მშობიარობის შემდგომი სიურპრიზები

გააზიარე:

 

ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის ნამდვილი გამოცდაა, თუმცა ბევრისგან გაიგონებთ, ფეხმძიმობას კიდევ გაუძლებდა ადამიანი, მშობიარობა რომ არ იყოსო. მართლაც, მშობიარობა მეტად საპასუხისმგებლო პროცესია, მაგრამ მომავალი დედა მაინც სიხარულით ელის წუთს, როდესაც მისი პაწია ქვეყნიერებას მოევლინება. ტკივილი კი... ტკივილი გაივლის და წარსულს ჩაბარდება. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მშობიარობა ჩვეული კალაპოტიდან ამოვარდება და სხვადასხვა გართულებას იწვევს. ღელავს მშობიარე, ღელავენ ნათესავები და, რაღა თქმა უნდა, მეან-გინეკოლოგი, რომლის სიმარჯვეზე ხშირად ქალისა და ბავშვის სიცოცხლეა დამოკიდებული.

მაინც რატომ იჩენს თავს გართულებები მშობიარობის შემდეგ? უპირატესად ვის ემუქრება ასეთი რამ? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება დ. ქორიძის სახელობის №4 სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ (ნუკრი) მანჯგალაძე.

ბატონო ნუკრი, რა სახის გართულებებს უნდა ელოდეს ქალი მშობიარობის დროს?
– მშობიარობას მრავალი გართულება შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, სამშობიარო მოქმედების დისკოორდინაცია, სანაყოფე წყლების ნაადრევი და ადრეული დაღვრა, ნაყოფის ინტრანატალური ჰიპოქსია და ასფიქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი, რომელსაც ნაყოფი მშობიარობის დროს განიცდის), რომელიც ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილით დასრულდეს, სისხლდენა მომყოლისა და ადრეული ლოგინობის ხანაში, ფლებიტი (ღრმა ვენების დაზიანება), ენდომეტრიტი (საშვილოსნოს შიდა გარსის ანთება).

რამდენად ხშირია ეს გართულებები?
- ყველაზე ხშირად სანაყოფე წყლების ნაადრევ ან ადრეულ დაღვრას, ნაყოფის ჰიპოქსიას, მომყოლისა და ადრეული ლოგინობის ხანის სისხლდენა გვხვდება, შედარებით იშვიათია ღრმა ვენების ფლებიტი.

რა იწვევს გართულებას? ხომ არ უკავშირდება იგი ქალის ასაკს ან ორსულობის პერიოდში არასათანადო მეთვალყურეობას?
- გართულებათა რისკს მშობიარის ასაკთან კავშირი ნაკლებად აქვს. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამგვარ არასასურველ შედეგს აძლევს ბიძგს. 
მათ შორის – ინფექციები, ორსულის ჯანმრთელობის ზოგადი არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, სხვადასხვა პათოლოგია, მაგალითად, ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი) და ა.შ. 

უკავშირდება თუ არა გართულებათა რისკი მშობიარობის ჯერადობას?
- თუ ორსულობის ჯერადობა 5-6-ს აღემატება, გართულების, უპირატესად – სისხლდენის, განვითარების რისკი მეტია. ეს იმიტომ, რომ საშვილოსნო მოდუნებულია და ჰიპოტონიური სისხლდენა უფრო იოლად ვითარდება.

ზემოთ სანაყოფე წყლების ნაადრევი და ადრეული დაღვრა ახსენეთ. რა განსხვავებაა მათ შორის?
- თუ სამშობიარო მოქმედება არ დაწყებულა, ხოლო ორსული სანაყოფე წყლებს ღვრის, ეს ნაადრევი დაღვრაა, ხოლო თუ სამშობიარო მოქმედება და მშობიარობის პირველი პერიოდი უკვე დადგა და საშვილოსნოს ყელის გახსნა დაიწყო, თუმცა ჯერ რვა სანტიმეტრამდე არ გახსნილა, საქმე გვაქვს სანაყოფე წყლების ადრეულ დაღვრასთან.

რა გართულება შეიძლება მოყვეს სანაყოფე წყლების ნაადრევ დაღვრას?
- სანაყოფე წყლის ნაადრევ დაღვრას შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, სამშობიარო მოქმედების დისკოორდინაცია. ამ დროს სამშობიარო მოქმედება შეიძლება არც კი აღიძრას ანდა მშობიარობა დაიწყოს, მაგრამ სამშობიარო მოქმედებას არარეგულარული ხასიათი ჰქონდეს, არ მოხდეს საშვილოსნოს ყელის დროული გახსნა და ა.შ. ყოველივე ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს ნაყოფის ინტრანატალური ჰიპოქსია და ასფიქსია, სიკვდილიც კი. კიდევ ერთი გართულება, რომელიც სანაყოფე წყლების ნაადრევ და ადრეულ დაღვრას  მოჰყვება, აღმავალი ინფექციაა, რომელიც მთლიანად დააზიანებს შარდ-სასქესო სისტემას და შეიძლება, შემდგომში სისხლდენის განვითარების მიზეზადაც კი იქცეს.

სისხლდენა უშუალოდ მშობიარობის დროს ვითარდება?
- სისხლდენა უშუალოდ მშობიარობის დროსაც შეიძლება დაიწყოს და მოგვიანებითაც – მშობიარობიდან 21-ე ან 25-ე დღესაც კი. ხდება ხოლმე, რომ სამშობიაროდან გაწერილი ქალი სისხლდენის გამო უკან ბრუნდება.

საჭიროა თუ არა სისხლდენის დროს ქირურგიული ოპერაცია?
- არის შემთხვევები, როდესაც სისხლდენის შესაჩერებლად კონსერვატიული მკურნალობაც კმარა, მაგრამ თუ ამგვარმა თერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო, ქირურგიულ  ჩარევას მივმართავთ და საშვილოსნოს ექსტირპაციას ან ამპუტაციას (ამოკვეთას) ვახორციელებთ.

უმეტესად რა იწვევს სისხლდენას?
- სისხლდენას მრავალი მიზეზი აქვს, მაგალითად, პლაცენტის ნაწილების ჩარჩენა საშვილოსნოში, საშვილოსნოს ჰიპოტონუსი, როდესაც კუნთი სათანადოდ ვერ იკუმშება და იმ ნაწილიდან, სადაც პლაცენტა იყო მიმაგრებული, იწყება სისხლდენა. 

რა მიზეზით შეიძლება ჩამოყალიბდეს ორსულთა სეფსისი?
- უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება სეფსისის მიზეზად იქცეს ენდომეტრიტი – საშვილოსნოს შიდა გარსის ანთება. თავად ენდომეტრიტი კი უმეტესად სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრისა და ამის გამო განვითარებული აღმავალი ინფექციის შედეგია.

რა პრინციპით მკურნალობენ ენდომეტრიტსა და სეფსისს?
- თუკი ამგვარი გართულება ჯერ კიდევ სტაციონარში  ყოფნისას განვითარდა, ქალი ექიმის მეთვალყურეობით იმკურნალებს, ხოლო გაწერის შემდეგ ჩამოყალიბებული გართულების შემთხვევაში უთუოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს. თუკი ქალს მშობიარობის შემდეგ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, უსიამოვნო ფერისა და სუნის მქონე ჭარბი გამონადენი საშოდან, ეს ენდომეტრიტის მაუწყებელია და დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს.

იმატებს თუ არა გართულებათა რისკი, თუ ქალს რეზუს-უარყოფითი სისხლი აქვს?
- რა თქმა უნდა, იმატებს. ასეთი ქალები მაღალი რისკის მქონე ორსულებად ითვლებიან, ამიტომაც ფეხმძიმობისა და მშობიარობის პერიოდში გაცილებით ინტენსიური მონიტორინგი სჭირდებათ.

დაბოლოს, რას ურჩევდით ორსულებს?
- ფეხმძიმე ქალბატონებს ვურჩევ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრონ საკუთარ ჯანმრთელობას მეტად საპასუხისმგებლო ცხრა თვის განმავლობაში. ამისთვის რეგულარულად უნდა ეწვიონ ქალთა კონსულტაციებს და არამც და არამც არ გამოტოვონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოთხი აუცილებელი ვიზიტი,  რეგულარულად ჩაიტარონ ექიმის მიერ დანიშნული გამოკვლევები (სისხლის, შარდის ანალიზები, გამოკვლევა ინფექციებზე, ექოსკოპია და ა.შ.). 

მწვანეფოთლოვანი ვიტამინი
ამჯერად ფოლიუმის მჟავაზე გესაუბრებით. ვიტამინმა სახელი ლათინური სიტყვა “ფოლიუმისგან” ისესხა, რაც ფოთოლს ნიშნავს. მართლაც, ეს ვიტამინი ყველაზე მეტი მწვანეფოთლოვან მცენარეებში: ისპანახში, პრასში, მწვანილში, სალათის ფურცლებსა და სხვა მწვანე ბოსტნეულში – მოიპოვება. გარდა ამისა, ფოლიუმის მჟავა თავმოყრილია ღვიძლში, თირკმელებსა და ხორცში. ფოლიუმის მჟავას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ზრდა-განვითარებისთვის. ის ნერვული ქსოვილის ფორმირებაში მონაწილეობს, მისი წყალობით ხორციელდება უჯრედების დაყოფა, ზრდა, ყველა ორგანოსა და ქსოვილის, მათ შორის – სისხლის ყველა ფორმიანი ელემენტის: ლეიკოციტების, ერითროციტებისა და თრომბოციტების, – ფორმირება. ამდენად, იოლი მისახვედრია, რომ ფოლიუმმჟავას დეფიციტი, განსაკუთრებით – ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ფეხმძიმე ქალისთვის მეტად სახიფათოა. ვიტამინის უკმარისობა იწვევს ნერვული სისტემის განვითარების მძიმე დეფექტს, მათ შორის – ჰიდროცეფალიას, ანენცეფალიას (თავის ტვინის არარსებობას), ტვინის თიაქარს. შედეგად ბავშვი ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობით იბადება. 

გარდა ნაყოფის ნერვული სისტემის დეფექტებისა,  ფოლიუმმჟავას დეფიციტის გამო ანომალიურად ყალიბდება პლაცენტის ქსოვილი, სისხლძარღვები, ყოველივე ეს კი ზრდის ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის საფრთხეს. 

ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ნეგატიურად აისახება ორსულის ჯანმრთელობაზეც – ქალი იოლად იღლება, მადას კარგავს, გაღიზიანებულია... ასე რომ, ორსულობის (ისევე როგორც ძუძუს წოვების) პერიოდში ამ ვიტამინის მიღება აუცილებელია. ზოგიერთი ავტორის მითითებით კი სასურველია, ქალი ფოლიუმმჟავას დაფეხმძიმებამდეც იღებდეს.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: