმნება. ისიც შეიძლება, ჰერპესმა პლაცენტური ბარიერი გაიაროს და მუცლადმყოფი ბავშვი დაასნებოვნოს. ასეთ დროს ირღვევა ნაყოფის ზრდა-განვითარება, ბავშვი თანდაყოლილი მანკით, პნევმონიით, ჰეპატიტით ან ენცეფალიტით იბადება.

ციტომეგალოვირუსი

მარტივი ჰერპესისა არ იყოს, ციტომეგალოვირუსიც შეიძლება ორგანიზმში თვლემდეს და ხელსაყრელ დროს (იმუნიტეტის დაქვეითებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, არასრულფასოვან კვებას) ელოდეს. ამ პათოლოგიას რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არ აქვს, ისე რომ, შეიძლება ნებისმიერ მწვავე ინფექციაში აგვერიოს.
ორსულობისას, თუკი ვირუსმა პლაცენტური ბარიერი გაარღვია, შეიძლება განვითარდეს სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა), სხვადასხვა თანდაყოლილი მანკი თუ დაავადება. ასეთ შემთხვევაში ექიმი დილემის წინაშე დგას: უნდა გადაწყვიტოს, დანიშნოს თუ არა მედიკამენტი – ეს უკანასკნელი ხომ ტოქსიკურია და შესაძლოა, ნაყოფს ავნოს…

ტოქსოპლაზმოზი

თუ ჰერპეს-ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია, ტოქსოპლაზმოზის დროს ბრალი ცხოველებსაც მიუძღვით. დაავადებას უმთავრესად კატები ავრცელებენ, თანაც მათთან უშუალო კონტაქტი ხშირად სრულიადაც არ არის საჭირო – ტოქსოპლაზმოზი ხილის, მწვანილის მეშვეობითაც გადაედება.
საქართველოში ტოქსოპლაზმოზის ასეთი გავრცელება ცხოველების მოვლის დაბალი კულტურის ბრალია.

ინფექცია უმეტესად ლატენტურად მიმდინარეობს. გამწვავების დროს თავს იჩენს: ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სხეულის ტემპერატურის ერთი შეხედვით უმიზეზო მატება 37-38 გრადუსამდე, მუცლის ტკივილი, ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება) და ინტოქსიკაციის ნიშნები (თავის ტკივილი, ოფლიანობა, უგუნებობა და ა.შ.).

თუ ორსულს ინფექცია შეხვდა, გამომწვევი შეიძლება ნაყოფსაც გადაეცეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ყოველთვის როდი ხდება ასე. თუ დედას ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვის მანძილზე) გადაედო ტოქსოპლაზმოზი, ნაყოფის ინფიცირების ალბათობა დაახლოებით 15%-ია, მეორე ტრიმესტრისთვის რისკი 20%-მდე იმატებს, თანაც ინფექცია ამ პერიოდში განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და ნაყოფის ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და თვალებს აზიანებს, რის გამოც ბავშვს მძიმე დარღვევები გამოაჩნდება – ჰიდროცეფალია, მიკროცეფალია (პატარა თავი), ქორიორეტინიტი (თვალის სისხლძარღვოვანი გარსისა და ბადურას ანთებითი დაავადება), მიკროფთალმია (პატარა თვალის კაკალი), სიბრმავე. გარდა ამისა, აღენიშნება ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, კრუნჩხვები, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი.

მესამე ტრიმესტრში ინფიცირების ალბათობა 60%-ია, მაგრამ ნაყოფს ამ დროისთვის წინააღმდეგობის უნარი მეტი აქვს, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, ბავშვი ყოველგვარი დეფექტის გარეშე დაიბადოს.
თუკი ქალი დაორსულებამდე 6 თვით ადრე დაინფიცირდა, ბავშვს ტოქსოპლაზმოზის საფრთხე აღარ ემუქრება, ხოლო თუ დაორსულებამდე ამაზე მეტი დრო გავიდა, ნაყოფის დასნებოვნების რისკი ძალზე მცირეა.

ქლამიდიოზი

ქლამიდია უმთავრესად ორ დაავადებას იწვევს. პირველი ორნითოზია, რომელიც ფრინველების მეშვეობით ვრცელდება და ფილტვების ანთებით დაზიანებას იწვევს. როგორც ექიმები ვარაუდობენ, საქართველოში პნევმონიების 15-20%-ს  სწორედ ქლამიდია იწვევს. მეორე, მეტად გავრცელებული პათოლოგია, უროგენიტალური ქლამიდიოზი გახლავთ, რომელიც შარდ-სასქესო გზების ანთებითი დაზიანებით მიმდინარეობს. სწორედ ამ უკანასკნელს მიიჩნევენ უნაყოფობის ერთ-ერთ მიზეზად, რადგან ქლამიდიოზი ხშირად საკვერცხეებისა და კვერცხსავალი მილების ანთებას იწვევს.

თუკი ქლამიდიოზით დაავადებული ქალი დაორსულდა, ინფექციამ შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს: ნაადრევი მშობიარობა, თვითნებითი აბორტი, გესტოზი (ორსულთა ტოქსიკოზი), მრავალწყლიანობა.

ქლამიდიოზით დაავადებული ორსული ინფექციას ასიდან 40-70 შემთხვევაში გადასცემს ნაყოფს. ბავშვის ინფიცირება მშობიარობის დროსაც ძალზე ხშირია – ასეთი რამ შემთხვევათა 70-90%-ში ხდება.
ქლამიდიოზის მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა დაინიშნოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თერაპია მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, თუ პრეპარატს ადამიანი  ინფექციის გააქტიურების მომენტში მიიღებს. გარდა ამისა, აუცილებელია, ორივე სქესობრივმა პარტნიორმა იმკურნალოს. 

ვირუსიც არის და ვირუსიც

დედამიწაზე გაბატონებულ ვირუსებს შორის ყველაზე ვერაგისა და აგრესიულის გამოყოფა ძნელია. უფრო სწორად, ძნელი იყო 1981 წლამდე ანუ მანამდე, სანამ შიდსის (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის) პირველ დიაგნოზს დასვამდნენ. ორიოდე წლის შემდეგ მთავარი დამნაშავეც აღმოაჩინეს და მას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV - "Human immune deficiency virus") უწოდეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსს მეტად პრიმიტიული აგებულება აქვს, მაგრამ, თავადაც ხვდებით, ცისფერი პლანეტის მკვიდრთათვის ეს ვერაფერი ნუგეშია. ვირუსი მთელი თავისი “სიმარტივით” უტევს კაცობრიობას...

თუკი სტატისტიკას მივადევნებთ თვალს, დავინახავთ, რომ საქართველოში შიდსით ინფიცირების შემთხვევები ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად აღრიცხულია 1100-მდე ინფიცირებული, თუმცა, ექიმები მიიჩნევენ, რომ მათი რიცხვი 3000-ს აღწევს. 

აივ-ინფექცია თუ შიდსი

ამ ორ ტერმინს შორის განსხვავებას ბევრი ვერ ხედავს, თუმცა სხვაობა უდავოდ არსებობს: აივ-ინფექცია – ეს არის პროცესი ვირუსის ორგანიზმში შეჭრის მომენტიდან ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო შიდსი უკანასკნელი, ტერმინალური სტადიაა, როდესაც დაავადების სიმპტომები ვლინდება. სახელდობრ:

. წონის მკვეთრი კლება – 1-2 თვის განმავლობაში ადამიანი სხეულის მასის 10%-ს კარგავს;
. ძლიერი სისუსტე;
. მადის დაქვეითება;
. ძლიერი ოფლიანობა;
. სხეულის  ტემპერატურის  უმიზეზო მომატება;
. პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც ანტიბიოტიკოთერაპიას არ ემორჩილება;
. ქრონიკული დიარეა, რომელიც 2-3 თვე გრძელდება და ჩვეულებრივი პრეპარატებით არ იკურნება;
. კუნთოვანი განლევის სინდრომი ანუ კახექსია;
. ენაზე არსებული თეთრი ნადები, რომელიც სოკოვანი ინფექციის არსებობაზე მიგვანიშნებს;
. უჩვეულო გამონაყარი სხეულზე. ეს გამონაყარი წარმოადგენს სისხლძარღვის კედელზე განვითარებულ და კანის ზედაპირზე ამოწეულ სიმსივნურ წარმონაქმნებს. ასეთი რამ კაპოშის სარკომას ახასიათებს.

აივ-ინფიცირებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება იმის ცოდნაა, თუ როგორ გადაედება იგი. 
ვირუსი გადაედება:
1.სქესობრივი გზით
2. ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებით ანუ საერთო შპრიცის გამოყენებით
3. ვერტიკალური გზით ანუ ინფიცირებული დედისგან ნაყოფს
4. შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით
5. ცუდად გასტერილებული სტომატოლოგიური, მანიკიურ-პედიკიურის ხელსაწყოების გამოყენებისას

ვირუსი არ გადადის:
1. კოცნით
2. ხელის ჩამორთმევით
3. მწერის კბენით
4. საანალიზო მასალის ჩაბარებისას, დონორობისას
5. აუზზე, აბანოსა და საუნაში, ასევე – პირადი ნივთების (პირსახოცის, ჭურჭლის) მეშვეობით

STOP AIDS

ინფიცირებულ ადამიანს მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობა ენიშნება, რომელსაც შესანიშნავი შედეგი აქვს. მიუხედავად ამისა, ინფიცირებული სიცოცხლის ბოლომდე გადამდები რჩება, ამიტომ არამც და არამც არ შეიძლება, ასეთი ადამიანი დონორი იყოს.
მიუხედავად მეცნიერთა ძალისხმევისა, აივ-ინფექციისგან დამცავი ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ. ასე რომ, გადავურჩებით თუ არა ვირუსს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

იმუნოდეფიციტის ვირუსისგან თავი რომ დაიცვათ:
. უთუოდ იმკურნალეთ, თუკი სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე დაავადება აღმოგაჩნდათ – ვენერული სნეულება ხომ აივ-ინფიცირების რისკს ერთიორად ზრდის.
. ნურასოდეს გამოიყენებთ სხვის ნემსს, სამართებელს და ჯაგრისს. მართალია, ორი უკანასკნელით ინფიცირების ალბათობა ძალზე მცირეა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
. თუკი სისხლთან შეხება მოგიხდათ, სასურველია, რეზინის ხელთათმანებით იმუშაოთ. თუკი ხელები მაინც დაგესვარათ, გულდასმით დაიბანეთ საპნით.
. სამედიცინო (მაგალითად, სტომატოლოგიური) ან კოსმეტოლოგიური მანიპულაციის ჩატარებამდე დარწმუნდით, რომ ყველა ინსტრუმენტი სათანადო წესით არის გასტერილებული.
. რაც მთავარია, სქესობრივი კავშირის, მით უფრო – შემთხვევითი კონტაქტის დროს, უთუოდ გამოიყენეთ ბარიერული დაცვის საშუალება.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: